ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

რაოდენობრივი და სემიოტიკური კომპეტენციები გეოგრაფიის გაკვეთილზე

მათემატიკა სკოლაში ყველაზე მეტად მიყვარდა. სკოლის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არაერთხელ აღმინიშნავს. ეს სიყვარულიც ბავშვობიდან მოდის. მიმაჩნია, რომ რაოდენობრივი (მათემატიკური) კომპეტენციის განვითარება გეოგრაფიის გაკვეთილზე ერთ-ერთი მნივნელოვანი მიზანია. ის ხელს უწყობს მათემატიკური აზროვნების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანის და გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებას, აყალიბებს მიზანდასახულობას, ეხმარება მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების გამომუშავებასა და ინტელექტუალურ ზრდაში, ინფორმაციის აღქმაში, პრობლემების ანალიზსა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში.

რაოდენობრივი კომპეტენციის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მასალაა მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა – გრაფიკული ილუსტრაცია, რომელიც მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის განაწილებას აჩვენებს.

გთავაზობთ ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემებსა და სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდებს. მათი გამოყენებით შესაძლებელია უამრავი ისეთი დავალების მოფიქრება, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს როგორც მათემატიკური, ისე სემიოტიკურ კომპეტენციებსაც: შობადობის მაჩვენებლის დადგენა (სემიოტიკური კომპეტენცია); შობადობის კოეფიციენტის გამოთვლა (რაოდენობრივი კომპეტენცია); მედიანური ასაკის დადგენა (რაოდენობრივი კომპეტენცია).

ეს პირამიდა აჩვენებს, როგორ არის განაწილებული ევროკავშირის 503–მილიონიანი მოსახლეობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ფორმის მიხედვით ის შეიძლება შეფასდეს როგორც კონსტრუქციული პირამიდა, რომელიც დამახასიათებელია განვითარებული სამყაროსთვის. 15-დან 65 წლამდე ასაკის მოსახლეობის რიცხვი 335 მილიონია, ხოლო მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი 65 წლისაა. 15 წლამდე ასაკისა მხოლოდ 78 მილიონი ბავშვია. მამრობითი სქესის თანაფარდობა ევროკავშირში 0.95–ის ტოლია.


ევროკავშირის ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთაც მსგავსი დიაგრამების მქონე მოსახლეობის პირამიდების შედარებისას შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ქვეყანაში ისინი ერთნაირია, თუმცა ალბანეთისა და თურქეთის პირამიდები გარკვეულწილად განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების პირამიდებისგან, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით ან სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებლის დაბალი დონით და შობადობის მაღალი მაჩვენებლით. მეორე მხრივ, გერმანიაში, ჰოლანდიასა და ანდორაში ხანდაზმული მოსახლეობის წილი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. რაც შეეხება ქალთა თანაფარდობას, ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს ანდორას, ხოლო ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს – ყველაზე დაბალი.

 

დემოგრაფიული სიტუაციის საერთო ტენდენცია კონტინენტის დაბერებაა. ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (27%) იტალიაშია. ევროპელი მოხუცები გვხვდებიან ჩრდილოეთ გერმანიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და საფრანგეთში, ჩრდილოეთ ესპანეთსა და სამხრეთ ინგლისში. შეიძლება ითქვას, რომ ეს რეგიონი მიმზიდველია პენსიონერებისთვის, თუმცა რეალური მიზეზი შობადობის დაბალი მაჩვენებელია. ქვემოთ მოცემული რუკა აჩვენებს მოხუცებულთა წილის რეგიონულ განაწილებას მთელ ევროპაში.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ხანდაზმული მოსახლეობის წილი იზრდება, ბავშვთა რაოდენობის სივრცითი განაწილება გეოგრაფიული არეალების მიხედვით განსხვავებულია.

მოსახლეობის კარტოგრაფიულ ანამორფოზაზე ჩანს, რომ ესპანეთის ჩრდილოეთ პროვინციებში მოსახლეობის 10.8% 15 წლამდე ასაკისაა. ზაარლანდის, შლეზვიგ-ჰოლშტაინის, თიურინგიის (გერმანია), ლიგურიის (იტალია) რეგიონებში მოსახლეობის მხოლოდ 12%-ია ამ ასაკის. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთშია (40%), შემდეგ მოდის ირლანდია (22,4%-ია).

მოცემული დიაგრამები და კარტოგრაფიული ანამორფოზები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ინტერნეტსაიტებზე: https://www.viewsoftheworld.net ; https://www.viewsoftheworld.net/wp-content/uploads/2014/11/EuropePopulationPyramids.jpg

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი