ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ირმის ნახტომის რძისფერი ტოტი

მეგრული ორსართულიანი სახლები ძირითადად სამი ტიპისაა:

  1. შედარებით მოკრძალებული (ფართოდ იყო გავრცელებული სამოციან, სამოცდაათიან, ოთხმოციან წლებში): რიყის ქვით, ბლოკით, აგურით, სოფ. მუხურის თეთრი ქვით მყარად ნაშენ პირველ სართულზე შემოდგმული წაბლის ფიცრებისგან შეკრული მეორე სართული, მთელი სახლის სიმაღლეზე სიმყარისთვის დატანებული ორსართულიანი ბუხრით. მეორე სართული, ლპობისგან დასაცავად, გარედან დაფარულია თუნუქის ან ალუმინის ფურცლებით. წინა მხარეს, ორივე სართულზე აქვს შუშაბანდი. ოთახების რაოდენობა სტანდარტული: რვა ოთახი (პირველზე ოთხი, მეორეზე ოთხი).
  2. პელეტ მახორობა, იგივე პელეტდოხორე (სრა-სასახლე, დიდნაშენი): მოზრდილი სახლი, ორივე სართული ნაშენია თეთრი ან წითელი აგურის ორმაგი ან სტანდარტული წყობით. უშუშაბანდო ან მეორე სართულის გვერდზე, წინა მხარეს მიშენებული ფანჩატურის მსგავსი აივნით. აივანი გაფორმებულია დეკორატიულად, ოსტატის ნიჭისა და გაქანების შესაბამისად. ოთახების რაოდენობა განუსაზღვრელი ან ინდივიდუალურად განსაზღვრულია. წინა მხარეს, პირველ სართულზე არის ლამაზად გადახურული წინკარი.
  3. პელეტდოხორეს ნაირსახეობა: მოზრდილი სახლი, ორივე სართული ნაშენია ბლოკით, პირველი სართული მოპირკეთბულია ნაცრისფერი ბრიზგით, მეორე სართული – კრემისფერით, ან – პირიქით (მასპინძლის გემოვნების მიხედვით). მახასიათებლები იგივე, რაც მეორე პუნქტში განხილული სახლისა. პირველ სართულს შეიძლება ჰქონდეს ნახევარშუშაბანდი.

(არის ასევე ძველი დროიდან შემორჩენილი, ბოძებზე შემოდგმული ოდა, ან გვერდზე გადახრილი, ოროთახიანი ქოხმახი, რომლის ღრიჭოებშიც ქარი ისე დანავარდობს, როგორც მოესურვება. მაგ: აღნიშნული ტიპის ოდა უდგას ჩემს მეზობელ დიონი ჯიჯელავას, ხოლო აღნიშნული ტიპის ქოხი – ჩემს მეზობელ ტარი ბერიას. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის საგანი მხოლოდ ორსართულიანი სახლებია).

სამეგრელოში რაც არ უნდა შეუხედავი და ღარიბული იყოს სახლი, იშვიათად გადაეყრები მოუვლელ ეზოს (ცხადია იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა სახლი უპატრონოა ან დავრდომილი მოხუცის ამარაა). ხოლო ჩვენი ინტერესის საგნის (ორსართულიანი სახლის) შემთხვევაში ლანდშაფტის არქიტექტურა მეტწილად ერთნაირია: კიბე, როგორც წესი (არის გამონაკლისებიც), ჭიშკრისკენაა მიმართული, ჭიშკრის პატარა კარიდან ერთი მოკირწყლული გზა კიბემდე მოდის („შემთხვევების”, ანუ ქორწილების და გასვენებებისთვის), მეორე გზა იმავე კარიდან შუშაბანდის წინკარამდე (მოკრძალებული სახლის შემთხვევაში) ან უბრალოდ წინკარამდე (პელეტდოხორეს შემთხვევაში), თავის მხრივ კიბიდანაც მოდის პატარა მოკირწყლული გზა შუშაბანდამდე ან წინკარამდე, ანუ იქმნება სამკუთხედი. ამ სამკუთხედში ხარობს ყვავილების განუსაზღვრელი სახეობა. მესრის გაყოლებაზეც ჩამწკრივებულია იგივე, ან სულ სხვა სახეობის ფლორა.

მოგეხსენებათ, ქორწილები და გასვენებები იშვიათი მოვლენაა, ამიტომ ჭიშკრიდან კიბემდე გზას, რომელსაც ნაკლები დატვირთვა ადგება, მოვლა სჭირდება. ყოველ წელიწადს უნდა გამოღლიტო ხელიდან სარეველა ბალახს. იმის გათვალისწინებით, რომ ეზოს მოვლა დიასახლისების საქმეა. ზოგ დიასახლისს ეზარება სარეველა ბალახთან გარდამავალი უპირატესობით ბრძოლა, ბალახის მაკრატლით ეზოს მოაწესრიგებს, ხოლო „საშემთხვევო” გზას ბალახშემოვლებულს ტოვებს უახლოეს „შემთხვევამდე”.

აი, ვთქვათ: შენ ხარ პატარა ბიჭი, გვერდითა სოფლელი რომელიმე ძმაკაცის ეზოში მინიფეხბურთს თამაშობ, ბალახის სიმწვანით დაიმედებული, თავგანწირულ „პატკატს“ უკეთებ მოწინააღმდეგეს, ამ დროს კი ბალახის ქვეშ ასფალტი გხვდება. მერე მთელი თვე გადატყავებული მუხლით დადიხარ (მაგრამ არ მოკვდები, ნუ გეშინია).

ხოლო როცა ხარ 31 წლის, არაფერი სჯობს ზაფხულობით შენს სოფელში ჩასვლას. დღისით მოვლილ ეზოს გაჰყურებ მსხლის ჩეროდან, ღამით კი, ო, ღამით… ზიხარ კიბის, ბოლოდან მესამე, საფეხურზე, თავი მეხუთე საფეხურზე გიდევს, მეოთხე საფეხური ცოტა ზურგს გტკენს, მაგრამ არაფერია, გესმის მხოლოდ ჭრიჭინების ხმა და ყვავილების სურნელით გაბრუებული ასცქერი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ირმის ნახტომის რძისფერ ტოტს…

შენ მზად ხარ სიკვდილისთვისაც კი, რადგან ამ დროს სიკვდილიც კი არაფერია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი