ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პეპელა რაფაზე ანუ კორფუს სკოლა

ზაფხულის დილა იყო. ფანჯარასთან ვიდექით და მოზრდილ პეპელას დავყურებდით, იქვე, ხის რაფაზე რომ გარინდულიყო. სიზმრიდან გადმოფრენილს ჰგავდა – ფართოდ გაშლილ ფრთებს წარმოუდგენელი ფერები უმშვენებდა. კიდევ დიდხანს ვიდგებოდი ასე, ერთიანად მონუსხული, ჩემს ცხრა წლის ძმისშვილს რომ არ გამოვეფხიზლებინე: პეპელას დავიჭერ და ჰერბარიუმში, გამხმარი ყვავილებისა და ფოთლების გვერდით ჩავაწებებო. თვალები უბრწყინავდა – როგორც ჩანს, ეს აზრი ძალიან მოსწონდა. ზაფხულის დასაწყისში ჰერბარიუმის გაკეთებას მასწავლებელი ავალებდა ხოლმე და ესეც ყოველ ჯერზე დიდი ხალისით ასრულებდა დავალებას.

ვუთხარი, რომ პეპლის სიცოცხლის შეწყვეტის უფლება არავის აქვს; რომ ადამიანი შეცდომას უშვებს, როცა იმის მისაკუთრებას ცდილობს, რაც ძალიან მოსწონს – ყვავილის მოწყვეტისას სილამაზეს დაუფიქრებლად ანადგურებს; რომ სინამდვილეში სულაც არ გვჭირდება მკვდარი პეპლები თუ დაკრეფილი ყვავილები – მათი სიცოცხლე ჩვენს სიცოცხლესთან არის გადაბმული და ისევე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარს; რომ ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია სამყაროში, რომლის მრავალფეროვნების შენარჩუნებაზეც ყოველდღე უნდა იზრუნოს ადამიანმა; მცენარეების, ცხოველებისა და ფრინველების დამცველი უნდა იყოს – მათი მეგობარი…

ჩემი თანამოსაუბრე ერთხანს დუმდა, მერე კი დაეჭვებით მკითხა:

– აბა, ქათმებს რატომ ჭამ?

გამომიჭირეს. თავი პირსისხლიან მტაცებელ ცხოველად ვიგრძენი, კბილებს შორის მოგდებული ნახევრად ცოცხალი, ბუმბულაშლილი, ფეხებგაფარჩხული ქათმით. არ ვიცოდი, თავი საით წამეღო.

როგორც ჩანს, დასაწყისშივე არასწორი გზა ავირჩიე. მხოლოდ სიტყვებით, ზოგადი ფრაზებით ვერავის შეაყვარებ ბუნებას, ცხოველთა სამყაროს, სიცოცხლეს… როცა ცხრა წლის ვიყავი, არავის უთქვამს, რომ ძაღლები და კატები უნდა მყვარებოდა, გაზაფხულზე მოფრენილი მერცხლებისთვის საკვირველი გულმოდგინებით ნაშენები ბუდე არ უნდა დამენგრია, ეზოს ყვავილებისა და სხვა მცენარეებისთვის უნდა მომევლო. ძაღლები, კატები, მერცხლები, ყვავილები – ჩემი სამყაროს ნაწილი იყო და მათზე ზრუნვის აუცილებლობაც თვითონვე დავინახე. სიყვარულიც ბუნებრივად გაჩნდა.

იმ ზაფხულს კიდევ ერთხელ წავიკითხე ბრიტანელი ნატურალისტისა და მწერლის, ჯერალდ დარელის  წიგნი „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ და ჩემს ძმისშვილსაც წავაკითხე. მსუბუქი, სახალისო საკითხავია. გამაოგნებლად არის აღწერილი საბერძნეთის კუნძული კორფუ – მიწიერი სამოთხე სიცოცხლის ყოველგვარ გამოვლინებაზე დაკვირვების მოყვარული მოზარდისთვის. ალბათ არ არსებობს მკითხველი, რომლის ბუნებისადმი, განსაკუთრებით კი ცხოველთა სამყაროსადმი დამოკიდებულებასაც ეს წიგნი ვერ შეცვლიდა. სამწუხაროდ, ჯერალდ დარელის ავტობიოგრაფიული ტრილოგიის მეორე და მესამე წიგნები ქართულად ჯერ არ უთარგმნიათ.

კორფუზე გატარებულმა ბავშვობამ მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა, ჯადოქარი რომ ვიყო, ყველა ბავშვს ჩემს ბავშვობას ვაჩუქებდიო, – წერდა ის.

ამ მხრივ უდავოდ გამიმართლა – კორფუ არ ერქვა, მაგრამ კარგ ადგილას კი ვცხოვრობდი: ვზრდიდი, ვუვლიდი, ვეთამაშებოდი, ყოველდღიურად ვაკვირდებოდი…

„ადამიანი ეხმარება პირუტყვს შთამომავლობის გაჩენაში, კვებავს და ზრდის მას, უშენებს ბოსელ-ფარეხებს, ზრუნავს და იფარავს ნადირისაგან. ზოგიერთ საზოგადოებაში კი (მაგალითად, ზემო სვანეთში) ადამიანი ზამთრობით საქონელთან ერთად, ერთ ჭერქვეშ, საერთო სივრცეში ცხოვრობს. მათ მხოლოდ დაბალი ტიხარი მიჯნავს. ისინი საერთო ნასუნთქში ცხოვრობენ. ამის გამო მათ შორის დიდი სიახლოვეა. დადასტურებულია რიტუალურ-სადღესასწაულო კვება შინაური ცხოველებისა, განსაკუთრებით ზამთარში… აწყობენ სადღესასწაულო ტრაპეზს, რომელშიც ადამიანებთან ერთად შინაური პირუტყვიც მონაწილეობს; ისინი მათი პატრონების სუფრიდან იღებენ ნაწილს, ანუ ისინიც იმასვე ჭამენ, რასაც მათი პატრონები; მათთვის საგანგებო ნამცხვრებსაც კი აცხობენ, რომელთაგან ზოგიერთს ცხოველთა და სამეურნეო იარაღების (მაგ., გუთნის) ფორმა აქვს“, – წერს ზურაბ კიკნაძე ქართული საზოგადოების არცთუ შორეულ წარსულზე. მისივე აზრით, ადამიანი შინაურ ცხოველს სახელს რომ არქმევს – ესეც მათი სიახლოვის დასტურია. სახელდების ამ აქტით დანარჩენებისგან მის გამორჩევას, ინდივიდუალობის მინიჭებას ცდილობს.

მახსენდება ყველა ის სახელი, რაც დიდი თუ პატარა მეგობრებისთვის დამირქმევია. მახსენდება ყველა, ვინც კი ბავშვობისას გამიზრდია – მოვლა-პატრონობის წესების უცოდინარს, მხოლოდ ზრუნვის ინსტინქტს მინდობილს.

მეცხვარე ძაღლებთან გადაღებული ფოტოები.

შავ-თეთრი კატების თაობები.

მერცხლების პირდაფჩენილი ბარტყებით სავსე ბუდე.

შინდის ხეები. მოცვის ბუჩქი. გეორგინები.

მაგრამ სიტყვებით მაინც ვერავის შეაყვარებ…

უნდა აჩვენო.

ხელი უნდა მოკიდო და კორფუზე წაიყვანო (კორფუ იქ იქნება, სადაც მოინდომებ).

დაკვირვების სიამოვნება უნდა განაცდევინო, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეს: სხვა ყველაფერთან ერთად შენც დაკვირვებისა და კრიტიკული ანალიზის ობიექტად იქცევი („აბა, ქათმებს რატომ ჭამ?“, „რა გითხრა – გემრიელია და…“, „პეპელაც ძალიან ლამაზი იყო და მინდოდა“…).

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველებიო, – ასე დაარქვა თავის სახალისო წიგნს იმ კაცმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი