შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ინდიგო

ეზოპეს ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ერთი საინტერესო ფაქტი მოგვხვდება თვალში. ცოტა უფრო შორიდან რომ დავიწყოთ, იმდროინდელ რომსა და საბერძნეთში რიტორიკა ძალიან პოპულარული იყო. ქვეყნების მეთაურებმა უამრავი ხალხის სისხლის ფასად მძლავრი სახელმწიფოები შექმნეს და დიდგვაროვან მოქალაქებს განცხრომით ცხოვრების საშუალება მისცეს, თუმცა უდრტვინველი ცხოვრება მოსაწყენი აღმოჩნდა და ვინაიდან ეს, როგორც საკუთარ თავს უწოდებდნენ, პატიოსანი მოქალაქენი განათლებულებიც ბრძანდებოდნენ, ვისაც გონება უჭრიდა – ფილოსოფიას მიჰყო ხელი, ვინც მუზას შეუამხანაგდა – ლექსებისა და პოემების, პიესებისა და სიმღერების თხზვით იკლავდა ხვაშიადს. თუ ნიჭთან ერთად საჭრეთელიც მოსდევდათ – მთელ დღეს ხარაჩოებზე ატარებდნენ და ხშირად ისეთ შედევრებს ქმნიდნენ, დღესაც რომ აოცებს მნახველს… მოკლედ, ჭკუა-გონებას ადრიდანვე დაედო ფასი, მაგრამ ყველა შეძლებული მოქალაქე ვერ დაიკვეხნიდა ნიჭიერებით, ამიტომ ბევრმა გამოსავალი რიტორიკაში პოვა: დადგებოდნენ ხალხმრავალ მოედნებზე და აფრქვევდნენ ბრძნულ აზრებს. თავის შექცევის ამ სახეობას ერთგვარი სპორტული ჟინიც ახლდა თან – ვისაც მეტი მსმენელი ჰყავდა, უფრო სახელოვნად მიიჩნეოდა. ცხადია, ენა და გონება ყველას ერთნაირად არ უჭრიდა, ამიტომ წარმატების მისაღწევად ათასგვარი ხრიკი გამოიგონეს, მათ შორის – ტაშის დამკვრელთა დაქირავებაც. იოლი ცხოვრება მაცდურია, ამიტომ ქალაქად თუ სოფლად ბევრმა გუთანსა და გრდემლს თავი მიანება და ტაშის კვრას შეუდგა. შეიძება ითქვას, ასე შეიქმნა პირველი „პოლიტიკური პარტიები“…

ეზოპეს დავუბრუნდეთ. ის მონა იყო და ამგვარ საჯარო თავყრილობებზე მუდამ თან ახლდა პატრონს, მაგრამ არცთუ იშვიათად ის უფრო იპყრობდა მსმენელთა ყურადღებას, ვიდრე მისი პატრონი. მაინც რატომ? ეზოპეს წამატების მიზეზი მარტო მისი გონიერება არ ყოფილა – ის ერთი მათგანი იყო, ვინც ტრიბუნის ქვეშ იდგა და თავაწეული შესცქეროდა ორატორს, ამიტომ საზოგადოებას მისი უკეთ ესმოდა, ვიდრე მისი პატრონის.

ეს წესი რიტორიკაში დღესაც აქტუალურია: თუ მომხსენებელს უნდა, მსმენელამდე მიიტანოს თავისი ნათქვამი, პირველი აუცილებელი პირობა ის არის, რომ აუდიტორიამ ის თავისიანად აღიქვას. სხვაგვარად მთელი მისი მონდომება ამაოდ ჩაივლის.

ეს დაუწერელი კანონი მოლეკულების იმპერიაშიც მოქმედებს.

დღეს ქსოვილის უამრავი საღებარი არსებობს. არც ბოჭკოების რაოდენობაა მცირე, მაგრამ ყველა ყველაფერს არ ღებავს. ქსოვილის შესაღებავად აუცილებელი პირობაა  საღებრისა და ბოჭკოს სტრუქტურათა მსგავსება. ბოჭკოს მოლეკულებმა „თავისიანად“ უნდა „აღიქვან“ საღებრის მოლეკულა, სხვაგვარად არ გაუღებენ გულის კარს და თავის სიღრმეში არ შეუშვებენ. უამისოდ კი საღებარი პირველივე გარეცხვაზე მოსცილდება ბოჭკოს ზედაპირს.

ძალიან ზოგადად ქსოვილის ბოჭკოები ორ დიდ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ჰიდროფობურებად და ჰიდროფილურებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოჭკოებად, რომლებიც „არ სველდება“ და ბოჭკოებად, რომლებიც ადვილად იღებს ტენს. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ხელოვნური და სინთეზური ბოჭკოები, როგორიცაა, მაგალითად, ლავსანი და ნიტროცელულოზა. მეორე ჯგუფის ბოჭკოები ძირითადად ბუნებრივი წარმოშობისაა: შალი, ბამბა, სელი და სხვა.

ბუნებრივი ბოჭკოების ღებვისას საღებარი ქსოვილის ზედაპირზე წყალბადური ბმების საშუალებით მაგრდება. ჰიდროფობურ ბოჭკებში ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ამიტომ საჭირო გახდა სპეციალური კლასის საღებრების შექმნა. მათ დისპერსულებს (წყალში უხსნადებს) უწოდებენ. ჰიდროფობური ბოჭკოების შეღებვისთვის აუცილებელია ბოჭკოს წინასწარი გააქტიურება – მაღალ ტემპერატურაზე წამოდუღება. ამ დროს ბოჭკოს მოლეკულები ჯირჯვდება, მათ შორის მანძილი იზრდება და საღებრის მოლეკულას ბოჭკოს შრეებს შორის შეძრომის საშუალებას აძლევს. გაცივების შემდეგ ბოჭკოს მოლეკულები საწყის ფორმას იბრუნებს და საღებარი მის გისოსებს შორის რჩება მომწყვდეული. ასეთ ქსოვილებს რეცხვა ვერ აშინებს, დიდხანს რჩება შეღებილი და მათგან არც სხვა ქსოვილებს გადასდის ფერი. მაგრამ აუცილებლად უნდა დავიცვათ ნაწარმის იარლიყზე მითითებული რეცხვის რეჟიმი და ტემპერატურა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბოჭკოს მოლეკულები გაიწელება და დატუსაღებულ საღებარს გაქცევის საშუალებას მისცემს.

საღებრების ამ დიდ ამქარს ჰყავს ერთი მეტად ჭკვიანი წევრი, სახელად ინდიგო. ის წყალში არ იხსნება, ამიტომ ბუნებრივი ბოჭკოების შესაღებავად ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს – მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში ამ საღებარს ტრანსფორმაციის უნარი შესწევს. აღდგენისას იგი ფერს კარგავს და სტრუქტურას იმგვარად იცვლის, რომ ბამბის ბოჭკო თავისიანად მიიჩნევს, ამიტომ ინდიგოს მოლეკულები ადვილად აღწევს ცელულოზის გრძელი მოლეკულების შიგნით და მაგრდება. საკმარისია, უფერული ინდიგოთი შეღებილი ქსოვილი ჰაერზე გავკიდოთ გასაშრობად, რომ უკუპროცესი დაიწყება, ბოჭკოს მოლეკულებს შორის მანძილი შემცირდება და ლეიკო ინდიგო ჰაერის ჟანგბადის ზემოქმედებით ისევ ინდიგოს ფორმაში დაიჟანგება, შედეგად კი მივიღებთ რეცხვისადმი მედეგი მკაფიო შეფერილობის ბოჭკოს.

დღეს ტერმინ „ინდიგოს“ ადამიანებთან მიმართებით ცოტა სხვაგვარი კონოტაციით იყენებენ… ინდიგოს მოლეკულის უნარით აღჭურვილი მასწავლებელი, ჩემი აზრით, ყველაზე წარმატებული მასწავლებელი იქნება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი