ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საქართველო და საერთაშორისო შეფასებები –  შეხსენება ახალი ესგ-ის მიღების წინ    

როგორც კვლევები ადასტურებს, განათლების სისტემის შეფასების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს, განათლებაზე ხელმისაწვდომობასთან ერთად, განათლების ხარისხის მაჩვენებელი განსაზღვრავს. ამ მაჩვენებლის წარმოდგენა კი, უპირატესად, საერთაშორისო საგანმანთლებლო კვლევების საშუალებითაა შესაძლებელი. ეს კვლევები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება და მიზნად ისახავს სწავლა – სწავლების პროცესის ხელშეწყობას. მათი ჩატარება გარკვეული პერიოდულობით ხერხდება და განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების მეთვალყურეობისა  და შეფასების საშუალებას იძლევა. საერთაშორისო კვლევის შედეგები შეიძლება ნაყოფიერად გამოვიყენოთ განათლების სისტემის განვითარების ისეთი სტრატეგიული გეგმის შედგენისას, როგორიც უპასუხებს სისტემაში არსებულ საჭიროებებს და სწავლების ყველა საფეხურზე უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობას. დღეს ჩვენი მიზანია ახალი კურიკულუმის შემუშავება-დამტკიცების წინ მკითხველს, უპირატესად კი პროფესიულ საზოგადოებას, შევახსენოთ საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კვლევების შედეგები და მოვთხოვოთ მათში წარმოდგენილი რეკომენდაციების მიხედვით განათლების შინაარსის გადამუშავება.

როგორც მოგვეხსენება, კვლევების შედეგები არცთუ სახარბიელოა ჩვენი სახელმწიფოსთვის. როგორც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, „საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის მიზანია, მოხდეს განათლების სისტემის მდგომარეობის შედარება სხვა ქვეყნებთან. საერთაშორისო და ეროვნული შეფასებების მიზანი დიდწილად მსგავსია, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო შეფასებების შემთხვევაში, ანალიზი მიმდინარეობს საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით და მისი მხედველობაში მიღების შემთხვევაში ხდება ადგილობრივი განათლების ექსპერტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.“ (https://www.mcageorgia.ge/index.php/main/project/4  21.04.2016)

საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით ხორციელდება 3 საერთაშორისო კვლევა-შეფასება:

PIRLS ( წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს, შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი. );

PIZA (საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 15 წლის მოზარდების მიერ სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები შემდეგი საგნობრივი მიმართულებებით: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები );

TIMSS (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევაა, რომლის მიზანია მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხელშეწყობა. ამ კვლევის ფარგლებში ფასდება 9-10 და 13-14 წლის მოზარდების ცოდნა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკური გეოგრაფია).

სამივე კვლევის ფარგლებში შეფასება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ა) მოზარდთა ტესტირება მათი მიღწევების შემოწმების მიზნით და ბ) იმ გარემო-ფაქტორების კვლევა, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლის მიღწევებზე (საგანმანათლებლო სისტემა, სკოლა, მასწავლებელი, ოჯახი და ა.შ.).

რა თქმა უნდა, შევეცდები თითოეული კვლევის მოკლედ დახასიათება-ანალიზს, რათა ნათლად გამოჩნდეს კვლევის შედეგების სასკოლო სისტემაში სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხთან მიმართება.

PIRLS  – წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობას 45 ქვეყანა იღებს. იგი საქართველოში პირველად 2006 წელს ჩატარდა და, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოკრძალებული შედეგები გვქონდა. 45 ქვეყნას შორის მხოლოდ მე-40 ადგილზე გავედით. კვლევის შედეგების მიხედვით მომზადდა ანგარიში და რეკომენდაციები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებისა და მოდიფიცირების წინაპირობა უნდა ყოფილიყო. თუმცა, სამწუხაროდ განახლებულ – 2010 წელს შემუშავებულ 5-წლიან ესგ – ში მისი ასახვა არ მოხდა. არადა, კვლევის ანგარიშის დასასრულს გამოთქმული იყო მოსაზრება: „იმედია, PIRLS-ის მომდევნო ციკლის (2011) დასრულების შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა, საქართველოში საგანმანათლებლო რეფორმის ეფექტურობასა და PIRLS-ში ქართველი მოსწავლეების მაღალი მიღწევების შესახებ ვისაუბროთ, რაშიც მნიშვნელოვან როლს სწორედ PIRLS-ის კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები შეასრულებს.

2011 წელს ისევ ჩატარდა აღნიშნული კვლევა. კვლევაში მონაწილე 45 ქვეყნიდან 32 ქვეყანას PIRLS-ის სკალის საშუალო მაჩვენებელზე (500) მაღალი შედეგი აქვს, 12 ქვეყანას კი – საშუალოზე დაბალი. სამწუხაროდ, საქართველო კვლავ საშუალო ნიშნულზე დაბლა მოხვდა. მართალია, PIRLS 2006-თან შედარებით 2011 წელს საქართველოს შედეგები მნიშვნელოვნად – 17 ერთეულით გაუმჯობესდა, თუმცა საერთაშორისო საშუალო ქულას (PIRLS-ის სკალის ცენტრალურ მნიშვნელობას – 500) 12 ერთეულით მაინც ჩამორჩება.

როგორც ჩანს, მიუხედავად დახარჯული ენერგიისა და რესურსებისა, საქართველოს სახელმწიფომ ვერ შეძლო სერიოზული პროგრამის შემუშავება, რაც, საშუალო მაჩვენებელზე მაღალ შედეგს მაინც მოგვცემდა წაკითხულის გააზრების მიმართულებით. ვფიქრობთ, ასეთ შედეგს ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ უმთავრესი ესგ. – ის რეკომენდაციების შესაბამისი რევიზიის უქონლობაა.

TIMSS (Trends in International Mathematics and Science Study) – მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა საქართველოში 2007 წელს ჩატარდა. იგი მე-4 და მე-8 კლასებში აღნიშნული დისციპლინების ცოდნას აფასებდა. ტიმსი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და განმეორებით საქართველოში 2011 წლის გაზაფხულზე პირლსთან ერთად ჩატარდა.

ამ კვლევის საფუძველზე, 2007 წელს საქართველო მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით შედგენილი რეიტინგული სიის ბოლო მეოთხედშია. 2011 წლის შედეგებმა მეოთხე და მერვე კლასებში მათემატიკის მიმართულებით მცირედი უკეთესობა აჩვენა, თუმცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნებში პირიქით, მაჩვენებელი გაუარესდა კიდეც.

მათემატიკა

„მე-4 კლასი

TIMSS-ის საერთაშორისო საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს კვლევაში მონაწილე საქართველოს სკოლების 16.2%-ს, კი საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი – 83.8%-ს.

მე-8 კლასი

TIMSS -ის საერთაშორისო საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს კვლევაში მონაწილე საქართველოს სკოლების 13.4%-ს, საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი  – 86.6%-ს.“

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

„მე-4 კლასი

TIMSS-ის საერთაშორისო საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს კვლევაში მონაწილე საქართველოს სკოლების 14.5%-ს, კი საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი – 85.5%-ს.

მე-8 კლასი

TIMSS -ის საერთაშორისო საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს კვლევაში მონაწილე საქართველოს სკოლების 3.5%-ს, საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი  – 96.5%-ს.“ (TIMSS  2011, ბუნებისმეტყველება

ვფიქრობთ, წარმოდგენილი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ზოგადი განათლების მიმართულებით გატარებული რეფორმის არცთუ სახარბიელო ხარისხს. ის მცირე გაუმჯობესება კი, რომელიც 2007 წლის შედეგთან შედარებით გვაქვს მათემატიკაში, ნამდვილად არ არის გაწეული ხარჯებისა და რესურსების პროპორციული.

PIZA – საერთაშორისო კვლევაში საქართველო 2009 წლიდან ჩაერთო. კვლევა ტარდება სამ წელიწადში ერთხელ და ყოველ წელს სამი სფეროდან ერთ-ერთი არის პრიორიტეტული (2009 – კითხვა, 2012 – მათემატიკა, 2015 – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები). 2009 წელს საცდელი კვლევა ჩატარდა, ხოლო ძირითადი – 2010 წლის გაზაფხულზე. მასში მონაწილეობა მიიღეს შემთხვევით შერჩეულმა 15 წლის მოსწავლეებმა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კვლევა საქართველოში მხოლოდ ერთხელ ჩატარდა. ძირითადი სამიზნე მე-9 კლასის მოსწავლეები არიან. განსხვავებით PIRLS -ისა და TIMSS – ისაგან, რომელიც ამერიკული პატრონაჟით ტარდება, პიზას ევროპა ატარებს, კერძოდ – ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაცია (OECD).

„საქართველოს მოსწავლეების მიერ პიზას სამივე სფეროში – წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში – 2009 წელს მიღწეული შედეგები სტატისტიკურად OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. მაგალითად, წიგნიერებაში მოსწავლეთა საშუალო ქულა 374 მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პიზას საერთაშორისო საშუალო ქულას, რომელიც წიგნიერებაში 493-ია. რაც შეეხება მათემატიკას, აქ საქართველოს მოსწავლეების საშუალო ქულამ 379 შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვნად დაბალია საერთაშორისო საშუალოზე – 496. საბუნებისმეტყველო საგნებში ქართველი მოსწავლეების საშუალო ქულაა 373, რაც სხვა სფეროების მსგავსად სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო ქულას (501)

ჩემთვის ცხადია, რომ არ შეიძლება თითქმის 15-წლიანი რეფორმის პროცესის შედეგი ზოგადი განათლების მიმართულებით ყველა ასპექტში საშუალო მაჩვენებელზე დაბალი იყოს. ეს შედეგები მინიმუმ უნდა აფიქრებდეს სახელმწიფოს გადასინჯოს საკუთარი საგანმანათლებლო პოლიტიკა და კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით გენერალური რევიზია ჩაუტაროს საკუთარ სარეფორმო ხედვებს.

ერთია, მე რომ ვფიქრობ ასე და მეორეა, რას ფიქრობს სახელმწიფო, ახსენდება კი სარეფორმო მიმართულებების დაგეგმვისას საერთაშორისო კვლევების გათვალისწინება?

„რა გითხრათ? რით გაგახაროთ?!“

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.naec.ge/#/ge/post/1496
  2. https://www.naec.ge/#/ge/post/1497
  3. https://www.naec.ge/#/ge/post/1499
  4. https://www.mcageorgia.ge/index.php/main/project/4

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი