შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და ინტერნეტი  (I ნაწილი)

თანამედროვე ადამიანისთვის ინტერნეტის გარეშე ცხოვრება დასვენებასთან ასოცირდება, ისიც – მხოლოდ მოკლე ხნით. ციფრული ტექნოლოგიები ჩვენ­­­­­ი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და შეუმჩნევლად დაიკავა დიდი ადგილი ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება/დამუშავება/შენახვა, დროის დაზოგვა, საქმიანობის გამარტივება – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დადებითი მხარეებისა, რომლებიც, იმავდროულად, დასვენების, გართობისა და კომუნიკაციის საშუალებასაც გვაძლევს. ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცე ხაზს უსვამს ციფრულ კომპეტენციიის დიდ მნიშვნელობას, მას წიგნიერების ზოგად ცნებაში აერთიანებს და კითხვის, წერის, მოსმენისა და მეტყველების გვერდით აყენებს. ეროვნული სასწავლო გეგმა ციფრულ წიგნიერებას განმარტავს როგორც ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარს და აზუსტებს, რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი ციფრულ ტექნოლოგიებს ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრებაში უკავია. ინტერნეტი მათთვის რეალობისგან განსხვავებული, ვირტუალური სამყაროა, სადაც ნებისმიერ მათგანს შეუზღუდავი შესაძლებლობები და ალტერნატიული ცხოვრება აქვს. საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინტერნეტთან დაკავშირებულ ძირითად ასპექტებს სიღრმისეულად გამოიკვლევდა, მაგრამ სხვა ქვეყნების მაგალითს თუ მოვიშველიებთ, საკმაოდ შთამბეჭდავ მაჩვენებლებს მივიღებთ. გერმანიაში, 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად (BITKOM Studie, 2014), გამოკითხული მოსწავლეების აბსოლუტურ უმრავლესობას 10 წლიდან შეუზღუდავად მიუწვდება ხელი ინტერნეტზე, 2011 წლის კვლევა (JIM Studie, 2011) კი აჩვენებს, რომ გამოკითხული თინეიჯერების 44% ინტერნეტს კომუნიკაციისთვის იყენებს, 16% – კომპიუტერული თამაშებისთვის, 15% – ინფორმაციის მოსაძიებლად, ხოლო 24% – სხვადასხვა მიზნით. მოზარდებზე ინტერნეტის ხანგრძლივი მოხმარების დადებითი თუ უარყოფითი გავლენის შესახებ არაერთი კვლევა არსებობს და საგანმანათლებლო წრეებში ცხარე დებატებიც მიმდინარეობს ამ საკითხებზე, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ინტერნეტის საშუალებით მიღებულ ინფორმაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს არაფორმალურ სწავლის პროცესა და ბავშვის ფსიქიკაზე. ამ სტატიაში ჩვენ უარყოფითი გავლენის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს მიმოვიხილავთ.

ინტერნეტის შეუზღუდავი მოხმარების უარყოფით შედეგებზე საუბრისას ზოგიერთი მკვლევარი ფსიქოლოგიურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ვირტულური სამყაროს გაიდეალება მოზარდს ხელს უშლის რეალურ ცხოვრებაში ორიენტაციაში, იწვევს დამოკიდებულებას და ადრეულ ასაკში ძალადობის წახალისებას. მრავალი კვლევა დადებით კორელაციას აჩვენებს ბავშვის აგრესიულ ქცევასა და ძალადობის შემცველ კომპიუტერულ თამაშებს შორის. 2008 წელს ჩატარდა გამოკითხვა (Grimm, Rhein და Clausen-Muradian) იმის დასადგენად, სად ნახეს პირველად ძალადობა ინტერნეტში 12-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებმა. გამოკითხულთა 81.7% -ს ძალადობა ინტერნეტში ფოტოებისა და ფილმების საშუალებით ჰქონდა ნანახი, 73.3%-ს – კომპიუტერული თამაშების მეშვეობით, ხოლო 66.8%-ს ვირტუალური ძალადობა კომპიუტერული თამაშების მეშვეობით თვითონვე ჰქონდა განცდილი.

საინტერესო შედეგებს აჩვენებს 2007 წლის კვლევა (Stephan Kyas), რომლის მიზანი იყო დაედგინა, რამდენად შესაძლებელია, კომპიუტერულ თამაშებში განცდილმა ემოციებმა გავლენა მოახდინოს მოზარდის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მკვლევრის აზრით, თამაშის ბოლოს დამარცხებით და გმირის სიკვდილით გამოწვეულ წარუმატებლობას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოზარდის ფსიქიკაზე, გამოიწვიოს იმედგაცრუება, სასოწარკვეთა, ბრაზი, ყოველივე ამან კი წარმოშვას აგრესია, რომელიც რეალურ ცხოვრებაში სხვა ადამიანების, ცხოველებისა და ნივთებისკენ იქნება მიმართული. მკვლევრის აზრით, ძალადობის შემცველი კომპიუტერული თამაშები შორეულ პერსპექტივაში მოზარდს უქვეითებს ემპათიის უნარს და ძალადობის მიმართ ტოლერანტულს ხდის. კომპიუტერული თამაშების მეორე და მნიშვნელოვან უარყოფით მხარედ განიხილავენ დამოკიდებულებას. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ონლაინ-კომპიუტერული თამაშები ხანგრძლივ პერსპექტივაში იწვევს შეჩვევას, რამაც შესაძლოა ზრდასრულ ასაკში აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება გამოიწვიოს.

განათლების თეორეტიკოსთა ერთი ნაწილი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ზოგიერთი კომპიუტერული თამაში მოზარდებში ძალადობის წამახალისებელია. ისინი მიიჩნევენ, რომ დღემდე ჩატარებული რაოდენობრივი, თვისებრივი თუ ექსპერიმენტული კვლევები საკითხის რადიკალურად განხილვის შესაძლებლობას არ იძლევა. მათი აზრით, შეცდომაა, რაოდენობრივი ან ექსპერიმენტული კვლევის ფარგლებში იმსჯელო მოზარდის ემოციებზე ძალადობრივი თამაშების გავლენაზე, რადგან ემოციური განვითარება ინდივიდუალურია და არ შეიძლება, ყველა მოსწავლე ერთ კონტექსტში იქნეს განხილული. ამ მოსაზრების მხარდამჭერები ამბობენ, რომ დღემდე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებს არ მოუცია ისეთი შედეგები, რომელთა განზოგადებაც შესაძლებელი იქნებოდა.

კომპიუტერული თამაშებისგან განსხვავებით, მკვლევრებს ერთიანი პოზიცია აქვთ ინტერნეტში განთავსებული პორნოგრაფიული ვიდეოების, ფილმებისა და ფოტოების მიმართ. შეუზღუდავი ინფორმაციის დიდი ნაკადი საშუალებას აძლევს ყველა მსურველს, დაუბრკოლებლად მოიხმაროს პორნოგრაფიული შინაარსის საიტები. ხშირად ის მოზარდებიც კი, რომლებიც მსგავსი შინაარსის ინფორმაციისადმი ინტერესს არ იჩენენ, გაუცნობიერებლად ხდებიან უკონტორო სივრცის „მსხვერპლი“ რეკლამების საშუალებით. განსაკუთრებით არასასურველად მიიჩნევა ადრეულ ასაკში პორნოგრაფიული შინაარსის ისეთ მასალებზე წვდომა, რომლებიც ძალადობრივ სექსუალურ ექსპერიმენტებთან არის დაკავშირებული. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში (12 წლამდე) მიღებულმა ასეთმა ინფორმაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის სექსუალურ მომწიფებაზე და ზრდასრულ ასაკში სექსუალური ცხოვრებისგან მისი სრული დისტანცირება გამოიწვიოს. აღსანიშნავია ისიც, რომ პორნოგრაფიული მასალები ამყარებს გენდერულ სტერეოტიპებს (მამაკაცი დომინანტი და აქტიურია, ქალი – ძირითადად პასიური), არასწორ წარმოდგენას უქმნის მოზარდებს სქესობრივ ცხოვრებაზე, აყალიბებს იდეალური სხეულის მოდელს, რითაც მათ თვითშეფასებაზე მოქმედებს. ზოგიერთი მკვლევარი (Pastötter, 2010) ასაბუთებს, რომ ძალადობრივი პორნოგრაფიის მოყვარული მოზარდები ტოლერანტულები არიან ქალებისადმი ყოველდღიურ და სქესობრივ ცხოვრებაში განხორციელებული ძალადობის მიმართ.

კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი ინტერნეტის გადაჭარბებული მოხმარებით გამოწვეული ე.წ. ინტერნეტდამოკიდებულებაა. აქ საკითხი არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიკურ ასპექტშიც განიხილება. კოპიუტერთან დიდხანს ჯდომამ შესაძლოა გამოიწვიოს ხერხემლის დაავადებები, წონის მატება და მოტორული უნარების დაქვეითება. დადებითი კორელაცია ინტერნეტის ხანგრძლივ მოხმარებასა და ჯანრმთელობის პრობლემებს შორის რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა 2008 წლის კვლევამაც დაადასტურა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მშობლებისა და სკოლის წინაშე დიდი გამოწვევა დგას – განუვითარონ მოზარდებს ციფრული კომპეტენცია და დაიცვან ისინი უარყოფითი გავლენებისგან. ყოველივე ამაზე სტატიის მომდევნო ნაწილში ვისაუბრებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი