ადრეული განათლების მნიშვნელობა მომავალი წარმატებისთვის

დრეულ ასაკში ბავშვზე, მის განათლებაზე თითქმის ყველა საზოგადოებაში, ტრადიციულად, ოჯახი ზრუნავდა. მე-19 საუკუნის ევროპაში, ინდუსტრიალიზაციასთან ერთად, რომელმაც ხელი შეუწყო ურბანიზაციასა და ქალთა დასაქმების ზრდას, წარმოიშვა საჭიროება, ადრეულ ასაკში ბავშვსა და მის განათლებაზე ზრუნვა ოჯახს სხვა ინსტიტუტთან გაეზიარებინა. ასეთი დაწესებულებები მე-19 საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა შოტლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და ნელ-ნელა სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. დღეს უკვე ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმრავლესობა დღის მნიშვნელოვან ნაწილს ოჯახის გარეთ, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ატარებს, ამიტომ მომავალი თაობის ჯანსაღი განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სკოლამდელი განათლების სექტორის განვითარებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული განათლება

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განხორციელებული კვლევები ცხადყოფს, რომ ადრეული განათლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას როგორც ბავშვის მომავალი აკადემიური, პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის, ისე საზოგადოების განვითარებისთვისაც. კვლევები სრულიად განსხვავებული დისციპლინების, მათ შორის _ ნეირომეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის ფარგლებში ხორციელდება. ნეირომეცნიერებაში განხორციელებულ კვლევათა შედეგები ცხადყოფს, რომ ადამიანის ტვინი ყველაზე ინტენსიურად სწორედ სკოლამდელ ასაკში ვითარდება. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვი მასტიმულირებელ და უსაფრთხო გარემოში იზრდებოდეს, სადაც ის თავს დაცულად იგრძნობს, საშუალება მიეცემა, განივითაროს სხვადასხვა უნარი და დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა. კვლევის შედეგები ცხადყოფს იმასაც, რომ ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა და განათლება განუყოფელია ერთმანეთისგან: “ერთი მხრივ, ბავშვების სიყვარული და, მეორე მხრივ, მათი სწავლება თავისთავად, ცალ-ცალკე, არ არის საკმარისი ბავშვის ოპტიმალური განვითარებისთვის”

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბავშვის ფსიქიკა ამ პერიოდში განსაკუთრებით მოწყვლადია და მუდმივად მოითხოვს ზრდასრულის მზრუნველობასა და თანადგომას.

ადრეული განათლების ეკონომიკურ მნიშვნელობასთან დაკავშირებულ გამოკვლევათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნობელის პრემიის ლაურეატის ჯეიმს ჰეკმანის კვლევებს, რომლებიც აანალიზებს სკოლამდელ განათლებაში დაბანდებული ინვესტიციების შედეგებს სხვადასხვა კონტექსტში. მეცნიერს მიაჩნია, რომ განათლების სხვა საფეხურებთან შედარებით სწორედ სკოლამდელ განათლებაში ჩადებულ თანხას მოაქვს ყველაზე დიდი “მოგება” წლების შემდეგ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ყოველ 1 დოლარზე 8 დოლარს უდრის. ჰეკმანი ხაზს უსვამს ადრეულ ასაკში ინვესტირების მნიშვნელობას სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის:

“ინვესტირება არახელსაყრელ პირობებში მცხოვრები ბავშვებისთვის იშვიათი საჯარო პოლიტიკის ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს სამართლიანობასა და სოციალურ თანასწორობას და იმავდროულად ზრდის პროდუქტიულობას ეკონომიკასა და მთლიანად საზოგადოებაში. არახელსაყრელ პირობებში მცხოვრები ბავშვებისთვის გამიზნულ ადრეულ ინტერვენციას გაცილებით მეტი შედეგი მოაქვს, ვიდრე გვიანს, ისეთს, როგორიცაა სკოლაში მასწავლებლისა და მოსწავლეების დაბალი თანაფარდობა, სამსახურისთვის გადამზადება, მსჯავრდადებულთა სარეაბილიტაციო პროგრამები, სწავლის სუბსიდიები, ან პოლიციის ხარჯები”

კვლევები განვითარების ფსიქოლოგიასა და განათლების მეცნიერებაში ცხადყოფს, რომ სკოლამდელი ასაკი კოგნიტური, ემოციური, მეტყველებისა და სოციალური განვითარებისთვის კრიტიკული პერიოდია. სწორად დაგეგმილი ადრეული განათლება ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივი უნარების განვითარებას, სკოლისთვის მის მომზადებას და წარმატებას მომავალ ცხოვრებაში. განვიხილოთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი:

საფრანგეთი

კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სკოლამდელი ასაკის 20 000-ზე მეტმა ბავშვმა, დაადგინა, რომ რაც უფრო მეტხანს დადიოდა ბავშვი სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში, მით უფრო მაღალი ნიშნები ჰქონდა დაწყებითი საფეხურის ყველა კლასში. პოზიტიური გავლენის შედეგი ხანგრძლივი აღმოჩნდა, ამასთან, მე-5 კლასში _ უკეთესი, ვიდრე პირველში. ყველაზე საგულისხმო შედეგები კი არახელსაყრელ პირობებში მცხოვრებმა ბავშვებმა აჩვენეს.

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 2003 წლის ანგარიშის მიხედვით, სკოლამდელი განათლება ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას, განსაკუთრებით კი არახელსაყრელ პირობებში მცხოვრები ბავშვებისთვის. შედეგები უკეთესია, როდესაც სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში სხვადასხვა წარმომავლობისა და სტატუსის მქონე ბავშვები ერთად სწავლობენ. რაც უფრო ხარისხიანია საგანმანათლებლო პროგრამა და მაღალია მასწავლებლის კვალიფიკაცია, მით უფრო დადებითია შედეგები ზემოაღნიშნული უნარების განვითარების გამოკვლევისას.

აშშ

კალიფორნიის შტატში ჩატარებული კვლევის 2005 წლის ანგარიშის მიხედვით, თუ ბავშვი დადიოდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, მეტი იყო ალბათობა, დაემთავრებინა საშუალო სკოლა, ზრდასრულ ასაკში ჰქონოდა უფრო მაღალი ხელფასი და ნაკლები _ ჩართულიყო რაიმე სახის კრიმინალში. ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ თუ კალიფორნიელი ბავშვების 25% მაინც ისარგებლებს სკოლამდელი განათლების სერვისებით, შტატს ეს ყოველ ინვესტირებულ დოლარზე ორმაგ მოგებას მოუტანს (2005 წლისთვის კალიფორნიაში ამ სერვისებით 3 წლის ბავშვების მხოლოდ 5% და 4 წლის ბავშვების 11% სარგებლობდა).

ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ 12 წლის ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში, უკეთესად ასრულებენ მათემატიკურ და კითხვის დავალებებს. განსხვავება მაშინაც კი თვალსაჩინოა, როდესაც სტატისტიკური ანალიზის დროს ითვალისწინებენ ოჯახის შემოსავალს და მშობლების განათლებას.

ასეთი კვლევები, რომლებიც ამტკიცებს ადრეული განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბავშვთა სასკოლო, სოციალური და პროფესიული წარმატებისთვის, მრავლად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამჟამად მრავალი ქვეყანა, აცნობიერებს რა ამ ასაკში განათლების კრიტიკულ მნიშვნელობას, დგას გამოწვევის წინაშე, შეიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროგრამების მიწოდებას სკოლამდელი ასაკის თითოეული ბავშვისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც არახელსაყრელ პირობებში იზრდება (სიღარიბე, უმუშევრობა, მშობლების განათლების დაბალი დონე, სახელმწიფო ენის არცოდნა და ა.შ.).

ადრეული განათლების სისტემების თანამედროვე გამოწვევები

უკანასკნელ ხანს საერთაშორისო ორგანიზაციები _ გაეროს ბავშვთა ფონდი ((UNICEF),), გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და სხვ. _ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა ქვეყანაში ადრეული განათლების პოლიტიკის ანალიზსა და სისტემების გასაუმჯობესებლად კვლევაზე დაფუძნებული გზების ძიებას. ამ მხრივ აღსანიშნავია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება ქვეყნების მიერ სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის სტატუსის ინდიკატორადაა მიჩნეული.

მინიმალური სტანდარტები 10 ძირითად პუნქტს მოიცავს:

  1. ერთ წლამდე დეკრეტული შვებულება ხელფასის 50%-იანი ანაზღაურებით;
  2. ეროვნული სტრატეგია, რომელიც განსაკუთებულ ყურადღებას უთმობს არახელსაყრელ პირობებში მცხოვრებ ბავშვებს;
  3. სუბსიდირებული და რეგულირებადი ბავშვზე ზრუნვის სერვისები 3 წლამდე ასაკის ბავშვების 25%-ისთვის;
  4. სუბსიდირებული და აკრედიტებული ადრეული განათლების სერვისები 4 წლის ბავშვების 80%-ისთვის;
  5. ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების თანამშრომელთა 80%-ის სათანადო პროფესიული მომზადება;
  6. ადრეული განათლების აკრედიტებულ დაწესებულებებში თანამშრომელთა 50% უმაღლესი განათლებით შესაბამის სფეროში;
  7. ადრეული განათლების დაწესებულებებში თანამშრომლებისა და ბავშვების მინიმალური თანაფარდობა 1:15;
  8. მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ის გაღება ადრეულ ასაკში ბავშვთა სერვისების უზრუნველსაყოფად;
  9. ბავშვთა სიღარიბე არა უმეტეს 10%-ისა;
  10. თითქმის ყველა ბავშვის უზრუნველყოფა ძირითადი ჯანდაცვის სერვისებით.

ამ სტანდარტების ათივე პუნქტს მხოლოდ ერთი ქვეყანა _ შვედეთი აკმაყოფილებს, 9 პუნქტს _ ისლანდია, 8-ს _ დანია, ფინეთი, საფრანგეთი და ნორვეგია. გასათვალისწინებელია, რომ სტანდარტები მოითხოვს სახელმწიფოს მნიშვნელოვან ჩართულობას ბავშვის ადრეულ განათლებასა და განვითარებაში, რაც ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში, ტრადიციულად, ოჯახისა და კერძო სექტორის ვალდებულებად მოიაზრება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არის, მაგალითად, ირლანდია, აშშ, ავსტრალია, ესპანეთი და კანადა, მხოლოდ სამ ან ნაკლებ პუნქტს აკმყოფილებს. ამასთანავე, რთულია მხოლოდ ამ სტანდარტების საშუალებით სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სისტემების შედარება. მაგალითისთვის, განვიხილოთ ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორი _ ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების თანამშრომელთა 80%-ის სათანადო პროფესიული მომზადება. სხვადასხვა ქვეყანაში “სათანადო პროფესიული მომზადების” ცნება შესაძლოა სრულიად სხვადასხვანაირად ესმოდეთ; ერთ შემთხვევაში იგულისხმებოდეს ერთთვიანი მომზადება, მეორეში კი ორწლიანი განათლება უმაღლესი განათლების საფეხურზე. მიუხედავად ამისა, მინიმალური სტანდარტები წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, გაიღონ სახელმწიფო რესურსები, რათა ბავშვებს ხარისხიან ადრეულ განათლებაზე მიუწვდებოდეთ ხელი. ეს ზოგადი სტანდარტები, რომლებიც მშობლობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას, ბავშვთა ზოგად მდგომარეობას (ჯანმრთელობა, სიღარიბე), ადრეული განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას უკავშირდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. სტანდარტების ადგილობრივ კონტექსტთან და განათლებაში არსებულ ტრადიციებთან შეჯერებით შესაძლებელია ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ყველაზე უკეთ დაიცავს ბავშვთა ინტერესებსა და უფლებებს.

დღეს, როდესაც მრავალი სამეცნიერო კვლევა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს სკოლამდელი განათლების პოზიტიურ გავლენას სკოლაში ბავშვის წარმატებაზე, მომავალში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაზე, ვფიქრობთ, დროული იქნება ქვეყნების ძალისხმევა ამ სფეროში ინვესტირების გასაზრდელად.

კომენტარები

comments