პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მხატვრობა ცნობიერების ამაღლებისთვის

მას შემდეგ, რაც ჩემს შვილს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, არათუ ხალხში, მხატვრულ ლიტერატურაშიც ვეძებ ამ მდგომარეობას. აუტიზმის ნიშნებსა და პერსონაჟების ხასიათს ხშირად ვადარებ ერთმანეთს. უილიამ ფოლკნერის უკვდავი რომანის – „სული რომ ამომდიოდას“ ყველა პერსონაჟი განსაკუთრებულია, მაგრამ მაქვს ეჭვი, რომ ვარდამანს აუტიზმი ჰქონდა. რაც შეხება „ჭკუასუსტ ლენის“ ჯონ სტაინბეკის შედევრიდან „თაგვებსა და ადამიანებზე“, მას აშკარად სენსორული შიმშილი აქვს. ლენის იმდენად სიამოვნებს თაგვების მოფერება, რომ რამდენჯერმე შემოაკვდება კიდეც. იგივე ჩანს მის დაუოკებელ სურვილშიც – შეეხოს ქალის თმებს. ცხადია, პერსონაჟების „დიაგნოსტირება“ შემდგომში უფრო ღრმა კვლევის საგნად უნდა იქცეს ჩემთვის, როგორც ფილოლოგისა და გამომცემლისთვის.

დაუნის სინდრომის მქონე გოგონას დედას, ხელოვნებათმცოდნე ლია ტაბატაძეს ასევე გაუჩნდა სურვილი ძირეული კვლევა ჩაატაროს ფერწერულ ტილოებზე აღბეჭდილი დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ. სწორედ მისგან შევიტყვე ამ განსაკუთრებული ნახატების თაობაზე.

საინტერესოა, რომ 1976 წელს ინგლისელი მხატვარი რობერტ ლენკიევიჩი დაინტერესდა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით და მას ნახატების მთელი სერია მიუძღვნა, რაც ცხადია ხელს უწყობს ამა თუ იმ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში.

კარგი იქნება, თუ თქვენს მოსწავლეებს როგორც ფილმებით, ისე წიგნებითა და ნახატებით გააცნობთ ამა თუ იმ მდგომარეობას, გენტიკურ დარღვევასა თუ დიაგნოზს. ვფიქრობ, ეს მასალა დაგეხმარებათ საინტერესო გაკვეთილისა თუ დისკუსიის დაგეგმვაში.

 

*

იტალიელმა მხატვარმა ანდრეა მანტენიამ 1455-1460 წლებში რამდენჯერმე დახატა ღვთისმშობელი ყრმით, სადაც იესო დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს ჰგავს.

ეს კი უცნობი მხატვრის, სავარაუდოდ ჰოლანდიელი ფერმწერის – იან იუსტის მოწაფის მიერ დაახლოებით 1515 წელს შესრულებული ნახატია, რომელიც მწყემსების მიერ ყრმა იესოს თაყვანისცემის სცენას ასახავს. აქ ერთდროულად ორ ფიგურას აღენიშნება დაუნის სინდრომის მქონე პირთათვის დამახასიათებელი სახის ნაკვთები – მწყემსსა და ღვთისმშობლის გვერდით მდგომ ანგელოზს.

 

ბელგიის ქალაქ ბრიუგეს ერთ-ერთ უძველეს ეკლესიაში დაცულია ფერიცვალების ხატი. ტრიპტიქის ფრთებზე ცნობილი მინერალოგისა და ექიმის – ანზელმუს ბუდის ოჯახია გამოსახული. მხატვარმა ჟერარ პორბუსმა 1573 წელს შესრულებულ ნახატზე დაიტანა ექიმის დის პორტრეტიც, რომელსაც, ამბობენ, რომ დაუნის სინდრომი ჰქონდა.

 

ცნობილი ფლამანდიელი მხატვრის – იან ბრეიგელი უფროსის დიდი ზომის (130×266 სმ) ფერწერულ ტილოზე – „ხალხური ცეკვა ერცჰერცოგის წინაშე“ (1623 წ.) წინა პლანზე ვხედავთ ბიჭს, რომელსაც წყლის დოქები უჭირავს. სპეციალისტების აზრით, მასაც სავარაუდოდ დაუნის სინდრომი აქვს.

 

რაც შეეხება მე-20 საუკუნეს, უკვე ვახსენეთ ინგლისელი მხატვარი რობერტ ლენკიევიჩი (1941-2002), რომელიც 70-იან წლებში ცნობილი პროექტისა და გამოფენის ავტორი გახდა საპორტო ქალაქ ფლიმასში. საქმე ისაა, რომ მან დაითანხმა ოჯახები, რათა სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობისა თუ მენტალური ჯანმრთელობის მქონე პირი ოჯახის წევრებთან ერთად დაეხატა. იხილეთ რამდენიმე ნიმუში ამ სერიიდან:

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://downwitdat.blogspot.com/2011/10/brief-history-of-down-syndrome-part-2.html

https://downwitdat.blogspot.com/2012/05/brief-history-of-down-syndrome-part-3.html https://www.robertlenkiewicz.org/content/mental-handicap

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი