პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საზაფხულო სკოლა – შესაძლებლობა საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის

მასწავლებლის დამატებით აქტივობათა ჩამონათვალში ახალი აქტივობა – საზაფხულო სკოლის/ბანაკის მოწყობა გაჩნდა.

საზაფხულო (ისევე როგორც საზამთრო, საგაზაფხულო ან საშემოდგომო) სკოლამ, შესაძლოა, საგნობრივი ცოდნის გაღრმავება-გაფართოება დაისახოს მიზნად, მაგრამ ამჯერად მინდა, თქვენი ყურადღება საზაფხულო სკოლის სხვა შესაძლებლობებზე შევაჩერო.

პედაგოგს ყოველ გაკვეთილზე ევალება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკვანძო კომპეტენციების განვითარება, რადგან ეს კომპეტენციები თანაბრად საჭიროა ყველა საგნის შესასწავლად. რეალობა გვიჩვენებს, რომ საგაკვეთილო აქტივობებს შორის ამ შედეგზე ორიენტირებული აქტივობები იშვიათად გვხვდება ან ეფექტურობით არ გამოირჩევა.

საზაფხულო სკოლის ფორმატი კარგ შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, შეადგინოს პროგრამა, რომელიც ამ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. საზაფხულო სკოლა უმთავრესად სოციალურ მიმართულებას მოიაზრებს. მაგალითად, მან შესაძლოა მიზნად დაისახოს ისეთი სოციალური კომპეტენციის განვითარება, როგორიც არის სხვადასხვა გარემოში კონსტრუქციული კომუნიკაციის უნარი.

მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული პროგრამის შესადგენად (რაც აქტივობის ერთ- ერთი კრიტერიუმით ფასდება კიდეც) საუკეთესო გზაა პოტენციურ მონაწილეთა ინტერესების წინასწარი შესწავლა. როცა ამ აქტივობაზე იწყებს ფიქრს, მასწავლებელმა იცის, რომელი საფეხურის, რომელი კლასის მოსწავლეებისთვის სურს პროგრამის შედგენა და კითხვარსაც მათი წინარე ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით აგებს. კითხვარი მოიცავს როგორც დახურულ, ისე ღია კითხვებსაც სავარაუდო თემების შესახებ. ღია კითხვებზე მიღებულმა პასუხებმა შესაძლოა უფრო საინტერესო და მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული იდეები აღძრას. მცირე კვლევის გაანალიზების შემდეგ იწყება პროგრამაზე მუშაობა. პარალელურად ზუსტდება საზაფხულო სკოლის მუშაობის ვადები და განრიგი.

აქტივობის დაგეგმვის ეტაპზევე საჭიროა, სკოლის დირექციასთან შეთანხმდეს ფართობისა და ტექნიკის გამოყოფის საკითხი. აუცილებელია იმ რისკების გათვალისწინებაც, რაც ამ პროცესს შეიძლება ახლდეს და მათი თავიდან აცილების ან შესუსტების სტრატეგიის დაგეგმვა. ბუნებრივია, მთელი პროცესი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოში უნდა მიმდინარეობდეს.

დავუშვათ, აქტივობის ვადა 7 სამუშაო დღით, გრაფიკი კი ყოველდღიური სამი საათით განსაზღვრეთ. გადასაწყვეტი იქნება, დღის რომელ მონაკვეთში აჯობებს შეხვედრა. ვინაიდან საზაფხულო სკოლა მთლიანად 21 საათს იმუშავებს, აქტივობები ისე უნდა გადანაწილდეს ამ დროზე, რომ თეორიული ნაწილი და სავარჯიშოები ერთმანეთს ჩაენაცვლოს. ინტერაქტიული მეთოდები, მათ შორის – თამაშები და ენერჯაიზერები, ხალისს შემატებს პროცესს. დასაწყისშივე აჯობებს ფეისბუქ გვერდის ან ბლოგის შექმნა, რაც კომუნიკაციის ერთი ფორმის გამოცდილებასაც შესძენს მოსწავლეს და ციფრული წიგნიერების განვითარებაშიც შეუწყობს ხელს. ამ გვერდზე/ბლოგზე აიტვირთება საზაფხულო სკოლის საქმიანობის ამსახველი ფოტო– და ვიდეომასალა, რომლებიც შემდეგ მასწავლებელს აქტივობის დადასტურებისთვის დასჭირდება.

 

საორიენტაციო თემები კომუნიკაციის უნარებზე ორიენტირებული საზაფხულო სკოლისთვის

* რა არის კომუნიკაცია?

* კომუნიკაციის რომელი ფორმები არსებობს?

* რას ნიშნავს კონსტრუქციული კომუნიკაცია?

* რა ხდება მაშინ, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ კონსტრუქციული კომუნიკაცია?

* რა აბრკოლებს და რა უწყობს ხელს კომუნიკაციას?

* როგორი უნდა იყოს კარგი პრეზენტაცია?

* საპრეზენტაციო ფაილების მომზადება.

ამ თეორიული ინფორმაციის შესაბამისად დაიგეგმება პრაქტიკული სამუშაოები, მაგალითად, მოსწავლეები შექმნიან ჯგუფებს ინტერესების მიხედვით და მოამზადებენ პრეზენტაციას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, შექმნიან და წარადგენენ PP ფაილებს, გაიმართება დისკუსიები. აქვე მოხდება დაკვირვება იმაზე, რამდენად კონსტრუქციულია დიალოგები მონაწილეებს შორის.

მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, მისწერონ წერილი მეგობარს, მშობელს, მასწავლებელს, თვითმმართველობას, მინისტრს, რედაქციას და ასე შემდეგ.

პრაქტიკულ სამუშაოდ გამოდგება საჯარო დისკუსიების ვიდეოჩანაწერების ნახვა და განხილვა იმის გასარკვევად, კონსტრუქციული კომუნიკაციის რომელი წესი დაიცვეს ან დაარღვიეს ოპონენტებმა. ეს მოსწავლეებს კარგ გამოცდილებას შესძენს და კრიტიკული აზროვნების განვითარებაშიც დაეხმარება, მასწავლებელი კი დაინახავს, რამდენად სწორად გაიგეს და გაიაზრეს მოსწავლეებმა თეორიული მასალა.

პროცესს მრავალფეროვნებას შემატებს საინტერესო სტუმრების მოწვევა, რომლებიც ან კომუნიკაციის უნარებით გამოირჩევიან, ან ისაუბრებენ კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და მათთან შეხვედრა ღია დიალოგის ფორმატში გაიმართება.

კარგი იქნება, დაიგეგმოს ვიზიტები ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიც ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებია. მონაწილეებმა თავად წარადგინონ საზაფხულო სკოლა და გააცნონ მასპინძლებს ვიზიტის მიზანი, დასვან კონსტრუქციული კითხვები ამ სტრუქტურის საქმიანობის შესახებ

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს მოტივაციას აუმაღლებს სახალისო კონკურსების გამართვა და პატარ-პატარა ჯილდოების მინიჭება. შესაჯამებელ აქტივობად შეიძლება გამოდგეს ვიდეოინტერვიუების (თანატოლებთან, საინტერესო ადამიანებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან…) კონკურსი.

სკოლა დაიხურება საპრეზენტაციო შეხვედრით, რომელსაც სტუმრები და მშობლებიც დაესწრებიან. მოსწავლეები გააცნობენ სტუმრებს თავიანთ საქმიანობას, როლური თამაშების სახით წარმოადგენენ კონსტრუქციულ და არაკონსტრუქციულ დიალოგებს. საბოლოოდ მასწავლებელი ჩაატარებს მოსწავლეებისა და მშობლების გამოკითხვას შეფასების ფურცელში მოცემული კითხვების გათვალისწინებით. ეს გამოკითხვა იქნება მასალა მასწავლებლის აქტივობის შესაფასებლად.

ზაფხულის სკოლის დასრულების შემდეგ პედაგოგი გააანალიზებს გაწეულ საქმიანობას, მოახდენს თვითშეფასებას და გამოიტანს დასკვნებს. მას მტკიცებულებებიც (წინასწარ გამოქვეყნებული ინფორმაციის ელექტრონული მისამართი, აქტივობის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო– და ვიდეომასალის მისამართი, რეფლექსია და გამოკითხვის შედეგები) მზად ექნება საქაღალდეში ასატვირთად.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, საზაფხულო სკოლა უამრავი მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებს: საკვანძო კომპეტენციები, ტოლერანტობის, მოხალისეობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ხელოვნების, სპორტის მიმართულებით და სხვა. დანარჩენი მასწავლებლის შემოქმედებით ნიჭსა და რესურსებზეა დამოკიდებული. თუ დამატებით წყაროსაც (დონორს, გრანტს) მოიძიებს, შეუძლია, საზაფხულო სკოლა უფრო მრავალმხრივიც გახადოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი