იდეის დაბადება -კომიქსები და არაფორმალური განათლება

ყველაფერი  „ვეფხისტყაოსანთან“ ურთიერთობისას დაიწყო. მერვეკლასელ სამ გოგოს  ფრიდონის, ავთანდილისა და ტარიელის თათბირის კომიქსებად გადაქცევა ვთხოვე. სამივემ ხალისით შეასრულა დავალება და ასე შემოესწავლათ ეპიზოდის შინაარსი.

ამ აქტივობის შედეგად მივხვდი, რომ:

  • საკმაოდ რთული ტექსტი ადვილად აღიქვეს;
  • პოემასთან მიბრუნების სურვილი გაუჩნდათ;
  • ერთმანეთის კომიქსებით დაინტერესდნენ;
  • დავალება სიამოვნებას დაუკავშირეს;
  • კომიქსები ეფექტური მეთოდია, როგორც არაფორმალური, ასევე ფორმალური სწავლებისას.

 

ზამთრის არდადეგებზე თბილისიდან მეგობარმა მარჯან სატრაპის „პერსეპოლისი“ გამოგვიგზავნა. პირადად ჩემთვისაც ეს წიგნი აღმოჩენა იყო – ჩვენს საგამომცემლო სივრცეში პირველი სქელტანიანი  კომიქსი.  „პერსეპოლისი“ პირველად მერვეკლასელმა მარიამმა წაიკითხა და შთაბეჭდილებების წერილი გამომიგზავნა. მარიამი ისეთი სიყვარულით მიამბობდა მარჯანის მშობლებზე, მისი ლავანდისსურნელოვან ბებოსა და  ირანელი გოგოს თავგადასავლებზე, რომ წაკითხვა მომანდომა. ერთი სიტყვით, მარჯან სატრაპმა კომიქსებთან დაგვამეგობრა.   წიგნმა ყველას შეგვაყვარა თავი. ახლაც  ხელიდან ხელში გადადის და მის მიმართ ინტერესი არ იკლებს.

კომიქსები და არაფორმალური განათლება

ჩვენი ერთ-ერთი ლიტერატურული კაფეს გასაფორმებლად მაგიდის გადასაფარებლების მოხატვა გადავწყვიტეთ. სწორედ მაშინ მომაფიქრდა  მოსწავლეებისთვის ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟების ერთმანეთთან  კომიქსებით დაკავშირება. ამის შემდეგ:

  • იდეა მოსწავლეებს გავაცანი;
  • მათი ინტერესისა და მოტივაციის გათვალისწინებით მივეცი ინსტრუქცია და განვუმარტე მიზნები, ავუხსენი, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ;
  • VI, VII, VIII, IX, X კლასის მოსწავლეები ერთ ოთახში შეიკრიბნენ, მოუსმინეს ერთმანეთს, იმსჯელეს და შექმნეს ესკიზები;
  • შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა;
  • მეც მთხოვეს ერთი ესკიზისთვის პერსონაჟებისა და დიალოგების დამოუკიდებლად მოფიქრება.

 

პროცესი

ერთი კვირის განმავლობაში ესკიზების გაცოცხლებას დავუთმეთ. მოვიმარაგეთ ნაჭერი და წყალგამძლე საღებავები, შევიკრიბეთ სკოლის მედიათეკის ოთახში და შემოქმედებითი მუშაობა გავაჩაღეთ.  აგიზგიზებული ღუმელი და ერთად ყოფნის სიხარული სოფლის სევდასა და დაუსრულებელ თოვლიანობას გვავიწყებდა.

საკუთარი ხელით შექმნილი რესურსები ყველაზე დიდი მოტივაციაა მოსწავლეებისთვის – სწავლობენ პრობლემების მართვას, უვითარდებათ ფანტაზია და შემოქმედებითი აზროვნება, საკუთარ შესაძლებლობებში რწმუნდებიან და ეჩვევიან როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ მუშაობას.

შედეგი

მაგიდის გადასაფარებლებისთვის კომიქსების შექმნის პროცესი  ერთგვარ კვლევად გადამექცა – უწერის სკოლის მოსწავლეებთან სამწლიანი მუშაობისა და ურთიერთობის შედეგად დავრწმუნდი, რომ მათი წიგნიერების დონე საკმაოდ ამაღლებულა. სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბდნენ. კითხვა კი მათ შემოქმედებით აზროვნების განვითარებასა და პრობლემების მართვაში ეხმარება.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ძალიან საინტერესოა  პატარა მკითხველებთან ამგვარი ურთიერთობა. ვხვდები, რომ ერთად ვვითარდებით, ვიზრდებით, ვეძებთ, ვკითხულობთ, ვწერთ, ვუზიარებთ და ვუთანაგრძნობთ. პედაგოგიკაში საკმაოდ სასიამოვნო ყოფილა სუბიექტური პირველი პირის ნიშნის მრავლობით რიცხვში გამოყენება. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბავშვების ფანტაზია ამოუწურავია.

კომიქსებით ერთმანეთს დაუკავშირეს  ასაკით, ეროვნებით, რელიგიური აღმსარებლობითა და  კანის ფერით  განსხვავებული პერსონაჟები.

თქვენ ნახავთ, როგორ ასაუბრეს ანე ფრანკი, ავგუსტ პულმანი და თანამედროვე ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის ცნობილი რომანის გოგოები – ნინცო და ცქნაფი –  ერთმანეთთან.

ანე ავგის ეუბნება, ხშირად ჩვენს პატივსაცემ მოხუცებს დრომოჭმული შეხედულებები აქვთო, რაც ავგის აკვირვებს.

კაპიტანი ნემო  რობინზონ კრუზოს არიგებს, რომ ჯემპრზე ღილები დაიკეროს, კრუზო კი პასუხობს: „- ნემო, მგონი რეალობის აღქმა დაკარგე! მე ხომ კუნძულზე ვარ!“

ერთმანეთს შეახვედრეს  მარჯანის, ზურიკელას და ჯულიანის ბებოები:

  • მე ბებო ვარ და, სხვათა შორის, თავს ვუვლი.
  • ეჰ, თავის მოვლა კი არა, ჩემი ზურიკო განათლდეს, მეტი არაფერი მინდა!
  • კარგით რაა, გოგოებო! წამოდით, ერთ ჭიქა ღვინოზე გეპატიჟებით ჩემთან, პარიზში! – ირანელი და გურული ბებოების საუბარს  ჯულიანის ფრანგი ბებო ასრულებს, პალაციოს რომანიდან „ავგუსტი და მე“.

ჩემთვის განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი იყო ბიძია თომასა და ატიკუს ფინჩის დიალოგის აღმოჩენა:

  • ატიკუს, ყველა შავკანიანს რატომ ერჩის?
  • არ ვიცი, თომა! ალბათ, ხალხს სამყარო არ უყვარს.

 

ჰოლდენ კოლფილდი ჩვეულებისამებრ მოწყენილია, რომელსაც ჰარი პოტერი თავისი ჯადოსნური ჯოხით ემუქრება:

  • ეეჰ, ამათ რომ ვუსმინო… – მოსთქვმს ჰოლდენი.
  • გაჩერდი, თორემ ჯოხს გადაგცხებ! – ემუქრება ჰარი და იქვე ამატებს, – მგონი ჯოხს ვადა გაუვიდა.

ენდი უირის „მარსელიდან“ კოსმონავტის აღჭურვილობიანი მარკ უოტნი აალაპარაკეს:

  • ეს მე ვარ, მარსის მეფე, დედამიწელებო.
  • მგონი ჰალუციანციები დამეწყო! – ამბობს მარკის დანახვით შეშინებული კენ კიზის რომანის პერსონაჟი მაკმერფი.

ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, დავალება შევასრულე და ერთმანეთს შევახვედრე დონ კიხოტი, მალალა იუსაფზაი და ცამეტი წლის მარგარეტი ჯუდი ბლუმის „აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტიდან“:

-ჰოი, მშვენიერო ქალწულო, მითხარით, სად ვეძებო თქვენი მტერნი, ამ ჩემი ხმლით თავი რომ გავაგდებინო? – კითხულობს დახმარების სურვილით გულანთებული მწუხარე სახის რაინდი.

– ალაჰ, ვინ არის ეს უჩვეულო ადამიანი და რა უნდა ჩემგან?! – გაკვირვებულია მალალა.

– პატარა მშვენიერო გოგონავ, დახმარება ხომ არ გჭირდება, პერანგისა და მისი მეგობრის ამარა რომ გამოქცეულხარ? – ახლა მარგარეტის დახმარებას ცდილობს, რადგან ოცდამეერთე საუკუნეში მცხოვრები მოზარდის წითელი  შორტები და ყვითელი მაისური არასწორ წარმოდგენას უქმნის გოგონაზე.

– ვაიმე, აშკარად რომელიღაცა ფილმის გადასაღებ მოედანზე მოვხვდი! – არანაკლებ გაოგნებულია მარგარეტი დონ კიხოტის დანახვისას.

დასკვნა

ასე რომ, კომიქსებინი მაგიდის გადასაფარებლებმა ჩვენი მეათე ლიტერატურული კაფე  გაალამაზეს და განსაკუთრებული ელფერი შემატეს. გადავწყვიტეთ, რომ მათ მრავალჯერად რესურსად ვაქცევთ: შემდეგ ლიტერატურულ კაფეებს გავაფორმებთ და მათი გამოყენებით  საინტერესო გაკვეთილებს დავგეგმავთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

comments