ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბლუზი: ბესი სმითი (II ნაწილი)

ბესი ისევე მღეროდა საკუთარ ცხოვრებაზე, როგორც სხვები ავტობიოგრაფიას წერენ.

 

ამბობენ ხოლმე, რომ ამა თუ იმ ხელოვანის შემოქმედება უმეტესად ავტობიოგრაფიულია. ბესისთან მიმართებით ეს სიტყვები განსაკუთრებით სამართლიანია.

 

XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში ბესი სმითი უფრო და უფრო იხვეჭდა სახელს როგორც ბლუზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი, თუმცა საყოველთაო აღიარებამდე, „ბლუზის დედოფლობამდე“, ჯერ კიდევ შორი იყო. ბესი ბლუზის ბუმის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც ამ ჟანრის მომღერლებზე ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული. ძალზე იშვიათი გახლდათ შემთხვევა, როდესაც აფროამერიკელების მიერ გაღმერთებული შავკანიანი „ვარსკვლავი“ თეთრებს შორისაც უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა.

 

ტრამპლინი

სტუდია „კოლამბია რეკორდსის“ დირექტორმა ფრენკ უოკერმა, რომელმაც შემთხვევით მოისმინა ბესის სიმღერა, ახალორლეანელ კომპოზიტორს მისი პოვნა და ნიუ-იორკში ჩაყვანა სთხოვა. უოკერმა იგრძნო, რომ ბესის გულწრფელი ნამღერი მსმენელს აუცილებლად ააღელვებდა და არც შემცდარა – ბესის მიერ შესრულებულ ბლუზს ხომ არასოდეს ახლდა თან ყალბი პათეტიკა და გადაჭარბებული სენტიმენტალურობა.

ბესი სმითის პირველი ჩანაწერი 1923 წლის 17 თებერვალს გაკეთდა. წარმატება გრანდიოზული იყო – 6 თვის განმავლობაში არნახული რაოდენობის (მილიონამდე) ფირფიტა გაიყიდა, რამაც ბესი უმალ აქცია ვარსკვლავად. ახალგაზრდა ქალმა მასწავლებელს – მა რეინს მიბაძა და საკუთარი შოუთი გასტროლები გამართა ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ბოსტონში, ფილადელფიასა და ამერიკის სხვა ქალაქებში.

ბესი სმითმა დიდების მწვერვალს იმ წლებში მიაღწია, როდესაც ფეხს იდგამდა შავკანიანების შოუბიზნესი. ეს იყო „მუსიკალური მატარებლების“, სპილენძის ჩასაბერი საკრავების, არ-დეკოს სტილის კაბებისა და კლაქსონიანი ავტომობილების ხანა.

 

ხელწერა

ბესი სმითის ბლუზი ტანჯული ადამიანის სულის სიღრმიდან ამოსული წუხილია. გარეგნულად უხეში მომღერლის ხმაში სცენაზეც და მის მიღმაც ფარული სევდა გამოსჭვიოდა. მასში ერთსა და იმავე დროს ისმოდა ძალა და სინაზე. სცენაზე ბესი, ჩვეულებრივ, ნელი ნაბიჯით გამოდიოდა, კიდეს უახლოვდებოდა და ფორტეპიანოს, დასარტყამი საკრავებისა და სპილენძის სურდინიანი საყვირის თანხლებით იწყებდა სიმღერას.

ბლუზის დედოფალი მსმენელებს გასაგებ და ნაცნობ ენაზე ესაუბრებოდა, ენაზე, რომელიც უშუალო და გულღია, ხანდახან – დაუხვეწავი და უხეში, მაგრამ ყოველთვის მგრძნობიარე იყო. მსმენელებს მომღერლის სიმბოლოები და ალეგორიები კარგად ესმოდათ. იმედი და სასოწარკვეთილება, სიხარული და ნაღველი, რომლებზეც ჰყვებოდა ბესი, მათთვის ისეთივე ახლობელი იყო, როგორიც დღისა და ღამის მონაცვლეობა.

 

საკუთარი სარკინიგზო ვაგონი

ბესიმ კარიერა ზანგების ჯურღმულებსა და მიყრუებულ სოფლებში დაიწყო, მისი დიდების პიკზე კი მაღალი წრის აღფრთოვანებულ წარმომადგენლებს საკონცერტო დარბაზები ვეღარ იტევდა.

როგორც ჭეშმარიტი ვარსკვლავი, ბესი გასტროლებზე საკუთარი სარკინიგზო ვაგონით დადიოდა. ეს იმიტომ, რომ შავკანიანებს არც ერთ პირველ კლასის ვაგონში არ უშვებდნენ.

ვაგონზე, ალბათ, ყველას გაგახსენდათ გლენ მილერის ჯაზორკესტრის მიერ შესრულებული „ჩატანუგა ჩუ-ჩუ“, რომელშიც საკრავები ოსტატურად გამოსცემენ მატარებლის ხმაურსა და საყვირის ხმებს.

 

ხასიათი

ბესი რთული პიროვნება იყო, თუმცა რბილი, გულითადი, მეგობრული და სიყვარულით სავსე. ცნობილია, რომ ნიუ-იორკში სახლი იმისთვის შეიძინა, რათა მის ღარიბ მეგობრებს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება შესძლებოდათ.

 

რეპერტუარი

ბესი სმითმა დიდი მუსიკალური მემკვიდრეობა დატოვა. კონტრალტოს ძლიერი ხმითა და ვნებით აღსავსე მანერით შესრულებული მისი ჩანაწერები შეგვიძლია სხვადასხვა ჟანრს მივაკუთვნოთ – ვოდევილიდან ბლუზამდე. ბესის ყოველი ჩანაწერი საყურადღებოა, მაგრამ ბლუზის ღრმად წვდომისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლუი არმსტრონგსა და ჯონ სმითთან ერთად შესრულებული ნამუშევრები. ალბათ, არ არის გასაკვირი, რომ ამგვარ ვარსკვლავურ შემადგენლობაშიც კი ბესი მსმენელთა ყურადღების ეპიცენტრში ექცეოდა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ლუი არმსტრონგთან ერთად ჩაწერილმა სიმღერებმა საბოლოოდ გაამყარა ბესის როგორც იმ დროის ბლუზის საუკეთესო შემსრულებლის სტატუსი.

 

გავლენა

მუსიკალურ სამყაროზე ბესი სმითს განუზომელი გავლენა ჰქონდა. მას უამრავი მომღერალი ბაძავდა. ბლუზის შემსრულებელთა შემდგომი თაობებიც კი დედოფლის შემოქმედებით საზრდოობდნენ. მასთან სტილისტიკური კავშირი თითქმის ყველა ვოკალისტს ჰქონდა.

ლუი არმსტრონგი, რომელიც კარიერის დასაწყისში ბესის აკომპანირებას უწევდა, ამბობდა: „ბესის მანერა ყოველთვის მაღელვებდა. ხმაში არსებული უჩინარი ნოტების წყალობით მას იმგვარი ფრაზირება შეეძლო, როგორსაც ბლუზის ვერც ერთი მომღერალი ვერ ახერხებდა. ბესი ღრმად გრძნობდა ყოველივეს, რასაც მღეროდა. სიმღერაში მის მიერ ჩაქსოვილი გულწრფელობა მსმენელებს ნამდვილ აღმაფრენას ჰგვრიდა“.

გოსპელის დედოფლად აღიარებული მაჰალია ჯექსონი, რომლის ვოკალური სტილი (და არა რეპერტუარი) ბესის მოგვაგონებს, იხსენებს, როგორ იპარებოდა ხოლმე შინიდან, რომ ბესისთვის, რომელიც ახალი ორლეანის თეატრში მღეროდა, ქუჩიდან მაინც მოესმინა. მიუხედავად იმისა, რომ მაჰალიას ბლუზი არასოდეს შეუსრულებია, მასზე ბესი სმითის გავლენა უდიდესი იყო.

ამბობენ, რომ ბლუზის ვარსკვლავი ბილი ჰოლიდეი ახალგაზრდობაში მხოლოდ იმისთვის მუშაობდა ბალტიმორის სამეძავო სახლში, რომ იქ ფონოგრაფზე ბესის ფირფიტებისთვის მოესმინა.

მიმბაძველთა სიმრავლის მიუხედავად, ბესის გამეორება ვერავინ შეძლო. მასთან მუშაობას ისეთი მუსიკოსებიც კი დიდ პატივად მიიჩნევდნენ, როგორებიც იყვნენ ლუი არმსტრონგი, ფლეტჩერ ჰენდერსონი, კოულმენ ჰოკინსი, ბენი გუდმენი, ჩუ ბერი.

 

დაღმასვლა

20-იანი წლების ბოლოს ეკონომიკურმა კრიზისმა მთელი ამერიკა შეძრა და შოუბიზნესსაც დააჩნია კვალი. ამ პერიოდში ცვლილებას განიცდიდა მუსიკალური მოდა. ახალშემოჭრილი სვინგის გამო ბლუზის მიმართ ინტერესი თანდათან ცხრებოდა. სვინგის ეპოქასთან შეგუება ბესის არ გამოუვიდა და მისმა დიდებამაც გაუფერულება იწყო.

ბესის კარიერის დასრულებას სპირტიანი სასმელებისადმი ლტოლვამაც შეუწყო ხელი. 1928-1929 წლებში მომღერალი ერთადერთხელ გამოჩნდა ეკრანზე.

ბესის მხოლოდ მისი ნიჭის ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლები შემორჩნენ. 30-იანი წლების დასაწყისში ის უკვე აღარ გამოდიოდა ნიუიორკის, ჩიკაგოსა და ფილადელფიის დიდ საკონცერტო დარბაზებში – კვლავ სამხრეთის მტვრიან გზებზე, ერთი ქალაქიდან მეორეში ხეტიალი უწევდა.

წლები გადიოდა, იცვლებოდა როგორც შავკანიანების, ისე თეთრკანიანთა გემოვნება. ქალაქების აფროამერიკელი მოსახლეობა უფრო და უფრო შორდებოდა მშობლიურ ფოლკლორს – ბლუზის მასაზრდოებელ წყაროს. მას სწრაფი და ვირტუოზული მუსიკა სწყუროდა. შესაბამისად, ავანსცენაზე დიდი ჯაზორკესტრები (ბიგ ბენდები) გამოვიდნენ. სვინგი უფრო და უფრო სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა წინ. თუმცა საზოგადოებას ბესის სიყვარული არ განელებია, მის ბლუზს მოდისგან დამოუკიდებლადაც უსმენდნენ. სადაც არ უნდა გამოსულიყო, კონცერტები ყველგან ანშლაგით მიმდინარეობდა.

ბესის უკანასკნელი ჩანაწერი 1933 წლით თარიღდება. ეს თითქოს წარსულისადმი გაღებული უკანასკნელი ხარკი იყო.

 

ავტოკატასტროფა

ბესი სმითი 43 წლისა გარდაიცვალა საავტომობილო კატასტროფაში მიღებული უმძიმესი ტრავმების შედეგად. უბედური შემთხვევის მიზეზთა შესახებ არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი არსებობს. ბევრი ამას რასიზმის პრობლემებთსაც უკავშირებს.

ჯაზის თანამედროვე მკვლევართა უმეტესობა, მათ შორის – კრის ალბერტსონი, ბესი სმითის დაღუპვის ასეთ ვერსიას გვთავაზობს: ავტოკატასტროფა მიყრუებულ სოფელში მოხდა და უახლოეს საავადმყოფოში ბესის გადასაყვანად ტრანსპორტი ვერ გამოიძებნა. მძიმედ დაშავებულმა ბლუზის დედოფალმა მოულოდნელად დატოვა სამყარო.

 

ბესი სმითის საფლავის ქვაზე წარწერა გვაუწყებს: „ბლუზის უდიდესი მომღერალი ამქვეყნად, რომელიც სიმღერას არასდროს შეწყვეტს“.

 

ჩატანუგას ღარიბ კვარტალში გაზრდილი პატარა გოგო ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად დარჩა ისტორიას. მისი სახელი ბლუზისა და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშია აღბეჭდილი, ხოლო სამი გამორჩეული სიმღერა „გრემის“ დიდების დარბაზში იკავებს კუთვნილ ადგილს. 2002 წელს ბესი სმითის „Downhearted Blues“-ის ჩანაწერი აშშ-ს კონგრესის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში შევიდა როგორც ამერიკისა და მსოფლიოს კულტურული საგანძურის ნაწილი.

 

https://www.youtube.com/watch?v=go6TiLIeVZA

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი