პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

„თამარს ვაქებდეთ მეფესა“…

2013 წელს 800 წლისთავი შესრულდა თამარ მეფის გარდაცვალებიდან (თუსწორად მივიჩნევთ უმეტეს ისტორიულ წყაროებში ნახსენებ თარიღს – 1213). ისეთი მნიშვნელობის ქალი-მონარქის არსებობა, როგორიც თამარია, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ისტორიისთვის ნამდვილი მარგალიტი და ზოგადსაკაცობრიო დისკურსის ინსპირაცია იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ამ მოვლენის მიმართ უფრო ემოციური კავშირით შემოვიფარგლებით და როგორც სხვა შემთხვევებში მივეჩვიეთ (თუ მიგვაჩვიეს), ჩვენს ოქროს სხვის ბამბაზე ბევრად ნაკლებად ვაფასებთ. გვიყვარს, როგორ არ გვიყვარს თამარ მეფე, უფრო მეტიც – ამ სიყვარულმა ბევრი რამ ლეგენდად და მითად აქცია (რამაც თავის მხრივ ცივ ისტორიულ ანალიზს ბევრჯერ ხელიც შეუშალა). თამარის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ერთგვარი სახალხო სიყვარულის ქრესტომათიული ნიმუშია, რომელიც, ცხადია, დიდ საიდუმლოს იტევს და თან ამ სიყვარულს მუდმივად რაღაც აკლია…

ჰოდა, დიდი მეფის გარდაცვალების მერვაასე წლისთავმაც ისე ჩაიარა, მისი მოყვარული ქართველი საზოგადოების დიდ უმრავლესობას ამის შესახებ არც გახსენებია, არც არაფერი გაუგია. როგორც ვიცი, იგეგმებოდა ღონისძიებები, მაგრამ ყველაფერი ქვეყანაში განვითარებულმა უახლესმა პოლიტიკურმა ამბებმა, ხელისუფლების გადაბარების და პოსტ-ოქტომბრის ქრონიკებმა გადაფარა.

კინოსტუდია „ხომლი“ მეექვსე წელია არსებობს და მასში ჩემი მეგობრები მუშაობენ საინტერესო და საჭირო პროექტებზე, რომლებიც ძირითადად საგანმანათებლო-შემეცნებითი ხასიათისაა. სწორედ „ხომლმა“ გადაწყვიტა, თამარის გარდაცვალების 800 წლისთავთან დაკავშირებით, შეექმნა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი და მთავარ სამიზნე აუდიტორიად კი სკოლა – მოსწავლეები და მასწავლებლები აირჩია. „ხომლი“ დამოუკიდებელი სტუდიაა და მან ეს ფილმი საკუთარი ძალებით შექნა.

უამრავი პრობლემის გამო, რომლებიც საქართველოში კინოს კეთებას (მით უფრო, ეპოქაში მუშაობას) ახლავს თან, ფილმი არა 2013 წელს, არამედ 2015 წელს დასრულდა. ის შვიდი ნოველისგან შედგება და თამარის ცხოვრების იმ საკვანძო ეპიზოდებს აცოცხლებს, რომლებზე დისკუსიაც ისტორიკოსებს შორის დღემდე არ წყდება.

მხატვრული სცენები ისეა აწყობილი, რომ მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც ინტერპრეტირების საშუალება ეძლევათ – შეუძლიათ არგუმენტირებულად იმსჯელონ იმაზე, თუ რა იქნებოდა, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ან რატომ მოხდა ეს ასე, ან ვინ იყო რეალურად დამნაშავე და ა.შ.

პირველი ჩვენება გორის გიმნაზიაში შედგა და მას რამდენიმე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. პრემიერამ სხვა სკოლებშიც წარმატებით ჩაიარა და ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, მაყურებლები ფილმის უპირატესობად იმასაც მიიჩნევენ, რომ მასში თითქმის ყველა ის გეოგრაფიული  ლოკაციაა გამოყენებული, რაც თამარისა და მისი ეპოქის ისტორიას უკავშირდება. და ეს იმ ფონზე, როცა ჩვენი წარსულის „ოქროს ხანის“ არტეფაქტები თითქმის აღარც გვაქვს – აღარ არსებობს სამეფო სასახლეც კი არც თბილისში, არც გეგუთში, არც სხვაგან…

საკუთარი წარსულის მიმართ უდიერი დამოკიდებულება ბევრჯერ გამოგვიმჟღავნებია, იმაზეც არაერთხელ დაგვიმუნათებია თავი, რომ ეს წარსული მხოლოდ სადღეგრძელოებში და ეგზალტირებულ სამიტინგო ეიფორიაში გადავანაცვლეთ და გავაწყალწყალეთ… ხშირად ვწუხვართ, რომ გამუდმებით ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, რომ შეცდომებისგან ვერაფერს ვსწავლობთ, რომ… და ეს რეფლექსია მხოლოდ იმაში გვეხმარება, რომ ბუნდოვნად გავარჩიოთ სინამდვილე ილუზიისგან, ბუნდოვნად, ხელის ცეცებით. სხვა არაფერი.

თანამედროვე ტექნოლოგიური გარემო, ინტერნეტის რეალობა, გადააზრებული ფასეულობები ახალ მომავალ თაობას აყალიბებს, ახალი ხედვებით და შესაძლებლობებით. მათთან სასაუბროდ გასული საუკუნის 60-70-იანი წლების პათოსი აღარ გამოდგება, მათ საკუთარი ენა აქვთ, კომუნიკაციის სრულიად ახალი მოდელი, და თუკი ვინმეს ვერ მოატყუებ, ეს სწორედ ახალგაზრდებს – მოსწავლეებს, რომლებიც მკაცრი კონკურენციის გარემოში იზრდებიან და ბოლომდე ისრუტავენ ყველა სასიცოცხლო (და საბრძოლო) უნარს, რათა ჯერ მიზანი დაისახონ და მერე კი ამ მიზნისკენ იარონ.

სწორედ ასეთ პირობებში, ამ რეალობაში, ვიზუალური სახელმძღვანელოები – ვიდეო-გაკვეთილები, ფილმები, ანიმაცია, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი საკომუნიკაციო ენაა, როგორც შექსპირი იტყოდა, იმისათვის, რათა არ დაირღვეს დროთა კავშირი. მოსწავლეები უფრო მეტი ხალისით ერთვებიან სასწავლო პროცესში, მათთვის უფრო ნათელი ხდება პრობლემა და მისი გადაჭრის გზები, ჩნდება სადისკუსიო კითხვები – ამ ყველაფერში გვარწმუნებდა ის გამოხმაურებები, რაც სკოლებიდან სტუდია „ხომლს“ ჰქონდა ფილმის ჩვენების შემდეგ. სტუდიის მიზანია, „თამარი“ დვდ-დისკების სახით, საქართველოს ყველა სკოლაში შევიდეს, ასევე გაჩნდეს სხვა მსგავსი პროდუქცია, ვიდეო-სახელმძღვანელოები, ვიდეო-ბიბლიოთეკები შეივსოს ახალი სასწავლო ნამუშევრებით.

„პარლამენტის იდეა ევროპაში 1250 წელს დაიბადა. ზუსტად ნახევარი საუკუნით ადრე კი ის საქართველოში ერთი პროგრესული კაცის თავში მომწიფდა. იცოდით ამის შესახებ?..“ – ეს ერთ-ერთი სადისკუსიო თემაა, რომელიც ამ შემთხვევაში თუნდაც ამ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ახალ სამსჯელო საკითხებს ხსნის. ვინ იყო ყუთლუ-არსლანი – სახელმწიფოს მტერი თუ დიდი ნოვატორი, ფილოსოფოსი თუ ხელისუფლების ხამი, ან იქნებ სულაც, სწორედ ის იყო შოთა რუსთაველი, როგორც ამას რამდენიმე ღვაწლმოსილი მეცნიერი ხელაღებით ამტკიცებდა საბჭოთა საქართველოში? – ესეც საინტერესო უნდა იყოს მოსწავლეებისთვის, მით უფრო, თუ ფილმში მათ პროფესიონალი მსახიობები ასახიერებენ და კინოს კი ის თვისება აქვს, რომ ცოტა ხნით ის სინამდვილე დაგაჯეროს, რომელსაც უყურებ…

კიდევ ბევრი საუკუნე გავა და ჩვენი ისტორიისგან, წარსულისგან სულ აღარაფერი დარჩება, თუკი ვერ შევძლებთ მის აწმყოში განცდას და გააზრებას, თუკი ინფორმაციული ბუმის, გლობალიზაციის და ტექნოკრატიის პირობებში სულ უფრო და უფრო დაგვეზარება (დრო აღარ დაგვრჩება) ამ წარსულს შევხედოთ სხვადასხვა რაკურსიდან, მათ შორის მხატვრულად, ანუ, ვინ იცის, ეგებ ყველაზე რეალურად…

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი