პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კამათის ხელოვნება და აქტივობა „ თავისუფალი სკამი“

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე დიდი ყურადღება უნდა ეთმობოდეს მოსწავლეებში მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარების განვითარებას. მათ აზრების ზეპირად, მწყობრად გამოხატვა და დასკვნების გამოტანა, სადავო საკითხების გადაჭრა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოძებნაც უნდა შეეძლოთ. საგნის სასწავლო გეგმის თანახმად მოსწავლეებს სხვადასხვა საფეხურზე მოეთხოვებათ არგუმენტირებული მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, კამათის სხვადასხვა ფორმის გათავისება/გამოყენება, საწინააღმდეგო შეხედულებების მოსმენა/გააზრება. ამ მიზნით მასწავლებლები ხშირად მიმართავენ დისკუსიის სხვადასხვა ტექნიკას, დებატებს და სხვა ისეთ აქტივობებს, რომლებიც დასახელებული მიზნების მიღწევას ემსახურება.

მიმოვიხილოთ სწავლების აქტიური მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის გაღვივებასა და  დამოუკიდებელ აზროვნებას:

დისკუსია

 დისკუსიის დროს რაიმე საკითხზე ან წინასწარ შეთანხმებულ თემაზე სხვადასხვა მხარეები მსჯელობენ საკუთარი არგუმენტების მოშველიებით. აზრთა ასეთი გაცვლა–გამოცვლით თითოეული ცდილობს, რაც შეიძლება დამაჯერებლად და  უტყუარად დაასაბუთოს მოსაზრება და დაარწმუნოს მოკამათე საკუთარ სისწორეში.

დისკუსიებში მოსწავლეებს მოეთხოვებათ:

არგუმენტირებული მსჯელობა;

გადაწყვეტილების მიღება;

დისკუსიის წესების დაცვა.

სასურველია, ეს წესები თავად მოსწავლეებმა შეიმუშავონ. (მაგალითად, როცა რამის თქმა გვსურს, ხელი ავიწიოთ; არ შევაწყვეტინოთ ერთმანეთს სიტყვა; დავიცვათ რეგლამენტი და ა.შ.). დისკუსიისას მოსწავლეები შეიძლება წააწყდნენ განსხვავებულ თვალსაზრისებს. ისინი რწმუნდებიან, რომ არსებობს უამრავი პრობლემა, რომელთაც არა აქვთ  მხოლოდ ერთი გადაწყვეტა.

დისკუსიის დროს მონაწილეები ცდილობენ იმის გააზრებას, რომ არ არსებობს მცდარი და სწორი აზრი; არსებობს დაუსაბუთებელი და დასაბუთებული მოსაზრება.

 

დისპუტი

დისპუტი კამათის ისეთი სახეობაა, რომლის დროსაც ერთი მხარე ეპაექრება მეორეს და ცდილობს   თავს მოახვიოს თავისი შეხედულება, ხაზი გაუსვას საკუთარი პოზიციის უპირატესობას, სისწორესა და უტყუარობას. დისპუტები ხშირად იმართებოდა შუასაუკუნეებში ევროპულ სქოლასტიკურ წრეებში. სახალისო და სასარგებლო იქნება საგაკვეთილო პროცესს შუა საუკუნეების დისპუტის სახეც მივცეთ( მით უფრო მაშინ, თუ ამ ეპოქის თემატიკაა განსახილველი. როლურ თამაშებს ყოველთვის დიდი ხალისით ასრულებენ მოსწავლეები…)

დისპუტის განმასხვავებელი ნიშნებია:

არბიტრი ( ან პუბლიკა, საკითხით დაინტერესებული აუდიტორია), რომელიც განსჯის მხარეებს და გამოავლენს „გამარჯვებულს“.

პოზიციების დაცვისა და არგუმენტირების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ავტორიტეტების ციტირებას.

დისპუტის შედეგად მოცემული სადავო თეზისი ( დებულება) უნდა იყოს დადასტურებული ან უარყოფილი;

დებატი

დებატი მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც ორი მხარე მაყურებლებისა და მსმენელების თანდასწრებით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს და აგებს მსჯელობას. დებატების მონაწილე მხარეები ერთმანეთთან კონტრარგუმენტაციას იმიტომ არ მიმართავენ, რომ ერთმანეთი გადაარწმუნონ, მათი მთავარი მიზანი ყოველთვის მესამე მხარის ( მაყურებლების, მსმენელების, აუდიტორიის) დარწმუნებაა საკუთარ სიმართლეში. დებატების გამოყენება კარგია ერთი და იმავე მოვლენის შესახებ დიამეტრულად განსხვავებული თვალსაზრისის მქონე სხვადასხვა წყაროს დამუშავების პროცესში.

პოლემიკა

პოლემიკა განიმარტება, როგორც კამათი რაიმე მეცნიერული, ლიტერატურული თუ პოლიტიკური საკითხების განხილვისასა; სიტყვიერი ან წერილობითი პაექრობა, რომლის პროვოცირებასაც გარკვეული შეხედულება, გაცხადებული პოზიცია უწყობს ხელს. პოლემიკა კარგი საშუალებაა როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი უნარების გასაუმჯობესებლად. პოლემიკას შესაძლოა მივცეთ დროში გახანგრძლივებული „ლიტერატურული პაექრობის“ ფორმა. დასმულ საკითხზე მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.  სურვილისამებრ ნაშრომს გამოეხმაურება სხვა მოსწავლე, რომელიც კრიტიკულად განიხილავს მოსაზრებებს, არგუმენტებს და შეუპირისპირებს მათ საკუთარ პოზიციასა და არგუმენტებს.

პოლემიკის დროს მნიშვნელოვანია წერის აკადემიური სტილის დაცვა, მოპაექრე მხარის არგუმენტებისა და მოსაზრებების განხილვა/უარყოფა დასაბუთებულად, კრიტიკული შეხედულებების ჩამოყალიბება.

კამათის ტექნიკა „თავისუფალი სკამი“

დასასრულ მინდა შემოგთავაზოთ აქტიური სწავლების ერთი ახალი, საინტერესო და სასარგებლო ტექნიკა, რომელსაც პირობითად „ თავისუფალი სკამი“ შეგვიძლია ვუწოდოთ.

ეს აქტივობა იმითაა განსაკუთრებული, რომ თვითორგანიზებულობასა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას უწყობს ხელს. მოსწავლეები თავად აწესრიგებენ კამათის მსვლელობას და საკუთარი შეხედულებებისამებრ ერთიანდებიან სასურველი პოზიციის ირგვლივ.

სივცრის მოწესრიგება – სკამების „რკალი“

საკლასო ოთახში დაფის გასწვრივ უნდა მოთავსდეს 5 სკამი. ორ-ორი ერთმანეთის საპირისპიროდ, ერთი კი შუაში. მერხი ( მაგიდა) საჭირო არ არის. დანარჩენი მერხები და სკამები შეიძლება ისევე დავტოვოთ ან წრიულად განვალაგოთ კლასში.

მსვლელობა

გაკვეთილს შესაძლოა მივანიჭოთ შემაჯამებელი გაკვეთილის ფორმა. სასურველია, მოსწავლეებს უკვე ჰქონდეთ დამუშავებული რაიმე სადავო საკითხი. შესწავლილი მასალიდან მასწავლებელი გამოყოფს დებულებას, რომლის ირგვლივაც აზრთა სხვადასხვაობაა. ის აცნობს მოსწავლეებს აქტივობას და მოიპატიჟებს 4 მოხალისეს დაფასთან. ამათგან ორი მოცემულ დებულებას უნდა ეთანხმებოდეს ( ადასტურებდეს), ორი კი წინააღმდეგი უნდა იყოს ( ამ ჯგუფს პირობითად „კონტრჯგუფი ვუწოდოთ). გამოსული მოსწავლეები განლაგდებიან დაფის მარჯვნივ და მარცხნივ სკამებზე და თანმიმდევრობით იწყებენ საკუთარი პოზიციის გაცხადებას და დასაბუთებას. მნიშვნელოვანია რიგის დაცვა და ერთმანეთის მოსმენა.

წინასწარ შესათანხმებელია რეგლამენტიც – არავინ საუბრობს ერთ წუთზე მეტს. დაფასთან გასული მონაწილეების მოსმენის დროს ნებისმიერ მოსწავლეს „ძირითადი შემადგენლობიდან“ შეუძლია დაიკავოს შუაში მდგარი თავისუფალი სკამი და როდესაც მონაწილეები დაასრულებენ გამოსვლას, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია „თავისუფალ სკამზე“ მჯდომმა გაიზიაროს მოსმენილი მოსაზრებები და საკუთარი არგუმენტებითაც გაამყაროს ან უარყოს „კონტრჯგუფის“ მოსაზრებები ასევე დასაბუთებულად.

როდესაც დაფასთან განლაგებულ სკამებზე მოთავსებული მოსწავლეები ჩათვლიან, რომ მათ ამოწურეს სათქმელი, ისინი ათავისუფლებენ სკამებს და მათ ადგილს იკავებენ სხვა მოსწავლეები. დაფასთან ისინი, ცხადია, იმის გათვალისწინებით იკავებენ ადგილს, თუ რომელ ჯგუფს მიაკუთვნებენ თავს ( მათ, ვინც ადასტურებს, თუ მათ, ვინც წინააღმდეგია).

მასწავლებლის როლი

აქტივობის მსვლელობისას მასწავლებელი მხოლოდ აკონტროლებს მონაწილეთა მიერ დისკუსიის წესების დაცვას და ინიშნავს მათ პასუხებს, რომ მოგვიანებით შეაჯამოს პროცესი.

არ არის მიზანშეწონილი, რომ მასწავლებელმა დისკუსიაში აშკარად გამოხატოს საკუთარი პოზიცია.

შეჯამების დროს მან უნდა შეაფასოს არგუმენტები და არა პოზიციის სისწორე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი