ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

„დიდი ლხინია ჭირთა თქმა“-ანუ „ხმით ნატირლების“ ენობრივი სამყარო

 

ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრებაში“ ერთგან ვკითხულობთ: „მაშინ იქმნა გლოვა და ტირილი და ტყება ყოველთა ზედა ქართველთა წარჩინებულითაგან ვიდრე გლახადმდე და იტყებდეს ყოველნი თავთა თვისთა ყოველთა შინა ქალაქთა და დაბნებთა, რამეთუ დასხდიან მგოსანნი გლოვისანი და შეკრბიან  ყოველნი და ახსენებდიან სიმხნესა და სიქუელესა და სიშუენიერესა და სახიერებასა ფარსმან ქუელისასა და იტყოდიან ესრეთ: „ვაი, ჩუენდა, რამეთუ მოგვიძინა სუემან ბოროტმან და მეფე ჩუენი, რომლისგან ხსნილ ვიყვენით მონებისაგან მტერთასა, მოიკლა იგი კაცთა მგრძნებელთაგან და აწ მივეცენით ჩუენ წარტყუევნად ნათესავთა უცხოთა“.

ლეონტი მროველმა დამტირებლებს „მგოსანნი გლოვისანი“ უწოდა და, ვფიქრობთ, ამით კარგად ახსნა დატირების ტექსტთა პოეტური, შემოქმედებითი ხასიათი. დიდი ჭირი, ტკივილი არყევს მთლიანად ადამიანის ცნობიერებას, ამიტომ სიკვდილისგან თავზარდაცემული მოტირალი ბუნებრივად მიენდობა ენას, ამ დროს იხსნება ყოველგვარი გარე მაკონტროლებელი ფაქტორი, ადამიანი მოთქმა-ტირილის დროს არ ფიქრობს, რა თქვას და როგორ, ან რა შეიძლება თქვას და რა – არა. ის ერთგვარად შთაგონებულია და ტკივილის მედიუმია, შესაფარისი სიტყვებიც თავად იძებნება. ამიტომ ეგონა მოტირალს, რომ „ხმით ნატირალს“ „სიკვდილობა“ ასწავლიდა. ხევსურეთში ითვლებოდა, რომ ხმით მოტრალს „მკვდარნი ატირებენ“. ასე გამოთქმული ჭირი უკვე გაზიარებულია, გაზიარებას კი შვება მოაქვს სულისათვის. ამის დასტურია შოთა რუსთაველის სიტყვებიც: „დიდი ლხინია ჭირთა თქმა“.

„ხმით ნატირლები“ ურითმო ლექსებია, ისინი იქმნება ტირილის პროცესში, იქმნება იმპროვიზებულად და შემდეგ აღარ მეორდება. თითოეული მოტირალი ყოველ ახალ სიტუაციაში ახალ ტექსტს ქმნის, ახალი სიტყვებით მოთქვამს. რამდენადაც ადამიანები განსხვავდებიან ინდივიდუალობით და ცხოვრების წესით, იმდენად ტექსტებიც განსხვავებულია. მეორდება მხოლოდ ზოგადი ფრაზები. ზოგჯერ ხმით ნატირალში გვხვდება ისეთი ერთნაირი ფორმების გამეორება, რომლებიც ძირითადად ზოგადი ხალხური რწმენის გამომხატველია: „გზა შორს იტყვიანა იმ სულეთისასა…“ და სხვა.

ხმით ნატირალი დამოწმებულია ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალით, რომლის განზოგადებით სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია ხმით მოტირალის „სახე“. ის, არსებითად, საჯაროდ მეტყველია. მისი მეტყველება ორატორული ხასიათისაა, ახლავს შემოქმედებითი საწყისი და მსმენელთა უშუალო რეაქცია. ხმით ტირილი საერთო დუმილის პირობებში მიმდინარეობს. ზოგჯერ მოტირალის დასრულებულ აზრს მოსდევს მსმენელთა დაქვითინება – „შატირება“. მოტირალი იგონებს მიცვალებულის წარსულს, ასურათებს მის ღირსეულ საქმეებს, ხოლო მსმენელნი გმინვით ადასტურებენ ნათქვამს და დუმილით გზას უხსნიან სათქმელს.

ხმით ნატირალის გარდა არსებობდა მიცვალებულთა დატირების სხვა წესიც: მოთქმით ტირილი, ზარით ტირილი, ძახილით ტირილი. ამ წესებს შორის განსხვავება ნიუანსური ხასიათისაა. მთავარი მსგავსება სიტყვით გოდებაა, შესრულების მანერაც საერთოა. ამ მანერის საერთო სახელწოდებაა „გვრინი“. სულხან-საბას განმარტებით, „გვრინი საგალობელი ხმიანობაა“, რომელიც ერთგვარ დამღერებაში გამოიხატება.

„ხმით ნატირლების“ ენობრივი სამყარო ბუნებრივად მძაფრი და ემოციურია. ამგვარი მეტყველების მიზანი – მხოლოდ ტკივილის გამოთქმაა, რადგან გამორიცხულია გამწარებული ჭირისუფლის რაიმე სხვა ფარული აზრი ან მოტივი, როგორც სხვა მეტყველების დროს.

მოტირალისათვის სააქაო და საიქიო ცხოვრება ტირილის დროს უპირისპირდება ერთმანეთს. თუ ცოცხალთათვის სააქაო ცხოვრება, ეს ქვეყანა, ერთადერთი რეალობაა, სიკვდილით გამოწვეული მწუხარება ადამიანს იმ ცხოვრების, საიქიოს, სიახლოვესაც განაცდევინებს. მოტირალის აზროვნება ძირითადად კონტრასტებზე იგება და შესაფერისი ლექსიკით ფორმდება. სააქაო-საიქიოს ახალი სინონიმები უჩნდება  „ხმით ნატირლების“ ტექსტებში. სააქაო – სამზეო და მზის ქვეყანაა:

„თუკი გვაჩუქე ე ქალაი,

რად არ დიდი დღე დაუწესე,

რაად მასწყვიტე სამზეოსა?!“

………

„გამამაცხადე სამზეოსაო,

შენ ამაძრახე სამზეურთაო…“

……….

ძმაო, სამზეოს გათაულო,

ძმაო, სამზეოს დალეულო…“  და სხვა.

 

ხოლო საიქიოს სინონიმებია: სულეთი და შავეთი:

„სულეთის ღმერთო, მადლიანო,

მამე ნაბაი საუბრისიო…“

……….

„შავეთის კარი გამიღოდი,

უკან არავინ დამაბრუნოს…“

………….

ხმით ნატირლების ტექსტებში „ცეცხლი“ არის კონცეპტუალური და აქტუალიზებული ლექსემა, რადგან ის გამოხატავს მოტირალის შინაგან განცდებს. ჭირისუფალს „ცეცხლი ედება“, „ცეცხლში იწვის“, „ცეცხლში დააბიჯებს“, „ცეცხლი აქვს გულზე მოდებული“, „დამწვარ-დადაგული დადის“.

„ცეცხლი მაქვს გულზე მოდებული,

ტუსის სუნი ასდის ჩემს ცრემლსაცა,

დავდივარ დამწავრ-დადაგული…“

…………..

„დაიცა, ცეცხლო, ნუ მედები,

ვერ დაგიწვავარ და ვერც დამწოვ“.

ცეცხლს წყალი აქრობს, ამიტომ ბუნებრივია, რომ „ცეცხლთან“ ერთად აქტუალიზებული კონცეპტუალური ლექსემაა „ცრემლი“.

„დავბერდი, ცრემლიც დამიბერდა“,

………..

„აბა, გაიხედნეთ ჩემ ნავალსა,

ცრემლით არის დასეტყვილნი,

აბა, დაჰკვლიეთ გზა-გზის პირთა,

ცრემლით არიან დარეცხილნი!“

……………

„წვიმათოდენი ცრემლი უნდა,

ფოთოლთოდენი მოტირალი!“ და სხვა.

ცრემლს ამდენი მეტაფორა და ეპითეტი ალბათ არცერთ სხვა მეტყველებაში არ დაეძებნება, რამდენიც სამგლოვიარო ტექსტებში: დაბერებული ცრემლი, ცრემლით დასეტყვილი, ცრემლით დარეცხილი, დაწყევლილი ცრემლი, დამწვარი ცრემლი, ცრემლად დაღვრილი ვარსკვლავები, ცრემლის ღილები, ცრემლის ძაფები, ცრემლებით პირდაბანილი, წვიმათოდენი ცრემლი  და ასე შემდეგ.

მოტირალის მისამართი პირი სიკვდილია, იგი სიკვდილს ელაპარაკება, ამ საუბარში ახასიათებს მის დამანგრეველ ძალას და უძლურებას მის წინაშე: „ვაი, რო სიკვდილს არა ესმის, უჩინმაჩინით მოარულსა…“ და როცა გამოსავალს ვერ ხედავს, ნატრობს:

„მენამც მაქცია სიკვდილადა,

სიკვდილი – ადამიანადა…“

სიკვდილს – სიცოცხლე, მზე უპირისპირდება, შავეთს – სამზეო, დღეს – ღამე… ადამიანი კვდება, სიცოცხლე გრძელდება: ისევ თენდება და მზე ამოდის, თუმცა მოტირალი ამბობს: „მწუხრის მზე“ ვარო.

მზისა და სიკვდილის აქტუალიზება ხმით ნატირლების ტექსტებში ალბათ ყველაზე უკეთ ხსნის ჭირისუფლის კონტრასტებზე აგებულ აზროვნებას, გამოწვეულს დიდი უბედურებით.

და კიდევ ერთი საინტერესო ლექსემა ხმით ნატირლებში, ეს არის ზმნა „აძრახება“. ეს სიტყვა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში განმარტებულია, როგორც ალაპარაკება, ახმიანება. მაგალითად, ვაჟა-ფშაველა ამბობს: „ცხენი რა ნახა ნაოფლი, აძრახდა ნაწყენის ხმითა“. „შენს საფლავზე ჭოტი აძრახდეს“ (ბაჩანა), აძრახება – ცუდის სათქმელად გაქეზებაც არის.

აძრახება ზმნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ხმით ნატირლებში, რადგან აძრახება უბრალოდ ალაპარაკება კი არ არის, არამედ ისეთი ალაპარაკება, რომელსაც თან ახლავს საშინელის განცდა. აძრახებიდან არის „ნაძრახი ადგილი“, რომელიც დაწყევლილ ადგილს ნიშნავს. „ნუ დამძრახავ“ – ნიშნავს ცუდს ნუ იტყვი.

„სულეთის ღმერთო მადლიანო,

შენ ამაძრახე სამზეურთაო…“

………

„თოფო, ნეტავი აგაძრახაო,

ენამც ჩაგიდგა პატრონისაო“.

 

ლოცვისა და წყევლის ერთდროული არსებობა ნატირალთა ტექსტებში ისევ და ისევ მოტირალის კონტრასტულ აზროვნებას ეფუძნება. ფსიქიკა ყოველთვის ითხოვს წონასწორობას, სწორედ ამ წონასწორობის გამოხატულებაა წყევლა-ლოცვა.

წყევლა:

„სიკვდილო, მეხიმც დაგეყრება,

შენც კარგ გინდარის, შე წყეულო.“

…..

„დაგწყიოს წმინდამ გიორგიმა,

სახლო, ხიზანათ ნასახლარო“.

……………….

წყევლას დალოცვა ცვლის:

 

„მიწანიმც დაილოცებიან,

შიშველნი დაგიმალნა ხორცნი“.

……

„წადი, იარე მშვიდობითა,

სავალნი გზანიმც აგიყოვდებიან…“ და ასე შემდეგ.

 

 

პ.ს.

ცხოვრება კონტრასტებშია, ცხოვრება კონტრასტულია… მხოლოდ ერთი ავლენს მეორეს… ბნელი ავლენს ნათელს… ბოროტება – სიკეთეს… რომელიმეს ვერ გამოაკლებ მთლიანობის აღსაქმელად… მხოლოდ სიკვდილის არსებობა აძლევს სიცოცხლეს ფასს და აზრს.

„შენი ჭირიმე, სიკვდილო,

სიცოცხლე ფასობს შენითაო“ – იტყვის ვაჟა.

ყოველგვარი აზრი და ემოცია არსებობს იმისთვის, რომ ამ ემოციების და აზრების იქით გაიყვანოს სული… სიტყვებმა – სიტყვებს იქით… სიცოცხლემ და სიკვდილმა – ამ ფორმათა იქით…

„პოეზიის აფთიაქი“ გირჩევთ, რომ არასდროს დარჩეთ ზედაპირზე… დაინახეთ და შეიგრძენით არსებობის სიღრმე ყველაზე მძაფრი ემოციებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი