ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დოკუმენტები როგორც ისტორიის შემეცნების საშუალება

შემეცნებითი პროცესის დროს ადამიანი აღიქვამს რეალურ სინამდვილეს, უშუალოდ განიცდის საგანს ან მის ცალკეულ თვისებებს, აღქმის ხარისხი კი არ არის დამოკიდებული კონკრეტულ პროფესიასა და საგნობრივ ცოდნაზე. სინამდვილის რეალისტური აღქმა საშულებას აძლევს ადამიანს, იმოქმედოს დამოუკიდებლად, იტვირთოს პასუხისმგებლობა, შეძლოს სიტუაციასთან ადაპტირება და ვერბალური თუ არავერბალური საშუალებებით სოციალური ქცევის ჩამოყალიბება. შემეცნების ამ კომუნიკაციურ ჯაჭვში გადამწყვეტ როლს ასრულებს დოკუმენტების კოდირებისა და დეკოდირების პროცესი, რადგან დოკუმენტები (ისტორიული წყაროები, მატერიალური კულტურა), რომლებიც უშუალოდ ასახავს ისტორიულ პროცესს და წარსულ მოვლენებს, სინამდვილის რეპრეზენტაციის შესაძლებლობას იძლევა. დოკუმენტის გამოყენება აცოცხლებს თხრობას, აწესრიგებს და აყალიბებს წარმოდგენას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, ასახავს გარდასული ეპოქის სულს, გაცილებით სანდოს ხდის კომუნიკაციას წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის და თვით ამ კომუნიკაციის შედეგებსაც და დასკვნებსაც.

დოკუმენტური კომუნიკაციის (დოკუმენტების კვლევის, შესწავლის, კონტექსტის დადგენის, გაგების, გააზრების და ა.შ.) გარეშე ცოდნის მიღება არ ხდება. უფრო მეტიც – დოკუმენტური ტექსტების შემეცნების გზით იზრდება და ივსება თვით ცოდნის ბაზაც, რაც ადეკვატურ გავლენას ახდენს სამყაროზე, მის სოციალურ-პოლიტიკურ განვითარებაზე და ცვლის მას მიღებული გამოცდილების შესაბამისად, ამიტომ დოკუმენტების სწორად წაკითხვა შემეცნების რეალური საშუალება და ცივილიზაციის მკაფიო გააზრების გზაა. ამიტომ ენიჭება თანამედროვე ინფორმაციული საზოგადოების განვითარებაში უმთავრესი როლი მართვის დოკუმენტურ სისტემებს (knowledge management–ს ანუ ცოდნის მართვას), სადაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მიწოდებული ინფორმაციის ხარისხს ანუ მის დოკუმენტურობას. ამიტომ არის, რომ დოკუმენტოლოგია, იგივე დოკუმენტმცოდნეობა, დასავლეთის ქვეყნებში ცალკე სასწავლო დისციპლინად ყალიბდება.

თანამედროვე ისტორიის გაკვეთილი დოკუმენტების, ისტორიული წყაროების გარეშე წარმოადუგენელია. ეფექტურობა გაცილებით იზრდება, როდესაც წყაროებსა და დოკუმენტებზე მუშაობის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და დიდაქტიკური ამოცანა. გაგაცნობთ ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას კუთხით.

ისტორიულ მასალასთან ეფექტური კომუნიკაციისა და ისტორიის სწორი შემეცნებისთვის გაკვეთილებზე აქტიურად ვიყენებ ინფორმაციის ტრანსფორმაციის საშუალებებს, რუკებს, სქემებს, ილუსტრაციებს, მემუარებს და სხვა საისტორიო წყაროებს, ასევე მატერიალური კულტურის ელემენტებს (განსაკუთრებით – გაკვეთილ-მუზეუმის დროს), რადგან ამ დროს მასალის ფერი, ზომა, წონა, ფორმა, მასალა და ა.შ., ყველაფერი, რასაც ნივითერ მასალასთან კომუნიკაციით შეიგრძნობს მოსწავლე, ძალიან მნიშვნელოვანია შემეცნებისთვის. ამ გზით, მოსწავლეთა შემოქმედებითი და კვლევითი საქმიანობის გააქტიურებით, ვაღწევ მოსწავლეთა შორის შემეცნებითი პროცესების გააქიტურებას.

 

დოკუმენტებთან მუშაობისას მოსწავლე:

  • არჩევს აუცილებელ მასალას სასწავლო ამოცანის დამოუკიდებლად გადაწყვეტისთვის;
  • ადარებს ისტორიულ დოკუმენტებს სხვა ისტორიულ წყაროებს, რომლებიც ასახავს ხედვის სხვადასხვა კუთხეს ერთი და იმავე საკითხის შესახებ;
  • გამოიტანს რამდენიმე დოკუმენტიდან საჭირო ინფორმაციას, განაზოგადებს და გააანალიზებს მას;
  • ახდენს იმ ინფორმაციის თავისუფალ ინტერპრეტაციას, რომელიც სხვადასხვა დოკუმენტის ანალიზის გზით შეიძინა.

კონკრეტული ნაბიჯების მიხედვით სტატიკური (დეკლარაციული) ცოდნის დონეზე მოსწავლეებს ვთავაზობთ: ამოიწერონ ძირითადი ცნებები, განსაზღვრებები, წყაროს შედეგები, უპასუხონ დასმულ კითხვებს, რომლებიც მოითხოვს ტექსტიდან შესაფერისი ნაწყვეტების მოყვანას/მოყოლას, ცხრილის შევსებას, სქემის შედგენას, მარტივი გეგმის შედგენას და ა.შ.

პროცედურული (დინამიკური) ცოდნის დონეზე დავალება მოიცავს მოსწავლის მიერ დოკუმენტიდან მიღებული ინფორმაციის სინთეზს სხვა საინფორმაციო მასალასთან, ფაქტების დალაგებას და მიღებული ცოდნის გადმოცემას, შედეგების დეკლარირებას; ტექსტური ცხრილების, სქემების, მცირე ზომის მოხსენებების გაკეთებას.

პირობისეული (დინამიკური, ფუნქციური) ცოდნის დონეზე მოსწავლე ასრულებს შემოქმედებითი ხასიათის დავალებებს, რომლებიც მოითხოვს სხვადასხვა სააზროვნო უნარს, შედარებას, ანალიზს, კრიტიკას, არგუმენტირებას, დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრას, კვლევითი უნარების გამოვლენას და მოვლენათა შეფასებას.

ამის შემდეგ მოსწავლის მიერ ჩამოყალიბებული კითხვები: რატომ? რისთვის? რა მიზნით? ვინ გააკეთა? სად იპოვეს? როგორ ცხოვრობდნენ? რაში იყენებდნენ? რა ედო საფუძვლად? რაზე მიუთითებს? როგორი იყო საზოგადოების დამოკიდებულება მის (მათ) მიმართ? რამდენად ფართოდ გამოიყენებოდა? გამოადგათ თუ არა? რა ღირებულება აქვს? რატომ უნდა ვენდოთ? – გაცილებით მრავალფეროვანი და აზრიანია და, რაც მთავარია, გამყარებულია რეალური ცოდნით – თვალით ნანახით, უშუალო შეხების გზით მიღებულით. მოცემულ კითხვებზე პასუხი ანუ ცოდნის ინტერპრეტაცია ხელს უწყობს დოკუმენტის მთლიან გააზრებას და მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით ეპოქის შემეცნებას. შესაბამისად, დოკუმენტებთან აქტიური კომუნიკაციით ხდება სასწავლო ამოცანების გადაწყვეტაც.

მაგრამ აქამდე მისასვლელად საჭიროა, მოსწავლეს დავანახოთ დოკუმენტების ბუნების „ღიაობა“ – ვასწავლოთ დოკუმენტური მასალის მრავალფეროვნების აღმოჩენა და „წაკითხვა“, რაც მას საშუალებას მისცემს, შეაფასოს მოვლენები, გაიგოს მათი ნამდვილი ბუნება და სწორად შეიმეცნოს მომხდარი თუ მიმდინარე ამბები.

მაგალითად, როდესაც მოსწავლეებს ვესაუბრებით საფრანგეთში აბსოლუტური ხელისუფლების ჩამოყალიბებაზე და შემდეგ ფრანგული საზოგადოების კრიზისზე, ჩვენ მათ წარვუდგენთ მასალებს ლუი XIII-ის პიროვნებისა და მისი ეპოქის მოღვაწეების დასახასიათებლად, ანუ ვურიგებთ ტექსტებს, მერე კი ვთხოვთ გვითხრან, რამ დააინტერესათ, რამ ააღელვათ ყველაზე მეტად.

მოსწავლეთა ერთი ნაწილი აუცილებლად მიუთითებს, რომ XVI საუკუნე საფრანგეთისთვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო – დაემხო მარია მედიჩის ხელისუფლება, ის ქვეყნიდანაც გააძევეს და, მიუხედავად რიშელიეს მცდელობისა, საბოლოოდ საფრანგეთისგან შორს დარჩა.

მეორე ნაწილს აინტერესებს, რატომ დაუჭირა მხარი ლუი XIII-მ რიშელიეს, რომელმაც ბოლომდე ვერ შეძლო მისი დედის – მარია მედიჩის – დაცვა. მოსწავლეთა ნაწილის ვარაუდით, ლუი XIII-ის ასეთი ნდობა რიშელიეს მიმართ გაუმართლებელი იყო; ის, მედროვე და ამბიციური პიროვნება, ბოლომდე არ დაუდგა გვერდით მარია მედიჩის. ამის გამო თემის დეტალურად გავლის დროს (ისტ. XI; აბსოლუტიზმი საფრანგეთში):

  • მოსწავლეთა ნაწილმა ლუი XIII-ის ეპოქა დაასათაურა შემდეგნაირად: „რიშელიეს მმართველობის ეპოქა – ღალატის ეპოქა“;
  • ნაწილმა გაიხსენა, რომ იმ დროს ღალატობდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ იდეებსაც, მაგ., ჰუმანიზმის იდეას, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა მეორე ვერსია – „რიშელიეს ეპოქა – იდეების ღალატის ეპოქა“;
  • მოსწავლეთა სხვა ჯგუფმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა დაჯგუფების არსებობას სამეფო ტახტის ირგვლივ, რის საფუძველზეც ჩამოაყალიბეს კიდევ ერთი ფორმულირება: „ლუი XIII-ის მმართველობის ხანა – პოლიტიკური შეთქმულებების პერიოდი“;
  • მეოთხე ჯგუფმა გაითვალისწინა მოსალოდნელი „პერსპექტივები“ და ასე ჩამოაყალიბა სამუშაო ვერსია: „ლუი XIII-ის მმართველობა – თვითმპყრობელობის კრიზისის დასაწყისი“.

შინ მოსწავლეებს დაევალებათ იმის განსაზღვრა, რის საფუძველზე შეიძლება აღნიშნული თემის შესწავლა; ამ დროს ყურადღებას გაამახვილებენ არა მარტო დოკუმენტის ღირებულებაზე, არამედ განიხილავენ მას საგანმანათლებლო კუთხითაც – რა მასალას იძლევა დოკუმენტი XVI საუკუნის საფრანგეთის საზოგადოების შესასწავლად.

რაც მთავარია, დოკუმენტების რეალური შინაარსის გახსნამ გაკვეთილზე მისცა მოსწავლეებს გარდასულ მოვლენებზე საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების, მოვლენების ზუსტი აღქმის, დროსა და სივრცეში სწორი ორიენტიაციის და პოლიტიკური პროცესების რეალური ბუნების შემეცნების საშუალება.

დოკუმენტებს როგორც ისტორიის შემეცნების საშუალებას ღირსეული ადგილი უკავია ისტორიის სწავლებაში და ხელს უწყობს მოსწავლეს ოცდამეერთე საუკუნისთვის საჭირო უნარების განვითარებაში, ამიტომ ისინი წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ პრაქტიკულ საქმიანობაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი