პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ლიტერატურული ისტორია და პირიქით

ქართული ლიტერატურის გაკვეთილები სასწავლო მასალის მრავალფეროვანი შინაარსიდან გამომდინარე ხშირად მოითხოვს სხვა საგნების  სასწავლო პროცესში ჩართვას. ერთ-ერთი ასეთი საგანია ისტორია, რომელიც მოსწავლეებს ათობით მხატვრული თუ ინფორმაციული ტექსტის სიღრმისეული გააზრების პროცესს უწყობს ხელს. დღეს სწორედ ამ ტიპის ,,საზიარო“ გაკვეთილზე  ვისაუბრებ.

 

მეოთხე კლასის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში მოცემულია, ერთი შეხედვით, პრიმიტიული ტექსტი ორი ბიჭის შესახებ, რომლებიც ექსკურსიაზე ერთსა და იმავე ისტორიულ ძეგლს სხვადასხვა რაკურსით ხედავენ. აღნიშნულ საფეხურზე ისტორიის გაკვეთილები არ ტარდება, თუმცა ამ საგანთან კავშირს ხშირად სწორედ ისტორიული ტექსტების შესწავლით ვამყარებთ. ზოგიერთი მათგანი, ჩემი აზრით, მოსწავლეთა მხრიდან საფუძვლიან დაკვირვებას მოითხოვს. სწორედ ასეთ საკითხს წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული ტექსტი, სადაც დანგრეული ციხე-სიმაგრისადმი ორი ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულებაა ნაჩვენები.

 

გაკვეთილის მიზნად სინთეზური აზროვნების განვითარება, ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევების დახვეწა, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დისკუსიის წარმართვა და მარტივი კვლევის ჩატარება დავსახეთ. პირველ რიგში, ისტორიის მასწავლებელმა მოსწავლეებს ისტორიული მემკვიდრეობის ძირითადი ტიპები გააცნო და თითოეული მათგანი დეტალურად განიხილა:

ექვთიმე თაყაიშვილის ხსენების გარეშე კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბარი არ გამოვიდოდა და ორიოდე წუთით ამ შესანიშნავი ადამიანის არქივშიც შევიჭყიტეთ: „საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემს თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს. რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი. არ იყო ხალხი, თითო-ოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო! რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება. თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას!“

 

დასახელდა რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების აუცილებლობაზე მეტყველებს. ასევე გავიხსენეთ ყველაზე გავრცელებული საფრთხეები (ბუნებრივი და ადამიანის მიერ წარმოქმნილი), რომლებიც ისტორიულ ძეგლებს ყველაზე ხშირად დამუქრებია განადგურებით. დისკუსიაც გავმართეთ – ორ ჯგუფად გაყოფილი კლასი დიდი ენთუზიაზმით განიხილავდა ორი მოზარდის ურთიერთსაპირისპირო პოზიციას. შემდეგ კი ისტორიული წყაროს შესწავლის დრო დადგა.

პატარა მსმენელებმა ადრინდელ შუასაუკუნეებში, მცხეთასთან ახლოს, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს და ბელტისციხის ,,დაბადებას“ მიუსწრეს, ლაშა-გიორგის მემატიანის წყალობით შეიტყვეს, რომ სწორედ აქ გარდაცვლილა დემეტრე I,  XVIII საუკუნის ისტორიკოსის – ვახუშტი ბატონიშვილის დახმარებით კი ბებრისციხის მშენებლობის სულისჩამდგმელის –  არდამ ქართლის ერისთავის სახელიც გაიგეს. შემდეგ ციხის  მთავარ დანიშნულებას მივადექით. ბებრისციხე ხომ მცხეთის ჩრდილოეთიდან ჩამკეტი მცველი ნაგებობა გახლდათ, რასაც მისი ადგილმდებარეობა განაპირობებდა. იმ ადგილას, სადაც ციხე დგას, ხეობა ვიწროვდება, შესაბამისად, მცველი ნაგებობა ქალაქის ჩარაზვას შესანიშნავად ახერხებდა. ამას წინათ, ციხესთან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილმა სხვადასხვა პერიოდის ბევრმა ექსპონატმა დაადასტურა, რომ IV-XVIII საუკუნეებში ბებრისციხე მოქმედი ციხე-სიმაგრე იყო.

 

ლეგენდა, როგორც ხალხის მიერ თაობიდან თაობას გადაცემული დაუმტკიცებელი ისტორია, მსმენელებში ყოველთვის დიდ ინტერესს აღძრავს. ამიტომ მოსწავლეებს ზემოაღნიშნულ ნაგებობასთან დაკავშირებული ლეგენდაც გავაცანი:

 

გადმოცემის მიხედვით, ეს მიწა ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს. მას ხეობის ვიწროში ციხე ჩაუდგამს და შიგ მცველი ჩაუყენებია. თავადს ორი შვილი ჰყოლია – ლამაზი მაკრინე და გულქვა მამუკა. მამის გარდაცვალების შემდეგ მამუკას ქვეშევრდომებისათვის დიდი გადასახადი დაუკისრებია. მარინეს ხალხი შებრალებია და ძმისთვის მათი შეწყალება უთხოვია, გაბოროტებულ ძმას კი ქალი კოშკში გამოუმწყვდევია.

ერთ დღეს, როცა ყმებისათვის წყალწყალა შეჭამანდი მზადდებოდა, ყვავები მოფრენილან და ათუხთუხებულ ქვაბში ჩაცვენილან. ყმებს საჭმელი გადაუსხიათ, ამის შემხედვარე მამუკა კი გაბრაზებულა და გლეხებს დასაჭერად დასდევნებია. უეცრად ქვაბიდან გველები ამოცვენილან და მამუკას შემოხვევიან. სასოწარკვეთილი ახალგაზრდა თავადი ღმერთს დახმარების სანაცვლოდ ეკლესიის აგებას შეჰპირებია. თურმე ძმის გადარჩენაზე ლოცულობდა კოშკში გამომწყვდეული მაკრინეც, რომელიც ძმის გასაჭირს საპყრობილის სარკმლიდან ადევნებდა თვალს. ღმერთს თავადიშვილების თხოვნა შეუსმენია და და-ძმასაც ეკლესიურად ცხოვრება დაუწყია.

მაკრინე 70 წლის ასაკში გარდაცვლილა. დასაფლავების დღეს კუბოსთან თეთრწვერა მოხუცი მისულა, მიცვალებულს შუბლზე მთხვევია და უთქვამს: – „დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა!“ -ამ სიტყვების დასრულებისთანავე იქვე ჩაკეცილა და სული განუტევებია. ამიტომ ეწოდება ამ ნაგებობას ბებრისციხე.

 

გაკვეთილის დასკვნითი ნაწილი მოსწავლეების მხრიდან დაკვირვების უნარის გამოვლენას მოითხოვდა. ისტორიის მასწავლებელმა კლასი ორ ჯგუფად გაყო და თითოეულ მათგანს ნივთების ნაკრები გადასცა. პატარა არქეოლოგებს დაკვირვების შედეგად უნდა დაედგინათ ნივთების პატრონთა ასაკი, სქესი, პროფესია და სხვ. თამაშმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მოსწავლეებმაც საკმაოდ დეტალური კვლევის შედეგები შემოგვთავაზეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მეტწილად ისტორიული ამბების თხრობა და მოსმენა მოგვიხდა, გაკვეთილის ბოლოს მაინც მოვახერხეთ მწერლის სამზარეულოში დაბრუნება და ერთმანეთს პროექტის იდეის ერთგვარ ავტორთან – ოთარ ჭილაძის ბებრისციხისადმი მიძღვნილ, სტვენასავით უნებლიეთ წამოცდენილ ლექსთან დავემშვიდობეთ:

 

„მინდორში ვდგავარ და ქორებს ვუსტვენ,

მხოლოდ იმიტომ, რომ დაგენახვო,

ზედაზნის ნისლო, ნაზო და სუსტო,

მდინარის თვალო, ტყევ და ვენახო.

 

მთაზე უბელო ცხენს მივაჭენებ,

რომ მოგაწონო თავი, ბებერო,

და თუ არ ვიცი, თვითონ მაჩვენე,

როგორ შეგხედო და მოგეფერო.

 

მე იქნებ ვჩქარობ და სიჩქარეში,

რაც დღეს მეკუთვნის, იმასაც ვკარგავ,

მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენს გარეშე

ვერასდროს ვეღარ ვიქნები კარგად.“

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი