შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პატარძლების ისტორია, რომელსაც ფინალი არ აქვს

უქმრო და დეპრესიული ქალები, ციხის დამთრგუნველი ატმოსფერო და იქვე გამომწყვდეული, ცხოვრების ნორმალური რიტმიდან ამოვარდნილი კაცები. რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „პატარძლები” სწორედ იმ ატმოსფეროს ასახავს, რომელმაც თავის დროზე ლამის მთელი ქვეყანა შეძრა. რადგან ოფიციალური ქორწინების გარეშე ცოლებს პატიმარ ქმრებთან არ უშვებენ, ისინი ციხეში ხელის მოსაწერად შეჰყავთ. ბადრაგი კართან შეჰყვირებს – „კარი გააღეთ, პატარძლები მოდიან!” და ისინიც შედიან სხვადასხვა ასაკის, სოციალური წრისა და ბედის – ახალგაზრდა თუ შუახნის ქალები, სოფლიდან ჩამოსული ხანშიშესული ქალბატონები. ხელის მოწერა იქვე ხდება, ბედნიერებისთვის სულ ათი წუთია გამოყოფილი, დანარჩენი უკვე დრამა და ბედისწერაა.

 

უყურებ ფილმს და ხვდები, რომ ეს არ არის უბრალოდ ამბის თხრობა, არამედ აქ ორი ადამიანის ბედისწერაა, რომელიც თითქოს წინასწარვეა განსაზღვრულია. ფილმიც მათ გამოუვალ მდგომარეობაზეა, დახშულ სივრცეზე, რომელსაც ვერ გაარღვევ; სხვისი წესებით ნაკარნახევ ცხოვრებასა და ფატალიზმზე, როდესაც ზარიდან ზარამდე, პაემნიდან პაემნამდე მხოლოდ რუტინა და დიდი დანაშაულის განცდაა დროებითი გატაცების გამო.

თინათინ ყაჯრიშვილი რეალურად კარგად გააზრებულ, დრამატურგიულად აწყობილ და მაყურებლისკენ სწორად მიმართულ ფილმს გვთავაზობს. ჩვენმა საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რა ხდება ციხეებში. მაგრამ მხოლოდ პატიმრების ოჯახების წევრებმა იციან, რა რეალობაა მის კედლებს მიღმა. რეალობა კი პატიმრის პატრონის დამცირება, დაუსრულებელი რიგები, ლოდინი და სასჯელის ვადის დასრულების მოლოდინში გასული წლებია. სწორედ ასე ცხოვრობს ნუცა, მარი კიტიას გმირი, რომელიც ქმრის, ორი შვილის მამის ციხეში მონახულების სანაცვლოდ რამდენიმე წუთით პატარძლად იქცევა და პატიმარზე ქორწინდება.

 

ციხეში პატარძლები მოდიან, მაგრამ მათ აქ არც თაიგულებს ახვედრებენ, არც გაშლილ სუფრას და არც ტორტის დაჭრას აპირებს ვინმე. მეტიც, მათ პირველი ღამის უფლებაც არ აქვთ, რადგან ცოლად ქურდებს, ყაჩაღებსა და მკვლელებს გაჰყვნენ. შემდეგ ყველაფერი ისევ ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება: ლოდინი, რიგები, უკანასკნელი კაპიკების თვლა და დამცირება, რომელთან ბრძოლასაც ფილმის მთავარი პერსონაჟი, ნუცა გამუდმებით ცდილობს. პატიმრის ცოლის სტატუსს უარყოფს და იტყუება, რომ მისი ქმარი ერაყში იბრძვის, შვილსაც ატყუებენ და საბოლოოდ მამა მათ თვალში გმირია, რომელიც ბოროტებას ებრძვის.

 

სინამდვილეში ასეც არის, მამა ყველაზე დიდ ბოროტებას – მარტოობას ებრძვის. პირველი 24-საათიანი პაემნის დროსაც კი ცოლ-ქმარი საკანს საკუთარი სახლივით აწყობს, თითქოს ამით დროისა და სივრცის არევა სურთ. თუმცა ფანჯრის იქით გისოსები ჩანს, რომელიც ფილმის პერსონაჟებსაც და მაყურებელსაც გამუდმებით ახსენებს, რომ წესებს აქ სხვა გვკარნახობს.

 

თინათინ ყაჯრიშვილმა გადაიღო წმინდა ადამიანური დრამა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ კადრში ხშირად ჩანს არც თუ ისე სახარბიელო საყოფაცხოვრებო პირობები, აქ აქტი გმირების არა ფინანსურ, არამედ სულიერ სიცარიელეზე კეთდება.

 

როგორც ცნობილია, სცენარზე მუშაობის დროს თინათინ ყაჯრიშვილი პირად გამოცდილებასაც იზიარებდა. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ფილმის პრაქტიკულად ყველა სცენა ძალიან რეალური და ხელშესახებია.

 

პაემანი სრულდება, პატარძლები საკნებს ერთდროულად იმედითა და სიცარიელით სავსეები ტოვებენ, თუმცა ავტორი ისტორიას არ ამთავრებს, არ გვეუბნება ამ ამბავს როგორი ფინალი ექება და ამით მთელ ტკივილს ერთად უყრის თავს.  არავინ იცის, როგორი ფინალი შეიძლება ჰქონდეს ასეთ ისტორიებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი