ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

“როცა საკუთარ თავში საკუთარ თავს ეძებ”

გუჩა კვარაცხელიას ვერლიბრის ა(მ)ბები

 

„ის გამოჩნდეს,

ვისაც მკაცრი დუმილის

ნაკრძალოვან სივრცეში

შეესვლება.“

გუჩა კვარაცხელია

 

სხვა ვერ გაიგებს, სხვა ვერ იგრძნობს, სხვა ვერ ახსნის, თუმცა პოეზიის ენას ახსნა სულაც არ სჭირდება, ის თავად ახსნის ბევრ რამეს, როცა ადამიანში შეაღწევს… როცა… მანმადე კი პოეზიის ჭიდან წყლის ამოღება უნდა ვისწავლოთ მთვარის სხივებით, მერე ამ წყლის დაგემოვნება  ნება-ნება, მზის თუ მთვარის სხივების თანხლებით შესმა ისე, რომ წყურვილის ყველა ნერვი გაცოცხლდეს და დატკბეს ღვთიური სითხით. ჩვენს აჩქარებულ სამყაროში კი წყალიც ისე სწრაფად ამოგვაქვს ჭიდან, რომ ნახევარზე მეტი გზაში გვექცევა, ხან – მთვარის სხივებიც გვიწყდება, ჭის კედლებიდან ჩამოყრილი ხავსი უღიმღამოდ დაყრილა სათლის ფსკერზე… აბა, ასეთ წყალს რა გემოს გაუგებ?!..

ლექსიც იმ წყალივითაა, გნებავთ, ღვინოსავით, რომელიც კარგად უნდა დაიგემოვნოთ! კარგად უნდა შეიგრძნოთ… თითოეულ სტრიქონს ხომ თავისი განსაკუთრებული ფერი, გემო, არომატი აქვს.

 

ის გამოჩნდეს,

ვისაც მკაცრი დუმილის

ნაკრძალოვან სივრცეში

შეესვლება.

 

ბევრს იფიქრებთ, შეგესვლებათ თუ არა… ნუ იფიქრებთ, თქვენ იგრძნობთ… მეტაფორა მხოლოდ იმიტომ არ არსებობს, ლამაზი სამკაულივით დაამშვენოს ლექსი. მეტაფორა უსასრულობისაკენ გვიტყუებს, «კანონების სამყაროს» ანგრევს, დაუკავშირებელს აკავშირებს და ახალ რეალობას გვაზიარებს. აბა, წესით და რიგით, რა საერთო აქვს «დუმილს» «ნაკრძალებთან?» ისე, პოეტისა არ იყოს, რას არ წამოედები, «როცა საკუთარ თავში საკუთარ თავს ეძებ». («უცნაური ამბავი»).

აქ შეხვდებით «წვიმით გაჟეჟილ ჩრდილებს, შუქი რომ ქსაქსავდა» («არითმია»). სიტყვის მნიშვნელობათა ჯამით ამ სახეს ვერ ახსნით. მართალი არიან სემიოლოგები, როცა ლექსიკონს «მნიშვნელობათა სასაფლაოს» უწოდებენ. სიტყვა ცოცხლდება წინადადებაში, ფრაზაში და ათასგვარ ნიუანსს იძენს. «წვიმით გაჟეჟილი ჩრდილების» აღქმისას კი ცნობიერებაში ვიზუალური ხატიც ჩნდება, ერთგვარი ფერწერული ტილო, სწორედ ამაშია ამ სიტყვების ძალაც, რასაც, თავის მხრივ, იწვევს პოეტის ვიზუალური აზროვნების ცხოველმყოფელობა. ზოგიერთი ფსიქოლოგის განსაზღვრებით, ვიზუალური აზროვნება არის  ადამიანთა იმგვარი შემოქმედება, რომელიც წარმოშობს ახალ ხატს, ახალ ვიზუალურ ფორმებს, რომლებიც მნიშვნელობას ხილვადს ქმნიან.

აბა, ეს სურათი თუ გინახავთ ოდესმე, თუ არა, აუცილებლად დაინახავთ ამ სტრიქონების წაკითხვის (არა, შეგრძნობის) შემდეგ:

 

ნიგვზის სქელ ფოთლებში

ღიღველა ბარტყივით

ფართხალებს სხივი _

ფეხს ვერ იკიდებს რტოზე,

საიდან სად მოსული,

აქ არ ჩამოვარდეს, საწყალი!

(„აღწერა ტრაფარეტული სტილისტიკით»)

 

ამ სახემ პარუირ სევაკის ლექსის ფრაგმენტი გამახსენა:

 

„მზის სხივებს მწვანე ჭინჭრიანშიც

უნდათ შეღწევა,

მაგრამ ცვივიან აქეთ_იქით _

დასუსხულები“.

(თარგმნა გივი შაჰნაზარმა)

სივრცესა და დროში დაშორებულ შემოქმედთა შორის ყოველთვის არსებობს იდუმალი რამ კავშირი.

გუჩა კვარაცხელიას მეტაფორული აზროვნება უამრავი ახალი განცდის, შეგრძნების წყაროა და, რაც მთავარია, მისი პოეზია უკიდეგანო, დაუსაზღვრავ სივრცეს გვთავაზობს. პოეტის შემოქმედებაში არცერთი ტროპი არ იქცევა იმგვარ სიმბოლოდ, ერთი, ერთადერთი მნიშვნელობა რომ ჰქონდეს.

ანდრეი ტარკოვსკი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა: „ხშირად მეუბნებიან, თქვენს ფილმებში უამრავი სიმბოლოაო და არავის სჯერა, რომ იქ ერთი სიმბოლოც რომ არ არის… რა არის სიმბოლო? ეს არის შიფრი, კოდირებული იდეა, ცნება, რომელიც შეიძლება ერთმნიშვნელოვნად გაიშიფროს. როცა კი მჭვრეტელი მას შიფრავს, ყველაფერი დამთავრებულია, უსასრულობის ილუზია ბანალობად, გაცვეთილ სახედ, ტრუიზმად იქცევა. ქრება საიდუმლო და მთლიანობის განცდა.“

არც გუჩა კვარაცხელიას ამ სახეს მინდა მოვპარო საიდუმლო:

 

„ბატკნის ცხვირივით

ნოტიონ ნისლი

ჩაიმუხლებს ასეთ მინდორზე

და მიწას კოცნის.“

(«ბუკოლიკური»)

 

რამხელა სინაზესა და სიფაქიზეს მატებს ბატკნის ცხვირის სინოტივე იმ ნისლს, მიწას რომ კოცნის.

 

„ასე ყოფილა თურმე:

როცა საკუთარ თავში

საკუთარ თავს ეძებ,

მაშინ წამოედები ხოლმე

მანამადე შეუმჩნეველს.

გვიან, მაგრამ მაინც ამჩნევ, რომ

უთქმელობა,

ვიცი, უთქმელობა

გვაშორიშორებდა…“

(«ქალი»)

 

«უპასუხობის კონცხებმა» დაამსხვრია «უსიტყვო ხომალდები»… ქალის საფლავს კი ამასობაში «ბამბა დაათოვს». ნუთუ? … აიშლება საფიქრალი… საინტერესოა, ხან თქმა აშორებთ, ხან _ უთქმელობა ადამიანებს, ეს თითქოს ისეც იცი, მაგრამ პოეზიით განცდილი მაინც სხვა დასტურია.

 

„ის მოვიდეს,

ვინც წვიმის საიდუმლო იცის…“

 

ასეთია «ხალხის მოთხოვნა მიტინგზე». ვინ? ვინ იცის წვიმის საიდუმლო? ან ასეთი რა საიდუმლო აქვს წვიმას? პოეტმა იცის, გვეუბნება კიდეც, ოღონდ სხვაგვარად, ოკრობოკროდ, მიხვეულ-მოხვეულად, ორაზროვნად, აი, ასე:

 

„ცოცხლები ტყუიან,

დაიმოწმეთ მკვდრები!“

 

ხლებნიკოვი ადამიანის მიერ ენის გამოყენებას ბავშვების თოჯინებით თამაშს ადარებს. ის წერს: თოჯინებით თამაშის დროს ბავშვმა შეიძლება გულწრფელად იტიროს, როცა მისი «ნაჭრის გუნდა» ავადაა ან კვდება. თამაშისას ეს «ნაჭრის გუნდები» ცოცხალი, ნამდვილი ადამიანები არიან _ თავისი გულითა და გრძნობებით.

ენა აშუალებს ადამიანის შინაგან ემოციებსა და გრძნობებს, მაგრამ ალბათ «თამაშის ხარისხზეა» დამოკიდებული, რამდენად ზუსტად გამოხატავს ნიშანი (ენა) პოეტის სათქმელს, რამდენად გულწრფელად თამაშობს შემოქმედი სიტყვებით, როგორც ნაჭრის თოჯინებით.

თქვენ დაინახავთ «სიტყვების მომღერალ სილუეტებს», როცა გუჩა კვარაცხელიას ლექსს: «ვისაც ჩვენი სახელები გერქმევათ»_ ჩაიკითხავთ. რაზე მღერიან «სიტყვის სილუეტები», რომლებიც «თქვენი ხმების გრძელ დერეფნებში» ჩასახლებულან? აქვეა პასუხიც:

 

„ჩვენი სიტყვები ჩასახლდებიან თქვენს ხმებში,

რომ მოგითხრონ,

როგორ გავედით მეხუთე მხარეს

და დავცინეთ ნაცრადქცევის შიშს;

გასწავლიან ფოთლის მორცხვობას,

რტოების როკვას მენუეტის მოკლე ნაბიჯით,

თავის დაკვრით და რევერანსებით…“

 

გუჩა კვარაცხელიას ლექსების კითხვისას, მისივე თქმის არ იყოს, «ბევრ რამეს წამოედებით, მანამდე შეუმჩნეველს», იქნებ ძალისხმევაც არ გეყოთ, ლექსი ბოლომდე ჩაიკითხოთ, რადგან პოეტის რთული სინტაქსი, აზროვნება, დატვირთული ასოციაციებით, რომელიც ერთ წინადადებაში დაახვავებს ჩართულებს, დეტალური აღწერის მანერა კი იმდენად ვრცელს ხდის წინადადებას, რომ ზოგ შემთხვევაში წერტილს მხოლოდ ლექსის ბოლოს დაინახავთ… მანმადე კი, საკმაოდ ღრმად უნდა ჩაისუნთქოთ, რომ ძალა გეყოთ, აღიქვათ და გაიგოთ _ ჯერ სად მთავრდება წინადადება, მერე _ რომელია მთავარი წინადადება, … შემდეგ _ აზრი, ქვეტექსტი, მინიშნება და ა. შ. რითაც მდიდარია გუჩა კვარაცხელიას პოეტური ტექსტები, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ ბოლომდე ჩაიკითხავთ ლექსებს, თქვენ მას მეორედ და მესამედ აუცილებლად მიუბრუნდებით.

თანამედროვე მკითხველი _ თავბრუდამხვევი რიტმების სამყაროს მკვიდრი, მოანგარიშე გონება, ლირიზმისაგან დაცლილი, მაგრამ ლირიკის თეორიით დატვირთული… ერთი სიტყვით… მკითხველთა უმრავლესობას, იოლზე, მარტივზე, ადვილადაღსაქმელზე რომ არის ორიენტირებული, რა თქმა უნდა, გუჩა კვარაცხელიას ლექსების წაკითხვა გაუჭირდება.

პოეტის აზროვნება, ისევე როგორც მისი შესაბამისი წერის სტილისტიკა, პარადიგმულია. ის პარალელურად უამრავ მიძინებულ აზრს და ფიქრს აღვიძებს, გრძნობას გიფორიაქებს, შეგრძნებებს გიხალისებს, ემოციებს გიცოცხლებს, წარმოსახვასა და ფანტაზიებს აგიშლის და ბოლოს, ყველაფერს ერთ მთლიანობაში შეკრავს შემოქმედი, საკუთარ სულში (და მკითხველის სულშიც) მოიხელთებს და რისთვის სჭირდება ეს ყველაფერი? მისი ლექსების კითხვისას რეფრენივით ჩაგესმის სოკრატესეული: «შეიცან თავი შენი», ამას პოეტიც არ გვიმალავს:

 

„როცა საკუთარ თავში

საკუთარ თავს ეძებ,

მაშინ წამოედები ხოლმე

მანმადე შეუმჩნეველს…“

 

ფრაზაში უამრავი აზრის ჩატევის მანერით გუჩა კვარაცხელიას შემოქმედება პონჟს მაგონებს, საგანთა შინაგან არსს მათთან იდენტიფიკაციით რომ გამოხატავდა. პონჟი ერთგან წერს, რომ ადამიანს წონასწორობისათვის სიტყვა სჭირდება (შემოქმედს, მით უფრო), გამოთქმული სიტყვით ახალი რეალობის კარს ვაღებთო. მართლაც, რომელ შემოქმედს არ აღმოუჩენია, რომ წერისას, აზრი რომ ყალიბდება და ფორმდება, ჩვენთვისვე უცხო დაგვინახავს იმ ენის მეშვეობით, ჩვენ რომ გამოგვთქვა და გამოგვხატა.

ასე ხდება ნებისმიერი კარგი ლექსის წაკითხვის შემდეგაც. ზოგჯერ კი ქრება სიტყვებით გამოხატული შინაარსი და ისევ «უცხო კარიბჭესთან» აღმოვჩნდებით, მანმადე უცნობი შეგრძნება დაგვიპყრობს და იქნებ სულ ეს არის, რასაც ჭეშმარიტმა შემოქმედებამ უნდა გვაზიაროს. მაშინ, ვიკმაროთ პოეტის ამ სტრიქონების მიღმა თუ თანხლებით გაცოცხლებული უნაზესი სევდა-ტკივილი:

 

„…როცა ერთხელაც,

შენს მაღალ ტოტებს,

ვარსკვლავებს რომ იჭერენ ახლა,

მეტყევე მოსწვდება,

გაგახსენდეს:

მე ვიყავი, მე,

გზააბნეული და ცალუღელა,

სხივივით რომ დაგტრიალებდი…“

(«ქალი»)

 

გუჩა კვარაცხელიას ვერლიბრი ერთ დიდ მდინარეს მაგონებს უამრავი შენაკადით _ ეს შენაკადები განსხვავებულია სითბო-სიცივით, სიგრძე-სიმოკლით, სიჩქარით, ფერით, გემოთი… ზოგი მთიდან ჩამორბის კისრისმტვრევით, ზოგი ბარიდან უერთდება დინჯი ხმაურით, ზოგს დამდნარი თოვლი მოაქვს, ზოგს _ აყვავებული ატმის რტო, ზოგს _ შემოდგომის ფოთლები…

ის დიდი მდინარე თავად პოეტის სულია, სტრიქონებით რომ სხვადახსვა შენაკადის ხმას გვასმენინებს, ზოგი შენაკადი ჩავლილია, ზოგი _ ჩასავლელი და ზოგიც _ ჩაუვლელად გუბდება…

 

„მაინც კარგად იცნობ

ჩავლილსაც და ჩაუვლელსაც

თავიანთი სახელებით,

დაბადების ადგილებითა და თარიღებით.

ძალიან ძველი და მკვიდრი კი,

რომლის ამოსაცნობი

არცერთი ნიშანი არ იცი,

იმ სიღრმეშია უსხეულოდ ჩაფენილი,

რომლის აპკი უსასრულობას ატარებს,

ორი სიღრმე ერთმანეთს ერევა

და კიდევ უფრო წყვიადდება

ერთმანეთში გაზავებული…

(«უცნაური ამბავი»)

 

და ბოლოს, პატრიკ ზიუსკინდის «ლიტერატურული ამნეზია» რომ დაგვემართოს გუჩა კვარაცხელიას პოეზიაზე, წაიშალოს ყველა ტექსტი თავისი შინაარსით, გაქრეს ყოველგვარი აზრი, ერთი ხომ მაინც გადარჩება:

 

„ის მოვიდეს,

ვინც წვიმის საიდუმლო იცის…“

 

და დავამატებდი: გუჩა კვარაცხელიას ლექსებიც მან წაიკითხოს:

 

„ვისაც მკაცრი დუმილის

ნაკრძალოვან სივრცეში შეესვლება,

რომ წვიმის სათქმელი

გაფილტროს და გარეთ გამოიტანოს…“

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი