ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკოლა და ჩვენი ევროპული არჩევანი

სკოლა ზუსტად და ნათლად ასახავს ამა თუ იმ ქვეყანაში საზოგადოების მდგომარეობას, დამოკიდებულებებსა და ხედვებს. სკოლა ზუსტად ისეთია – როგორიცაა საზოგადოება. სასკოლო განათლების საკითხი პირდაპირ მიბმულია ქვეყანაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციასთან.

საქართველოში ხშირად ამბობენ, რომ ქართული სასკოლო განათლება იაკობ გოგებაშვილის გზაზე დგას, და რომ გოგებაშვილისეული ხედვა და მე-19-ე საუკუნის განათლების სისტემა სრულიად შეესაბამება საქართველოს და ჩვენს მომავალს. გოგებაშვილის ღვაწლის შესახებ ალბათ დავაც კი ზედმეტია, მაგრამ, გვინდა კი ჩვენ დავრჩეთ იქ, საიდანაც მთელი მსოფლიო კარგა ხანია გამოვიდა? ჩვენ ხომ  ბოლოს და ბოლოს იმასაც მივხვდით, რომ სკოლაში სწავლა ხელზე სახაზავის დარტყმასა და მასწავლებლის თვალების ბრიალს არ უნდა ნიშნავდეს.

ჩემს ბავშვობაში ქვეყანაში უმძიმესი ყოფითი ვითარება იყო და ეს სკოლაზეც სათანადოდ აისახა. ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ამას მოჰყვა ომი საქართველოს ორ რეგიონში. გაჭირვებამ სახელმწიფო ინსტიტუტებიც ჩამოშალა და საბოლოოდ ეკონომიკურ კოლაფსამდეც მივედით. მიუხედავად მრავალი ნაკლოვანებისა, ფაქტია, რომ ჩემს ბავშვობაში სასწავლო პროცესის უწყვეტობა მთლიანობაში მაინც შენარჩუნდა და სამოქალაქო ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის,  ვფიქრობ, თავად ეს ფაქტიც მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, რამდენი პრობლემა იყო ჩემი მოსწავლეობისას სკოლაში, როგორ არცერთხელ არ ჩატარებულა ცდა ქიმიაში და ფიზიკაში, როგორ უცნაურად და ჩიქორთულად ისწავლებოდა ქართული გრამატიკა და სხვა… ამას ემატებოდა გაყინული საკლასო ოთახები და ჩვენ მივიღებთ სურათს 90-იანი წლების ქართული სკოლისა, რომელმაც დიდი წვალებითა და მრავალი ლაფსუსით, მაინც შეძლო დიპლომების გაცემა. დიპლომების, რომელთა ასაღებადაც 11-წლიანი წვალება და მაშინდელ რეალობასთან შეგუება გვიწევდა.

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლების პროცესი დღეს შეუდარებლად გამოსწორებულია, ასე თუ ისე მოწესრიგდა სასკოლო ინფრასტრუქტურა და ზოგიერთ სკოლას ისეთი ლაბორატორია და სპორტული დარბაზი აქვს, აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას რომ შეშურდება, მაგრამ მხოლოდ ესაა სკოლა და შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს ყველაფერი წარმატებულად? ცხადია, არა!

რაც დღეს საქართველოს სკოლებს აწუხებს – ეს, პირველ ყოვლისა, არის პედაგოგების მომზადების არასათანადო დონე. რასაკვირველია, ბევრია მონდომებული და საკუთარ კვალიფიკაციაზე მზრუნველი პედაგოგი, მაგრამ მოსწავლეთა მიერ ნაჩვენები შედეგებიდანაც (განსაკუთრებით ეს საბუნებისმეტყველო საგნებს ეხება) ნათლად ჩანს, რომ  პედაგოგთა დონე ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობს თანამდროვე გამოწვევებს და ეს, ცხადია, მოსწავლეებზე მკვეთრად უარყოფითად აისახება.

კვალიფიკაცია და ცოდნის ხარისხი განსაკუთრებით კარგად ჩანს უცხო ენის პედაგოგებში, რადგან ეს, როგორც იტყვიან, „ხელისგულზეა“. ენა ადამიანმა ან იცის, ან არ იცის და ის მრავალწლიანი შრომა, რაც უცხო ენების კარგად დაუფლებას სჭირდება, ბევრისათვის ხშირად მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების დაზეპირებაში გამოიხატება.

ამ კუთხით სასურველიც და აუცილებელიცაა, რაც შეიძლება ბევრი პედაგოგი გადამზადდეს და რაც შეიძლება ბევრ უცხო ენის მასწავლებელს ჰქონდეს შეხება მათ უცხოელ კოლეგებთან. ენა განვითარებადი და დროის მიმყოლი ფენომენია და მუდმივად საჭიროებს პრაქტიკულ სამუშაოებს. საკმარისია ადამიანი ერთხელ ჩამორჩეს რომელიმე ენაში მომხდარ ცვლილებებსა თუ რეფორმებს, რომ შემდეგ ამ დანაკლისის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრელად მეტი შრომა და რესურსი დასჭირდება.

მომავალი სკოლა რასაკვირველია პედაგოგთან ერთად მოსწავლეზეც უნდა იყოს მორგებული. სკოლა თანაბრად ეკუთვნის პედაგოგსაც და მოსწავლესაც და მხოლოდ ამის გააზრების შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენ სკოლაში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვაზე და დასავლური ფასეულობების წინ წამოწევაზე.

საქართველოს ევროპული არჩევანი სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, სასკოლო სწავლების დასავლური სტანდარტების მიღებას და აღიარებასაც გულისხმობს და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ლიტონი სიტყვები. სახელმძღვანელოების გათანამედროვება და დახვეწა, პედაგოგთა ხელფასების ეტაპობრივი – მაგრამ მუდმივი მატება, სასკოლო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება და მორგება შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე, მასწავლებლებში ბილინგვური განათლების გაცემის უნარების დანერგვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და შემწყნარებლობის – ტოლერანტობის ხელშეწყობა უნდა იყოს ის საფუძველი, რაზეც მომავალი, ევროპული ქართული სასკოლო განათლება უნდა აშენდეს.

ეს ყველაფერი, ცხადია, დიდი შრომით მიიღწევა, მაგრამ სხვა ქვეყნების გამოცდილება გვაძლევს იმის მაგალითსა და იმედს, რომ შეუძლებელი არაფერია და სულ მალე დადგება საქართველოში დრო, როდესაც მოსწავლეებიც და პედაგოგებიც სკოლაში სიხარულით წავლენ და სკოლა საზარელს სიტყვასთან – რუტინასთან არ იქნება ასოცირებული!

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი