პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

წიგნები, რომლებიც ცხოვრებაზე დაკვირვებას ჰგავს

„როცა ბავშვები მამებს არ უჯერებენ, ჩხუბობენ და სიგარეტს ეწევიან, ამინდები მაშინ ფუჭდება,“ – ასე მიაჩნიათ მეიკომელებს (ჰარპერ ლის რომანში „ნუ მოკლავ ჯაფარას“). ქარი და წვიმა ახლად ამწვანებულ ხეებს ქანცს რომ აცლის და გამოდარებას საშველი არ ადგება, ყოველთვის მეიკომური ცრურწმენა მახსენდება და გულში თუ ხამამღლა წამდაუწუმ ვიმეორებ: ბავშვებო, დროა მამებს დაუჯეროთ, გეყოთ ჩხუბი, შეწყვიტეთ სიგარეტის მოწევა!

წიგნები ყველას სხვადასხვაგვარად გვამახსოვრებენ თავს: გემოებით, ფერებით, მუსიკით, ჩაცმულობით, აქსესუარებით, ინტონაციებით და ვინ მოთვლის, რამდენი ნიშნის ჩამოთვლა შეიძლება. მე, როგორც წესი, ამინდს ვაფიქსირებ და აღვრიცხავ: შემოდგომის უთავბოლო წვიმები ისე არ ჩაივლის, კუნძულ სალკტროკას ნავმისადგომიდან ამოზრდილი ჩორვენი და მისი სენბერნარი არ მოვიგონო, ჩიტები დაბლა ფრენას რომ იწყებენ, ვიცი მალე გაწვიმდება (ჰეკლბერი ფინისგან ნასწავლი, მრავალჯერ გამოცდილი ნიშანია). „ოზის ჯადოქარი“ და „მერი პოპინსი“ ქარებიანი წიგნებია, „პეპი გრძელწინდა“ – მარადიული გაზაფხულის, „მონტებულსუ“ – შემოდგომის…

რამდენიმე დღის წინ, ზამთარმა კუდი რომ მოიქნია, სოფლის მეორნეობას ზარალი მიაყენა, სოციალურ ქსელში კი ვნებათაღელვა ატყდა, ღირდა თუ არა შუა გაზაფხულზე თბილი პულოვერებისა და ფეხსაცმლის შენახვა, ისევ მეიკომური გაფრთხილება მომაგონდა. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ გადავშალე, საყვარელ აბზაცებს ვინ მოთვლის, მერამდენედ გადავავლე თვალი, ნაცნობ  გმირებს შევეხმიანე და, როგორც აქამდე მჩვეოდა, ჭყიტას, ჯემისა და დილის ამბები ჩემებურად გავაგრძელე. თუმცა მალევე გამახსენდა მეიკომური ამბების ჰარპერ ლისეული გაგრძელება უკვე რომ არსებობდა, წიგნს „მიდი, დააყენე დარაჯი“ ერქვა და მეორე წელია შორიდან ვუვლიდი – არ თუ… ვერ ვკითხულობდი.

ვისაც „ნუ მოკლავ ჯაფარა“ საყვარელი წიგნების სიაში ჩაუწერია, ალბათ დამეთანხმება, რომ ნაწარმოებს საკმაოდ ორიგინალური დასასრული აქვს: სამი მთავარი გმირის სანუკვარი ოცნება ახდება და რედლი ბუა სახლიდან გამოვა, თუმცა ამ საბედისწერო მომენტისთვის ერთ გმირს ექიმის გადაწყვეტილებით ღრმად სძინავს, მეორე მეიკომიდან შორს იმყოფება, მესმეს კი „უკეთური საფრთხობელასთვის“ დიდი ხნის მეგობარივით ჩაუკიდია ხელი. მე, როგორც მკითხველს თავშესაქცევად ბევრი საფიქრალი დამრჩა. წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ მოუყვებოდა ჭყიტა გონზე მოსულ ძმას ყველაფერს, ჯემი კი სანამ ატიკუსსა და კელპურნიას არ გამოკითხავდა, არაფერს დაუჯერებდა. ზაფხულის არდადეგებზე მეიკომში ჩამსულ დილსაც მოწმეების დასტური დასჭირდებოდა, საბოლოოდ კი ბავშვები საბედისწერო ღამით მომხდარ მოვლენებს უსათუოდ გაითამაშებდნენ. ისინი ხომ მთელი ზაფხული სახლის უკან, ორ ვეებერთელა ჭადარს შორის მდგარ პატარა ქოხში მეიკომში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ამბავს, ნანახ ფილმებსა და წაკითხულ წიგნებს დგამდნენ.

გავიაზრე, მეტი სიფრთხილე რომ მომეთხოვებოდა, ვინაიდან ახალ წიგნში ზაფხული შესაძლოა სულაც აღარ გულისხმობდა „მწერების დასაცავი ბადით შემოღობილ ღია აივანზე ძილს, ხის ქოხში თამაშსა და კელპურნიას დამზადებული გრილი ლიმონათის გემოს.“ მივხვდი, „მიდი, დააყენე დარაჯის“ წაკითხვის დრო რომ დამდგარიყო, კალენდარს ჩავხედე, გასაკეთებელი საქმეების სიას თვალი გადავავლე და მოულოდნელად 28 აპრილის გასწვრივ მიწერილი „ჰარპერ ლის დაბადების დღე“ ამოვიკითხე (მიყვარს სასიამოვნო დამთხვევები). გადავწყვიტე, აღარ გადამედო, ღირსეულად შევხვედროდი ჩანიშნულ თარიღს, პირველი დავაბრუნე და თაროდან მეორე წიგნი გადმოვიღე.

ჰარპერ ლი ორი წიგნის ავტორია

„ჰარპერ ლის ორ წიგნი,“ – ეს ფრაზა თავისთავად ბევრ საინტერესო ამბავსა და ისტორიას გულსხმობს. განსაკუთრებული ხაზგასმა კი სიტყვა „ორს“ სჭირდება, ვინაიდან 2015 წლამდე 87 წლის ჰარპერ ლის ერთი წიგნის ავტორად ვიცნობდით.

1960 წელს გამოცემული „ნუ მოკლავ ჯაფარას“ იმთავითვე ბესტსელერად იქცა, მრავალ ენაზე ითარგმნა, პულიტცერის პრემია დაიმსახურა და დღემდე ამერიკული ლიტერატურის გამორჩეული ნაწარმოებების სიაში მოწინავე პოზიციებზეა. მსგავს წარმატებაზე ჰარპერ ლი ნამდვილად არ ოცნებობდა, ეგონა, მისი ჯაფარა კრიტიკოსების ხელში „სწრაფად და უმოწყალოდ დალევდა სულს,“ თუმცა, მოლოდინმა არ გაუმართლა: „უმცირესის ნაცვლად ყველაფერი მიიღო!“

55 წლიანი პაუზის შემდეგ გამოცემულმა მეორე წიგნმა ბევრი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთმა პასაჟმა გული დამწყვიტა, ზოგიერთმა გამაოცა, ხან გულიანად ვიცინოდი, ხან ცრემლი მერეოდა. ასეც უნდა მომხდარიყო – ჰარპერ ლი ხომ ადამიანების ყოფას აღწერს, მისი წიგნების კითხვა ცხოვრებაზე დაკვირვებას ჰგავს.

„მიდი, დააყენე დარაჯში“ სამართლიანობაზე მსჯელობა, სხვის ტყავში ჩაძრომის აუცილებლობა (ატიკუსი თავის შვილებს პატარაობიდან რომ ასწავლიდა) კვლავ აქტუალურ თემებად რჩება. მეორე წიგნი წინამორბედის მსგავსად კვლავ დაგვაფიქრებს ბავშვებისა და დიდების აღქმულ სამყაროს შორის არსებულ უფსკრულზე, გარშემომყოფების სიყვარულისა და სიძულვილის მიზეზებზე, „მურიანების“ მიმართ დამოკიდებულებაზე. მეიკომში მატარებლით მიმავალი ჭყიტა (უკვე ჯინ ლუიზით რომ მოიხსენიებენ და მიმართავენ) შავკანიანების სახლების სახურევაბზე ანტენებს ამჩნევს და ეღიმება. უნებურად „ნუ მოკლავ ჯაფარას“ პირველსავე გვერდებზე ირონიულად მოხსენიებული სასამართლოს შენობა გვახსენდება – „ძველი ქალაქის მოედანზე საცოდავად ჩამოწოლილი და გადაბრეცილი.“ პარალელს ვავლებთ და გვაინტერესებს, ისევ სჭირდება სამართალს ხიმინჯები? მეიკომში მომხდარი გარეგნული ცვლილებები რეალურია თუ მოჩვენებითი?

მეორე წიგნში დამოკიდებულებებთან ერთად ადამიანების ხასიათიც იცვლება, ოდესღაც გულღია და მგრძნობიარე ბავშვებს „ცხოვრება უსწავლიათ“ და უფროსებს ახლა სხვა თვალით აკვირდებიან. უფროსების უმრავლესობა კი, საკუთარი საქციელი მუდამ მართებულად რომ მიაჩნია, სამწუხაროდ არც თუ სამაგალითოა. დახუთულ, შენელებულ და გადაღლილ მეიკომში არაერთ პერსონაჟს მოისაკლისებთ, სამაგიეროდ „ჯინ ლუიზის კოცნის უფლებით აღჭურვილი ყმაწვილი“ ჰენკ კლინტონი გამოჩნდება. შესაძლოა სავარაუდო სასიძოს მამიდა ალექსანდრასავით თქვენც ძნელად შეეგუოთ და დაქორწინების ხელისშემშლელი მიზეზების ძებნა დაიწყოთ. რას ვიზამთ, ვისაც ჭყიტა შვილივით (ან მეგობარივით) გვიყვარს, არავისთვის გვემეტება. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, პირველ ტომში ხელუხლებლად დავტოვებდი უცოდველი ჯაფარასავით მოჭიკჭიკეს, ბავშვური მიამიტობითა და ცელქობით სავსეს, შაშხის საკარნავალო კოსტიუმში გამოწყობილი მთელ მეიკომს სიცილით რომ ხოცავდა. თუმცა, ლიტერატურას საკუთარი კანონები აქვს და ავტორის ნება უზენაესია.

ჭყიტა, ჰარპე ლი და მამა ატიკუსი

თანამედროვე მკითხველისთვის ალბათ ისეთივე ნაცნობი, ახლობელი და გათავისებული სახელია ატიკუს ფინჩი, როგორც რობინზონ კრუზო, ტომ სოიერი, გრაფი მონტე კრისტო (ცნობილი პერსონაჟების სახელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს). ატიკუსი ერთი წაკითხვით გიყვარდება, პირველივე გვერდებიდან მის მიმართ სიმპატიით იმსჭვალები (ჯაფარასეულ ატუიკუსს ვგულისხმობ, მეორე წიგნში სამწუხაროდ გამოცვლილი მომეჩვენა), პატიოსანი, მამაცი და ამავე დროს ჩვეულებრივი ადამიანია. დედით ობოლ ჭყიტასა და ჯემს „მამასთან სასაყვედურო არაფერი ჰქონდათ, ის არც მათთან თამაშს თაკილობდა და არც წიგნის კითხვას დაზარდებოდათ. გულთბილი და მოსიყვარულე იყო.“  ბავშვები თუ გადააჭარბებენ, ისე მოკუმავდა პირს, ტუჩები სწორ ხაზად ექცეოდა, ზედმეტ საყვედურებს სიტუაციაში გარკვევა ერჩივნა, შვილებთან ნებისმიერ საკითხზე თავისუფლად მსჯელობდა, ალბათ ამიტომაც უხმობენ იმედიანად: „ატიკუს, სამყაროს დასასრული დგება, უშველე რამე!!!“

ატიკუს ფინჩი ჰარპერ ლის მამის პროტოტიპია. ამასა ლი ადვოკატი ყოფილა,  „ნუ მოკლავ ჯაარაში“ აღწერილი სასამართლო პროცესი კი მისი ერთერთი საძიებო საქმე გახლდათ. 1962 წელს  რობერტ მალიგანმა „ნუ მოკლავ ჯაარას“ მიხედვით ფილმი გადაიღო. სასამართლოს ინტერიერი ჰარპერ ლის მშობლიური ქალაქის მონრევილის სასამართლოს ზუსტი ასლის მიხედვით ააგეს. ჰარპერი გადაღებებს ესწრებოდა და თურმე  ცრემლსაც ხშირად აფრქვევდა, ბევრ სასიამოვნო სიურპრიზთან ერთად ატიკუსის როლის შემსრულებელი გრეგორი პიკი საკუთარ მამას აგონებდა.

ჰარპერ ლის ალტერ-ეგოა ყაჩაღანა ჭყიტა, შიშისაგან გული რომ ეკუმშება, „გოგო, გოგო“ არ დაუძახონ და უსამართლობით შეძრული ზოგჯერ არამკითხეს კბილებზე საკუთარი თითის სახსარს აფშვნის. მამიკოს გათამამებული გოგონას აღზრდას მამიდა ალექსანდრა გადაწყვეტს და, რა თქმა უნდა, ჭყიტას უკმაყოფილებასაც დაიმსახურებს: „მისი აზრით, უნდა მეთამაშა პაწაწინა ქურებით, სათამაშო ჩაის სერვიზებით, უნდა მეტარებინა ის მარგალიტის ყელსაბამი, რომელიც მან დაბადებისას მაჩუქა, მამაჩემის მარტოხელა ცხოვრებაში მზის სხივივით უნდა მეკიაფა. მე კი ვთვლიდი, მზის სხივი თავისუფლად შეიძლება ვყოფილიყავი ბრიჯებშიც.“

სხვა ბევრ მსგავსებასთან ერთად ჰარპერ ლიმ და ჭყიტამ კითხვა ადრეულ ასაკში „უნებლიეთ აითვისეს, ისევე თავისთავად, როგორც კაბის ზურგზე ღილების შებნევის ან ზონარის ორად გამონასკვის ხელოვნება.“ რომ გეკითხათ, ვერაფრით ვერ მოიგონებდნენ, „როდიდან გადაიქცნენ მამის საჩვენებელ თითს ზემოთ გავლებული საგაზეთო სტრიქონები ცალკეულ სიტყვებად.“

კითხვა – სუნთქვასავით ჩვეულებრივი და აუცილებელი პროცესი

კარგი მკითხველი პერსონაჟები წიგნის ნამდვილი სამკაულია, დამატებით ღირსებებს ჰმატებს მას (და ეს ფაქტი არაერთ წერილში ხაზგასმით აღმინიშნავს). ჭყიტასთვის რომ გეკითხათ, კითხვა თუ გიყვარსო, გაუკვირდებოდა. შეიძლება, გაინტერესებდეს უყვარს თუ არა ადმიანს სუნთქვა? – აქეთ ჩაგეკითხებოდათ. წიგნის ჭიები არიან ჯემი და დილიც, აღარაფერს ვამბობ სათვალიან-გაზეთებიან ატიკუსზე. „ნუ მოკლავ ჯაფარაც“ კითხვის ხასიათზე მომყვანი წიგნია, მთავარია დაიწყოთ და თუ გაჭირდა, ერთი პატარა რუბიკონის გადალახვასაც შეძლებთ.

მოსწავლეებთან ურთიერთიობის პრაქტიკაში ზემოხსენებულ რუბიკონს არაერთხელ შევუფერხებივარ. საქმე იმაში გახლავთ, რომ „ნუ მოკლავთ ჯაფარას“  დასაწყისში არის ერთი ადგილი (ფინჩების საგვარეულოს დინასტიის ამბების აღწერა), სადაც ტირე ოაზისივით მოჩანს და არაერთ მოზარდს წიგნის წაკითხვა გადააფიქრებინა. გული მწყდებოდა და საბოლოოდ ერთი ხერხი გამოვიყენე – მოსწავლეებს დანიელ პენაკისეულ „მკითხველის უფლებათა დეკლარაცია“ შევახსენე. ერთ მუხლის მიხედვით, გვერდების გამოტოვების ხელშეუხებელი უფლება გაგვაჩნია. ბავშვები შეღავათით სარგებლობდენენ და კითხვას იმ მომენტიდან იწყებდნენ ზაფხულის ერთ მზიან დღეს სათამაშოდ მომართული ჭყიტა და ჯიმი კომბოსტოს კვლებში ჩამალულ დილს რომ გაიცნობენ. 4-5 გამოტოვებული გვერდის ხარჯზე კომპრომისზე წასვლა ნამდვილად მიღირდა, სამაგიეროდ წაუკითხავი აღარ რჩებოდათ საუკეთესო წიგნი (ბესტსელერის სახელს ნამდვილად და არა მოდური ლიტერატურული ტენდენციების ხათრით რომ იმსახურებს).

ალბათ წარმოუდგენელია იცხოვრო და არაფერი იცოდე რედლების კარმიდამოს განაპირას მდგარი ორი მუხის ან  ოკრობოკროდ დაკემსილი შარვლის  საიდუმლოზე, რა კავშირშია ერთმანეთთან ვერცხლის ქაღალდში შეხვეული კევები, ძველებური მონეტები, რუხი ბაწრის გორგალი, ორი პაწაწინა საპნის ქანდაკება, ძეწკვზე დაკიდებული საათი, მართლწერაში ჯილდოდ მიღებული სამკერდე ნიშანი და ალუმინის დანა.

მშურს იმ ადამიანების, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ წაკითხვის სიამოვნება წინ რომ აქვთ. თუმცა არც მეორე წიგნს ვივიწყებ, ეტიკეტს ვიცავ და გთავაზობთ: თქვენთვის სასურველ ნებისმიერ 28 აპრილს წაიკითხოთ, რადგან იმ დღეს ჰარპერ ლის დაბადების დღე იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი