ინოვაციური გაკვეთილი დაწყებით კლასში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად, ერთ-ერთ აქტივობად განსაზღვრულია სამოდელო გაკვეთილების ჩატარება. სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთ ტიპად მიჩნეულია ინოვაციური გაკვეთილი. ეს უკანასკნელი კი შეიძლება იყოს, მაგალითად, რომელიმე ნაკლებად ცნობილი მეთოდით ჩატარებული გაკვეთილი. წინამდებარე სტატიაში სწორედ ასეთ, ერთ-ერთ ნაკლებად ცნობილ მეთოდზე, კერძოდ, „მომავლის სახელოსნოზე“ ვისაუბრებ. ასევე, მეთოდის არსში უკეთ გასარკვევად კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის გეგმის ნიმუშსა და რეფლექსიას. აღვნიშნავ, რომ აღნიშნული მეთოდით გასულ სასწავლო წელსაც ჩავატარე გაკვეთილი და კმაყოფილი დავრჩი, რადგან მივაღწიე გაკვეთილის გეგმით განსაზღვრულ შედეგს.

 

  1. მეთოდის თეორიული მიმოხილვა:

„მომავლის სახელოსნო“ თანამშრომლობითი სწავლების მეთოდია. როდესაც რაიმე პრობლემის გადაჭრა გვსურს, ვაზუსტებთ პრობლემას და ერთობლივად ვიწყებთ  მისი გადაჭრის გზების ძიებას. გაგაცნობთ მეთოდის მიმდინარეობის ძირითად ფაზებს:

მოსამზადებელი ფაზა – ამ ფაზაში მასწავლებელი განუმარტავს კლასს გაკვეთილის მიზანს (კერძოდ, რა პრობლემის გადაჭრა დაისახეს), გააცნობს/შეახსენებს მეთოდის მიმდინარეობას და „თამაშის წესებს“. ამ ფაზაში სასურველია, მოსწავლეებს შევთავაზოთ მარტივი სავარჯიშო განტვირთვის მიზნით;

კრიტიკის ფაზა – ამ ფაზაში სასურველია, გავამხნევოთ მოსწავლეები, დავაძლევინოთ დაძაბულობა, შიში, რათა თავისუფლად გამოხატონ აზრი დასმული საკითხის შესახებ და ჩამოაყალიბონ ის ზუსტად და კონკრეტულად. კრიტიკული საკითხების შეკრების შემდეგ მათ აერთიანებენ პრობლემის სფეროებად, რომლებიც ჩამოიწერება ფლიპჩარტზე. აქედან მოსწავლეები ირჩევენ მათთვის აქტუალურ პრობლემას, რომელიც ფანტაზიის ფაზაში დამუშავდება;

ფანტაზიის ფაზა – ამ ფაზას აქვს აუცილებელი „თამაშის წესი“. ყოველგვარი სურვილი, ოცნება, უტოპია ნებადართულია. ამ ფაზაში პირველი ნაბიჯი უნდა იყოს კრიტიკული პუნქტების პოზიტიურად გადაფორმულირება. მეორე ნაბიჯზე გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებმა პრობლემის მოგვარების მრავალფეროვანი, ფანტაზიით სავსე გზები უნდა დასახონ. ამ ფაზაში მათ ნაკლებად უნდა იფიქრონ იმაზე, რამდენად განხორციელებადი და რეალურია მათი იდეები. შეიკრიბება როგორც განხორციელებადი, ისე უტოპიური იდეები. მომდევნო ნაბიჯზე იდეები გადამუშავდება და უფრო მეტად დაკონკრეტდება;

განხორციელების ფაზა – ამ ეტაპზე ხდება წინა ფაზაში შეჯერებული მონახაზების რეალობასთან მისადაგება. ისევე, როგორც წინა ფაზაში, ამ დროსაც საჭიროა კრეატიულობა და ფანტაზია, რათა უკეთესი შედეგის მისაღებად ახალი გზა ვიპოვოთ. რეალობასთან თავსებადობის მისაღწევად იდეები უნდა დაკონკრეტდეს. ამისათვის რამდენიმე კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. კერძოდ, რა ღონისძიებებია გასატარებელი, ჩვენი იდეა რეალობად რომ იქცეს? რა ხარვეზი აქვს ამ პრობლემის გადაჭრის ჩვენეულ გზას? იქნებ არსებობს ამ პრობლემის უფრო ალტერნატიული და უფრო რეალური ხერხი? რამდენი დრო გვაქვს ცალკეული ნაბიჯებისთვის და სხვა.

უფრო ნათელი რომ გახდეს მეთოდის არსი, წარმოგიდგენთ გაკვეთილის ჩემეულ გეგმას და მეთოდის მიმდინარეობას შესაბამისი განმარტებებითა და მითითებებით, და რეფლექსიას.

 

  1. გაკვეთილის გეგმა ბუნებისმეტყველებაში
კლასი/კლასები I-III  კლასი (კლასკომპლექტი)

 

გაკვეთილის თემა კლასი 1 – ექსკურსია „ტყეში“

კლასი 3 – ნარჩენები ჩვენს გარშემო

 

კლასის დახასიათება კლასში 5 მოსწავლეა და კლასკომპლექტია. შესაბამისად, გამოვიყენებ დიფერენცირებულ სწავლებას. მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა და აზრის დაფიქსირება.

 

მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

 

 

გაკვეთილის მიზანი:

 

კლასი 1 – მოსწავლეებმა უნდა შეძლონ

·         დაკვირვების საფუძველზე აღწერონ ლოკალური გარემო;

·         განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო და სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი განწყობა კონკრეტული გარემოს მიმართ;

·         დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა;

 

 

კლასი 3:

·         მოსწავლეებმა გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.

·         იმსჯელონ იმის შესახებთუ როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ გარემოს დაბინძურება.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები:

კლასი 1:

ბუნ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         დაკვირვების საფუძველზე აღწერს ლოკალურ გარემოს.

 

ბუნ. I.8. მოსწავლეს შეუძლია გარემოსადმი დამოკიდებულების გამოხატვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         განასხვავებს სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს და  სიტყვიერად გადმოსცემს საკუთარ განწყობას კონკრეტული გარემოს მიმართ;

·         აღწერს საკუთარ ქმედებას გარემოში სისუფთავის დასაცავად (მაგალითად, საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება).

კლასი 3:

ბუნ. III. 11. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს.

·         განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლოდა საზიანო ქმედებებს.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

 

 

გაკვეთილი გათვლილია 45 წუთზე და დაგეგმილია მომავლის სახელოსნოს მეთოდით:

 

მოსამზადებელი ფაზა:  13 წთ

 

გაკვეთილს ვიწყებთ მოსამზადებელი ფაზით. ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტავ გაკვეთილის მიზანს, გავაცნობ მეთოდის მიმდინარეობას და იმ წესებსაც, როგორც უნდა წარიმართოს გაკვეთილი. მოსამზადებელ ფაზაში მოსწავლეებს შევთავაზებ აქტივობას – „ექსკურსია უკაცრიელ კუნძულზე“, რომელიც გულისხმობს ფანტაზიით დაუსახლებელ კუნძულზე მოხვედრას და რომელსაც ნაგვის მანქანა არ ემსახურება. ამიტომ ადამიანები ნაგავს პირდაპირ გარეთ ყრიან. მოსწავლეები იმსჯელებენ შემდეგ კითხვებზე:

Ø  როგორი გარემოა ამ კუნძულზე?

Ø  როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში?

Ø  სად მიგაქვთ თქვენს სახლში დაგროვილი ნაგავი?

Ø  რას მოიმოქმედებდით, თუ გაიგებთ, რომ დანაგვიანების გამო დაავადებების გავრცელებაა მოსალოდნელი, თქვენ კი კუნძულის დატოვება არ შეგიძლიათ?

ასევე ვაჩვენებ ნაწყვეტს სერგეი სტრახოვის ვიდეორგოლიდან „ფარული კამერა, ექსპერიმენტი თბილისის ქუჩებში“. ვიდეორგოლში რამდენიმე ადამიანი საჯაროდ ყრის ნაგავს, რაზეც ხალხს არა აქვს რეაგირება. მოსწავლეებს დავუსვამ კითხვას: ოდესმე თუ აღმოჩენილან მსგავს სიტუაციაში და როგორ მოქცეულან.

 

 

კრიტიკის ფაზა: 12 წთ

 

კრიტიკის ფაზა გაგრძელდება აქტივობით – „მოწყენილი ხე“. კედელზე გაკრული იქნება დიდი ფორმატის ფურცელზე გამზადებული ხის კონტური. მოსწავლეებს დაურიგდებათ ფოთლების ფორმის ბარათები. მათ უნდა მოიფიქრონ და დაწერონ ის საშიშროებები, რაც გარემოს დანაგვიანებას გვიქადის. თითო ფოთოლზე დაიწერება ერთი საშიშროება. მოსწავლეები ფოთლებს მიაკრავენ ხეზე.

მოსწავლეთა დახმარებით ფოთლები კრიტიკულ პუნქტებად დაჯგუფდება. შემდეგ კი მოსწავლეები ხის კენწეროში ჩამოკიდებენ იმ საშიშროებებს, რომლებიც ყველაზე მეტად გვიქმნის საფრთხეს და რომელიც სასწრაფოდ გამოსასწორებელია.

 

კრიტიკის ფაზაში გამოვიყენებ დიფერენცირებულ სწავლებას.

 

კერძოდ, მესამე კლასს ვაძლევ დავალებას, თავად მოახდინონ დასახელებული საშიშროებების რანჟირება.

შესაძლებელია მესამე კლასმა გამოკვეთოს შემდეგი საშიშროებები:

·         საყოფაცხოვრებო ნარჩენებით წყლისა და ჰაერის დაბინძურება;

·         დანაგვიანებული გარემო დაავადების გავრცელების წყაროა;

·         სანაგვე ურნების არასაკმარისი რაოდენობა;

·         მოსახლეობათა არასაკმარისი ინფორმაციულობა გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ.

პირველ კლასს კი ვთავაზობ დამატებით აქტივობას: კლასში 4 პირველკლასელია და თითოეულს ვაჩვენებ თითო განსხვავებულ სურათს. კერძოდ, როგორ იქექება ცხოველი ნაგავში; ქალაქში უადგილოდ დაყრილ ნაგავში ბავშვი თამაშობს; ჰაერის დაბინძურება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული წყალი. ვიმსჯელებთ ვის და რას ელის საფრთხე ასეთ გარემოში? რა საშიშროებების წინაშე დგანან ისინი?

 

 

ფანტაზიის ფაზა: 10 წთ

 

გადავდივართ ფანტაზიის ფაზაში და გონებრივი იერიშით დაიწყება ზემოთ აღნიშნული საშიშროებების აღმოფხვრის გზების ძიება. ამ ეტაპზე აუცილებელია გამოითქვას რაც შეიძლება ბევრი იდეა. შესაძლებელია იყოს უტოპიურიც. ყურადღებას ვაქცევთ მხოლოდ იდეების რაოდენობას.

მაგალითად, შეიძლება გამოითქვას შემდეგი იდეები, მათ შორის უტოპიურიც:

ü  ნეტავ, ჯადოსნური ცოცხი გვქონდეს, თავისით დაგვიდა ეზოს;

ü  ნეტავ მოსიარულე ნაგვის ურნა გვქონდეს, თვითონ მოაგროვებდა ნაგავს;

ü  მონაწილეობის მიღება გარემოს დაცვის აქციებში.

განხორციელების ფაზა: 10 წთ

 

განხორციელების ფაზაში ერთობლივად ვიმსჯელებთ პრობლემის მოგვარების რომელი იდეაა რეალური და განხორციელებადი. შესაძლებლობის შემთხვევაში შევიტანთ ცვლილებებს საშიშროებათა აღმოფხვრის იმ გზებში, რომლებიც განხორციელებადს გახდიან მათ. კიდევ უფრო დაკონკრეტდება იდეები და ცალკე ფორმატზე დაფიქსირდება.

შესაძლებელია, გამოიკვეთოს პრობლემის მოგვარების შემდეგი გზები:

Ø  მოსახლეობათა ინფორმირების მიზნით საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა და გავრცელება;

Ø  უფროსი კლასის მოსწავლეებთან ერთად ხშირად დასუფთავდეს სკოლის ტერიტორია;

Ø  აქტივობის მოწყობა „ჩემი მწვანე მომავალი“, რის ფარგლებშიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგვება ნერგები. თითო ბავშვი თითო ნერგს დარგავს.

 

 

 

მოსალოდნელი პრობლემები და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები

 

 

შესაძლებელია ფანტაზიის ფაზაში პირველ კლასს გაუჭირდეს პრობლემის აღმოფხვრის გზების მოფიქრება. მასწავლებელი მათ წაახალისებს და ნიმუშის სახით რამდენიმე გზას თავად დაუსახელებს.
სასწავლო მასალა და რესურსები

 

 

დიდი ფორმატის ფურცლები, ხის კონტური, თაბახის ფურცლები, ვიდეორგოლი „ფარული კამერა, ექსპერიმენტი თბილისის ქუჩებში“ (რეჟისორი სერგეი სტრახოვი), ფოტოები.

 

შეფასება და თვითშეფასება

 

 

·         მასწავლებელი ორივე კლასის მოსწავლეებს შეაფასებს შეფასების სქემით. შეფასების საგანი იქნება გაკვეთილზე ჩართულობა.

·         მასწავლებელი გაკვეთილის დასრულების შემდეგ საკუთარ თავს თვითშეფასების სქემით შეაფასებს.

 

მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა:

 

კრიტერიუმები ძალიან კარგია კარგია საშუალოა საჭიროებს გაუმჯობესებას
აქტიური მონაწილეობა ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას. ყოველთვის მონაწილეობს. ხშირად მონაწილეობს. იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს.
გამართული და სწორი მეტყველება. გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს. გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს. იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს. არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა. ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას.

 

თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას. ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას. უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება. უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დასრულებას. არ უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის დასრულებას.

 

 

  1. რეფლექსია

I-III კლასკომპლექტში „მომავლის სახელოსნოს“ მეთოდით ჩატარებული გაკვეთილის თემა შინაარსობრივად მსგავსი  იყო ორივე კლასისთვის. კერძოდ, პირველ კლასთან  – „ექსკურსია „ტყეში“, მესამესთან კი – „ნარჩენები ჩვენ გარშემო“.  უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კლასის შესასწავლი თემა გულისხმობდა ექსკურსიას ტყეში, ანუ გარემოში, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სუფთა, ისე დანაგვიანებული. შესაბამისად, მსჯელობა მიგვყავს იქითკენ, რომ ექსკურსიის დროს შეიძლება დაგვხვდეს როგორც სუფთა, ისე დაბინძურებული გარემო და რა საფრთხე შეიძლება მოელოდეს ასეთ გარემოში მოხვედრილ ადამიანს. თავად, როგორ გარემოში ისურვებდნენ თამაშს და რატომ?

მეთოდის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაკვეთილი დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი საფეხურების დაცვით: მოსამზადებელი ფაზა, კრიტიკის ფაზა, ფანტაზიის ფაზა და რეალიზების ფაზა. გაკვეთილი წარიმართა დაგეგმილის შესაბამისად და არ წარმოშობილა გეგმიდან გადახვევის აუცილებლობა. უნდა აღვნიშნო, რომ კლასკომპლექტის თავისებურებიდან გამომდინარე, პირველ კლასს საკითხის უკეთ გასააზრებლად შევთავაზე დამატებითი აქტივობა: მოცემულ ფოტოებზე დაყრდნობით მოსწავლეებს უნდა ემსჯელათ, ვის და რას ელის საფრთხე ფოტოებზე გამოსახულ გარემოში, რა საშიშროების წინაშე დგანან ისინი. აღსანიშნავია, რომ აქტივობას მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი.

გაკვეთილზე გამოიკვეთა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა, რაც გაკვეთილის ძლიერი მხარეა. მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა კი განაპირობა როგორც სწორად შერჩეულმა სტრატეგიებმა, კერძოდ, გონებრივმა იერიშმა და კოგნიტურმა სქემებმა, ისე საინტერესო აქტივობებმა: ფილმის განხილვამ, ფანტაზიით „უკაცრიელ კუნძულზე“ მოხვედრამ და მსჯელობამ, კრიტიკის ფაზაში განხორციელებულმა აქტივობამ „მოწყენილი ხე“, დამატებითმა ფოტომასალამ. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობებში. ასევე, გაკვეთილზე ჩართულობა გამოიწვია დიფერენცირებული სწავლების ფორმამაც, რომელიც დამატებითი აქტივობის შეთავაზებას ითვალისწინებდა პირველი კლასისთვის და კლასში შექმნილმა თანამშრომლობითმა გარემომ.

ამავე გეგმით შემდგომში I-III კლასკომპლექტთან გაკვეთილის ჩატარებისას, ვფიქრობ, არ შევცვლიდი გეგმას. მხოლოდ მოსამზადებელ ფაზაში გამოყენებულ აქტივობას – „ექსკურსია უკაცრიელ კუნძულზე“ – ჩავანაცვლებდი შემდეგი აქტივობით: დიდი ფორმატის ფურცელზე დავხატავდი ტყის პეიზაჟს, მივაწებებდი კანფეტის ქაღალდებს, ცელოფნის პარკის ნაგლეჯებს, ერთჯერად ჭიქებს და სხვა დამანაგვიანებელ მასალას.

ვსვამთ შეკითხვებს:

  • როდის უფრო მიმზიდველია ჩვენი ტყე?
  • როგორ მოხდა ბუნების დანაგვიანება?
  • ვინ ანაგვიანებს მას?
  • რა არ მოგწონთ ასეთ გარემოში?
  • როგორ შეიძლება მოვიქცეთ, რომ ბუნება არ დავანაგვიანოთ?

აღნიშნულ აქტივობას განვახორციელებ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებისა და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით.

გარდა ამისა, შესაძლებელია სხვა ვარიანტიც. მოსამზადებელ ფაზაშიც გამოვიყენებ დიფერენცირებულ სწავლებას. კერძოდ, მესამე კლასთან დავტოვებდი ამავე სავარჯიშოს, ხოლო პირველ კლასთან ვიმუშავებდი ზემოთ აღწერილი აქტივობით.

აღვნიშნავ, რომ მივაღწიე დასახულ მიზანს: მოსწავლეებმა იმსჯელეს და გააცნობიერეს გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხეები და შემოგვთავაზეს პრობლემის გადაჭრის გზები.

 

დასკვნის სახით აღვნიშნავ, რომ ამ მეთოდით მუშაობის დროს მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული თითოეული მოსწავლის პოტენციალი, შემოქმედებითად გადაჭრას პრობლემა. მეთოდის აგებულება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ ახალ-ახალი, განსხვავებული დამოკიდებულებები პრობლემის გადასაჭრელად.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016;
  2. ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში; ავტორები: სოფიკო ლობჟანიძე, მაია ფირჩხაძე, მანანა რატიანი, ნინო ლომიძე, ნინო ჭიაბრიშვილი, რუსუდან თედორაძე, მაია ჯალიაშვილი;
  3. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. მეორე ნაწილი.

 

 

 

ნინო დათუკიშვილი

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი.

 

 

კომენტარები

comments