ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ლიტერატურა, როგორც აბსურდი

რა უნდა დავიტოვოთ ლიტერატურიდან ან რა უნდა შევმატოთ მას და რატომ? ეს კითხვები ყველა მოსწავლეს უჩნდება, თანაც უფრო მეტად – მათ, რომლებიც ნაკლებ ინტერესს იჩენენ საგაკვეთილო პროცესის დროს.

დაანახო მოსწავლეს სასწავლო მასალის ცხოვრებაში გამოყენების საჭიროება, ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა. უფრო რთული, ვიდრე ახსნა, გაგება და გააზრება. ყოველივე ამას როგორმე მოახერხებს მასწავლებელი სასწავლო რესურსების გამოყენებით, საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის დახმარებით, მაგრამ რეალურად აგრძნობინო მოზარდს, რომ ამა თუ იმ ავტორის ტექსტი ცხოვრებაში გამოადგება, ძალიან ძნელია.

ეს იმაზეც კია დამოკიდებული, რა არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, რაში ხარჯავს ის ყველაზე მეტ ფულს, რომელ სფეროში აღწევენ ყველაზე მეტ წარმატებას ადამიანები და აქვთ მატერიალურად თუ სხვა მხრივ უზრუნველყოფილი ცხოვრება. მახსოვს, როგორ მითხრა ჯავახეთში ჩემმა მოსწავლემ, რომ ქართული ენის სწავლა არ სჭირდებოდა, რადგან თუ ცხვრის ფარას გარეკავდა მთაში და ორი თვე უდარაჯებდა, რამდენიმე ათასი ლარით მეტს გამოიმუშავებდა, ვიდრე მე მთელი წლის განმავლობაში. მაშინ ვერაფერი მოვიფიქრე ჩემი პოზიციის დასაცავად. ვიცოდი, რომ მისი ოჯახისთვის პრიორიტეტი ფინანსური მოგება იყო და არა სწავლა, პიროვნული განვითარება და ა.შ.

მივხვდი, რომ იმ დღეს ვერაფერს მივაღწევდი, რადგან ბავშვმა არ იცოდა, რა სიკეთე მოაქვს განათლებას, რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდისკენ სწრაფვა, საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებზე მუშაობა, რომ ყოველივე ამას საბოლოოდ მატერიალური თუ სოციალური სარგებელიც მოაქვს. ეს იგივე იქნებოდა, უიდიპურში ინდოელისთვის აგეხსნა, რა საოცარი სუნი აქვს მცხეთის ჯვრის კედლებს, როცა ძველი ქვა მზის სხივებისგან ცხელდება.

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ლიტერატურათმცოდნეობისა და ფილოლოგიის ფაკულტეტებზე ჩამბარებელთა უმეტესობა, ვისთანაც მისაუბრია (და ასეთია ყოველწლიურად ჩარიცხულთა არცთუ მცირე ნაწილი), ელის, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ რომელიმე სკოლაში მასწავლებლად იმუშავებს ან რეპეტიტორობას დაიწყებს. მასწავლებლის საშუალო ხელფასი საქართველოში ძალიან მცირეა, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის კარგად სწავლა მოსწავლეთა საკმაო ნაწილისთვის მომავალ ფილოლოგობასთან ასოცირდება.

ეს არასწორი აღქმა ამცირებს საგნისადმი ინტერესს, აბრკოლებს შემოქმედებით მიდგომას. რჩება რამდენიმე ვარიანტი:

  1. მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას იმ საგამოცდო პროგრამების მიხედვით, რომლებიც ერთიან ეროვნულ და საატესტატო გამოცდებზე სჭირდებათ. გამოცდები კი ნებისმიერ შემთხვევაში შეჯიბრებითობაზეა დაფუძნებული. მოსწავლე სწავლობს იმდენს, რამდენიც აუცილებელია კარგი შედეგის მისაღწევად, ამიტომ მას აღარ აქვს შემოქმედებითობის სურვილი, მცდელობა, ლიტერატურა აღიქვას პიროვნების, კარგი მოქალაქის განვითარების უდიდეს საშუალებად.
  2. ლიტერატურა და ენა რჩება გაგებული და გააზრებული იმ დონეზე, რაც სკოლაში მოითხოვება. მოსწავლეთა ნაწილი ფიქრობს, რომ მათ იციან სახელმწიფო ენა, შეუძლიათ კომუნიკაცია, იციან რამდენიმე დიდი მწერლის მოკლე ბიოგრაფია და მნიშვნელოვანი ტექსტების შინაარსი, რაც სავსებით საკმარისია. ისინი ხელმძღვანელობენ ლოგიკით, რომ ლიტერატურა, ენა კომუნიკაციის საშუალებაა და მეტი არაფერი. მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, არ უჭირთ, ყველაფერი დანარჩენი კი მათთვის ზედმეტია და უსარგებლო.

ასეთ დროს ყველაფერი, რაც ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული, იქცევა აბსურდად და თავად ეროვნული სასწავლო გეგმის სრულყოფილი შესრულებაც კი არ ნიშნავს იმას, რომ ლიტერატურა ახლოა მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის მაინც. ყველაფერი ისეთივე აბსურდული ჩანს, როგორც რომ უიდიპურის ინდოელს მცხეთის ჯვარზე ესაუბრო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი