ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მერკური

მაგიდაზე წიგნი მიდევს – ლურჯი ყდა აქვს, ზედ ოქროსფერ კულულებიანი გოგონა ხატია, გოგოს უკან ვიღაც უცნაური არსებები დგანან. წიგნის სახელწოდებაა: „Alice Harikalar Ulkesinde“. დიახ, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. ეს ზღაპარი პირველად ნახატ ფილმად ვნახე, შემდეგ წავიკითხე. მოგვიანებით, კვლავ წავიკითხე, ოღონდ რუსულად, შემდეგ ფრანგულად, სულ ბოლოს ინგლისურად და აგერ ახლა თურქულად ვაპირებ წაკითხვას. ერთგვარი რიტუალივით გამოდის, ამ წიგნის წაკითხვა კარგად მაქვს დაცდილი. ახლაც, როდესაც მეგობარმა წიგნი თურქულ ენაზე საჩუქრად მომიტანა, გამეღიმა და ვიფიქრე, თავად განგებას სურს კვლავ ეს წიგნი წავიკითხო-მეთქი.

ბავშვობაში წიგნის  ერთი პერსონაჟი განსაკუთრებულად მომწონდა. ეს შეშლილი მექუდე გახლდათ. აი, ვერ იყო კარგად, მაგრამ ამავე დროს, სიმპათიას იმსახურებდა. ბოლოს და ბოლოს,  რაღაცას ხითხითებდა და არაფერსაც არ აშავებდა. სხვათა შორის,  შეხუმრებული ფრანგები ერთმანეთს დღესაც ეუბნებიან: „შენ დღეს რა მექუდესავით ხარო“. ეს ნიშნავს, კითხულობენ: ხომ კარგად ხარო?

საფრანგეთში მექუდეები მართლაც იყვნენ, თანაც შეშლილი მექუდეები. მათი პროფესია განსაკუთრებით მეფე მზის – ლუდოვიკო მეთოთხმეტის დროს ყვაოდა. მფლანგველი მეფე იყო, ფულიც ჰქონდა, ჰოდა, მის ამალაში შემავალ დიდგვაროვნებს ერთი და იგივე ქუდი ორჯერ არ უნდა ხურებოდათ. ცუდი გემოვნების ნიშანი გახლდათ და ამალის წევრს არ ეკადრებოდა. ამიტომ, უკვეთავდნენ და უკვეთავდნენ ქუდებს მექუდეებს. ქუდზე რაც უფრო მეტი ბუმბული და ბრჭყვიალ-ბრდღვიალა რამე-რუმეები იქნებოდა, მით უკეთესად ითვლებოდა. ჰოდა, მექუდეებიც საღებავებით თამაშობდნენ. წითელი საღებავი განსაკუთრებულად ლამაზი, მდგრადი და სხვადასხვა სპექტრის მქონე მინერალ სინგურიდან გამოდიოდა. სინგური ჩვენებურად ჰქვია, სხვები „კინოვარის“ სახელით იცნობენ, იაპონელები კი სულაც „წითელ დრაკონს“ ადარებენ. მის შემადგენლობაში ორვალენტიანი ვერცხლისწყლის, იგივე ჰიდრარგირუმის, იგივე მერკურის სულფიდი და წითელი პიგმენტებია.  დიახ, ამ მეტალს „მერკურიც“ ჰქვია და თუ რატომ, ჩემი ადრინდელი სტატიიდან გაიხსენეთ, იქვე მერკურის თვისებებზეც წაიკითხავთ.

არ ეთამაშოთ, ვერაგია…

მექუდეები, საღებავის დასამზადებლად, სწორედ ზემოთ ნახსენები მინერალის წითელ პიგმენტს იყენებდნენ. მექუდეობა შემოსავლიანი იყო. ამიტომ მრავალშვილიანი ხელმოკლე ოჯახები უფროს შვილებს მექუდეებს შეგირდად მიაბარებდნენ ხოლმე და ექვსი-შვიდი წლის ბავშვი ფაქტობრივად ოჯახს ინახავდა.

პროფესიას ერთი ცუდი მხარე ჰქონდა… მექუდეები რბილად, რომ ვთქვათ, ვერ იყვნენ კარგად. უმიზეზოდ ან ტიროდნენ, ან ყვიროდნენ, ან იცინოდნენ… ცუდად ეძინათ, სულ ბარბაც-ბრაცუნით დადიოდნენ. ბოროტი ხმები ამბობდნენ, ჩუმად სვამენო, ესენი კიდევ სიცილით იფხრიწებოდნენ, არაო, კაცო ფხიზლები ვართო. ცუდად გამოიყურებოდნენ, მალე ბერდებოდნენ, ავად ხდებოდნენ და მალევე იხოცებოდნენ. 40 წელი მათი სასიცოცხლო ასაკის მაქსიმუმი იყო.

მიხვდით ალბათ, ეს ყველაფერი რატომ ხდებოდა. პიგმენტის გამოსაყოფად, მინერალ სინგურს თერმულად ამუშავებდნენ, თუმცა მაგათ „თერმული დამუშავებისა“ რა იცოდნენ. უბრალოდ მაღალ ტემპერატურაზე ახურებდნენ და ეგ არის. გახურებისას ვერცხლისწყალი ორთქლდებოდა და მექუდეები სუნთქავდნენ. წარმოიდგინეთ, რა დაგემართება, როცა შვიდი წლიდან ვერცხლისწყლის ორთქლს სუნთქავ.

ადამიანი უცნაურია, მეტი და მეტი სურს. იაპონიის ერთ ქალაქში საღებავების ქარხანა გაიხსნა. სხვა საღებავებთან ერთად, წითელსაც ამზადებდნენ. ნედლეული მინერალი „კინოვარი“, იგივე „სინგური“ გახლდათ. პროდუქცია კარგად იყიდებოდა, ქარხნის მეპატრონეებს ფულიც კარგი რჩებოდათ. ჰო, რა თქმა უნდა, მათ მინერალის შემადგენლობა იცოდნენ და  დამუშავების ტექნოლოგიასაც ფლობდნენ. ამიტომ, არც თვითონ და არც მათი მუშები არ იწამლებოდნენ. თუმცა… ნარჩენად დარჩენილი ვერცხლისწყალი სად წაეღოთ? გაუვნებელყოფას ცალკე სახსრები სჭირდებოდა, ამიტომ იოლი გზა მოიფიქრეს, იქვე მინამატას სრუტეში ღვრიდნენ. დამავიწყდა დამეწერა, ქალაქსაც მინამატა ერქვა და ხუთი წლის განმავლობაში მთელი მისი მოსახლეობა დაიღუპა.

ყველაფერი 1956 წლის 21 აპრილს დაიწყო. ამ დღეს ქალაქ მინამატას საბავშვო კლინიკაში პატარა გოგონა მიიყვანეს. გოგონას ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობის ნიშნები ჰქონდა. დიაგნოზის დასმა გაძნელდა. გარკვეული ხნის შემდეგ, იმავე კლინიკაში მოხვდა გოგონას სამი წლის და. პირველ მაისს მინამატას საქალაქო კლინიკაში იმავე სიმპტომებით კიდევ ორი ახალი პაციენტი მოხვდა. ეს დღე ითვლება ახალი დაავადების აღმოჩენის დღედ, რომელსაც მოგვიანებით „მინამატას დაავადება“ ეწოდა. მალე გაირკვა, რომ მინამატას მცხოვრებთა უმეტესობას იგივე დაავადება ჰქონდათ. დაავადების ძირითადი სიმპტომები იყო მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მხედველობის, სმენის და მგრძნობელობის დაქვეითება. უმრავლესობა ფსიქიურ აშლილობას განიცდიდა. ავადმყოფობა არ იყო ინფექციური ხასიათის. ერთი და იგივე ოჯახში წევრები ავადდებოდნენ ზოგჯერ რამდენიმე დღის, კვირის ან წლის ინტერვალით. გამოირიცხა აგრეთვე დაავადების მემკვიდრეობით გადაცემის გზა. გარდაცვლილებს აღენიშნებოდათ თავის ტვინის ტოქსიკური დაზიანება ანთების კერის გარეშე. ექიმებმა შენიშნეს, რომ დაავადებულთა უმრავლესობა ზღვასთან, მინამატას სრუტესთან ახლოს ცხოვრობდა. უფრო ხშირად ავადდებოდნენ მეთევზეები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე ის ხალხი, ვინც საკვებად მუდმივად იყენებდა თევზს და ზღვის პროდუქტებს. ექიმებმა ისიც შენიშნეს, რომ დაავადებული ადამიანებივით იქცეოდნენ კატები და თოლიები (დარღვეული ჰქონდათ მოძრაობა და ა.შ.), რადგანაც საკვებად ისინიც თევზს იყენებდნენ.

მხოლოდ 1958 წელს აღმოაჩინეს, რომ მინამატას მცხოვრებთა ტრაგედია „ორგანული მერკურის“, კერძოდ მეთილმერკურქლორიდის დამსახურება იყო.

როგორ იქცევა ვერცხლისწყალი წყალში?

ვერცხლისწყლის აკვა კომპლექსები იოლად დეპროტონირდებიან და pH4-ის პირობებშიც კი მონო და დიჰიდროქსო კომპლექსები ორ ძირითად ფორმას წარმოადგენს. ჰიდრარგირუმ (II)-ის ერთ-ერთი გავრცელებული ნაერთია  HgCl2. ჰიდრარგირუმ (II) ასევე მიიზიდება წყალში არსებული ორგანული ლიგანდების მიერ (ე.წ. ჰუმუსური მასალის მიერ). იმავე ლიგანდებთან შესაძლებელია ბმულ მდგომარეობაში იყოს აზოტის და გოგირდის იონები. ისინი ჰუმუსურ  მასალაში ყოველთვის არის.  ვერცხლისწყალი ნაერთს წარმოქმნის ასევე მეთილის ჯგუფთან და წარმოიქმნება მეთილჰიდრარგირუმი. მეთილირება ანაერობულ პირობებში მიკრობების გავლენით მიმდინარეობს. მეთილის ჯგუფის დონორი მეთილკობალამინია, ვიტამინ B12-ის, იგივე კობალამინის წარმოებული.

თუმცა, მეთილირება შესაძლოა აერობულ პირობებშიც წარიმართოს ბაქტერიის უჯრედის შიგნით, სადაც მერკური უკავშირდება ფერმენტს, საიდანაც მეთილის ჯგუფის გადატანა მერკურისთან ხდება. მეთილირების ორივე პროცესი დაბალი pH-ის პირობებში მიმდინარეობს. შედეგად მონომეთილ მერკური (II) წარმოიქმნება (CH3Hg+). ეს იონი იოლად წარმოქმნის კომპლექს ნაერთებს სხვადასხვა ლიგანდებთან. მაგ. წარმოიქმნება CH3HgCl და  (CH3Hg)2S, ეს ნაერთები საკმაოდ მდგრადია და Hg-C ბმის გახლეჩა დიდ ენერგიას მოითხოვს. თუმცა, ქიმიურ, ფოტოქიმიურ და ბიოტურ დეგრადაციას ემორჩილება.

მეთილირების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს და დიმეთილ მერკური წარმოიქმნას ((CH3)2Hg). ნეიტრალური ნაერთია, საკმაოდ ძნელად ხსნადი და აქროლადი.  ატმოსფეროში მოხვედრისას, ფოტოლიზის პროცესით  მერკური (II) გამოთავისუფლდება, რომელიც ნალექის შემადგენლობაში ერთვება.

სხვათა შორის, მეთილირება ხდება არა მხოლოდ მერკურის. ტყვიის (IV) და კალას (IV) მეთილირებული ნაწარმები ასევე შეინიშნება გარემოს ქიმიურ დაბინძურებაში.

მეთილ-მერკურის ნახევრად დაშლის ციკლი ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 100 დღეს გრძელდება. დავუშვათ, ადამიანი იწონიდა 65კგ-ს და კვირაში სამჯერ მიირთმევდა  0,5კგ თევზს, რომელიც შეიცავდა  0,5µgg-1 მერკურის. რამდენი იქნება მერკურის საშუალო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში. თევზში 0,5µgg-1  მერკურის რაოდენობის მაქსიმუმ დასაშვებ რაოდენობად არის მიჩნეული.

ორგანიზმში არსებული დრო=მერკურის მთლიანი მასა/მიღების სიჩქარე

მიღების სიჩქარე=500გ (თევზი)x0,5µg (მერკური)გ-1 (თევზი)x 10-3მგµg-1  x 3/7დღე-1 =           1.1 x10-1მგ (მერკური)დღე-1

100 დღე=მერკურის მთლიანი მასა/1.1 x10-1მგ დღე-1

მერკურის მთლიანი მასა=100 დღე x 1.1 x10-1მგ (მერკური)დღე-1=11მგ

სხეულში მერკურის საშუალო კონცენტრაციაა:

11მგ (მერკური)/65კგ (სხეული)=0,17მგ კგ-1, ან 0,17 ppm.

მერკური სხეულში სხვადასხვა ორგანოში აკუმულირდება, თუმცა უმეტესი რაოდენობა მაინც ტვინში იყრის თავს და ნევროლოგიური დისფუნქციის ინიცირებას იწვევს.

გარემოს მერკურით დაბინძურება ადამიანების დაუდევრობით დღესაც გრძელდება. სიტუაციის გასაუმჯობესებლად არაფერსაც არ ვაკეთებთ, მაგრამ იმედები ჯერ კიდევ არის, რომ მორიგ კატასტროფამდე არ მივალთ.

თუმცა…

„- როგორ შეიძლება გაიმარჯვო, როცა იმედი აღარ არსებობს? – იკითხა ალისამ.

  • შენ ჯერ იმედს კარგავ, შემდეგ კი ყველაფერი საუკეთესოდ აეწყობა, – უპასუხა მექუდემ და იქვე ხითხითით განაგრძო: რატომ იცი? როგორც კი უკანასკნელ იმედს დაკარგავ, განსაცვიფრებლად თავისუფალი ხდები. არაფერი გაკავებს, შენთვის ყველაფერი სულერთია და ბოლოს და ბოლოს საქმეზე ხარ ორიენტირებული და არა იმაზე ფიქრზე, შენს ქმედებას რა შედეგი მოჰყვება. სწორედ ამიტომ, როგორც კი ბოლო იმედი კვდება, მხოლოდ მაშინ იწყება ყველაფერი“.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი