შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

 მოსწავლის არჩევანი- გონებრივი იერიშის ნიუანსები

ყოველი მოსწავლე გამორჩეულია ინდივიდუალური თვისებებით, რომლებიც მის არჩევანს განაპირობებს _ იმუშაოს ინდივიდუალურად თუ ჯგუფთან ერთად გაართვას თავი მასწავლებლის მიერ მოცემულ დავალებებს. ხშირად ამ არჩევანს მასწავლებელი აკეთებს თავისი საგაკვეთილო გეგმისა და თემის შესაბამისად. ორივეს, ინდივიდუალურ მუშაობასაც და ჯგუფურსაც, თავისი ხიბლი, უპირატესობა და ნაკლი აქვს. პედაგოგის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ბავშვის თავისუფალი აზროვნების, ყოველი დავალების მიმართ შემოქმედებითად მიდგომის უნარის გამომუშავება უნდა იყოს. ეს უნარი კი ზოგს დაბადებიდან დაჰყვება, როგორც ნიჭი, ზოგს კი თანდათან უვთარდება სწორად შერჩეული მისწრაფებებისა და ინტერესების შესაბამისად.

ცნობილ მწერალთა თუ საზოგადო მოღვაწეთა მემუარებში ხშირად შევხვდებით ბავშვობის მოგონებებს, რომლებიც მათ წარმოაჩენენ, როგორც ჩუმ, ჩაკეტილ, განმარტოებულ, ეგრეთ წოდებულ, ინტროვერტულ ბავშვებს, თუმცა ამას მათთვის ხელი არ შეუშლია, რომ შემდგომში დამდგარიყვნენ  გამორჩეული პოლიტიკური ლიდერები, ეროვნული  და სახელმწოფოებრივი საქმეების წარმმართველნი, ხელოვნების შედევრების შემქმნელნი. მაგალითად, გრიგოლ რობაქიძე  იგონებს, ჩუმი, ჩაკეტილი, მელანქოლიური ბავშვი ვიყავიო. ასეთ ინტროვერტებს ყოველთვის ურჩევნიათ საკუთარ გამოგონილ, წარმოსახულ, ფერადოვან სამყაროში ცხოვრება, რომელშიც მატერიალური სამყაროს კანონები უქმდება და ზებუნებრივსა და მისტიკურს დიდი გასაქანი ეძლევა. ეს სხვა განზომილებები შემდეგ, გაზრდისას, თანდათან უჩინარდებიან და ბავშვობის სამოთხის გახსნილი კარი ნელ-ნელა იკეტება. თუმცა, ზოგს განმარტოებისკენ მიდრეკილება შემდგომშიც რჩება და, შესაბამისად, სკოლაშიც ამჟღავნებს ინდივიდუალურობას, ერთგვარ ასოციალურობას. ასეთი ბავშვებისთვის ჯგუფური მუშაობა შეიძლება არ იყოს მოსაწონი, ამიტომაც პედაგოგმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და თუ ასეთი ბავშვი ჯგუფში  არანაირ ინიციატივას არ გამოიჩენს, არ დატუქსოს. მისცეს საშუალება, რომ მან ინდივიდუალური მუშაობისას გამოიჩინოს თავი. სწავლების არცერთი  მეთოდი არ არის პანაცეა და ყველა სასწავლო სტრატეგიას თავისი შესაფერისი გარემოება ანიჭებს უპირატესობას. ამ გარემოებას კი ქმნის სხვადასხვა კომპონენტი, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია სასწავლო მიზანი, რომლის განხორციელებისთვის უნდა შეირჩეს ყველა აქტივობა.

სიუზან კეინი თავის წიგნში „სიჩუმე“ წერს  ინტროვერტების ძალის შესახებ სამყაროში, რომელიც არ წყვეტს ლაპარაკს. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კულტურა მაინცდამაინც არ აფასებს, ინტროვერტებმა დიდი წვლილი შეიტანეს საზოგადოების განვითარებაში, შოპენის ნოქტიურნი იქნება ეს, პერსონალური კომპიუტერის გამოგონება თუ განდის არაძალადობრივი წინააღმდეგობა. კეინი ამტკიცებს, რომ სკოლები, სამუშაო ადგილები თუ რელიგიური ინსტიტუტები მოწყობილია ისე, რომ ხელს უწყობს მხოლოდ ექსტრავერტებს (ექსტრავერტები არიან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით, საზოგადოებასთან აქტიური ურთიერთობით). ეს კი იწვევს ტალანტების, ენერგიის დაკარგვას. ფსიქოლოგიისა და ნეირობიოლოგიის სფეროში ინტენსიური გამოკვლევების საფუძველზე და აგრეთვე ინტერვიუებში ის ხსნის, როგორი დიდი სიყვარული შეუძლიათ ინტროვერტებს და რა დიდ წარმატებებს აღწევენ, მიუხედავად მათი ტემპერამენტისა და სწორედ ამ ტეპერამენტის წყალობით. სამწუხაროდ, ხელმძღვანელთა გუნდში უფრო ხშირად ექტრავერტები ხვდებიან. სიუზან კეინის  წიგნი „ჩუმი ძალა“ დაწერილია მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, აგრეთვე, გამოადგებათ, როგორც სახელმძღვანელო ინსტრუმენტი პედაგოგებსა და მშობლებს. ამასთან ერთად, მან შექმნა ინტერნეტპორტალი და ონლაინკურსები მშობლებისა და წყნარი ბავშვებისთვის. სიუზან კეინის პროექტები აღიარებულია მთელ მსოფლიოში. ერთ საჯარო გამოსვლაში მან აღნიშნა, როდესაც 9 წლის იყო, მშობლებმა პირველად გაუშვეს საზაფხულო ბანაკში, დედამ ჩემოდანი წიგნებით გაუვსო, რადგან მათ ოჯახში სწორედაც წიგნების კითხვა იყო, რაც მათ აერთიანებდა. ისინი ერთად იყვნენ, კითხულობდნენ და თანვე ყველა საკუთარი წიგნის სამყაროში იყო ჩაფლული. ეგონა, ბანაკშიც ასე იქნებოდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.  არადა, წინასწარ წარმოიდგინა, როგორ იჯდებოდა კოტეჯში ათიოდე გოგონასთან ერთად საღამურებში და წიგნს წაიკითხავდა. ბანაკი კი აღმოჩნდა ხმაურიანი წვეულებების მსგავსი, ოღონდ ალკოჰოლის გარეშე. პირველივე დღეს ზედამხედველმა შეკრიბა და ყიჟინა ასწავლათ, რომელიც ყოველ დღე უნდა შეესრულებინათ, რათა ბანაკში შესაბამისი განწყობილება შეექმნათ. სიუზანი თავიდან ვერ ხვდებოდა, რატომ იყო ხმაური ასე საჭირო. მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა და  უერთდებოდა ამ საერთო ყიჟინას და ელოდებოდა დროს, რომ წაღებული წიგნები წაეკითხა. ერთ დღესაც, როცა, როგორც იქნა, დრო იხელთა, ბანაკის ყველაზე გამორჩეული გოგო მიუახლოვდა და ჰკითხა, რატომ იყო ასეთი ჩუმი? შემდეგ შეახსენა, რომ ბანაკში უნდა ყოფილიყვნენ  გახსნილები. ასე რომ, სიუზანმა წიგნები კვლავ ჩემოდანში ჩააწყო და ზაფხულის ბოლომდე აღარ ამოულაგებია. ასე მოხდა უამრავჯერ მის ცხოვრებაში, როდესაც მისი მშვიდი და ინტროვერტული ბუნება სხვებისთვის არანორმალური აღმოჩნდა.  ამიტომ ცდილობდა, გამხდარიყო ექსტრავერტი, რაც მის შინაგან ბუნებას არ ეთანხმებოდა, თუმცა საზოგადოება მოითხოვდა, რომ ყოფილიყო კომუნიკაბელური და აქტიური. ასე გახდა უოლ-სტრიტის იურისტი, ნაცვლად მწერლისა, რადგან ძალიან უყვარდა წერა. ეს მოხდა ნაწილობრივ იმიტომაც, საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ მასაც შეეძლო ყოფილიყო გაბედული და პირდაპირი. ამიტომაც დადიოდა ხალხმრავალ ბარებში, თუმცა რამდენიმე მეგობართან სადილი ერჩია. ამგვარად, საკუთარი ბუნების საწინააღმდეგოდ იქცეოდა. როდესაც საქმე ეხება შემოქმედებითობასა და ლიდერობას, ჩვენ გვჭირდება ინტროვერტები, რომ მათ აკეთონ ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდით. მოსახლეობის მესამედი ან ნახევარი მაინც ინტროვერტია. სიუზან კეინის აზრით, ინტროვერსია განსხვავდება სიმორცხვისაგან. სიმორცხვე საზოგადოებრივი განაჩენის შიშია, ინტროვერსია კი გულისხმობს, როგორ პასუხობ შენს სხვადასხვა სტიმულს. ექსტრავერტებს ესაჭიროებათ სტიმული დიდი დოზით, ინტროვერტები კი უფრო აქტიურები და ქმედითუნარიანები არიან, როცა ისინი მშვიდ, მოკრძალებულ გარემოში იმყოფებიან. ჩვენი ტალანტის მაქსიმალური გამოვლენისთვის, უნდა მოვხვდეთ შესაფერისი სტიმულის გარემოში, არადა ჩვენი სკოლები და სამსახურები, ძირითადად, გათვლილია ექსტრავერტებზე. ჩვენ გვჯერა სისტემისა, რომელსაც ჯგუფური აზროვნება წარმოადგენს და რომლისთვისაც შემოქმედებითობა და პროდუქტიულობა დაკავშირებულია ბევრ ადამიანთან. როცა სიუზანი დადიოდა სკოლაში, კლასებში მერხები რიგებად იდგა, მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობდნენ, დღეს მერხებს სხვანაირად დგამენ _4, 5, 6 მერხი ერთადაა, ბავშვები ერთმანეთის პირისპირ სხედან და ერთად ასრულებენ ჯგუფურ დავალებებს, ხანდახან მათემატიკასაც და შემოქმედებითი წერასაც, რომელიც დამოკიდებულია ერთი ადამიანის აზროვნებაზე, ბავშვებს უწევთ იმოქმედონ ისე, როგორც კომისიის წევრებს, ხოლო ისინი, რომელთაც მარტო მუშაობა ურჩევნიათ, აღიქმებიან გარიყულებად, ან, უარეს შემთხვევაში, პრობლემატურ პიროვნებებად. მასწავლებელთა უმრავლესობა ამბობს, რომ იდეალური მოსწავლე არის ექსტრავერტი და არა ინტროვერტი, არადა, სინამდვილეში ინტროვერტები უკეთესად სწავლობენ და მაღალ ნიშნებსაც იღებენ. იგივე ხდება სამსახურებში, თანამედროვე უკედლებო ხმაურიან  ოფისებში, კოლეგათა მუდმივი დაჟინებული მზერის პირობებში. ინტროვერტები ფრთხილები არიან და ერიდებიან ზედმეტ რისკებს, რაც დასაფასებელია. კვლევებმა აჩვენა, რომ ინტროვერტი ლიდერები უფრო მეტს აღწევენ, ვიდრე ექსტრავერტები. ინტროვერტები თანამშრომლებს მეტ თავისუფლებას აძლევენ, ექსტრავერტები კი სხვების იდეებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ცნობილია, რომ ბევრი ლიდერი, რომლებმაც ისტორიაში გარდატეხა მოახდინეს, ინტროვერტი იყო. ყოველი მათგანი საკუთარ თავს ახასიათებდა, როგორც წყნარს, მშვიდს, მორცხვსაც კი, მაგრამ მოხვდნენ ყურადღების ცენტრში. კარლ იუნგმა, რომელმაც ამ თემის აქტუალიზაცია მოახდინა, აღნიშნა, რომ არ არსებობენ წმინდა სახის ინტროვერტები ან ექსტრავერტები. ზოგი ამ ორივეს შუაშია, ზოგი კი თავს ან ერთს მიაკუთვნებს, ან მეორეს.

მკვლევართა დაკვირვებით, შემოქმედ ადამიანებს კარგად გამოსდით იდეების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა, ინტროვერტები არიან, რადგან ხშირად განმარტოება შემოქმედებითობის თანმდევია. დარვინს უყვარდა ტყეში მარტო სეირნობა და უარს ამბობდა საზეიმო სადილებზე. სტივ ვოზნიაკი ვერ იქნებოდა გამომგონებელი, რომ არ ჰყვარებოდა შინ ყოფნა. კაცობრიობამ არაერთი მაგალითი იცის განმარტოების ტრანსცენდეტული ძალისა. ყყველა რელიგიაში ჭეშმარიტების მაძიებლებს, მოსეს, მუჰამედს, ბუდასა და სხვებს უდაბურ ადგილებში განმარტოებულთ ჰქონდათ ხილვები, შემდეგ კი საზოგადოებას ამცნეს ჭეშმარიტება. საზოგადოდ, ვერ იქნები ჯგუფის ნაწილი, თუ ინსტიქტურად არ მიბაძე სხვებს და არ დაემსავსე მათ. თუმცა,  გასათვალისწინებელია, რომ ჯგუფი მიჰყვება ქარიზმატულ ლიდერებს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი კარგად საუბარსა და საუკეთესო იდეების ქონებას შორის. დასავლური საზოგადოებები და განსაკუთრებით ამერიკა ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა მოქმედებაზე ორიენტირებულ ადამიანს, ვიდრე მოაზროვნეს, ორიენტირებულს ფიქრსა და ღრმა ანალიზზე, მაგრამ ადრე  ასე არ იყო, უპირატესობა ადამიანის ხასიათს ენიჭებოდა. აბრაამ ლინკოლნი უყვარდათ მისი უბრალოებისა და მოკრძალებულობისთვის. რალფ ემერსონმა მასზე თქვა: „ის არის კაცი, რომელიც არ შეურაცგყოფს თავისი აღმატებულობით“. მეოცე საუკუნემ მოიტანა პიროვნების კულტურა, ხალხმა დენა დაიწყო სოფლიდან ქალაქისკენ და მოუწია თვითდამკვიდრება უცხო ადამიანთა შორის. პიროვნულობა და ქარიზმა კვლავ მნიშვნელოვანი გახდა. კომუნიკაბელურობის უნარი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და არც გუნდური მუშაობა უნდა გაუქმდეს. ყველა რელიგიის განმარტოებული ქურუმები ადამიანებს ურთიერთსიყვარულს უქადაგებენ.

სიუზან კეინის აზრით, აუცილებელია, რომ სკოლებში ჯგუფურთან ერთად იყოს ინდივიდუალური მუშაობაც, ეს მნიშვნელოვანია ექსტრავერტი ბავშვებისთვისაც. ჩვენ ცოტა ხშირად უნდა გამოვეთიშოთ გარესამყაროს და ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს (https://www.ted.com/talks/susan_cain).

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, აგრეთვე, ლორა მაკლურის სტატია „გონებრივი იერიში“ ინტროვერტებისთვის (ექსტრავერტებისთვის, აგრეთვე)“. თავდაპირველად გონებრივი იერიშის, როგორც იდეების გენერაციის ტექნიკა გამოიყენებოდა სარეკლამო სააგენტოებში. შემდეგ მისი  გამოყენების არეალი გაფართოვდა. სკოლაში ის ერთ-ერთი  საუკეთესო სტრატეგიაა. ლორა მაკლურის აზრით, არ არსებობს ამ მეთოდის უნივერსალური ფორმა, არამედ საჭიროა მისი მოდიფიცირება. იგი ასახელებს  რამდენიმე ხერხს, თუ როგორ შეიძლება გავამრავალფეროვნოთ ეს მეთოდი:

  1. სანამ განხილვას დაიწყებთ, წრეზე დაატრიალეთ თემა ან კითხვა. ეს ინტროვერტებს საშუალებას მისცემს, წინასწარ დაფიქრდნენ, მათ ხომ სხვების გარეშე უფრო იოლად მოსდით იდეები. ასე აღარ იგრძნობენ თავს დათრგუნვილად ექსტრავერტების გარემოცვაში.
  2. ჯგუფი დასხით მრგვალი მაგიდის ირგვლივ. სწორედ ასე მსჯელობდნენ მეფე არტური და მრგვალი მაგიდის რაინდები (იგივე, წმინდა გრაალის რაინდები). ეს ჯგუფის წევრთა თანაბარმნიშვნელოვნებას უფრო გამოკვეთს და თითოეულს თვითშეფასებას უმაღლებს.
  3. ყოველ ჯერზე მცირე დრო გამოყავით გონებრივი იერიშისთვის, რათა უფრო მეტი ეფექტი ჰქონდეს.
  4. დანომრეთ ჯგუფის მიერ შემოთავაზებული იდეები. ეს ყოველ იდეას წონასა და მნიშვნელობას მატებს და ხელს უწყობს შემდგომი იდეების დაბადებას.
  5. თავიდანვე დაისახეთ მიზნად, მაგალითად, 25 იდეის გენერირება და არ შეწყვიტოთ დაფაზე ან დიდ ფურცელზე მათი ჩამოწერა მაშინაც კი, თუკი უკვე გაქვთ შესაბამისი იდეეები.
  6. დაიწყეთ მარცხნიდან და მიჰყევით წრეს. ყველამ თქვას თავისი იდეა. არავინ არ უნდა გამოტოვოთ. ასე ყველას მოუსმენთ და არა მხოლოდ იმას, ვინც ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობს.
  7. მეთოდი: „სხვების იდეაზე დაშენება“ ან „დიახ, და…“. ერთი რომ იდეას იტყვის. მეორე დაეთანხმება და გააგრძელებს, განავითარებს. ასე დრო არ დაიკარგება სხვების იდეების დაწუნებასა და კრიტიკაში.
  8. ყველა ნახსენები იდეა ჩამოწერეთ და ყოველის მიმართ დაიკავეთ ნეიტრალური პოზიცია, დააფასეთ. ოღონდ იდეებს ავტორთა სახელები არ მიუწეროთ. ამგვარად, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ერთმანეთის მიმართ ყველა პატივისცემით იქნება გამსჭვალული.
  9. თუ ჯგუფს არ მოსწონს სახელი „გონებრივი იერიში“, მაშინ შეგიძლიათ არ გამოიყენოთ და სხვა სახელით მოიხსენიოთ, მაგალითად, იმპროვიზაცია, ან ხუთწუთიანი ფიქრი და სხვ. სახელი ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე მიზანი, რომ წარმოიქმნას ახალი იდეები.
  10. გონებრივი იერიში უნდა იყოს არა სტრესი, არამედ სახალისო განწყობილებით ერთობლივი მუშაობა პრობლემათა გადასაწყვეტად, აზროვნების გასააქტიურებლად (https://blog.ted.com).

სკოლა და თითოეული კლასი საზოგადოების მიკრომოდელია, საზოგადოების მსგავსადვე, ყველგან არიან ჩუმი და ხმაურიანი ბავშვები, ინტროვერტები და ექსტრავერტები. პედაგოგმა მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებს უნდა მიმართოს, რათა ყველა ტიპის მოსწავლეს მისცეს შესაძლებლობა საკუთარი ნიჭისა და უნარის გამოვლენისა თუ განვითარებისა. ამ შემთხევევაში, გონებრივი იერიში, თავისი ნაირსახეობებით, ისეთი ხერხია, რომელიც თანაბრად ჩართავს დავალების შესრულების პროცესში ყველას, ჩუმად მოფიქრალსა თუ ხმამაღლა მოლაპარაკეს.

 

 

 

 

 

 

.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი