სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

პატერსონების ცხოვრების წესი

როდესაც ცხოვრებამ ლიმონის ნახევარი მომცა, ანუ სანახევროდ უმუშევარი დავრჩი, თუმცაღა თეორიულად აკი ვიცოდი, რომ ლიმონათის კეთება უნდა დამეწყო, მაგრამ, ჩემს დღეში ჩავარდნილი სხვა ადამიანების მსგავსად, მეც იმაზე მოვყევი ფიქრს, თუ რა მჟავე ქმნილებაა ლიმონი. ამასობაში კი ბედისწერა მინიშნებას მინიშნებაზე მიგზავნიდა – უფრო ფიცხთა წერილები სიტყვებით მსეტყვავდნენ: ,,დროზე უნდა ნახო ,,პატერსონი”… ძალიან მოგეწონება… აი, ინტერნეტში დადეს… უი, ჯერ არ დაუდევთ… კინოთეატრში გადის, მაგრამ აუცილებლად ინგლისურად უნდა ნახო… ყველაფერს აჯობებს, თუ ,,ტორენტებიდან” გადმოიწერ (მაინც რაა ეს ტორენტები? მის შესახებ, სავარაუდოდ, მხოლოდ ოცდაათ წლამდე ადამიანებმა იციან)…” უფრო მშვიდები და აუღელვებლებიც კი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ, მათი მოწერილი ასოები ეკრანზე  გრაციოზულად ებწკარებოდნენ და დინჯი ხმებით მიბეჯითებდნენ: ,,ანი, ეს შენ აუცილებლად უნდა ნახო!” ჩემ გარშემო ყველამ იცოდა, რომ მე პატერსონი ვიყავი, დრო იყო, მეც თვალი გამესწორებინა საკუთარი თავისთვის. ჰოდა, ჩავრთე და ეკრანზე ლიმონათის რეცეპტი დამხვდა…

***

დიდი ოთახი მეცნიერებით იყო სავსე, სამ-ოთხკაციან ჯგუფებად დაყოფილიყვნენ და საუბრობდნენ. ერთ-ერთ ჯგუფს მივეტუზე და ალბათ, კეფაზეც მეტყობოდა, როგორი გაფაციცებით ვუსმენდი ჩემ უკან მდგომ, საოცრად უშნო და ჭკვიან ბელგიელ გოგოს, რომელიც ამერიკელ სწავლულს, ღმერთმა იცის, გულისნადებსა თუ გონების ნააზრევს უზიარებდა: ,,სიყვარული ისაა, როდესაც ვინმესთან ან რამესთან ურთიერთობისას ხვდები, რომ სახლი იპოვე”. ეს იყო სიყვარულის ყველაზე ზუსტი შეფასება, რომელიც კი ოდესმე გამიგონია ანდა წამიკითხავს…

***

როდესაც ,,პატერსონს” ვუყურებდი, ვგრძნობდი, რომ ,,შინ” ვიყავი, ჩემს ჩვეულ, ნაცნობ გარემოში, მაგრამ არა იმ ბანალური მიზეზის გამო, რომ პერსონაჟთან ვაიგივებდი თავს, არამედ იმიტომაც, რომ ეკრანზე საოცრად ნაცნობ, დიდი ხნის ნაცნობ პოეზიას ვუცქერდი. ეს არ იყო რონ პეჯეტის რთულად მარტივი ლექსები ასანთის კოლოფსა და გოგრაზე, ეს (ბოდიში, პეჯეტ!) ბევრად უკეთესი პოეზია იყო: ძენ-ბუდიზმის ფილოსოფია – როდესაც გარემომცველი სამყაროს ფონადქცეული ხმაური ვერ აღწევს   იმ პერსონაჟის გარსში, რომელიც არა ქალაქში, არამედ საკუთარ თავში ცხოვრობს; მინიმალისტურ ფორმაში ჩატეული უსასრულო ქვეყნიერება; ადამიანი, რომელსაც მკაცრად შემოსაზღვრული რუტინული სამოძრაო სივრცე აქვს, მაგრამ ეს სივრცე საკმარისზე მეტიც კია ახალ-ახალი აღმოჩენებისთვის; ყოველდღიურობის არაზუსტრითმებიანი ლექსთწყობა, ტყუპების რეფრენი… თავისტეხა დიდხანს არ მომიხდა, ჯარმუშმა კარტები მალევე გახსნა: ,,ეი, თქვენ გიყვართ ემილი დიკინსონი?” ,,დიახ, ემილი დიკინსონი ძალიან მიყვარს.”

ჰმ, ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ემილი დიკინსონი უყვარს, – იმ ჩემი ნაცნობებივით უკვირს ფილმის პერსონაჟ პოეტ გოგონას, რომლებიც მთელ ქვეყანას მოსდებენ ხოლმე, ტაქსიში ჩავჯექი და მძღოლი ჯაზს უსმენდაო (თითქოს ისეთ ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც ყველა ადამიანს თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების მიხედვით შეუძლია სამსახურის შოვნა).

დიახ, რასაკვირველია, ამ ფილმის გამო მადლობა უილიამ კარლოს უილიამსს, ემილი დიკინსონს და იმ უსაზღვრო შესაძლებლობების ადამიანებს, რომლებიც პოეზიას აქცევენ კინოდ, ვიზუალურ ხელოვნებას – მუსიკად, მუსიკას – პოეზიად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასეთი მშვენიერია ეს ცხოვრება…

***

,,პატერსონი” ინტროვერტი ადამიანების ცხოვრების წესის ერთგვარი რეაბილიტაციაა და ჩემი აზრით, იგი აუცილებლად სანახავი ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა კითხვაზე, მოვაწყობდი თუ არა ოდესმე ,,პატერსონის” ჩვენებას კლასში, ვუპასუხებდი, რომ, სამწუხაროდ, ალბათ, არა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სკოლებში მეგულება არაერთი მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია ქართული ლიტერატურის რომელიმე პრობლემური საკითხის სიღრმისეული ახსნისათვის საზღვარგარეთული ფილმი მოიშველიოს, მაინც მგონია, რომ ამ ფილმებს შორის ,,პატერსონი” არასოდეს იქნება და ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ზედაპირული, ხოლო მეორე კი – უფრო სიღრმისეული.

პირველი ისაა, რომ მიუხედავად ამხელა გამოხმაურებისა, ჯიმ ჯარმუშის ეს შედევრი მაინც იმ ტიპის ხელოვნებას ეკუთვნის, როგორიც თავად ფილმის ლირიკული გმირის ლექსებია – მარტო საყურებელს, მარტო განსაცდელს და მხოლოდ აღმქმელთა კონკრეტული ტიპისთვის მისაღებს. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ აუდიტორიაში (როგორიცაა თითქმის ნებისმიერი კლასი) ,,პატერსონმა” წარმატებით შეიძლება ჩაანაცვლოს ძილის წამალი.

და მეორე და უმთავრესი – ქართული სასკოლო ლიტერატურის გმირი (ალბათ, ვაჟას ,,გველისმჭამელის” გარდა) ჭვრეტის კი არა, მოქმედების ადამიანია, რომელიც იბრძვის, ქმნის, შრომობს, ძველს ანგრევს, ახალს აშენებს, გარეთ გამოდის და ხალხს მაგალითს აძლევს, მოკლედ, ,,მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი.” სკოლა, როგორც წესი, ცდილობს და საუკეთესო შემთხვევაში, ახერხებს, წარმოშვას სოციალური ადამიანი (ესაა სკოლის, როგორც ინსტიტუციის, არსებობის ძირითად პრინციპი, თორემ ადამიანთა დიდი ნაწილი ინდივიდუალურად უკეთ იღებს განათლებას, ვიდრე 40-კაციან ჯგუფში): ლიდერი, კონკურენტუნარიანი და თვითრეალიზებული, შეჯიბრში ჩაბმული და გამარჯვებული, წარმატებული – ამ სიტყვის მთელი ორაზროვანი ბრწყინვალებით. მაგრამ არსებობენ საწინააღმდეგო პოლუსებიც – სრულფასოვანი და თვითკმარი ადამიანები, რომლებიც საზოგადოების თვალებიდან არ აირეკლავენ განცდას საკუთარი ბედნიერების შესახებ, რომლებიც ყოვედღე დადიან 23 ნომერი ავტობუსის მარშრუტის წრეზე, არ იბრძვიან მომავლისთვის და ამ ბრძოლაში არ კარგავენ აწმყოსთან ჰარმონიულად თანაარსებობის შანსს. ასეთ ადამიანებსა და მათ წვრილმანებში ნაპოვნ ბედნიერებებზე ბევრს წერდა რეზო ინანიშვილი, თუმცა ქართული სასკოლო პროგრამა მათზე ბევრს არაფერს გვეუბნება. გმირი, რომელიც არა მოქმედების, არამედ ჭვრეტის სიხარულს განიცდის და მეტის აღარაფრისაკენ მიისწრაფვის, ჩვენში გმირად არ ჩაითვლება, მაშასადამე, არც არავინ მიბაძავს მას.

***

,,პატერსონის” ყურების მეორე დღესვე მივყავი ხელი ცხოვრების ნაჩუქარი ლიმონისაგან ლიმონათის დამზადებას.

დილით ძალიან ადრე ავდექი და ფეხით გავისეირნე;

გარეთ აპრილი იყო და სვეტიცხოვლის ეზოდან მოჩანდა ძალიან მაღალი მთები და ლურჯი ცა; მტკვრის ნაპირთან ყაყაჩოებს შორის ყვითელი მინდვრის ყვავილები იზრდებოდა, ჩემი ძვირფასი მეგობრის ეზოში კი იასამნები ყვაოდა.

თურმე დიდხანს სადმე ჩამოჯდომა და ფიქრში დროის დაკარგვა დანაშაული არაა არც ოჯახისა და არც პროფესიის წინაშე;

რადგან, როცა წამოდგები და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ნელი ნაბიჯით დაუყვები ქუჩას, შენ გასწვრივ ეკრანზე აუცილებლად დაებწკარება ლექსის სტრიქონები, რომელთაც უკვე დიდი ხანია ეძებდი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი