პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსწავლის უფლებები და მოვალეობები

მოსწავლეს შეუძლია თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებით. სკოლას კი შეუძლია დაადგინოს მოსწავლის უფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორცილდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე. დაუშვებელია მოსწავლის უფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არსებითად მათი გაუქმების ტოლფასია.

 

კანონმდებლობით განსაზღვრული მოსწავლის უფლებებიდან აღსანიშნავია:

 

ზოგადი განათლების მიღების უფლება

 

ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება იმ მიზნით, რომ განივითაროს პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის.

 

განსაკუთრებული რეგულირება არის გათვალისწინებული სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. მათთვის უნდა შეიქმნას ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ასევე შეიძლება შეიქმნას დამატებითი სასწავლო პროგრამა, რომლის საფუძველზეც ხორციელდება სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში, მოსწავლის დაფინანსება უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ.

 

პირს აქვს უფლება, ზოგადი განათლება ექსტერნატის ფორმით მიიღოს. ექსტერნს შეუძლია მიიღოს ატესტატი, თუ ის დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

 

სკოლას ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასება. მნიშვნელოვანია, რომ კანონით აკრძალულია მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.

 

სკოლას ასევე ეკისრება ვალდებულება შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო.

ამასთან, ზოგადი განათლების მიღების უფლება უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაშიც, თუ მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან. მას აქვს უფლება სწავლა განაგრძოს სხვა სკოლაში. გარდა ამისა, მოსწავლე უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გადავიდეს სხვა სკოლაში.

 

საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის უფლება

 

სკოლა ვალდებულია ყოველ ახალ მოსწავლეს და მის მშობელს გააცნოს მისი უფლებები და თავისუფლებები. მოსწავლეს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია მისი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ. სკოლას ეკისრება ვალდებულება, მოსწავლეს და მის მშობელს განუმარტოს უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის საფუძვლები.

 

სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლება

 

„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი მოსწავლეს ანიჭებს უფლებას, პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა სკოლის მართვაში.

 

გასაჩივრების უფლება

 

მოსწავლეს თავისი უფლებების დაცვის მიზნით შეუძლია, გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო გადაწყვეტილებები ან ქმედებები და  მოითხოვოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. აღნიშული უფლების განხორციელების მიზნით, სკოლას ეკისრება ვალდებულება შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის საშუალება.

 

ნეიტრალურობის პრინციპი და დისკრიმინაციის დაუშვებლობა

 

სკოლაში არ შეიძლება სასწავლო პროცესის პოლიტიზება. აკრძალულია სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. დისკრიმინაცია აკრძალულია. დაუშვებელია სკოლამ ისე გამოიყენოს საკუთარი უფლებები და რესურსები, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის დისკრიმინაცია. დისკრიმინაციად ითვლება ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია და ემსახურება თითოეული პირისა და ჯგუფის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

 

სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას. სკოლამ უნდა დაიცვას უმცირესობების წევრების უფლება, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება.

 

გამოხატვის თავისუფლება

 

მოსწავლეს აქვს უფლება მოიძიოს, მიიღოს, შექმნას, შეინახოს, დაამუშაოს ან გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენოს სკოლის რესურსები. მოსწავლეს უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი აზრი. არ შეიძლება სასკოლო გამოცემათა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და სასკოლო ბიბლიოთეკის ცენზურა. თუმცა, ეს არ ზღუდავს სკოლის უფლებას დააწესოს არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვები იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა ასაკისთვის შეუსაბამო ლიტერატურისაგან.

 

სკოლას აქვს უფლება შემოიღოს სასკოლო ფორმა. თუმცა, ამით არ უნდა შეიზღუდოს მოსწავლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს აქვს უფლება, უარი თქვას სასკოლო ფორმის ტარებაზე. უარი უნდა იყოს დასაბუთებული. სკოლას ეკისრება ვალდებულება, გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი სასკოლო ფორმით.

 

შეკრების თავისუფლება

 

მოსწავლეებს შეუძლიათ, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შეიკრიბონ სკოლის ტერიტორიაზე.

 

გაერთიანების თავისუფლება

 

მოსწავლეებს აქვთ გაერთიანების თავისუფლება კანონით დადგენილი წესით. სკოლას არ აქვს უფლება ჩაერიოს მოსწავლეთა გაერთიანების საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აკრძალულია გარეშე პირის მიერ მოსწავლეთა გაერთიანების საქმიანობის წარმართვა და მისი კონტროლი.

 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

 

მოსწავლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. არც მასწავლებელს და არც სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს არ აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსწავლეს თავის პირად ცხოვრებაზე ინფორმაციის გამჟღავნება. დაუშვებელია მოსწავლის პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, აგრეთვე მოსწავლის პირად სარგებლობაში ან სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეუხებლობის უფლების თვითნებური შეზღუდვა.

 

რწმენის თავისუფლება

მოსწავლეს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. აკრძალულია მოსწავლეს დაეკისროს ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ეწინააღმდეგება მის რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს, თუ ეს არ ლახავს სხვის უფლებებს ან ხელს არ უშლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონის დაძლევას.

 

დისციპლინა

 

სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნას იმ მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები, აგრეთვე დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.

 

დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. დისციპლინური დევნის პროცედურა უნდა იყოს სამართლიანი. მისი განხორციელების დროს, სკოლა ვალდებულია, განუმარტოს მოსწავლეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ ინფორმაცია სკოლამ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს მოსწავლის მშობელს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დისციპლინურმა სახდელმა არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისაგან. ამ მიზნით, სკოლა ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები.

 

კანონით აკრძალულია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს მოსწავლის პატივსა და ღირსებას. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა. თუმცა, თუ მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შემდეგ გამოვლინდება გადაცდომა, მანდატურს ან სკოლის მიერ დანიშნულ უფლებამოსილ პირს, დირექტორის ან დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით შეუძლია მოსწავლის პირადი გასინჯვა.

 

ძალადობის აკრძალვა

 

დაუშვებელია სკოლაში მოსწავლის მიმართ ძალადობა. ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლას ეკისრება სათანადო რეაგირების ვალდებულება.

 

რევაზ ხოფერია

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი