ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საფარ – ბეგი და ,, თავადური არაცნობიერი“

მტკიცედ რომ არ მჯეროდეს, ლიტერატურა ის ჯადოსნური სამყაროა, რომელიც არასოდეს ცვდება, არ გავხდებოდი ფილოლოგი და ქართულის მასწავლებლობაც მალე მომბეზრდებოდა. რა თქმა უნდა, არსებობს ,, გაცვეთილი თემებიც“ ლიტერატურაში, მაგრამ ეს მხოლოდ პირობითად.

***

მჯერა,რომ აკაკი წერეთელი ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქართველია და იშვიათად იბადება ისეთი ბედნიერი პოეტი, რომელსაც ხალხის მსგავსი სიყვარული ერგო წილად სიცოცხლეშივე, როგორიც აკაკის. მის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებებად ისევ ,,სულიკო“ და ,,გამზრდელი“ რჩება, ხოლო მისი ყველაზე ცნობილი, ხალხისთვის საყვარელი და უკვდავი ფრაზაა: „მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა“. სწორედ ამ ფრაზასა და საფარ – ბეგის ფენომენზე მინდა ვისაუბრო ამ წერილში.

ეს ყველასთვის გასაგები და მისაღები აფორიზმი მე ცოტა ჩემებურად მესმის და როგორც მესმის, ისე ვუზიარებ ხოლმე ბავშვებს.

ოღონდ ცოტა შორიდან დავიწყებ.

ლიტერატურის შესწავლისას პარალელების დაძებნა, სხვადასხვა ნაწარმოებების შედარება და კრიტიკული ანალიზი რომ უმნიშვნელოვანესია, ეს ყველა ლიტერატურის მოყვარულისთვის უდავოა.

ამ შემთხვევაშიც ვთვლი, რომ ძიძიშვილობის ფენომენს ვერ გაიგებენ ბავშვები საკმარისად, თუ  ლეო ქიაჩელის ,,ჰაკი აძბა“ არ ექნებათ წაკითხული. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ  ეს ნაწარმოები პროგრამულად მე-12 კლასში ისწავლება, მე მაინც მე-11-ში ვაკითხებ, ,, გამზრდელის“ პარალელურად, შაბათ-კვირას რიგით საკითხავად ვაძლევ ხოლმე.

ძიძიშვილობის ტრადიციაზე მიღებული წინარე ცოდნა მოსწავლისთვის მხოლოდ ,,ჩემი თავგადასავლითა“ და ,,აფხაზური კანტანტით“ შემოიფარგლება და ეს მწირი ცოდნა  ნამდვილად არ ჰყოფნის, ჩაწვდეს ბათუს უცნაურ დიდსულოვნებას:

– “არა! შენ ვერ შეგეხება

სასიკვდილოდ ჩემი ტყვია:

დედაჩემის გაზრდილი ხარ,

მისი ძუძუ გიწოვია

რაც ქვეყანას მიაჩნია

რჯულზე უფრო უმტკიცესად,

რომ გასტეხე, ის გეყოფა

სიკვდილამდე შენ საკვნესად.“ – მოსწავლე ვერ ხვდება, რა არის ის,რაც რჯულზე უმტკიცესია. უამრავი კითხვა უჩნდება და ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ბევრად გაუადვილებს ჰაკის სიტყვები, თავის ძიძიშვილის,უჯუშს, რომ ეუბნება: ,, მე არ შემიძლია შენი თავი სიკვდილს დავუთმო, უჯუშ, სანამ ცოცხალი ვარ. შენმა გამზრდელმა მამაჩემმა მიანდერძა, როცა კვდებოდა: უჯუში შენი მზე არის, ეს იცოდეო. სიცოცხლე იმისათვის მომიცია, რომ იგი უჯუშს შესწირო, როცა ამის საჭიროება დადგებაო. დედაჩემმაც გაიგონა ეს სიტყვები და შენი ძიძა დღესაც ცოცხალია.“- ასე არ ეუბნებიან საკუთარ ძმაზეც კი, ასეთ რამეს მხოლოდ ძიძიშვილზე ეუბნებიან და როცა ბავშვებმა უკვე იციან ჰაკისა და უჯუშის ისტორია, მაშინ ბევრად უკეთ აანალიზებენ ბათუს საქციელს. ხვდებიან,რომ საფარი უბრალოდ მეგობარი არ არის, ის ძიძიშვილია და მასთან ყველაფერი სხვაგვარადაა. ყველაფერი ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერ ძმობასა თუ მეგობრობაში.

,,ჰაკი აძბას“ წაკითხვის გარეშე, ვერც საფარის სულმდაბალ საქციელს გაიგებენ მოზარდები. ან როგორი გასაგებია, იძალადო უახლოესი ადამიანის მეუღლეზე, მერე კერაზე წამოწვე და დაელოდო, როდის მოგიყვანს ეს ადამიანი თავმოყვარეობის, პატიოსნების დათმობისა და სიცოცხლის ფასად მოპოვებულ ბედაურს? ერთი მხრივ, რატომ თვლის ბათუ, რომ თავი უნდა გაწიროს ძიძიშვილისთვის და მეორე მხრივ, რატომ არ თვლის საჭიროდ საფარ – ბეგი, ალაგმოს თავისი ცხოველური ჟინი, ან რატომ იღებს, როგორც დამსახურებულს, ბათუს თავგანწირვასა და დიდსულოვნებას?

საფარ – ბეგის ფენომენსა და ზემოთ უკვე ნახსენებ აფორიზმზე – „მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა“ –  ერთდროულად უნდა ვილაპარაკო.

ავხსნათ, რას ნიშნავს სიტყვა „ ბუნება“. ამაზე მარტივი პასუხი აქვთ ხოლმე – გენეტიკა. რადგან ადამიანის პიროვნებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: გენეტიკა და გარემო, რომელშიც შედის ოჯახი, სკოლა, ქუჩა, მეგობრები, ახლობლები, თანამოაზრეები და ა.შ. გარემო ძალიან კარგი ჰქონდა საფარ-ბეგს: სავარაუდოდ, 7 წლამდე ბათუს ოჯახში იზრდებოდა. ოჯახი რომელმაც ასეთი ღირსეული და დიდსულოვანი კაცი აღზარდა, არც მობარებულ შვილს დააკლებდა ხელს; მერე ჰაჯი – უსუბი მიუჩინეს მასწავლებლად და რამდენად ღირსეული აღმზრდელი იყო, დაამტკიცა თავისი რადიკალური საქციელით და აკაკიმაც სწორედ მას მიუძღვნა ეს პოემა. ოჯახიშვილობითაც დასაკვეხნად აქვს საქმე საფარს, რადგან უსუბზე წერს ავტორი: „ სადაც კია გვარიშვილი, ყველა მისი გაზრდილიაო“ ანუ საფარიც კარგი გვარის შვილი ყოფილა, მაღალი წრის წარმომადგენელი. ამ ყველაფერს ემატება თვითონ პერსონაჟთა შეფასებაც. ამოვკრიფოთ ნაწარმოებიდან ის ფრაზები,რომლებიც საფარის პიროვნებას  ახასიათებს. თავად საფარი საკუთარ თავზე ამბობს: ,, დღემდის მტკიცე პირიანსა, დღეს მიტყდება, ძმაო, პირი!

როცა ალმასხიტისა და ზია-ხანუმის ამბავს ჰყვება, თან ჩაურთავს:

,, ვაჟკაცია თვალტანადი,

ცხენოსანი უებარი!…

მეტოქეა ჩემი მხოლოდ,

ერთადერთი საშიშარი...“

ზია – ხანუმიც ასე ფიქრობდა, იმიტომაც დაავალა მაინცდამაინც ინალიფას ლაფშა მოეპარა.

საფარ – ბეგი მერე აგრძელებს:

,, … სხვა გზა არ მაქვს: მოპარვაა

მხოლოდ ერთადერთი ღონე,

თუმცკი სხვა დროს არ იკადრებს

ამას კაცი თავმომწონე.

ძალიან საინტერესოა ბათუს დახასიათება:

,, … არ ხარ ქვეყნის

უცადი და უმეცარი, –

სავაჟკაცოდ გამოსული,

უდრეკი და უშიშარი!“

ამ ამონარიდების მიხედვით შეგვიძლია საფარ – ბეგი დავახასიათოთ როგორც თავმოყვარე, მამაცი, ქვეყნის ავ-კარგის მცოდნე ადამიანი, რომელსაც ისე კარგად  ესმის ,,სამამაცონი ზნენია“, რომ  სამაგალითოა და იშვიათად მოეპოვება ბადალი.

ერთი ფრაზაც კი არ არის, რომელიც უარყოფითად დაახასიათებს საფარს იმ უღირსი საქციელის ჩადენამდე. ან რაიმე მინიშნება მის ცუდ წარმომავლობასა და გენეტიკაზე.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს,  საფარს დაცემის შემდეგაც შეუძლია გარკვეულწილად ღირსეულად მოიქცეს. ამაზე მიუთითებს ის, რომ  მან პირნათლად შეასრულა ბათუს დავალება, თუმცა ასეთი უღირსი საქციელის შემდეგ სრულიად საწინააღმდეგოს ელოდება მისგან მკითხველი.

ზემოთ რაც ვილაპარაკეთ, ყველაფერი დადებითია. ახლა ის ავხსნათ, ასეთი რა იყო ეს ,,ბუნება“, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ღირსება არარაობად იქცა.

საფარს შემთხვევით არ შეუვლია ბათუსთან, საგანგებოდ მივიდა და მიუხედავდა იმისა,რომ პირდაპირ არ უთხოვია ძიძიშვილისთვის, ძალიან მშვიდად ხვდება ბათუს წინადადებას, რომ ის წავა მის მაგიერ ამ ძალიან „ უკადრის“  და სახიფათო საქმეზე. ეს რომ ნამდვილად სიკვდილ – სიცოცხლის საქმეა, ამ სიტყვებიდან ჩანს: „ ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს შევწირავ შენს მეგობრობას!. აქ ისევ, ქიაჩელის მოთხრობა დაგვეხმარება, გავიგოთ ბათუს უანგარო თავდადება. ზემოთ ამ მოთხრობიდან უკვე მოყვანილ ციტატას ჰაკის ბიძის, კაც აძბას,  სიტყვებიც დავუმატოთ, უჯუშს რომ ეუბნება: ჩვენი გაზრდილი ხარ, უჯუშ, ვალდებული ვართ, შენს მაგიერ ჩვენ მოვკვდეთ ყველა… ამ სიტყვებით,მგონი, ყველაფერი ნათელი ხდება.

ყოველგვარი შეწინააღმდეგების გარეშე, უდრტვინველად იღებს ამ თავგანწირვას საფარი,თითქოს მოვალეა   ბათუ და იმასაც კი არ სთავაზობს, რომ თან გაჰყვეს ( როგორც წესი,პირველად სწორედ ამ საქციელს აპროტესტებენ ბავშვები). აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ თავადების სიტყვები ,,ჰაკი აძბადან“, როცა უჯუში ცდილობს, აღიაროს თავისი დანაშაული,რომელსაც მისი ძიძიშვილი, ჰაკი, იბრალებს. თავადები შებოჭავენ უჯუშს, სიმართლე რომ არ თქვას. ერთ – ერთი ეუბნება: ,, – ძიძისშვილი რომ არის, თავიც უნდა გასწიროს შენთვის. კარგად იქცევა, იცოდე, სიტყვა არ დასძრა.“ ძალიან კარგად ჩანს თავადების პოზიცია ასე ძვირფას მორდუობაში. თან ეს არ არის რომელიმე რიგითი თავადის შეხედულება, ეს ზოგადი ტენდენციაა,რომ გლეხმა თავი უნდა გაწიროს თავადისთვის,უბრალოდ, ამ შემთხვევაში უჯუშია გამონაკლისი.

ყველაზე ამაზრზენი და უღირსი საქციელი მაინც ისაა: ასეთი ბოროტების ჩამდენი საფარ – ბეგი მშვიდად წამოწვება კერასთან და ელოდება, როდის მოუყვანს ბათუ ცხენს. საფარის ზნეობრივი სიმდაბლე ყველაზე მეტად მაშინ ჩანს, ბათუ რომ გააღვიძებს და შეშინებული წამოხტება. თუმცა არაადამიანური ძალისხმევით გაღიმებულ ბათუს დაინახავს და მაშინვე გახარებული გაიფიქრებს:

,, არ უთქვამს ქალს, რაც შევცოდე,

ჩანს, ნამუსი შეუნახავს.

ჩემ საქციელს, სამარცხვინოს,

ვინ გაიგებს, ვინ დამძრახავს?” – ყველაზე ზნედაცემული კაცის ფიქრია ეს სიტყვები. რა აკეთებინებს, რა აფიქრებინებს ამ ყველაფერს საფარს,რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საცა სამართალია, ღირსეული კაცი უნდა ყოფილიყო?

აქ აუცილებლად უნდა ვახსენო ბატონყმური ურთიერთობის მორიგი სამარცხვინო ფურცელი ისტორიიდან, როცა ბატონების მხრიდან სექსუალური ძალადობა ლამის ჩვეულებრივი ამბავი იყო და ყმების დაქორწინებისას პირველი ღამის უფლებასაც არაიშვიათად თვითონ იტოვებდნენ ხოლმე. ილია ჭავჭავაძის ,, გლახის ნაამბობიც“ უნდა გავიხსენოთ, სადაც აღწერილია, ,,მოსიყვარულე“, ერთად გაზრდილი ბატონისა და ყმის ურთიერთობა, მაგრამ როცა ქალზე მიდგება საქმე, დავითი (ბატონი) მაშინვე ივიწყებს ყველაფერს ღირებულს, რაც გაბოსთან (ყმასთან) აკავშირებს და როცა მოსამსახურე ეუბნება, რომ ის ქალი, რომლის მოყვანასაც თხოვს, გაბრიელის შეყვარებულია, ოდნავ შეფიქრიანებული ეუბნება: ,, მეწყინა, ეგ რომ მითხარი, მაგრამ არა უშავს – რა. შენ, რაც გითხარი, ისა ჰქენი, მე და გაბრო მოვრიგდებით“. ილია იმაზეც მიანიშნებს ,,ოთარაანთ ქვრივში“, როცა არჩილი და კესო გიორგის ტრაგედიას აანალიზებენ, რომ ბატონყმობა კი გადავარდა,მაგრამ მენტალიტეტი იგივე დარჩა.

საფარიც ბეგია, მბრძანებელი, ბატონი და საფიქრებელია,რომ მემკვიდრეობით, გენეტიკურად მიღებულმა სწორედ ამ თავადურმა მენტალიტეტმა, თავადურმა ავხორცობამ ჩაადენინა საფარს ის სულმდაბლური საქციელი და ასევე გენეტიკურად თავადურმა უზრუნველობამ და საკუთრების განცდამ წამოაწვინა სინდისაუმღვრევლად ბათუს მოლოდინში კერასთან. ასეთი აზროვნებისთვის ბევრს სულაც არ ნიშნავს, რომ ბათუ მისი ყმა კი არა,ძიძიშვილია.

მაინცდამაინც ვერ დავაბრალებთ საფარს, რომ ამ ყველაფერს გააზრებულად  და შეგნებულად აკეთებს, როგორც თავადი. მაგრამ, ალბათ, უპრიანი იქნება, შვეიცარიელი ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის, კარგ გუსტავ იუნგის, საინტერსო ცნებას თუ მოვიშველიებთ – კოლექტიური არაცნობიერი. ეს არის ,, შეხედულებათა და ტიპურ რეაქციათა სისტემას, რომლებიც შეუმჩნევლად განსაზღვრავენ ადამიანის ცხოვრებას. თანდაყოლილი პროგრამებისა და უნივერსალური ნიმუშების გავლენის ქვეშ ექცევა არა მხოლოდ ელემენტარული ქცევითი რეაქციები, არამედ ასევე აღქმა, აზროვნება და წარმოსახვა.“( წყარო https://www.culturedialogue.com/resources/library/terms/arqetipi.shtml ) გავკადნიერდები და შემოვიტან ახალ ტერმინს ,, თავადური არაცნობიერი“, რომელიც იმავეს გულისხმობს, ოღონდ მხოლოდ პრივილეგირებული ფენისთვის ტიპურს. ანუ საფარ – ბეგი ამ ყველაფერს გაცნობიერებულად კი არ ჩადის,საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული და საფარისთვის უკვე თანდაყოლილი სწორედ ის ,, თავადური არაცნობიერი“ კარნახობს იმას,რომ მიიღოს ყველაფერი,რასაც მოისურვებს და მიიღოს ისე, თითქოს ეკუთვნოდეს.

ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ეს თავადური მენტალიტეტია ამ შემთხვევაში ის ,,ბუნება“, გენეტიკურად რომ მიიღო საფარმა და წვრთნა რომ ასე გააუფასურა.

არის ზოგჯერ საკითხები,რომლებზეც ლაპარაკი ბევრად უფრო მარტივია და ნაწერში მოქცევა რთულდება. ეს სწორედ ის შემთხვევაა. ვეცადე კი.

მაგრამ ამ ყველაფრის ახსნა ბევრად უფრო ადვილია,როცა ბავშვებს უშუალოდ ვესაუბრები და ძალიან ადვილად იგებენ პარალელების დახმარებით შეფარული ,, თავადური მენტალიტეტის“ ამბავსაც, ,,თავადური არაცნობიერის“ ცნების შემოტანასაც არ მითვლიან კადნიერებად, იუნგიც და მარტივად ახსნილი მისი კოლექტიურ არაცნობიერიც აინტერესებთ. სიტყვაზე მენდეთ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი