ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ინდივიდუალური სწავლის სტილის გათვალისწინება გეოგრაფიის გაკვეთილზე

მახსოვს სკოლის პერიოდში ჩემი მეგობარი ინგლისურ სიმღერებს ადვილად იმახსოვრებდა, ტექსტების დასწავლა კი უჭირდა. მაშინ არ გვიფიქრია, მაგრამ ამ გადასახედიდან უკვე ვიცი, რომ თამრიკო აუდიალური (სმენითი) ტიპის ადამიანია.

სწავლის ტიპი პირობითი ცნებაა და მიგვანიშნებს იმაზე, თუ ვის როგორ ურჩევნია ან უადვილდება სწავლა; ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ინფორმაციის გადამუშავების (აღქმა, შენახვა) გარკვეულ მეთოდებს. განათლების სპეციალისტებმა ამ თემაზე განსაკუთრებით გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაამახვილეს ყურადღება. ეს თემა დღესაც აქტუალურია. სასურველია, რომ მასწავლებელმა შეაფასოს მოსწავლეთა სწავლის სტილი და მის მიერ გამოყენებული სწავლების მეთოდები მაქსიმალურად მოარგოს მათ ინდივიდუალურ სტილს.

არსებობს სწავლის სტილის კლასიფიკაციის სხვადასხვა თეორიები. ყველასთვის ცნობილია გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. მან გამოყო 10 ინტელექტი და მათი სწავლის სტილი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით, შესაძლებლია სწავლის სამი ძირითადი ტიპის გამოყოფა. ეს ტიპებია: აუდიალური, ვიზუალური და კინესთეტიკური. გთავაზობთ გეოგრაფიის გაკვეთილების აქტივობებს თითოეული ინდივიდუალური განსხვავებულობის გათვალისწინებით.

აუდიალური (სმენითი) ტიპები სწავლობენ ყველაზე უკეთ იმას, რაც ესმით. მაგალითად, მათ კარგად შეუძლიათ მელოდიების დამახსოვრება. სწავლისას ისინი საკუთარ თავს უკითხავენ. ახალ სიტყვებს ისინი ხმამაღლა სწავლობენ. ეს ტიპი საკუთარ თავს ხშირად ელაპარაკება. მას სწავლაში ეხმარება კომპაქტდისკები ან ლექციები. ასეთი მოსწავლეებისათვის აქტიური ლექციების გარდა, მისაღები იქნება სწავლება ვიდეო ფილმების გამოყენებით. ავიღოთ თემა დედამიწის აგებულება. მასწავლებელი აჩვენებს BBS-ის ფილმს დედამიწის აგებულების შესახებ და პარალელურად კონკრეტულ თემაზე ესაუბრება. ამ აქტივობაში ვიზუალური ტიპის მოსწავლეც ჩართულია, რადგან ეს მისი კომფორტის ზონაცაა. ვულკანები, მთები, კლიმატი, წყლის რესურსები, ბუნებრივი ზონები. ნებისმიერ ამ თემაზე BBS-ის ფილმები კარგი რესურსი იქნება.

შემდეგი აქტივობა კვლავ ვიზუალური სტილის მოსწავლეებისთვისაა კომფორტული:

მოსწავლეებმა ჯგუფებში ლითოსფეროს ფილების რუკიდან უნდა დაადგინონ ყველაზე დიდი ფილები და თითოეულ მათგანზე განლაგებული კონტინენტები და ოკეანეები.

პრეზენტაციის დროს შეავსებენ ცხრილს.

ვიზუალისტი მოსწავლე ყველაზე უკეთ სწავლობს იმას, რასაც ხედავს. ვიზუალისტებისთვის გეოგრაფიის გაკვეთილზე კომფორტული იქნება და დიაგრამების შედგენა და გამოყენება ცხრილებისა. მათ ასევე სურათებითა და ბარათებით სწავლა უყვართ.

ასეთი ტიპისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის წაკითხვა. სწავლის დროს ის უამრავ ჩანაწერს აკეთებს. ბევრს კითხულობს და ხშირად ოცნებობს ფერებში. ყველაზე კარგად სწავლობს სასიამოვნო გარემოში. კომუნიკაციურ ტიპს საუბრები და დისკუსიები ურჩევნია. სჭირდება სხვებთან ურთიერთობა, ან დიალოგი. სვამს უამრავ შეკითხვას და კარგად სწავლობს ჯგუფებში.

დედამიწის აგებულების, კლიმატის ჩამოყალიბების ფაქტორების, მინერალური რესურსების კლასიფიკაციის სქემებით გამოსახვა, მონაცემების ერთი სახიდან მეორე სახით გამოსახვა, ნომენკლატურის შესწავლისას მარტივი ცხრილების შედგენა – ყველა ეს აქტივობა ვიზუალისტების კომფორტის ზონას წარმოადგენს.

კინესთეტიკური (მოტორული) ტიპი სწავლობს მოძრაობის საშუალებით. მათ ურჩევნიათ მეთოდი “სწავლა კეთების საშუალებით” და უნდათ, გამოსცადონ ყველაფერი. მათ მოსწონთ ფიზიკური აქტიურობა ან საღეჭი რეზინის ღეჭვა სწავლის დროს. მათ არ უყვართ თეორია, მაგრამ უყვართ ექსპერიმენტები. ისინი ფიზიკურად აქტიურები არიან. კინესთეტიკებისთვის კომფორტული იქნება სწავლება როგორც დისკუსიებისა და როლური თამაშები, ასევე კონტურული რუკის შევსება. დედამიწის აგებულების განხილვისთვის სწორედაც მათთვის კონტურული რუკაზე შესასრულებელი სამუშაო იქნება განკუთვნილი.

მართალია, ყოველ გაკვეთილზე შეიძლება ვერ მოხერხდეს სწავლის სტილის გათვალისწინება, თუმცა შედეგის მიღწევაში აქტივობათა მრავალფეროვნება დაგვეხმარება. მით უმეტეს, რომ ძირითად შემთხვევებში თითქმის ყველა ტიპი ამ ტიპების ნარევს წარმოადგენს. არავინაა სწავლის მხოლოდ ერთი ტიპის წარმომადგენელი. ამიტომაც ყველაზე უკეთ მაშინ ვსწავლობთ, როდესაც გრძნობის ყველა ორგანოს ვიყენებთ. ამ დროს ჩვენი ტვინი აქტიურდება სხვადასხვა საშუალებით და კარგად ინახავს ახალ ინფორმაციას. ამავე დროს სწავლის სტილი შეიძლება დროისა და კონტექსტის მიხედვით შეიცვალოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი