პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წარმოსახვა აზროვნებაში, პირობითად – Fata Morgana

ვთქვათ, ისლანდიის სანაპიროზე ვიმყოფებით და ვხედავთ, როგორ მოჰყვება ოკეანეში მცურავ გემს მის თავზე ცაში თავდაყირა დაკიდებული მეორე ხომალდი. მათი ანძები ერთმანეთს ერწყმის. თანდათან ყირამალა მოლივლივე ხომალდი სულ უფრო ბუნდოვან კონტურებს იღებს და ბოლოს უჩინარდება, თითქოს გიგანტური საშლელით იშლება. ვოცდებით, თუმცა ვიცით, რომ ეს მირაჟია, ოპტიკური მოვლენის ერთ-ერთი სახეობა – ფატა მორგანა. ჰაერში დაკიდებული გემი ნამდვილი ხომალდის ანარეკლია, სარკის როლს კი აქ ატმოსფერო ასრულებს[1].

 

თუკი ეს ყველაფერი მირაჟია და აიხსნება საგნიდან წამოსული სინათლის სხივების გამრუდებით, რასაც სინათლის გარდატეხის ანომალიური განაწილება იწვევს[2], მაშასადამე, საქმე გვაქვს აქტუალური ობიექტური სინამდვილის ასახვასთან, ჩვენ კი მასთან ვურთიერთობთ, ანუ აღვიქვამთ. მაგრამ თუკი მირაჟის ეს ფორმა რეალობის ასახვაა და მისი აღქმა, საინტერესოა, რატომ ეწოდა უცილობლად ფატა მორგანა’ და არა *ფატა ბეატრიჩა?!

 კონკრეტული ნომენის[3] სახელდების ფსიქოლოგიური საფუძველიც, რის გამოც ოდესღაც ამ ბუნებრივი მოვლენისთვის Fata Morgana უნდა ეწოდებინათ, ასევე ობიექტური, დამოუკიდებელი  სინამდვილის ასახვაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თავად ამ გრძნეულს თუ მის შესახებ ამბავს წარსულში ისე უმოქმედებია მის სახელმდებ ვინმე X-ზე, რომ აღქმის საშუალებით ახალი სინამდვილეც შეუქმნია, ანუ წარმოუსახავს მეფე არტურის გრძნეული ნახევარდა მორგანა,[4] რომელიც ძმას იმდენად მტრობდა, რომ ასოცირდებოდა ვულკანისმფრქვეველ მთა ეთნასთან და საშიშ სირენებთანაც კი, რომლებიც მეზღვაურებს მომაჯადოებელი ხმით იტყუებდნენ და გემებს უმსხვრევდნენ.

ვინმე X-ის გამოჩენამდე ადრე შუასაუკუნეებიდან გადმოყოლილი ეს ლეგენდები ახალი წარმოსახვის საფუძველი გამხდარა ქრისტოფ მარტინ ვიელანდისთვის[5], რომლის  ლექსიდან „ფატა მორგანას საჰაერო სასახლეები“ (‘Fata Morgana’s Castles in the Air’) ამ უკანასკნელის  ყოვლისმომცველი იდეა ისე განზოგადებულა, რომ მრავალ ენაში კვლავაც გამოიყენება მირაჟების აღსანიშნავად, თუმცა პირველი X, რომელმაც თავისი წარმოსახვა არტურიანულ ლეგენდებსა თუ ვიელენდის პოეტურ სახეს დაუკავშირა და შემდგომი კვლევების საფუძველზე ძმა  ტობიასთან ერთად თავისი ფიზიკური თეორიაც შეიმუშავა, გახლდათ  გაბრიელ გრუბერი. მათ შემდგომ არაერთი მეცნიერი იკვლევდა ამ საკითხს, რომლის შემოქმედად თვლიან გრავიტაციას – რომ მასიური სხეულები იზიდავენ არა მარტო ნივთიერებებს, არამედ სინათლის სხივსაც. სწორედ ეს იყო ალბერტ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ერთ-ერთი რევოლუციური წინასწარმეტყველებაც, რომელმაც ძირეულად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სივრცისა და დროის შესახებ.

თუმცა ილუზორულ კონტინუუმშიც შეიძლება იმის დაშვება, რომ წარმოსახვა  შემოქმედების ჩანასახია. თვით მეფე არტურიც კი ვერ იფიქრებდა, მისი გრძნეული დის სახელი ბევრისთვის ამდენად კეთილისმყოფელი შთაგონების წყარო თუ გახდებოდა და ქრისტოფ მარტინ ვიელანდის გარდა არაერთ პოეტის მუზას შეასხამდა ფრთებს, ჰენრი ვადსვორთ ლონგფელოუსაც[6] აქტიურად შეაყენებდა  რომანტიზმის გაუვალ გზებზე, ჩვენ კი მისი ლექსის თარგმნას შთაგვაგონებდა და გრძნეული ფანტომისა თუ მისი ილუზიისადმი მიძღვნილ ლექსს (FATA MORGANA) ქართულად ასე აგვაჟღერებინებდა:

„ჰოი, იმ სიმღერის ტკბილო ილუზიავ,

ყველგან რომ აცდუნებ მგზავრს,

მარტოსულ მინდვრებზე და თუნდაც მუსვრაში,

რომელშიც უძრავად ჩანს.

მე გიახლოვდები, შენ უჩინარდები,

ხელს გახებ, გარბიხარ შორს,

თუმცაღა ნიადაგ  – დღისითაც, ღამითაც,

შენი ხმით გულის სისხლს მთხოვ.

ვითარ დაქანცული ყარიბი, ვხედავდი

უდაბნოს სიცხეში ტბას

ან როგორ ერთვოდა ძვირფასი სასახლე

პრერიის უღრუბლო ცას.

უზადო ქალაქებს მაღალი კოშკებით,

ოქროს სახურავთა ალს,

დანისლავს ბურუსი და ქარი განაბნევს,

როგორც განაბნევდა ავლს.

თუმც ვერ შევჩერდები, სულ ვიხეტიალებ,

ვიდრე ანათებ და ვარ,

ელვარე ქალაქო საამო სიმღერის,

ოცნების მიწავ და ცავ.

მე კვლავ შემოვაღებ ოქროსფერ კარიბჭეს,

შენამდე მოვაღწევ როს.

აქ აღარ დამხვდები!  თუმც დაველოდები

შენთან კვლავ შეხვედრის დროს“.

ეს მოკრძალებული ცდუნება დიად ცდუნებებთან ვერასდროს მივა, თუმცა შემოქმედების კარიბჭეში მირაჟების შიშისა და ფუჭი იმედების გარეშე ბევრს შეუღწევია, რეალობისთვის თვალი გაუსწორებია, წინაღობები გადაულახავს და გარეშე თვალისთვის ახალი მირაჟების შესაქმის წყარო გამხდარა. მაგალითად, ედგარ ალან პოს, რომელიც თავისი წარმოსახვით ლიტერატურის დარგში ყველაზე წინგამხედავი აღმოჩნდა და დეტექტიურ-ფილოსოფიური ილუზიების/იმაგინაციების წყალობით  საკუთარი სახელი – „ედგარი“ – მწერლებისთვის ჯილდოდ აქცია, მისი ზარები ცხოვრების გზებზე ხშირად გაისმის, ისევე, როგორც მისივე საათის მაჯისცემა „წითელი სიკვდილის ნიღბიდან“, ან პირებალესილი ქანქარას შხუილი ვირთხებით სავსე საპყრობილეში თვალუწვდენელი, პირღია ჭის თავზე ანაც მორგანასებრ გრძნეული ხმებით ამონათქვამი ხშირი უარი – “Never more!”. რა იყო ასე დიდი იმპულსი, რითაც გონება აამოქმედა ან დიდი ძალა, რითაც აზრი სხვა ასტრალებში გადაავანა?!

ბევრი მწერალი მიიჩნევს, რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ფანტაზიაა და იგი მეცნიერის გონებასთან ერთად ერგო ედგარ ალან პოს.   „ნანტუკეთელი არტურ გორდონ პიმი“ – მწერლის ერთადერთი რომანი  – ჟიულ ვერნის წარმოსახვის შთაგონება აღმოჩნდა „არტურ გორდონ პიმის მონათხრობისთვის გლასის სფინქსიდან“[7]. პიმის ილუზია ინტელექტუალური გონების წარმოსახვაა  სამხრეთ პოლარულ რეგიონში ცხოვრების შესახებ უკვე ორზე მეტი ,საუკუნის წინ და მან თავის მხრით, არაერთ სამეცნიერო ფიქციას – სპეკულაციურს, იმაგინაციურს, ფუტურისტულ მეცნიერებას და ტექნოლოგიებს, სივრცესა და დროში, სინათლის სიჩქარეზე უსწრაფესად მოგზაურობას, პარალელურ სამყაროებს, კოსმიურ სიცოცხლეს…– დაუდო სათავე. ვერნის ბევრი წინასწარმეტყველება ახდა და თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით განვითარება ჰპოვა. ნუთუ ჟიულ ვერნი ედგარ ალან პოს მირაჟი იყო? არამც და არამც! მისი შემოქმედება კი შეიძლება იქცეს აღქმულთან ერთად მის ილუზიად. რაც უფრო მშვენიერი იქნება საგანი, მით უფრო მშვენიერ ილუზიებს, დაუვიწყარ მირაჟებს დაბადებს იგი.

ამბობენ, რომ კარგი წარმოსახვისთვის აუცილებელია ალღო (ინტუიცია), გამოგონება (ინოვაცია) და  განყენება (კონცეპტუალიზაცია).  იმაგინატორები თითქოს დიდი სურათის წინაშე დგანან, იღებენ ინიციატივას, სახავენ გზებს და პრობლემებს ახლებურად უმკლავდებიან. მათი აზროვნება არ ცნობს დაბრკოლებას და მთლიანად მზა და თავისუფალია შესაძლებლობის წარმოსაჩენად. ჰომეროსი, პითაგორა, კონფუძი, არისტოტელე, ევკლიდე, ალ-ხვარიზმი, ჩემთვის პეტრიწი, აღმაშენებელი და რუსთაველიც, ლეონარდო და ვინჩი, შექსპირი, რემბრანდტი და გალილეი, დეკარტე, სერ ისააკ ნიუტონი, სმიტი, ლოკი, კანტი, სპინოზა, ვაჟა, ილია, ტოლსტოი, თაგორი, ჯორჯ ბერნანდ შოუ, რასელი და აინშტაინი, ალან ტურინგი… – არასრული ჩამონათვალია იმ ხალხისა, ვინც დაბრკოლებების მიუხედავად, ხედვას გზა გაუხსნა და მირაჟებისა მანამ ირწმუნა, ვიდრე ისინი გაქრებოდნენ.

კენ რობინსონი თავის წიგნში „გონების გარეთ“ გვეკითხება, თუ რამდენად გვრწამს ჩვენ ძალის? რამდენად შემოქმედებითი ვართ ჩვენ ან ისინი, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ? რას ვიტყოდით მეგობრებზე? გვთხოვს, მოდევნო შეხვედრისას გვეკითხა მათთვის ამის შესახებ. მისთვის პარადოქსული და ყველაზე დასაფიქრებელი კითხვა იმათ შორის, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, ის არის, თუ რატომ ფიქრობს ბავშვების უმეტესობა, რომ უაღრესად კრეატიულები არიან, ზრდასრულთა უმეტესობა კი – არა?

იმიტომ ხომ არა, რომ წარმოსახვების ასაკი ბავშვობის კუთვნილებაა ან ჩვენ გვაქვს აზრისა და წარმოდგენის დაბალი ხარისხი და აუცილებლად უნდა გავზარდოთ? იქნებ გვჭირდება იმის შეხსენება, რომ თვალსაჩინო წარმოდგენებთან ერთად თვალსაჩინოებით სავსე აზრები გვჭირდება გრძნობადი შინაარსის სიმკვეთრით, კონკრეტულობის მაღალი ხარისხით და ურთიერთგანსხვავებული აზრისა და წარმოდგენის თანაგანცდით?!

ფრინველის წარმოდგენა ვერ იქნება კონკრეტულად მტრედის ან მერცხლის წარმოდგენა. იქნებ ამიტომაც დაეცა იკაროსი, რომელსაც ცვილი მზემ დაუდნო და მშვენიერი ფრთებიც სიცოცხლის მსგავსად ოკეანის ზვირთებმა მოსტაცეს. მან გონებაში ვერ წარმოსახა ის, რაც მამამ უთხრა. დედალოსი კი, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა მისი შვილის ასეთ დაუდევრობას, მით უფრო მაშინ, როცა შემოქმედი დისწული ნიჭის გამო თავად გაწირა. იკაროსს რომ მეტი სიმბოლური წარმოსახვის ნიჭი ჰქონოდა, უფრო თვალსაჩინოდ წარმოიდგენდა თავის მომავალს და შეიგრძნობდა მის მნიშვნელობას. მისი  წარმოსახვა პირობითი აზრის სიმბოლურ მატარებლად გადაიქცა, პირობითად აღნიშნა ფრენის სიმბოლო, მაგრამ ეს პირობითობაც არ აღმოჩნდა სრული და საკმარი. ამიტომაც დამარცხდა ასე სასტიკად.

როგორ გამოიგონა იობელმა პირველი საკრავი? რა თვალსაჩინო სქემებს დაეყრდნო გაბმული აბსტრაქტული აზროვნების პროცესში მისი აზრი? რა სქემატური წარმოდგენა შემოვიდა მის გონებაში, იმისათვის, რომ აღექვა ბგერა, ეგრძნო და განეცადა იგი?  როგორ იპოვა პითაგორამ მეთუნესთან იდეა მონოქორდისა, რათა შემდგომში  ტეტრაქორდები გამოეგონა?! რამ შთააგონა ნეტავ თუბალს,  ჟანგიანი მიწის ნაგლეჯი ლაპლაპა საგნად გადაექცია, გადაედნო და, უპირველესს, მას გამოეჭედა? რა იყო მისი საწინაო სქემა? ან მეორე? თუნდაც – მესამე? რით გაამდიდრა მან ეს სქემები, რომლებიც ზოგჯერ თურმე ისე ღარიბია, რომ მასში ნაგულისხმევ აზრსაც კი აფერხებს?! სად იყო მისი პირველი სტენდი და სად მოაწყვეს პირველი წარდგენა თუ პრეზენტაცია მან და ნოემამ, ლამექისაგან ნახევარდამ, რომელმაც ჩვენთვის სამკაულები გამოიგონა?! როგორ არგებდნენ განყენებულ აზრის დასაყრდენს აზრის ობიექტს, ანუ სიტყვებს, რომელთა განცდაში წინა პლანზე არის აზრი და მნიშვნელობა და არა ნიშნის თვალსაჩინო შინაარსები?!

ჰიპოტეტურად პასუხები ყველა კითხვას აქვს. ჯერ მთავარია, ჩვენ ისინი რომ მოვარგოთ ჩვენს წარმოსახვებს, ამისთვის კი, სუბიექტურად საგნებისთვის მოვიფიქროთ სამოქმედო ინსტრუმენტები, მათი საშუალებით განსხვავებულად ვიმოქმედოთ განსხვავებულ ამოცანებში, ობიექტური აღწერილობის ხატები შევქმნათ ობიექტური მოცემულობით; დავინახოთ მათი მირაჟები ქვემოდან, გვერდებიდან, დავინახოთ ფატა მორგანა. და თუ რომელიმე პოეტის სიტყვებს გულით აღვიქვამთ, მის ანარეკლზე შეიძლება რამე ახალი ფიზიკური თეორიაც გამოვიგონოთ.

ჩვენ თუ არა, ბავშვები ამას აუცილებლად მოახერხებენ. ჯერ წავუკითხოთ ამონარიდი:

ერთხელ ვიყავი შენი ლურჯი ხავერდის ფარდა, მრცხვენოდა, შენთვის გამემხილა ცუდი ამინდი“…

ვაჩვენოთ ფარდა და დავავალოთ, გამოაცნობინონ მას კარგი თუ ცუდი ამინდი.

ახალ ჯერზე კვლავ წავუკითხოთ ამონარიდი:

„…ერთხელ ვიყავი საწოლი და როცა გეძინა, ფეხები ძირში გადამაჭრეს, ზეწარი აფრად გამომაბეს, ბალიში წყალში დაახრჩვეს და გამდინარე წყალს დამაყოლეს…[8]

დაე, მათ მართლაც გამოიგონონ ის საწოლი, რომელიც ნავად გადაიქცევა, აფრას აუშვებს და დიდი მირაჟების სანახავად ილუზიების უსაზღვრო ზღვაში უმტკივნეულოდ დაიწყებს ცურვას  სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე. მერე კი თავად აირეკლავს და კვლავ გვაჩვენებს ასე უცნაურ Fata Morgana-ს.

 

 

 

 

[1] ეს მართლაც შეიძლება მოხდეს https://www.tabula.ge/ge/story/53077-kosmosuri-mirazhi

[2] https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%98

[3] ნომენი (ლათ. ‘nomen’) – ძველ რომში მოქალაქის მეორე პერსონალური სახელი, რომელიც  ადამიანის გენეტიკურ მიკუთვნებულობას გამოხატავდა, მაგ., მარკუს ტულიუს ციცერონი.

[4] აკი La Fata Morgana-ც გრძნეულ მორგანას გამოხატავს.

[5] Christoph Martin Wieland – გერმანელი პოეტი და მწერალი (1733 -1813)

[6] Henry Wadsworth Longfellow. ლექსი გამოქვეყნებულია 1873 წელს.

[7] ‘The Narrative of Arthur Gordon Pym, Le sphinx des glaces’

[8] ამონარიდები დიანა ანფიმიადის ლექსიდან: „პირის ნიშნები“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი