პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პიკი

არც ისე დიდი ხანია იმ დროიდან გასული, როცა დედაჩემი ერთ პატარა, ძალიან პატარა ჯიხურში ჟურნალ-გაზეთებს ყიდდა და იქ თვიდან თვემდე აღებულ ჯამაგირს ჩვენი ინგლისურის სწავლაში იხდიდა. სახლში არაფერი მოჰყვებოდა: რასაც აიღებდა, ხელებში ჩაგვითვლიდა მე და ჩემს ძმას და ჩვენ კი ციმციმ მივარბენინებდით მასწავლებელთან თვის ბოლოს.

ყველაზე გულწრფელ აღსარებაში სათქმელი ერთი ისეთი ცოდვა მაქვს, რომელიც ადრე არავისთვის გამიმხელია, მაგრამ დრო რომ გადის, უფრო და უფრო მწარედ მეჭიდება გულზე.

აი, იმ სიცივესა და უიმედობაში ჩვენ რომ შენი იმედები ვიყავით, დედაჩემო, ზოგჯერ გვიღალატია კიდეც შენთვის. იმისთვის, რის გამოც სიმწრითა და წვალებით თავი გქონდა გადადებული, ზურგი გვიქცევია და ერთი-ორჯერ მეცადინეობა ისე გაგვიცდენია, სინდისს წამითაც არ შევუწუხებივართ. ვიცი, ალბათ გაიცინებ, რაღა დროსიაო, ლმობიერად იტყვი, მაგრამ იქიდან მომყვება ის ცხელება და ვერსად, ვერასდროს ვერ ამოვთქვი – წიგნებიც ხომ დავწერე და სადღეგრძელოებსაც ხმამაღლა ვამბობ, მაგრამ ყელში გაჩხერილი ეს ამბავი დღემდე ვერ ვაქციე სიტყვის კერძად.

ჰოდა, მაპატიე – მაპატიებ ალბათ. სულერთია, მე მაინც უნდა დაგიძახო ხოლმე, დროდადრო, ისე საჩქაროდ და ნაუცბათევად გავიხსენო ჩვენს თავს გადახდენილი ამბები, როგორც საჩქაროდ და ნაუცბათევად მოგიხმობ ჩემი ძნელად აღსაზრდელი შვილების მოთვინიერებაში დასახმარებლად. და შენ კიდევ, ერთ დაძახილზე, პირველივე სამარშრუტოთი გამოენთები ზუგდიდის ავტოსადგურიდან ბაგებამდე.

Piki – ტელეფონში ასე მიწერია და ხომ არის, მშობლები რომ აპროტესტებენ ხოლმე შვილებისგან შერქმეულ მეტსახელებს – დედაჩემს ისიც კი არასდროს უთქვამს, ხალხში მაინც ნუ დამიძახებო, რადგან როგორც ყველა ქართველ დედას, მასაც პირველი შვილის ყველა ჭკვიანური და ბრიყვული საქციელი ერთნაირად უყვარს.

დედაჩემი რამდენიმე წელი სკოლის ბუფეტში მუშაობდა – დილაუთენია, ექვსზე დგებოდა, ქადებს, ორცხობილებს, „ტარტალეტკებს“ აცხობდა და სკოლისკენ ხშირად მარტო ეზიდებოდა. სულ მიკვირდა, ამ ჩია ქალს საიდან ჰქონდა ასეთი სიმტკიცე, გამძლეობა და თავისი შესაძლებლობების რწმენა, რომ დღე-ღამეში ოთხი საათი ძილით და ყოველდღიური წვალებით ყველაზე რთული განსაცდელებისა და ხიფათებისგან გამოეთრია ოჯახი. მერე მივხვდი, რომ ბევრი ქართველი ქალის მსგავსად, ის ყველა შემთხვევაში არჩევანს ოჯახის სასარგებლოდ აკეთებდა საკუთარი განცდებისა და სურვილების უარყოფის ხარჯზე. მან უყოყმანოდ დაანება ერთ სამსახურს თავი, როცა შეატყო, რომ მცირეწლოვან შვილებს მისი ყურადღება უფრო სჭირდებოდათ (მამაჩემი უცხო ქვეყანაში იყო საშოვარზე, ბებია-ბაბუები სოფელში ცხოვრობდნენ). დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ უნანია ეს გადაწყვეტილება, ერთი-ორჯერ ჩემთანაც დასცდა წლების შემდეგ, – იქნებ უკეთესი ყოფილიყო თქვენთვის, სამსახური არ მიმეტოვებინაო, მაგრამ მაშინვე გამოერკვეოდა, საუბარს შეწყვეტდა და უთქმელ სიტყვებს სახელდახელო საქმეში ჩააბრუნებდა.

საქმე კი ისაა, რაც დედაჩემს არასოდეს გამოელევა, სანამ დონ კიხოტ-კირილე მიმინაშვილისნაირი ქმარი ჰყავს და შვილები, რომლებიც მის დახმარებაზე უარს ცოცხალი თავით არ იტყვიან.

ამასწინებზე, დილიდან შუაღამემდე რომ არ ჩაიმუხლა და წამით დასვენების უფლებაც არ აღირსა საკუთარ თავს, მე და ჩემმა ძმამ ახალი მეტსახელი შევურჩიეთ. არის ერთი ძალიან მაგარი ფეხბურთელი, საოცრად მშრომელი, თავდაუზოგავიო, რომ იტყვიან, სწორედ ეგ. გაჩერებულს ვერ ნახავ, ჭკუაც აქვს და გამძლეობაც, სადაც კი გაიხედავ, ყველგან ისაა. მოკლედ, არ იღლება. ნგოლო კანტე. ფრანგი ბიჭია, ადრე „ლესტერში“ თამაშობდა, ახლა „ჩელსიშია“. ჰოდა, ვზივართ მე და ჩემი ძმა, ვუყურებთ დედაჩემის ამ ენითაუწერელ მუყაითობას და უცებ ზუკა მეუბნება:

– შეხედე, შეხედე! ნგოლო კანტეა, რა!

– კანტე თუ მაკელელე? – ჩავეძიები, – ალბათ უფრო კანტე, მაგრამ პიკი არ ჩამიჩოჩო, თუ ძმა ხარ!

დედაჩემი იღიმის, სად სცალია გართობას აყოლილი შვილებისთვის. თამაშს აყოლილი შვილიშვილები ჰყავს მისახედი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი