ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კლასგარეშე აქტივობები თბილი ამინდებისთვის

მზიან ამინდებში დახურულ სივრცეში მშვიდად ჯდომა დღემდე მიჭირს. გაზაფხულის პირველი თბილი დღეები დადგება თუ არა, მინდა, კამერა მხარზე გადავიკიდო და დაღამებამდე ვიარო ნაცნობ და უცნობ ქუჩებში, დავაკვირდე ურბანულ პროცესებს, ვიკითხო კედლებზე მიწერილი ფრაზები, გამოვიცნო, როგორ ცხოვრობენ ამა თუ იმ უბანში ადამიანები, ისეთ ადგილებში დავლიო ყავა, სადაც არასოდეს ვყოფილვარ, გზად რამე საყურადღებო თუ შემხვდა, გადავიღო, მერე სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდე შინ და შესაძლოა, მომდევნო დღეებში დახურულ სივრცეში მშვიდადაც კი ვიმუშაო, სანამ ისევ არ „გავიჭრები ველად“.

გაზაფხულის მზიანი დღეები კარგი საშუალებაა არაფორმალური განათლების სხვადასხვა მეთოდის გამოსაყენებლად. ბავშვებს გარეთ ყოფნა უხარიათ და მზად არიან, ახალი რამეები გააკეთონ. მასწავლებელიც კმაყოფილია – მოსწავლეები მეტი ყურადღებით უსმენენ და ცდილობენ, კარგად შეასრულონ სახალისო დავალება. მაშ ასე, რამდენიმე იდეა თბილ ამინდებში კლასგარეშე შემეცნებითი აქტივობებისთვის.

 

  1. ჩანახატები საჯარო სივრცეში (Urban sketching) მთელ მსოფლიოში პოპულარული სახელოვნებო მიმდინარეობაა და მიზნად ისახავს, საზოგადოებას ამა თუ იმ ადგილისთვის, შენობისა თუ პრობლემისთვის მიაქცევინოს ყურადღება. თქვენ შეგიძლიათ, ეს გარემოს უკეთ შესასწავლად გამოიყენოთ. ჩანახატების გასაკეთებლად ხატვის კარგად განვითარებული უნარები არ არის აუცილებელი – მთავარია, გონება კონკრეტული სივრცის უკეთ აღქმაში გავარჯიშდეს და მისდამი უფრო ახლობლური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. შეგიძლიათ, აარჩიოთ მახლობლად მდებარე საინტერესო არქიტექტურის მქონე ნაგებობა, ღია საჯარო სივრცე, მაგალითად, პარკი, სკვერი, ბაზარი, ტრანსპორტი ან სულაც მდინარის სანაპირო და განსაზღვრული დროის განმავლობაში გარემოს ფურცლებზე ფანქრებით გადატანა სცადოთ. მეტი ინტერაქციისთვის შეიძლება იმავე ადგილას ჩანახატების სახელდახელო გამოფენაც მოაწყოთ და ნამუშევრები იქ მცხოვრებლებს ან მომუშავეებს გაუზიაროთ.

ჩანახატების კეთება, გარდა იმისა, რომ სახალისოა და ერთგვარ არტთერაპიადაც შეიძლება გამოვიყენოთ, სივრცეზე დაკვირვების საშუალებას მისცემს თანამედროვე ბავშვებს, რომლებიც მიჩვეულები არიან ფოტოკამერით სასურველი კადრის სწრაფად დაფიქსირებას და რაც უფრო იჭრება მათ ცხოვრებაში ტექნოლოგიები, მით უფრო უჭირთ ერთ რამეზე ხანგრძლივად კონცენტრაცია.

ურბან სკეტჩერების გლობალური ქსელის ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე https://www.urbansketchers.org/, თავად პროცესის უკეთ გასაცნობად კი youtube-ზე მრავალი სასწავლო ვიდეოა განთავსებული.

  1. შეხედე გარემოს ჟურნალისტის თვალით, მოყევი ამბებს. სკოლის პერიოდში ჟურნალისტობა არაერთი ბავშვისთვის სასურველი პროფესიაა, მაგრამ ცოტას თუ აქვს წარმოდგენა იმაზე, როგორ იქმნება ახალი ამბები, როგორ უნდა მოჰყვე ისტორიებს, როგორ დაწურო ინფორმაცია და გამოარჩიო მასში მთავარი, სად უნდა ჩანდეს ავტორი და სად – მოქმედი პირი. ამის ცოდნა, რასაკვირველია, სკოლის მოსწავლეებს არც მოეთხოვებათ, მაგრამ სხვადასხვა პროფესიაში თავის მოსინჯვა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. პროფესიის არჩევამდე სხვადასხვა ტიპის გამოცდილების მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა. გარე გაკვეთილის დრო შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა აარჩიონ თემა, რომელსაც გააშუქებდნენ, ჟურნალისტები რომ ყოფილიყვნენ და დაწერონ სტატია ან გადაიღონ ვიდეო ტელეფონით. ჟურნალისტური ექსპერიმენტებისთვის შეიძლება იმავე სივრცის გამოყენება, რომელიც ჩანახატებისთვის აირჩიეთ. ვიზუალური მასალა და ტექსტი ერთმანეთის შემავსებლებადაც კი შეიძლება გამოდგეს. აქტივობა მეტად ეფექტური იქნება უფროსკლასელებისთვის, რომლებიც შეიძლება 2-3–კაციან ჯგუფებად დაიყონ და სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვა თემაზე იმუშაონ.
  2. მახლობელი ტერიტორიების ალტერნატიული რუკების შედგენა. წინა წერილში უკვე ვისაუბრე ექსკურსიების ალტერნატიულ მარშუტებზე და რამდენიმე ადგილი შემოგთავაზეთ, მაგრამ არანაკლებ სახალისო საქმიანობაა იმაზე დაფიქრება, რა არის შენს მახლობლად ღირსშესანიშნავი და სანახავი, რასაც მეგობარს, სტუმარს, დაინტერესებულ ადამიანს აჩვენებდი. არ არის აუცილებელი, რუკაზე მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოხვდეს. რაც უფრო პერსონალიზებულია ალტერნატიული რუკა, მით უფრო საინტერესოა იგი. პერსონალური რუკა ერთგვარად საკუთარ თავში მოგზაურობის ამსახველი დოკუმენტიცაა. ასე რომ, სთხოვეთ მოსწავლეებს, დაიტანონ რუკებზე მინდვრები ფეხბურთის სათამაშოდ, ადგილები “შატალოსთვის”, ყოფილი “შტაბები”, სადაც ოჯახის წევრებს ემალებოდნენ, როცა მარტო ყოფნა სურდათ, გზა, რომლითაც შეიძლება მიხვიდე უახლოეს მეგობართან, სკოლაში ან ბებია-ბაბუასთან, ქუჩა, რომელსაც მიჰყავხარ სანაყინესთან, სათამაშოების ან ტკბილეულის მაღაზიასთან. თამაშისთვის შეგიძლიათ რამდენიმე ფორმა მოიფიქროთ. მაგალითად, უფროსკლასელებს Google Map-ზე გადაატანინოთ თავიანთი ნამუშევრები, უმცროსკლასელებს კი აჩვენოთ ცნობილი ნაწარმოებების ილუსტრაციებად გამოყენებული რუკები (მაგ., ვინი ფუჰისა) და იმ ადგილის დახატვა სთხოვოთ, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ, ისე, რომ მონიშნონ ნახატზე გზები, მდინარეები და საყურადღებო ნაგებობები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი