ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ ბავშვს საგამოცდო მზადებაში

ალბათ, საკამათო არ უნდა იყოს საკითხი იმის შესახებ, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის, განურჩევლად ასაკისა, გამოცდა არასასიამოვნო განცდებს უკავშირდება. როგორც წესი, მას თან ახლავს შფოთვა, ნერვიულობა, მღელვარება, სტრესი. გამოცდასთან დაკავშირებული შფოთვა და ნერვიულობა, გარკვეული დოზით, შეიძლება ნორმალურადაც კი ჩაითვალოს. მაგრამ, როცა ის იმდენად ძლიერდება, რომ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და წარმატების მიღწევაში სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად ევლინება, საჭირო ხდება სათანადო ზომების მიღება და ბავშვისთვის დახმარების აღმოჩენა. საგამოცდო სიტუაცია, მაშინაც კი, როცა მოზარდი გარეგნულად საკუთარ თავში დარწმუნებულად გამოიყურება და ახერხებს სიმშვიდის შენარჩუნებას, საკმაოდ დიდი დატვირთვაა მისი ფსიქიკისთვის და მთლიანად ორგანიზმისთვის. ამიტომ, წარმატების მისაღწევად და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად, დასამშვიდებლად და დაძაბულობის მოსახსნელად, საჭიროა რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • წინასაგამოცდო პერიოდში მღელვარებისა და შფოთვის შესამცირებლად ბავშვს, უპირველეს ყოვლისა, მის გვერდით მყოფი უფროსების, განსაკუთრებით კი მშობლების თანადგომა, თანაგანცდა და დახმარება სჭირდება;
  • მნიშვნელოვანია, სახლში მშვიდი, თბილი, მყუდრო სამუშაო ატმოსფეროს შექმნა. კარგი იქნება, თუ მეცადინეობის დაწყებამდე ბავშვთან ერთად შევადგენთ სამუშაო განრიგს, სწორად გავწერთ დღის რეჟიმს და თვალყურს ვადევნებთ, რომ ის არ იყოს ზედმეტად გადატვირთული. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს დასვენების და საქმიანობის შეცვლის შესაძლებლობა. თუმცა, დასვენება მართლა დასვენება უნდა იყოს. კომპიუტერული თამაშები, ტელევიზორი, ხმაურიანი კომპანიები ტვინს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, შრომისუნარიანობა კიდევ უფრო ქვეითდება და მატულობს დაღლილობა. უკეთესი იქნება სუფთა ჰაერზე სეირნობა, სპორტის მშვიდი სახეობით დაკავება და ერთ-ორ მეგობართან ურთიერთობა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთსაათიანი მეცადინეობის შემდეგ აუცილებელია 15-20 წუთი დასვენება. ავუხსნათ ბავშვს, რომ თუ არ დაველოდებით დაღლას და ისე დავისვენებთ, ეს გადაღლისაგან თავის დაღწევის კარგი საშუალება იქნება;
  • ნორმალური შრომისუნარიანობისთვის აუცილებელია გამოძინება, წინააღმდეგ შემთხვევაში გაღიზიანებასა და შფოთვას თავს ვერ დავაღწევთ. ბავშვს არანაკლებ 7 საათი მაინც უნდა ეძინოს;
  • მნიშვნელოვანია ასევე კვების რეჟიმის დაცვა. ნორმალური ფუნქციონირებისათვის ტვინს სჭირდება ვიტამინებით და ცილებით გაჯერებული საკვები;
  • ვურჩიოთ ბავშვს, რომ წინასწარ მოამზადოს თავისი სამეცადინო კუთხე, მოაცილოს მაგიდიდან ყველაფერი ის, რაც ხელს შეუშლის ყურადღების კონცენტრირებასა და მუშაობაში;
  • კარგი იქნება, თუ მეცადინეობის დაწყებამდე ბავშვი წინასწარ დაგეგმავს სამუშაოს დღეების მიხედვით, როდის რის გაკეთებას აპირებს. ყოველდღიური გეგმის შედგენის დროს აუცილებელია ნათლად, ცხადად განისაზღვროს, თუ რა უნდა იქნეს შესწავლილი თითოეულ დღეს, რა საკითხები, თემები იქნება გავლილი. პატარა გეგმები კარგია იმიტომ, რომ მათი საშუალებით ადვილია ნასწავლის გამეორება. დროის სწორად გადანაწილების და სამუშაოს ორგანიზების უნარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია. საუკეთესო მოსწავლეები, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ჭკვიანები კი არ არიან, არამედ, როგორც წესი, ხასიათდებიან მოწესრიგებულობით, დისციპლინირებულობით და შეუძლიათ დროის სწორად და რაციონალურად ორგანიზება;
  • ვურჩიოთ ბავშვს, რომ მეცადინეობა დაიწყოს მისთვის საინტერესო და სასიამოვნო საკითხებით. ასეთ შემთხვევაში, სამუშაო რიტმში შესვლის შემდეგ ის ადვილად შეძლებს მუშაობის გაგრძელებას;
  • გავაცნოთ ბავშვს გამოცდითვის მომზადების ეფექტიანი მეთოდიკა. ვასწავლოთ, თუ როგორ შეიძლება დიდი მოცულობის მასალის ეფექტიანად დამახსოვრება. ავუხსნათ, რომ არ არსებობს სახელმძღვანელოში მოცემული მთელი მასალის გაზუთხვისა და დამახსოვრების აუცილებლობა. უმჯობესი იქნება გაიაზროს და გაანალიზოს წაკითხული, იპოვოს ლოგიკური კავშირები მოვლენებს შორის, გააკეთოს მოკლე სქემატური ჩანაწერები და ცხრილები, თითოეულ საკითხზე შეადგინოს მოკლე გეგმები, რომლებსაც მეცადინეობის დასრულების შემდეგ გადახედავს. ასეთი გეგმების მიხედვით ის უკეთესად გაიხსენებს დასწავლილს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ბევრჯერ წაკითხვა, თუ მას ანალიზი არ ახლავს, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ კარგად დაამახსოვრდება;
  • გამოცდაზე წარმატების მისაღწევად ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება საკუთარი ძალების რწმენა, რომლის ამაღლებაში ჩვენ სერიოზული დახმარების გაწევა შეგვიძლია. გავამხნევოთ ის, შევაქოთ იმისათვის, რასაც კარგად აკეთებს, მოვერიდოთ კრიტიკას და საყვედურებს. ყოველივე აღნიშნული მას დაეხმარება, რომ იფიქროს წარმატებაზე და არა მარცხზე. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც რაც უფრო მეტად ეშინია ადამიანს მარცხის, წარუმატებლობის, მით უფრო მეტია მის მიერ შეცდომების დაშვების ალბათობა;
  • ცნობილია, რომ მშობლების ემოციები, მათი მღელვარება, შფოთვა, ნერვიულობა ყოველთვის გადაეცემა ბავშვს. ამდენად, აუცილებელია, რომ გამოვრიცხოთ ხმააწეული ტონი, ნერვიულობა მასთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით წინასაგამოცდო პერიოდში;
  • ბავშვისთვის ემოციური დაძაბულობის მოსახსნელად კარგი იქნება საგამოცდო სიტუაციის იმიტაცია. ამასთან, შევეცადოთ იმიტირებული საგამოცდო სიტუაციის რეალურთან მაქსიმალურად დაახლოებას – დავნიშნოთ დრო, შევქმნათ მშვიდი გარემო, მივცეთ ბავშვს საგამოცდო დავალების ანალოგიური დავალება და მუშაობის დასრულების შემდეგ მასთან ერთად გავაანალიზოთ შესრულებული სამუშაო, ვიმსჯელოთ, სად დაუშვა მან შეცდომა და რით იყო ეს განპირობებული;
  • ვთხოვოთ ბავშვს, რომ გამოცდის წინა დღეს შეწყვიტოს მეცადინეობა. გამოცდის წინ ბოლო თორმეტი საათი უნდა დაეთმოს ორგანიზმის მომზადებას, ამიტომ მას კარგად გამოძინება ესაჭიროება.

თუ ბავშვს გამოცდაზე ტესტური დავალების შესრულება მოუწევს, გამოცდისთვის მოსამზადებელ პერიოდში მას აუცილებლად უნდა გავაცნოთ შესაბამისი ხერხები ასეთი დავალების ეფექტიანად და წარმატებით შესასრულებლად:

  • უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იქნება მიღებული დავალების თავიდან ბოლომდე გადათვალიერება იმის სანახავად, თუ რა ტიპის და რა სირთულის კითხვებია მასში წარმოდგენილი;
  • უმჯობესი იქნება დავალების შესრულება დავიწყოთ ჩვენთვის მარტივი და კარგად ნაცნობი კითხვებიდან, რომელთა ცოდნაშიც ეჭვი არ გვეპარება. საჭიროა შეკითხვების ყურადღებით, ბოლომდე წაკითხვა იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ აზრი;
  • თუ ვიცით პასუხი, მაგრამ დარწმუნებული არ ვართ, გამოვტოვოთ და მოგვიანებით დავუბრუნდეთ. ნუ გავჩერდებით ისეთ კითხვებზე, რომლებსაც ჩვენი მხრიდან დიდხანს დაფიქრება სჭირდება;
  • ვიფიქროთ მხოლოდ იმ დავალებაზე, რომელზეც კონკრეტულ მომენტში ვმუშაობთ. ახალ დავალებაზე გადასვლისას დავივიწყოთ წინა დავალება. გვახსოვდეს, რომ ტესტებში დავალებები არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ამიტომ, ის ცოდნა, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ ერთ დავალებაში, როგორც წესი, არ გვეხმარება შემდგომ დავალებაზე მუშაობის დროს, პირიქით, შეიძლება ხელიც კი შეგვიშალოს ყურადღების კონცენტრირებაში;
  • ტესტებში ბევრი დავალების სწრაფად შესრულება შეიძლება, თუ ძებნას კი არ დავუწყებთ პასუხების სწორ ვარიანტს, არამედ თანმიმდევრობით გამოვრიცხავთ იმ პასუხებს, რომლებიც აშკარად არასწორია;
  • მოვიტოვოთ დრო იმისთვის, რომ თვალი გადავავლოთ ჩვენ მიერ შესრულებულ დავალებას და ვნახოთ რაიმე შეცდომა ხომ არ დავუშვით მუშაობისას;
  • თუ დარწმუნებული არ ვართ პასუხების შერჩევისას, ვენდოთ ინტუიციას.

ვეცადოთ, არ გავაკრიტიკოთ ბავშვი გამოცდის შემდეგ  ჩვენთვის არასასურველი ქულების გამო. პირიქით, დავარწმუნოთ ის, რომ გამოცდაზე მიღებული ქულების რაოდენობა არ არის მისი შესაძლებლობების სრული საზომი. ასეთი მიდგომა, დიდი ალბათობით, მომავალში მისი წარმატების ხელშემწყობი შეიძლება გახდეს.

დაბოლოს, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება გარკვეულ დახმარებას გაუწევს ბავშვს უმტკივნეულოდ გაიაროს საგამოცდო პერიოდი და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი