ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ინოვაციური სივრცეები: სასკოლო ავტობუსების ახალი ცხოვრება აშშ-ში

მობილური სათბურები, ხელოვნების სტუდია, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორა და ხელმარჯვე ოსტატთა სახელოსნოები იმ მოსწავლეებთან მიემგზავრებიან, რომლებიც კეთილმოუწყობელ და ღარიბ სკოლებში სწავლობენ.

ყვითელ კაშკაშა სასკოლო ავტობუსებს, რომლებსაც ყველგან მყისიერად ცნობენ, ყოველდღიურად აშშ-ში ოცდაექვს მილიონზე მეტი მოსწავლე გადაყავთ ქვეყნის 50 შტატისა და კოლუმბიის ოლქის ტერიტორიაზე.

საავტობუსე სივრცის ახალი დანიშნულებითა და ავტობუსის მობილურობის  გამოყენებით შესაძლებელი გახდა მოძრავი სამხატვრო სტუდიების, კაფეტერიების, სამეცნიერო ლაბორატორიების და სხვა სასკოლო თუ არასასკოლო აქტივობების „მიყვანა“ იქ, სადაც მოსწავლეებს ისინი ნამდვილად სჭირდებათ.

გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე ინოვაციურ ავტობუსს და ისტორიებს, რომლებიც მათთან არის დაკავშირებული.

„მეიქერ-სფეისი“ – ავტობუსი, ხელმარჯვე ოსტატებისათვის: ქოლამბია, მისური

ავტობუსი-სახელოსნო, ავტობუსი-ლაბორატორია და არტისტული „ოთახი“ – ეს ის სამი თანაბარი სივრცეა, რომლისგანაც მისურის შტატში მოძრავი სასკოლო ავტობუსი „მეიქერ-სპეისი“ შედგება და რომელთაც იგი სთავაზობს იქაურ მოსწავლეებს. ეს ცნობილი ავტობუსი უკვე ათ წელზე მეტია მოძრაობს აშშ-ის უკიდეგანო  ტერიტორიაზე და მასწავლებლებს, მეცნიერებსა და განათლების აქტივისტებს საშუალებას აძლევს, ადგილზე ანახონ, დააინტერესონ, შეასწავლონ და გააკეთებინონ ბავშვებს, მათი რწმენით, მომავალში საჭირო და მოთხოვნადი უნარები და სპეციალობები.

ქოლამბიის საჯარო სასკოლო ოლქის ადმინისტრაციამ „მეიქერ-სფეისის“ მსგავსი ავტობუსებით უკვე სასკოლო ოლქის დაწყებითი სკოლების თითქმის ნახევარი უზრუნველყო. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ოლქის ყველა მოსწავლესა და სკოლას თანაბარი წვდომა ჰქონოდა ასეთი ტიპის სასწავლო ლაბორატორიებსა თუ სტუდიებთან.  2015 წელს თანასწორობის მიზნით ოლქის ადმინისტრაციამ ამ ტიპის ავტობუსს სპეციალური სახელიც შეურჩია და მას STEAM („სთიმი“) უწოდა, რაც წარმოადგენს აბრევიატურას შემდეგი სიტყვებისათვის: მეცნიერება, ტექნოლოგია, საინჟინრო საქმე, ხელოვნება და მათემატიკა. ეს ყველაფერი ერთ ავტობუსში მოაქციეს!

ახალთახალი სასკოლო ავტობუსი – რომელიც ოლქმა საჩუქრად ქველმოქმედისგან მიიღო  – ცისფრად შეღებეს. ავტობუსში კი საერთო ძალისხმევით, დაამონტაჟეს და განათავსეს სხვადასხვა სამუშაო იარაღები, 3D-პრინტერები, ვირტუალური სათვალეები და littleBits-ები – ელექტრონული სამშენებლო აგურები. ავტობუსს შეუძლია ერთდროულად ოცდახუთ ბავშვს უმასპინძლოს. დღეს ავტობუსს და მის მრავალფეროვან სამუშაო-სასწავლო „ოთახებს“ ჯამში ხუთი ათასზე მეტი მოსწავლე ჰყავს უკვე მიღებული.

ქრეიგ ადამსის, „სტიმის“ საოლქო კოორდინატორის თქმით, „საავტობუსე“ გაკვეთილები სასწავლო გეგმის მიხედვითაა დაგეგმილი და შედგენილი და მორგებულია იმ სასწავლო მასალას, რომელიც ბავშვებს მოეთხოვებათ. მაგალითად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც ბგერის სიხშირესა და ამპლიტუდას სწავლობდნენ, „სთიმის“ ავტობუსში ეს ბგერები და ტალღები littleBits-ების მეშვეობით გააკეთეს.

„ეს ხუთი მეტრის სიგრძის „საველე“ ექსკურსიაა, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ამ მცირე სივრცეში შექმნან და გამოიკვლიონ სხვადასხვა სახის მოვლენა. არ ყოფილა არცერთი დღე, რომ „სთიმში“ ჩატარებულ  გაკვეთილს ინტერესი არ გამოეწვია ახალგაზრდებში. – ამბობს ადამსი, რომელიც თვითონვე მართავს „სთიმის“ ავტობუსს. – ასეთი რამის გაკეთება ყველას შეუძლია. ეს იაფია და ეფექტური საოლქო ბიუჯეტისა და ხარჯებისათვის“.

მისურის შტატის სხვა სკოლებმა მიბაძეს ქოლამბიას წამოწყებას და მისტერ ადამსის ხელმძღვანელობით, ლიბერთის სასკოლო ოლქი უკვე აკეთებს „სთიმ“-ავტობუსს თავისი სკოლებისთვის. მსგავსი ინიციატივა გაჩნდა მერილენდის შტატშიც, სადაც ბალტიმორის საგრაფოს ოლქმა, დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის გააკეთა „მობალი ინოვეტივ ლაბ“ – მოძრავი ლაბორატორია რობოტირების, კომპიუტერული პროგრამირების, კოდირებისა და ქსელების შემსწავლელი მოწყობილობებით, რომელიც მოგზაურობს ოლქის სკოლებში და თითოეულში ერთი კვირით რჩება.

 

 „არტი“ – ხელოვნების ავტობუსი“: იუჯინი, ორეგონი

1980 წელს დეილ უეინგანდტმა, რომელიც ქ. იუჯინის პარკების ზედამხედველი გახლდათ და რომელიც შეწუხებული იყო იუჯინის განათლების საოლქო ბიუჯეტში ხელოვნების კლასებისთვის დაფინანსების შემცირებით, გადაწყვიტა შეექმნა „ხელოვნების ავტობუსი“ – მოძრავი პლატფორმა ბავშვებისათვის ხატვის, ძერწვისა და სხვა არტისტული საქმიანობის შესასწავლად. დეილს ეს აზრი ავტობუსზე დამონტაჟებული მოძრავი ბიბლიოთეკის ნახვის შემდეგ გაუჩნდა.

მომავალი 30 წლის განმავლობაში დეილ უეუნგანდტი პერიოდულად ამოწმებდა ქ. იუჯინის სატრანსპორტო მეურნეობის უფროსთან ჩამოწერილ ავტობუსებს, რომლებიც შესაძლოა საჩუქრად გადაეცათ მისთვის. 2015 წელს დეილის ოცნება ახდა.

თუმცა, ნაჩუქარ ავტობუსს ესაჭიროებოდა კაპიტალური გადაკეთება, რათა ის „ხელოვნების ავტობუსად“ გარდაქმნილიყო.

საბოლოოდ, დეილის, პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტის, და Imagination International-ის (კომპანია ორეგონიდან, რომელიც ხელოვნების მობილურ სკოლებზე მუშაობს) პარტნიორობით, შესაძლებელი გახდა შექმნილიყო „რივერ როუდ პარკ იმეგინაშენ ბასი“, რომელსაც დღეს ორეგონში „არტის“ სახელით იცნობენ. „არტის“ მეშვეობით, მხატვრები, დიზაინერები, აპლიკატორები და ხელოვნების სხვა წარმომადგენლები, უფასო გაკვეთილებს უტარებენ იმ ბავშვებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ხელოვნების წრეებზე სიარული ან შტატის მოშორებით მდებარე დასახლებებში ცხოვრობენ.

„ამ ბავშვებს სხვადასხვა მიზეზების გამო, არ შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა იმ სპეციალისტებთან თუ არტისტებთან, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ პატარების ცხოვრება“, ამბობს კეითი კასალენიო, პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტის დირექტორი. „მაშინაც კი, როდესაც სულ სამ ან ოთხ ბავშვს ემსახურები, ეს მათთვის გაკეთებული დიდი საქმეა. ეს მათ ახალ შესაძლებლობებს აძლევს“.

ზაფხულობით „არტი“-ავტობუსი, კვირის დღეებში ათამდე პარკს სტუმრობს. ორი პარკი დღეში – ასეთია „არტის“ გრაფიკი. ამ სამუშაოთი ყოველ კვირა ოცამდე ბავშვი იღებს ხელოვნების უფასო გაკვეთილებს.

პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტი თანამშრომლობს Stellar Project-თანაც, ფედერალური დაფინანსების მქონე კომპანიასთან, რომელიც ემსახურება ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს. ამ პროექტით ხელოვნებისა და წერა-კითხვის უფასო გაკვეთილები უტარდებათ ეკონომიურად გაჭირვებულ მოსწავლეებს ორეგონის შტატის სხვადასხვა საგრაფოში. ავტობუსი თითოეული მიმართულებით 8-10 დღიანი მარშრუტებით მოგზაურობს და სასკოლო საათების შემდეგ სტუმრობს შტატის დაბალშემოსავლიან დასახლებებს.

„არტი“ მარტო არ არის.  ქ. ჩარლსტონში (სამხრეთი კაროლინა) არასამთავრობო ორანიზაცია „ქეროლაინა სტუდიოს“ გაჭირვებულ დასახლებებში მობილური მუსიკალური ჩამწერი სტუდიით მოგზაურობს, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს უზრუნველყოფს საიმედო და უსაფრთხო სივრცით, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ მუსიკას, ისწავლონ მისი ჩაწერა და შეიძინონ ხმის ჩაწერისა და რედაქტირების ტექნიკური უნარები.

ფლორიდის შტატში, ორინჯის საგრაფოში მობილური საკვები სერვისი, უფასო ან დაბალფასიანი სადილებით უზრუნველყოფს საოლქო საჯარო სკოლებს, რათა დაბალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვებს მთელი წლის განმავლობაში ჰქონდეთ სრულფასოვანი საკვები სკოლებში და საზაფხულო არდადეგების დროსაც. 2014 წელს მოძრავი კაფეტერის სერვისის საშუალებით ორინჯის საგრაფოს საჯარო სკოლებში, ერთ მილიონზე მეტი სადილი დარიგდა.

საკვების დარიგების პარალელურად მოძრავი კაფეტერია ბავშვებს სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას, როგორებიცაა „წიგნების საზაფხულო კითხვა“, კონცერტები, რომლებიც ადგილობრივ ბიბლიოთეკებში ან ეკლესიებში იმართება. პროექტში, გარდა აშს-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და განათლების ადმინისტრაციისა, ჩართულია ოთხი ადგილობრივი ბიბლიოთეკა, თხუთმეტი ეკლესია და ოცი რეკრეაციული ცენტრი.

„ჩვენ ყოველთვის ვეძებთ სათემო პარტნიორებს, რომლებიც ბავშვებისთვის ჩვენი ღონისძიებების ჩასატარებლად თავიანთ დარბაზებს ან სივრცეებს გახსნიან. სხვაგვარად, მათი ჩატარება შეუძლებელი გახდება“, – ამბობს ლორა გილბერტი, ორინჯის საგრაფოს საჯარო სკოლების კვებისა და ნუტრიციის სამსახურის დირექტორი.

 „გიქბასი“ (Geekbus): სან-ანტონიო, ტეხასი

მარკ ბარნეტი მეშვიდე კლასში სწავლობდა, როდესაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელმა მას ველურ ყვავილებზე პროექტის გაკეთება დაავალა. „ეს პირველი შემთხვევა იყო, – იხსენებს ბარნეტი, – როდესაც სკოლა მომეწონა“.

თორმეტი წლის შემდეგ, ბარნეტმა, (იმ დროს უკვე შუა კლასების მეცნიერების მასწავლებელი ტეხასში) გადაწყვიტა რაღაც მსგავსი გამოცდილება შეეთავაზებინა თავისი მოსწავლეებისათვის. მან სკოლაში რობოტების ტექნოლოგიების ჯგუფი გააკეთა და სხვა საგანმანათლებლო ოლქებსაც დაეხმარა, შეექმნათ „სთიმის“ ტიპის (მეცნიერება, ტექნოლოგია, საინჟინრო საქმე და მათემატიკა)კლასგარეშე აქტივობების ჯგუფები. მოგვიანებით, ბარნეტმა სან-ანტონიოში „ხელმარჯვე ოსტატების“ კლუბიც დააარსა.

კლუბის მუშაობის პარალელურად, ბარნეტმა, სხვადასხვა ძველი ტექნიკისა და მოწყობილობების გამოყენებით და ქველმოქმედისგან ნაჩუქარი ავტობუსის მეშვეობით შექმნა მობილური, ავტობუსის ბაზაზე დამონტაჟებული სახელოსნო-ლაბორატორია, ე.წ. „გიკ-ბასი“ (ინგლ. Geek, „გიკ“, სლენგი: „კომპიუტერზე შეშლილი, გადარეული პროგრამისტი“, ლ.ა.), რომელშიც ნახავთ ქარის ტურბინების კომპლექტს, ასაშენებლ რობოტებს და „არდუინოსებს“ – პატარა პროგრამირებად კომპიუტერებს, რომელთა მეშვეობით ააწყობთ საათებს, კლავიატურას თუ სხვადასხვა რობოტს.

ბარნეტმა ასევე შექმნა სასკოლო კურიკულუმი  „სთემის“ საგნებში: რობოტ-ტექნიკაში (ე.წ. „რობოთიქსი“),3D- ბეჭდვაში (სივრცითი პრინტერები, ლ.ა.), განახლებად ენერგიებში, ვიდეო-თამაშების დიზაინში, ჰარდვეარის საინჟინრო დისციპლინაში და კომპიტერული სოფტის ინჯინირინგში.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „სასტემიკის“ დახმარებით, „გიკ-ავტობუსი“ 2014 წლიდან მოგზაურობს შტატის დასახლებებში და ამ საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობს სოფლებში და მცირე ქალაქებში მცხოვრებ მოსწავლეებს.

„ტექნოლოგია შესაძლოა ძალიან ძლიერ იმპულსად იქცეს იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აქამდე არ ჰქონიათ შანსი, ენახათ და შეესწავლათ იგი“, – ამბობს ბარნეტი, რომელსაც სურს რომ შესაძლებლობა ყველა ბავშვს მისცეს, მიუხედავად მათი ეკონომიკური მდგომარეობისა. „ინტერნეტზე წვდომა და კომპიტერების გამოყენების ცოდნა, ყველას თანასწორ მდგომარეობაში აყენებს“.

გასულ წელს, „გიკ-ბასი“ 15,000-ზე მეტ გაჭირვებულ მოსწავლეს მოემსახურა. ბარნეტის პარტნიორს, „სასტემიკს“ გეგმაში აქვს მეორე „გიკ-ბასის“ აღჭურვა. ასეთი სასწავლო ცენტრის შექმნის ინტერესი გამოთქვეს სოლტ-ლეიქ სიტისა და ლას-ვეგასის ორგანიზაციებმაც, რომლებსაც მსგავსი მიზნები აქვთ იუტასა და ნევადის შტატებში.

მერილენდში, არასამთავრობო ორგანიზაცია MdBio Foundation-ის ინიციატივით, მუშაობს ორი „სტიმ“-ბასი, რომელიც მოძრავი ლაბორატორიაა იმ მოსწავლეებისათვის, ვისაც ქიმია, ბიოლოგია და კრიმინალური მედიცინა აინტერესებს.

„ბობი“ – ავტობუსი-ბაღი მონტანიდან

დაწყებითი კლასების მოსწავლეები, „ბობის“ (Bozone Ozone Bus) დანახვისას, მისალმების ნიშნად ავტობუსს ხელს უქნევენ. მონტანის შტატის პატარა, სასოფლო-სამეურნეო ქალაქ ბოუსმანში ეს სასწავლო ავტობუსი უკვე იქ მცხოვრები თემის ნაწილად იქცა.

ყველაფერი კი სკოლის უფროსკლასელი მოსწავლის იდეით დაიწყო – მას სურდა, ბოუსმანის ხანდაზმულთა სახლისათვის სათბური გაეკეთებინა. ეს წამოწყება კი მობილურ საკლასო ოთახ-ბაღად გადაიქცა, რომელიც ადგილობრივ დაწყებით კლასებს სტუმრობს და ბაღის შექმნის წესებს ასწავლის ახალგაზრდა თაობას.

„ბობის“ რეალობად ქცევას ორი წელი, დაახლოებით $ 25,000 დოლარი და ორასამდე ადგილობრივი პარტნიორის ერთობლივი ძალისხმევა დასჭირდა. დასაჯდომი სკამები მცენარეებისთვის განკუთვნილ მიწიან ყუთებად იქცა, მზის ენერგიის პანელებმა ავტობუსის ჭერი ჩაანაცვლეს, ხოლო ბალახები და ბოსტნეული კულტურები ავტობუსის იატაკზე დაითესა.

ადგილობრივი სკოლის უფროსკლასელებმა თვითონვე შეადგინეს ბუნების მეცნიერებათა კლასების სასწავლო პროგრამა საგანმანათლებლო ოლქის პროგრამის შესაბამისად, რათა დაწყებითი კლასის ბავშვებისთვის თვითონვე ესწავლებინათ ფოტოსინთეზისა და მცენარეთა ანატომია საკუთარი მობილური ბაღის გამოყენებით. „ბობის“ საველე ვიზიტები უკვე მისწვდა 2,000-ზე მეტ მოსწავლეს ბოუსმანის ექვსი სკოლის დაწყებით კლასებში. პროექტის დასაწყისიდან დღემდე ბიოლოგიური ავტობუსი „ბობი“ თითქმის 10,000-მა მოსწავლემ გაიცნო.

ქ. ბოუსმანში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, „გალათენ ველი ფარმი, სკოლისთვის“ (Gallatin Valley Farm to School), საგრაფოს ბავშვებს ასწავლის საკვების გაზრდას ბაღებში და ჯანმრთელი კვების ანა-ბანას. მათაც აქვთ „ბობის“ მსგავსი ავტობუსი და გეგმავენ, საქმიანობა მთელ შტატში გაავრცელონ. ასევე დაგეგმილია ბიოლოგიისა და ბოტანიკის გაკვეთილებისათვის მათემატიკისა და ინგლისური ენის კურსების დამატება, რომლებიც ბაღის მოვლის გაკვეთილებთან იქნება დაკავშირებული.

„განა ყველა სკოლას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი ბაღი. ამიტომ, ჩვენთვის „ბობის“ ავტობუსი მართლაც უნიკალური გზაა, რომელიც ბაღს და მასში გაზრდილ საკვებად ვარგის ბოსტნეულს სკოლებში მიიტანს, როგორც ყველა მოსწავლისათვის თვალსაჩინო მაგალითს“, – ამბობს, ერინ ჯექსონი, გალათენის ველის სკოლის დირექტორი. „ჩვენ ვცდილობთ ყველას ვაჩვენოთ რომ „ფერმიდან – სკოლაში“ მიმართულების განათლება შეიძლება იმ ლინზებად იქცეს, რომლის მეშვეობითაც სკოლა მოსწავლეებს ძირითად საგნებს შესთავაზებს“.

სტატია თარგმნა და მოამზადა ლევან ალფაიძემ

ავტორი: Emelina Minero,

წყარო: https://www.edutopia.org/article/climb-aboard-school-buses-reimagined-emelina-minero

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი