შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ფეხქვეშგათელილი უდანაშაულობის პრეზუმცია

დეტექტიური ჟანრის ფილმები თუ წიგნები ყოველთვის იყო საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანი, განსაკუთრებით კი ამბები, რომლებიც რეალობას ეფუძნებოდა. ამის მაგალითია სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი შემზარავი დანაშაული, რომლის მთავარი მოქმედი გმირი, მაგდა პაპიძე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მედიის გადამეტებული ყურადღებისა და დაუდასტურებელი დეტალების გახმაურების გამო კი, მოსახლეობამ უდანაშაულობის პრეზუმცია, როგორც სჩვევია, ფეხქვეშ გათელა და პაპიძე განაჩენის გამოტანამდე გაანადგურა.

მედია კვალდაკვალ მიჰყვებოდა საქმის დეტალებს, აკეთებდნენ სიუჟეტებს, ამზადებდნენ სტატიებს და იღებდნენ დოკუმენტურ ფილმებს. ერთი ნაწილი თუ მისი, როგორც დამნაშავის, იმიჯის გამყარებას უწყობდა ხელს, მეორე მხარეს იყვნენ ადმიანები, რომლებიც პაპიძისგან უდანაშაულოდ დასჯილი ქალის ხატს ქმნიდა.

საბოლოოდ ყველაზე ახლოს მივედით იმ რეალობასთან, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე კარგად გამოჩნდა – საზოგადოების განწყობა და მენტალიტეტი, მსაჯულებმა პირველი ნაწილის მხარე დაიჭირეს და პაპიძე დამნაშავედ ცნეს.

საზოგადოების განწყობასა და მენტალიტეტზე თამაშს ცდილობს გიორგი  მასხარაშვილი  დეტექტიური ჟანრის ფილმში „მესაათე”, რომელიც პირველივე სცენიდან გვაცნობს  მთავარ გმირებს,  რომლებიც დოკუმენტურ ფილმს შემზარავ მკვლელობაზე იღებენ და ამ ისტორიაში ჩვენც გვეპატიჟებიან.  ისინი იკვლევენ ფაქტებს და ხვდებიან ეჭვმიტანილსაც კი, რომელიც გვეუბნება, რომ ახალი საფლავებიდან ესმის საათების ხმა, მისი მიზანი კი მათი საფლავებიდან საათების ამოღება და დროის გათავისუფლებაა.

სუფთა კინო არის ფილმის შემავსებელი ყველა კომპონენტის გაერთიანება ისე, როგორც მუსიკალური ნოტების ერთობლიობა ქმნის მელოდიას. სასპენსის ღმერთი, ჰიჩკოკი ამბობდა, რომ ფილმის დაჭრის და მონტაჟის ორი ძირითადი მიზანი არსებობს: მონტაჟი – იდეების შესაქმნელად და მონტაჟი – ემოციებისა და ძალადობის შესაქმნელად. რეჟისორები ხშირად გამოდიან იდეით, რომ „მოდი, კამერა იყოს ვიღაც და ისე იმოძრაოს, თითქოს პერსონაა, ანუ, ტიპს აყენებ სარკის წინ და შემდეგ ხედავ მას“. ასე იქცევა გიორგი მასხარაშვილიც, ის დოკუმენტალისტების  კამერას ისტორიის მთავარ მთხრობელად ირჩევს, რომელიც რეალითი შოუს სტილში გვიჩვენებს იმას, რაც მის თვალწინ ხდება ყოველგვარი ჩაღრმავების გარეშე.

რეალურად კი ისტორიის მთავარი გმირი შემზარავ მკვლელობაში ეჭვმიტანილი გელა რუსაძეა, კამერა კი, რომელიც მის ამბავს ჰყვება, მის გარეშე გვიჩვენებს საცხოვრებელ სახლს, სადაც უამრავ წიგნთან და ნახაზთან ერთად, ადამიანის სხეულის ნაწილებიც ინახება.

მასხარაშვილი მიუხედავად იმისა, ითხოვს თუ არა ამას ფილმი, ცდილობს, ეგზისტენციალური საკითხების სიღრმეებში შევიდეს.  თუმცა  ეს იმდენად ხელოვნურად ხდება, რომ მაყურებელი ფილმის მიმართ ინტერესს კარგავს. ამ ყველაფრის პიკი კი გიორგი მეგრელიშვილის პერსონაჟის ისტორიაა, რომელსაც არც თუ ისე სახარბიელო ცხოვრება აქვს. მისი პრობლემა ჯერ ნარკოტიკებია, შემდეგ კი მის ცხედარს ავღანეთიდან ჩამოასვენებენ, მაყურებელი პირდაღებულია და ვერ ხვდება, რა მოხდა. თუმცა ეს ამ ფილმის ერთადერთი პრობლემა ნამდვილად არ არის, რადგან რეჟისორი დიდი „ოსტატობით” ახერხებს, მაყურებელს დაავიწყოს ამბავი და ამ ამბავთა ურთიერთკავშირები.

საბოლოოდ კი ის ვერ ახერხებს რაიმე გავლენა მოახდინოს საზოგადოების განწყობასა და მენტალიტეტზე. უფრო მეტიც, ერთადერთი მიზანი, რაც რეჟისორს ჰქონდა – გადაეღო დეტექტიური ჟანრის ფილმი, ჩახლართული სიუჟეტით და ადგილ-ადგილ ფილოსოფიური ტექსტებით – არ გამოვიდა. ერთდერთი, რაზეც ფილმს პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს, არის ის, რომ „მოდი, კამერა იყოს ვიღაც და ისე იმოძრაოს, თითქოს პერსონაა, ანუ, ტიპს აყენებ სარკის წინ და შემდეგ ხედავ მას“.

მიუხედავად ამისა, მასხარაშვილის „მესაათე” კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ რა მარტივად შეიძლება ადამიანებმა ფეხქვეშ გათელონ უდანაშაულობის პრეზუმცია და რა მარტივია, რომ მედიამ საზოგადოების განწყობა და მენტალიტეტი ჩამოაყალიბოს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი