პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გეოგრაფიულ ტექსტებზე მუშაობა

ჩვენს საუკუნეში ადამიანს თითქმის ყოველდღიურად სჭირდება სამეცნიერო გეოგრაფიული ცოდნა, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინფორმაციის სწორი გაგება, აღქმა და ინტერპრეტაცია. რომ არ ჩამორჩეს მოვლენებსა და სწრაფად ცვალებად პროცესებს, მან უნდა მიმართოს წიგნს ან ინფორმაციის ელექტრონულ წყაროებს, სადაც ძირითადად მაინც ტექსტურ ინფორმაციასთან მოუწევს მუშაობა. სხვადასხვა შინაარსის ტექსტთან მუშაობის უნარ-ჩვევები კი მან სკოლაში უნდა შეიძინოს.

უამრავი და მრავალფეროვანი რესურსების არსებობის მიუხედავად, მოსწავლეებისთვის ცოდნის მიღების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ მაინც სახელმძღვანელო რჩება, სადაც მათ მუშაობა ტექსტურ ინფორმაციასთან უწევთ. სახელმძღვანელოზე მუშაობისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციებია მასალის განმტკიცება, მოსწავლეთა თვითშეფასება, ინტეგრირება (დამატებითი ცოდნის შერწყმა ძირითადთან), კოორდინირება (ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, როგორიცაა შრომისმოყვარეობა, აქტიურობა, შემოქმედებითობა) და ტრასფორმაციის ფუნქცია (მასალის გარდაქმნა და სისტემატიზაცია).

ტექსტთან მუშაობისას ისეთი ხერხები გამოიყენება, როგორიცაა დიალოგი და კითხვები, მთავარის ამოწერა ან მარკირება, სქემების, ნახატების, ცხრილების, მინი კონსპექტების შედგენა. ყველა ეს ხერხი ინფორმაციის დამუშავებას ემსახურება და მათ გეოგრაფიულ ტექსტებთან მუშაობისასაც ვიყენებთ. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

1.სავარჯიშო ”რედაქტორი” ან ”ქართულიდან ქართულად თარგმნა” – მოსწავლეებს ვაკითხებთ ტექსტში შედარებით რთულ წინადადებებს და ვთხოვთ, წაკითხული ჩაწერონ ან ზეპირად გადმოსცენ თავიანთი სიტყვებით, გაამარტივონ. ოღონდ ისე, რომ აზრი არ დაკარგონ.
2.დასვან შეკითხვები – რატომ, რისთვის, როგორ ავხსნათ და სხვ. – მონიშნულ და გამოყოფილ აბზაცებთან;
3. ”ბრმა” ტექსტის შევსება ტერმინების გამოყენებით – ტექსტში გამოტოვებულ ადგილებში მოსწავლეები შესაბამის სიტყვებს წერენ.
4.სხვადასხვა წინადადების შედგენა ერთი და იმავე ცნებებისა და ტერმინების გამოყენებით;
5.ცნებებისა და ტერმინების ჩაწერა სიმბოლოების გამოყენებით;
6.ცხრილების შევსება სახელმძღვანელოს ტექსტის მიხედვით. მათ შორის;

7. თემის ინტელექტრუკის (აზრობრივი რუკის) შედგენა; ამ რუკის თავისებურებაა ისაა, რომ მისი შედგენისას პროექტირება იწყება ცენტრიდან – ძირითადი ცნებიდან და სხვადასხვა მიმართულებით ვრცელდება. ასეთი რუკის შედგენისას გამოიყენება, როგორც სიტყვები, ასევე სიმბოლოები, ნახატები, დიაგრამები და სხვ. მაგ; ასე შეიძლება გამოიყურებოდეს ინტელექტ-რუკა გლობალური დათბობის შესახებ.

8.შესწავლილი მასალის განზოგადების მიზნით მეტად ეფექტურია, ე.წ.
”სინკვეინის” (ფრანგული სიტყვაა და ”ხუთს” ნიშნავს) მეთოდის გამოყენება. ეს არის ლექსი, რომელიც 5 ხაზისგან შედგება. პირველ წინადადებაში იწერება ერთი სიტყვა, ძირითადად არსებითი სახელი, რომლითაც გამოხატულია ლექსის თემა. მეორე სტრიქონზე ხდება თემის აღწერა ორი სიტყვით, ძირითადად ზედსართავებით. მესამე სტრიქონში აღწერილია მოქმედებები, ძირითადად, ზმნებით, მოცემული თემის ჩარჩოებში. მეოთხე სტრიქონი – 4-სიტყვიანი ფრაზაა, რომელიც აღნიშნულ თემასთან დამოკიდებულებას გამოხატავს. მეხუთე სტრიქონი კი ისევ ერთი სიტყვაა – პირველის სინონიმი, ემოციური, წარმოსახვითი, ფილოსოფიური განზოგადება, თემის არსის განმეორება. მოვიტანოთ სინკვეინის მაგალითები:
11 კლასი
ინდოეთი
ძველი, ლამაზი
გვიტაცებს, გვიზიდავს, გვაინტერესებს
ყველაზე უჩვეულო ქვეყანა აზიაში
არაჩვეულებრივი
7 კლასი
მდინარე
ფართო, წყალუხვი
მიედინება, იცვლება, დიდდება
საქართველოს უგრძესი წყლის ობიექტი
წყალი
9. აზრობრივად მსგავსი ცნებების შედარება და მსგავსების დადგენა. მაგ. რა საერთო აქვთ ტუნდრასა და უდაბნოს? რა მსგავსებაა პოლონეთისა და ჩინეთის გეოგრაფიულ მდებარეობას შორის? პასუხები უნდა მოიძებნოს სახელმძღვანელოს ტექსტში.
10.აზრობრივად მსგავსი ცნებების შედარება და განსხვავების დადგენა. მაგ. ჩამოთვალეთ, რაც შეიძლება მეტი განსხვავება ბრიზებსა და მუსონებს შორის; შეადარეთ ციკლონები და ანტიციკლონები და იპოვეთ მათ შორის სულ მცირე 4 განსხვავება; რა განსხვავებაა წყალდიდობასა და წყალმოვარდნას შორის?
11.ტექსტის სახით მოცემული ინფორმაციის ცხრილად, სქემად, დიაგრამად, რუკად, სიმბოლოებად და სხვ. გადაქცევა, გაანალიზება და დასკვნის გამოტანა. ამ სამუშაოს ჩატარება შემდეგი გეგმით ხდება: ტექსტის წაკითხვა, გაანალიზება და მთავარი ”მოქმედი გმირის” დადგენა – რა არის აღწერილი – ობიექტი (ობიექტები) თუ პროცესი (პროცესები); თუ ტექსტის მთავრი გმირი ობიექტია, მაშინ ცხრილი ასეთი იქნება:

12.გაკვეთილზე სახელმძღვანელოზე მუშაობისას, განსაკუთრებით კი შედარებით რთული თემების შესწავლისას მეტად ეფექტურია ტექსტის კომენტარებით კითხვა. ამ დროს მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს, ხოლო მასწავლებელი გზადაგზა ხსნის რთულ საკითხებს. კითხვის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები ტექსტს თავისი სიტყვებით ჰყვებიან და სვამენ კითხვებს. ასევე კარგია ტექსტის გეგმის შედგენა, რომელიც თავის მხრივ ტექსტში განხილული პრობლემების ჩამონათვალს წარმოადგენს. გეგმის შედგენა ორი გზით შეიძლება: უშუალოდ ტექსტის კითხვის პროცესში და ტექსტის გაცნობის შემდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი