ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„მოსწავლე-მასწავლებელი” ურთიერთობა და თანასწორი შესაძლებლობები

სოციალური ფსიქოლოგები თვლიან, რომ როდესაც პირველად ვხვდებით ადამიანს, პირველად მის გარეგნულ იერზე ვიღებთ ინფორმაციას და ადამიანის დასახასიათებლად მაშინვე ვახდენთ მის ინტერპრეტირებას. აქედან გამომდინარე ვცდილობთ, გავერკვეთ, როგორ მოვიქცეთ მასთან და რას უნდა ველოდოთ ამ ადამიანისაგან ჩვენთან მიმართებაში. სამართლიანი იქნებოდა თავი შეგვეკავებინა ნაადრევი დასკვნებისგან, თუმცა ამის გაკეთებას მხოლოდ მცირე ნაწილი  ახერხებს.

(მაშ ასე, ამ გამოცდაში ყველა მოსწავლემ, რომელთაც კარგი კალიგრაფია და ახალი პიჯაკები აქვთ, მაღალი შეფასება მიიღეს. დანარჩენებმა კარგი, ხოლო ისინი, ვინც საღეჭ რეზინს ღეჭავს და პლეერს უსმენს, ფეთხუმები არიან და მათთვის საშუალოც საკმარისია.)

სხვადასხვა ადამიანები, განსხვავებულ ინფორმაციას ეყრდნობიან. ჩვეულებრივ ისინი ერთმანეთს ჩაცმულობის, ვარცხნილობის, მიმიკების, ჟესტების, ასაკის, ნაციონალობის, სქესისა და საუბრის მიხედვით აფასებენ.

ჩვენი პირველი შთაბეჭდილებები, ანუ „თავდაპირველი დახასიათებების“ მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ისინი ნელა იცვლება: ადამიანის ბუნებრივი თვისებაა, რომ პირველადი შთაბეჭდილება დაიცვას საწინააღმდეგო ფაქტებისაგან.

მოსწავლეები, მაშინვე გრძნობენ პედაგოგის დამოკიდებულებას და ისინიც მისი შეხედულების შესაბამისად იქცევიან.

ყველა ჩვენთაგანს აქვს საკუთარი შეხედულებები და სტერეოტიპების მსხვერპლია.

სტერეოტიპირება – ეს ტენდენციაა, ინდივიდი მივაკუთვნოთ რომელიმე ჯგუფს და მივაწეროთ მას ის თვისებები, რომელიც ამ ჯგუფისთვისაა დამახასიათებელი. ასეთ დროს ადამიანი ვერ ამჩნევს ამ ჯგუფის წევრების ინდივიდუალურ თავისებურებებს. ადვილად ვექცევით სტერეოტიპების ტყვეობაში და ვხდებით საკუთარი მეხსიერების შერჩევითობის მსხვერპლი. კვლევებმა აჩვენა, რომ მასწავლებლებიც, სხვა ადამიანების მსგავსად,  სტერეოტიპების მსხვერპლია.

სიმპათია, ანტიპათია, შეხედულებები და სტერეოტიპები არ იქნებოდა ასე მნიშვნელოვანი, რომ არ ახდენდნენ ზეგავლენას მასწავლებლის მოსწავლეებისადმი დამოკიდებულებაზე. კვლევებით გამოვლინდა, რომ მასწავლებლის მოლოდინები გავლენას ახდენს  მოსწავლეთა იმ შედეგებზე,  რომლებიც ამ მოლოდინებს უკავშირდება. თუ მასწავლებელი თვლის, რომ მოსწავლე „კარგია“ – ის უფრო კარგი ხდება და პირიქით, თუ თვლის, რომ ის „ცუდია“ – ის უფრო ცუდი ხდება. სხვა კვლევებმა თვითახდენადი წინასწარმეტყველების მექანიზმის მოქმედების დემონსტრირება მოახდინეს, პრაქტიკულად, ნებისმიერ სასწავლო სიტუაციაში – ბაგა-ბაღიდან დაწყებული, ზრდასრული პროფესიონალების სწავლებით დამთავრებული.

ახდენადია თუ არა დაბალი შედეგების მოლოდინი? – რა თქმა უნდა. ისევ კვლევებმა აჩვენა, რომ ნელ მოსწავლეებს პასუხის მოსაფიქრებლად ნაკლები დრო და ნაკლები მინიშნებები ეძლევათ. მათ ნაკლებად აქებენ და მეტად აკრიტიკებენ. მასწავლებელი მათთან მუშაობას ნაკლებ დროს უთმობს და ნაკლებადაა კეთილგანწყობილი – მაგალითად, ნაკლებად უღიმის. მათგან ნაკლებ მუშაობას მოითხოვენ, ტესტებს კი უფრო მიკერძოებულად ასწორებენ.

„თვითახდენადი წინასწარმეტყველება „არაა გარდაუვალი. კარგი მასწავლებელი, მონახავს საშუალებას არ დაუშვას, რომ ნაკლები მოლოდინის ფაქტორმა უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლეზე. თუ ეს მოხერხდა, მაშინ „წინასწარმეტყველებაც“  არ ახდება.

„თვითახდენადი წინასწარმეტველების“ არსებობა, კიდევ უფრო ართულებს მასწავლებლის სამუშაოს. ადვილი არაა თანაბრად გაანაწილო დრო, ენერგია, ღიმილი და ხუმრობა. თქვენ შეიძლება ხალისიც არ გქონდეთ, უმადური, ჯმუხი და უცნაურვარცხნილობიანი მოსწავლე წაახალისოთ! პედაგოგები, რომლებიც ზრდასრულებს ასწავლიან, ეძნელებათ იმ მსმენელის წახალისება, რომელიც თვლის, რომ „ისეც ყველაფერი იცის“. და მაინც, ჩვენი პროფესიული მოვალეობაა – ყოველი მოსწავლისათვის შეძლებისდაგვარად მაქსიმალური გავაკეთოთ. ყველასათვის აუცილებელია იგრძნონ საკუთარი ღირსება, მნიშვნელობა და მიზანმიმართულობა. თუ დაეხმარებით მოსწავლეებს ამის შეძენაში, თქვენც მაქსიმალურ შედეგს მიიღებთ მათგან. თუ ვერ უზრუნველყოფთ ზემოთ აღნიშნულს, მაშინ არაფერი გამოვა.

ისევე, როგორც შეხედულებებისა და სტერეოტიპების შემთხვევაში, მასწავლებლისათვის აუცილებელია, საკუთარი სიმპათიებისა და ანტიპათიების გაცნობიერება.

რა თვისებები მოგწონთ მოსწავლეებში?

შეაფასეთ ქულებით 1-დან 5-მდე,

სადაც 3 ნიშნავს, რომ თქვენთვის სულერთია.

ძალიან მომწონს – ძალიან არ მომწონს.

1 2 3 4 5

თავაზიანობა;

გაკვეთილისადმი ინტერესი;

ლამაზი კალიგრაფია და მოწესრიგებული რვეული;

მოდური ჩაცმულობა დავარცხნილობა;

მომხიბლველობა და კეთილგანწყობა;

ხალისიანობა და კომუნიკაბელურობა;

თავმდაბლობა და თავშეკავებულობა;

პირადი ჰიგიენა;

მოსწავლე „ყოვლისმცოდნე“;

ცუდად ფლობს სასწავლო ენას (სწავლება უცხოენოვანია);

საწინააღმდეგო სქესის მოსწავლეები;

თქვენივე სქესი მოსწავლეები;

სხვა კულტურის წარმომადგენელი მოსწავლეები;

თქვენივე კულტურის წარმომადგენელი მოსწავლეები;

სხვა სოციალური ფენის მოსწავლეები;

თქვენი სოციალური ფენის მოსწავლეები.

ჩვენ მოგვწონს ადამიანები, რომლებთანაც მსგავსება გვაქვს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს შეხედულებებსა და ღირებულებებს. არც მასწავლებლებია ამ მხრივ გამონაკლისი. მათ მოსწონთ ის მოსწავლეები, რომლებმაც იციან მუშაობა, ყურადღებიანი და მოწესრიგებული, თავაზიანები არიან და კარგად გამოიყურებიან. ვის მხარესაც არ უნდა იყოს თქვენი სიმპათია-ანტიპათიები, მათი გამჟღავნება არ შეიძლება, თუ არ არსებობს სერიოზული საგანმანათლებლო, ეთიკური ან პროფესიონალური მიზეზი. მაგალითად, თქვენ შეიძლება საკმარისი მიზეზი გქონდეთ, მოსწავლისაგან მოითხოვოთ, გააუმჯობესოს სამუშაოს ხარისხი, მაგრამ ეს არ გაძლევთ გაღიზიანებული რეაგირების უფლებას. ყურადღება მიაქციეთ ანკეტაში მოცემულ იმ თვისებებს, რომლებმაც მიიღეს ერთ და ხუთბალიანი შეფასება.

მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობების დასამყარებლად, მათდამი პატივისცემის დემონსტრირებაა საჭირო. ამას მიაღწევთ გაკვეთილის დაგეგმარებისადმი პროფესიონალური მიდგომით, სასწავლო დროის განაწილებით, ჩაცმის სტილით, მოსწავლის ინდივიდუალობის პატივისცემით.

ყველა მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მას აფასებენ, ერთნაირად დადებითად იღებენ, რომ სწავლაში  მათი მცდელობა შემჩნეულია და მიუკერძოებლად ფასდება. საკმარისი არაა „იტანდეთ“ მათ, ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ თავადაც და ის ჯგუფიც, რომელსაც მიეკუთვნებიან (ნაციონალური, სქესობრივი, ასაკობრივი, სოციალური და სხვა ნიშნით), მისაღები არიან თქვენთვის და იმ დაწესებულებისთვის, სადაც მუშაობთ. მოსწავლეების ენაზე ეს ასე ჟღერს: „მასწავლებელი უნდა იყოს სამართლიანი, მას არ უნდა ჰყავდეს „ხელწამოსაკრავები“ და რჩეულები“.

ბევრ პედაგოგს სურს, მიანიჭოს კლასს თანაბარი უფლებები, მაგრამ ცოტა თუ ახერხებს.

რატომ ხდება ასე? პედაგოგებს შორის ცოტა თუ ხელმძღვანელობს შეგნებულად საკუთარი წარმოდგენებით. ჩვენი უმრავლესობა, სიმპათიით არის განწყობილი იმ მოსწავლისადმი, რომელიც შრომისმოყვარეა, ავლენს ინტერესს და სასიამოვნოა ურთიერთობაში. ეს გასაგებიცაა, თუმცა – არაპროფესიონალური.

პედაგოგთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ თუ მთელს კლასს ერთნაირ დავალებას აძლევს და ერთნაირად ეხმარება ყველას, ვინც ამას ითხოვს, ამით თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს  და თანასწორ გარემოს ქმნის ყველასთვის. ეს ასე არაა – მორცხვ მოსწავლეებს მეტი დახმარება სჭირდებათ, ვიდრე ითხოვენ, თამამებს კი – ნაკლები. ყოველ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს, თქვენი ენერგიის სამართლიანად მიღების იმედი. ისინი განსხვავდებიან და ამიტომაც ყველასთან განსხვავებულადაა საჭირო მუშაობა.

ყურადღება მიაქციეთ, როგორ უსვამთ კითხვას. მზერას უსწორებთ, უღიმით, ეხუმრებით სხვადასხვა ბავშვებს და უცხადებთ ემოციურ მხარდაჭერას. ასე გაიგებთ, ასხვავებთ მოსწავლეებს თუ ყველას ერთნაირად ექცევით.

მიზეზს, თუ რატომ ვცდილობთ ყველას თანაბარი უფლება მივანიჭოთ, ეთიკური და პროფესიონალური საფუძველი აქვს. ჩვენ გვსურს, რომ სწავლებამ ყველას მოუტანოს შედეგი. არსებობს ეკონომიკური და იურიდიული მიზეზებიც: ჩვენი ეკონომიკა არ აყვავდება, თუ ადამიანების პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებას  გარკვეული ბარიერები შეექმნება.

პედაგოგთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათი პროფესიის ყველა წარმომადგენელი უნდა ახდენდეს სამართლიანობის დემონსტრირებას ყველა მოსწავლესთან მიმართებაში. თქვენ გავლენას იქონიებთ ყველა მოსწავლეზე, ვინც პატივს გცემთ და აღფრთოვანებულია თქვენით. თუ აღმოაჩენთ ფილმს,  წიგნს ან სხვა მასალას, რომელიც დისკრიმინაციულია ან ღირსების შემლახველია რომელიმე ჯგუფისათვის, გამოთქვით საკუთარი აზრი – წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ეთანხმებით მას. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ასეთი მიდგომა უკეთესია, ვიდრე  პრობლემის სრული იგნორირება.

როცა საქმე გვაქვს მოსწავლეების შეხედულებებთან, ინფორმაციული რეაქცია, ემოციურზე მეტად ნაყოფიერია. უმჯობესია ვთქვათ: „შენი ხუმრობა ზოგისთვის შესაძლოა შეურაცხმყოფელი იყოს“ ვიდრე – „როგორ ბედავ მსგავს კომენტარებს ჩემს კლასში!“. მაშინვე ნუ შეეცდებით „სუსტების“ დაცვას. შეეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ პრობლემაზე და „სუსტებს“ მისცეთ შანსი, თავად იზრუნონ საკუთარ თავზე. სწორხაზოვანი, ინფორმაციული მიდგომა აქაც კარგი იქნება. „ვამჩნევ, რომ ჯერ გოგონებს არ გამოუთქვამთ საკუთარი მოსაზრება“ – ეს კომენტარი საკმარისი იქნება ქალთა სქესის წარმომადგენელთა გასააქტიურებლად.

შეამოწმეთ საკუთარი თავი:

 

ნაციონალობა

  • ავლენთ თუ არა ყველა მოსწავლისადმი სამართლიან დამოკიდებულებას და ყველას ერთნაირად პატივისცემით ეპყრობით? მოსწავლეთა მიერ თქვენი, როგორც მისაბაძი მაგალითის აღქმაზე, ბევრი წვრილმანი მოქმედებს:

– ყველა მოსწავლის სახელით მიმართვა (როგორი ძნელი დასამახსოვრებელი და წარმოსათქმელიც არ უნდა იყოს);

– ყველასათვის დახმარების ერთნაირად აღმოჩენა.

– ყველასადმი ერთნაირად კეთილგანწყობა, ღიმილი, გაკვეთილის დაწყებამდე საუბრები და ა. შ.

  • აძლევთ თუ არა მოსწავლეებს ენაში პრაქტიკის საშუალებას, თუ კი ეს მათი მშობლიური ენა არაა? მაგალითად, სთავაზობთ მათ აზრის გამოთქმას კლასის წინაშე (მაშინაც კი, თუ ეს სირთულეს წარმოადგენს მათთვის ან მორცხვობენ). აკეთებთ სასწავლო ენაზე კითხვის წახალისებას?
  • თქვენი მოლოდინები ნაციონალურ უმცირესობის ბავშვებთან მიმართებაშიც ერთნაირად მაღალია? ხომ არ ახდენთ მათი შეზღუდული ლექსიკური მარაგის, როგორც მათი ნაკლები შესაძლებლობების ინტერპრეტირებას?
  • მიმართავთ თუ არა შეფასების იმ მეთოდებს, რომლებიც არ აკნინებს იმ მოსწავლეთა შედეგებს, რომლებიც ცუდად ფლობენ სასწავლო ენას, მაგალითად – მარტივი ენით ჩამოყალიბებულ დავალებებს, რომლებიც არაა ორიენტირებული წერილობით განვრცობილ პასუხზე?

მულტიკულტურალიზმი

  • ცდილობთ თუ არა საგნის შინაარსს თან დაურთოთ ისეთი მასალა, რომელიც:
  • ფართო მსოფლმხედველობის ფორმირების შესაძლებლობას იძლევა, წარმოაჩენს რა შესასწავლ საგანს განსხვავებული მხრიდან და არა მხოლოდ „ევროცენტრული“ პოზიციის მხრივ;
  • მოსწავლეებს აცნობს, იმ ღვაწლის შესახებ, რომელიც თქვენი საგნის სფეროს განვითარებაში შეიტანეს სხვა რასებისა და ნაციონალობების წარმომადგენლებმა?
  • ასე თუ ისე დაკავშირებულია ნაციონალურ უმცირესობებთან?
  • ხელს უწყობს სხვა კულტურებისადმი პატივისცემას და მათ აღქმადობას?
  • აყალიბებს ნაციონალური უმცირესობებისადმი მოსწავლეთა პატივისცემას?
  • აყალიბებს დადებით შეხედულებებსა და წარმოდგენებს სხვა კულტურის წარმომადგენელ, განსაკუთრებით, ე.წ. მესამე მსოფლიოს მიმართ (მაგ. ისეთი სურათები, სადაც გამოსახულია აქტიური, მოღიმარი სახეები და არა შიმშილისგან გაუბედურებული ადამიანები.)?
  • ხაზს არ უსვამს განვითარებადი ქვეყნების ჩამორჩენილობას (მაგ. ბევრი მოსწავლე გაოგნებულია, როცა იგებს, რომ აფრიკაშიცაა ცათამბრჯენები)?
  • ხელს უწყობს ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას, განსხვავებულ კულტურათა, რელიგიათა და ა.შ. შორის?
  • იწვევთ თუ არა კლასში სტუმრებს – ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლების მოსწავლეებს აცნობენ საკუთარ მოსაზრებებს სასწავლო მასალასთან დაკავშირებით?

ანტიქსენოფობიური განათლება

  • როდესაც რეაგირებთ ქსენოფობიურ გამონათქვამებზე, თქვენი კრიტიკა მიმართულია ადამიანის მოსაზრებაზე თუ მის პიროვნებაზე?
  • ახდენთ თუ არა თქვენს საგანთან, იქ სადაც მიზანშეწონილია, იმ მასალის ინტეგრირებას, სადაც:
  • წინაა წამოწეული სოციალური თანასწორობის საკითხები?
  • ნაციონალური მიუღებლობისა და სტერეოტიპების საკითხები?
  • რომლებიც არღვევს რასობრივ ცრურწმენებს?

სქესობრივი განსხვავებულობის საკითხები

  • იყენებთ თუ არა სასწავლო დავალებებში „უსქესო“ ენას?
  • ურთავთ თუ არა თქვენი საგნის შინაარსს დადებით როლურ მოდელებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტრადიციული სტერეოტიპების რღვევას – მაგ: მედძმა მედდის ნაცვლად?
  • გენდერული სტერეოტიპებით დატვირთულ მასალაზე მუშაობისას, ამახვილებთ თუ არა ამაზე მოსწავლეთა ყურადღებას ან კრიტიკის საგნად ხდით?
  • სამომავლო კარიერული პერსპექტივის თვალსაზრისით, თქვენს საგანს ერთნაირად უწევთ რეკლამირებას როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებთან?
  • მოსწავლეებს აძლევთ საშუალებას, განიხილონ სქესობრივი საკითხები, თუ საგანი იძლევა ამის საშუალებას?
  • ხაზს უსვამთ თუ არა, რომ სქესთა შორის განსხვავებულობა მოძველებული სტერეოტიპია?
  • ორივე სქესის წარმომადგენელ მოსწავლეებს ერთნაირად აძლევთ საშუალებას, ხელსაწყოებზე იქონიონ წვდომა?
  • ერთნაირად რეაგირებთ გაკვეთილზე ხმაურის, უწესრიგობისა და ცელქობის ფაქტებზე, ცუდ კალიგრაფიაზე გოგონებთან და ვაჟებთან მიმართებაში?
  • უწევთ თუ არა მორალურ მხარდაჭერას, იმ სქესის წარმომადგენლებს, რომლებიც კლასში უმცირესობაში არიან?
  • რეაგირებთ თუ არა მკაცრად და ადეკვატურად სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე  (აკრიტიკებთ ფაქტს და არა პიროვნებას)?
  • ორივე სქესის წარმომადგენლებს ერთნაირი სირთულის და რაოდენობის კითხვებს აძლევთ?
  • ანაწილებთ თუ არა კლასში სამუშაოს ისე, რომ ორიენტაციას არ ახდენთ მოსწავლის სქესზე (მაგ. მაგიდების გადადგმა, დაფის გაწმენდა და ა.შ.).

სწავლის პრობლემების მქონე ბავშვთა განსაკუთრებული მოთხოვნები

  • არკვევთ თუ არა ასეთი ბავშვების ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს, რჩევას სთხოვთ მათ ან სპეციალიზებულ პედაგოგებს ასეთი ბავშვების სწავლებისას ოპტიმალური მხარდაჭერისათვის? მაგალითები:
  • დისლექსია: დავალების შესასრულებლად დამატებითი დროის გამოყოფა;
  • მხედველობის პრობლემები: ადგილი დაფასთან ახლოს, დამატებითი განათება, შრიფტის ზომის გაზრდა და ა.შ.
  • სმენის პრობლემები: ადგილი მასწავლებელთან ახლოს, სპეციალური აღჭურვილობა და ა.შ.
  • შეზღუდული მოძრაობა: ოპტიმალური სამუშაო ადგილი, სკოლის გარემოს ადაპტაცია და ა.შ.
  • განსაკუთრებული მოთხოვნები, რომლებიც გამყარებულია სამედიცინო ჩვენებებით: ასთმა, ეპილეფსია, ყურადღების კონცენტრაციაზე მოქმედი წამლების გამოყენება, და სხვა.
  • დასაშვებია, თქვენ მიერ გამოყენებული მასალის დონე იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც კითხვის პრობლემები აქვთ?
  • როდესაც თქვენ იყენებთ პროექტორს, ვიდეოფილმებს, დასარიგებელ მასალას, ითვალისწინებთ განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე მოსწავლეთა რაოდენობას? მაგალითად, კარგად ხედავენ და ესმით?

 

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press.2009, p.99-120.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი