პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

    გალაკტიონის ბავშვები – ლექსი „ბავშვები კაფეში“ 

გალაკტიონი ბევრ ლექსში წერს ბავშვებზე და წარმოაჩენს მათ ნათელ, ანგელოზურ სახეებს. ყველაზე გასაოცარი კი მაინც ერთი ბავშვია: „რუსთაველი მახსოვს ბავშვი,/ ოცნებობდა ოქროს ნავში, / მიცქეროდა და თან თრთოდა,/ ვით ფოთოლი თრთის ნიავში“  („მთვარის ნაამბობიდან“), – პოეტს ამ სტრიქონებით მკითხველი გადაჰყავს ახალ პოეტურ განზომილებაში, რომელშიც დრო ერთიანია და განუყოფელი. ამ მთლიან, მეტაფიზიკურ დროში ერთმანეთს ხვდებიან აწმყო, წარსული და მომავალი. ქართული კულტურისა და ესთეტიკური იდეალების ამ წარმოსახულ სივრცეში პოეტი მკითხველს შორეულ მოვლენებთან მიახლების სიხარულს აზიარებს. ბავშვ რუსთაველთან შეხვედრა თამარისეულ ოქროს ხანაში, როდესაც საქართველო  სულიერად და მატერიალურად ყვაოდა, მკითხველს, ერთი მხრივ, სხვანაირად დაანახვებს პოეტს, მეორე მხრივ კი, დააფიქრებს სამყაროს კანონზომიერებებზე, იმ ეგზისტენციალურ ფენომენებზე, რომლებიც კაცობრიობის არსებობას განსაზღვრავენ. ლექსში „ბავშვები კაფეში“ კი არც ოქროს ნავია და არც ოცნებები, პირიქით, აქ ცხოვრება ჯოჯოხეთივითაა წარმოდგენილი. ეს არის ცხოვრება, რომელიც ოცნებებს ამსხვრევს და უცხო შეხვედრებსაც აუქმებს. როგორც ცნობილია, ბავშვობაში  მიღებული შთაბეჭდილებები, განცდები, თავგადასავლები აყალიბებენ ადამიანს პიროვნებად, ეს შთაბეჭდილებები განსაზღვრავენ მის ცხოვრებას, შემოქმედებას და   ჩრდილივით დაჰყვებიან.

„ბავშვები კაფეში“ ბავშვების ბედზე ტკივილიანი დაფიქრებაა. ლექსი 1917 წელს არის დაწერილი, ქარიშხლიანი პოლიტიკური ცხოვრების, რევოლუციების ხანაში. ეს არის დრო, როდესაც უხვად არის „სისხლი და ცხედრები“, მძაფრი ქარტეხილები კი, უპირველესად, ბავშვებს ემუქრებიან, რომლებიც ვერაფერს უპირისპირებენ რკინის დროებას, სიყვარულისა და სინაზის გარდა. ლექსის დასაწყისი სტრიქონები ბავშვობის უბედნიერეს, სამოთხის ხანას გვიხატავენ: ისინი ოქროს წიწილებს ჰგვანან. წიწილასთან შედარებით პოეტმა გამოკვეთა ბავშვების სინორჩე, უსუსურობა. ბავშვი სამყაროს სასიცოცხლო ენერგიის, მისი მარადიული და უწყვეტი არსებობის გამომხატველია. ამიტომ სჭირდებათ მათ მოვლა, ზრუნვა, მფარველობა, პატრონობა. სახარებაში იესო ქრისტე ხშირად საუბრობს ბავშვებზე, ქრისტიანებს უქადაგებს: „გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სასუფეველი“ (მათე 19,14).

„ეტლში, სალონში, აკვანში, ბაღში,

გაისმის მათი ზარის სიცილი“.

მთელი სამყარო თითქოს ავსებულია ბავშვთა მხიარული ხმებით, მათ სიცილს ზარის რეკას ამსგავსებს პოეტი. ეს გულწრფელი სიცილი  მათ უმანკოებას, უცოდველობას ამხელს. მათი სიცილი თითქოს წუთისოფლის ამაოების ბურუსსაც გაფანტავს და გულს სიხარულით ავსებს. ამ ზარის სიცილმა ცნობილი ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ ეგზიუპერის უჩვეულო პერსონაჟი ბიჭუნა – პატარა უფლისწული გაგვახსენა – დედამიწაზე შორეული უცხო ვარსკვლავიდან მოვლენილი – დედამიწელ მფრინავს რომ აოცებს საოცარი მსჯელობით, ცხოვრებისეული სიბრძნით და მასაც დააფიქრებს: როგორ განსხვავდებიან დიდები და პატარები ერთმანეთისგან. მაგალითად, თუ თქვენ დიდებს რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ, როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის ნაცვლად გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, „ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე იები ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს“ და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო! პატარა უფლისწული მფრინავს სულ სხვანაირად დაანახვებს სიცოცხლეს და ცხოვრებას. გამომშვიდობებისას კი ვარსკვლავებიან ცას აჩუქებს და ეტყვის: „როცა ღამით ზეცას ახედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ-ერთ მათგანზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკლავები, რომლებიც იცინიან“.

ცნობილი ფილოსოფოსი ნიცშე ადამიანის ცხოვრებას პირობითად სამ ხანად განიხილავს; პირველი: აქლემის ხანა – ხანა მორჩილებისა, როდესაც მნიშვნელოვანია სხვათა, უფროსთა მორჩილება – შენ მოვალე ხარ! – ამ ბრძანებას მორჩილებს ადამიანი, შემდეგ დგება ლომის ხანა – მე მსურს! – ეს ხანა აღინიშნება დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით! გალაკტიონი წერს ერთ ლექსში: „ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა – / დაუნდობელი სურვილი ლომის“ („ცამეტი წლის ხარ“). შემდეგი ხანა კი არის – ბავშვისა – ადამიანის განვითარების ბოლო ეტაპი იმეორებს პირველს – ბავშვივით გულწრფელად, უცოდველად უნდა მიიღო სამყარო, ისეთი, როგორიც არის. ერთი სიტყვით, როგორც აღვნიშნეთ, ბავშვობა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების გზას.  ბავშვობაში მიღებული სულიერი ტრავმა შემდეგ შეიძლება საბედისწეროდ გამოვლინდეს. ლექსში ვკითხულობთ:

„მაგრამ კონტრასტი არის ამ ბედის

გულცივი, მკაცრი და გამყიდველი“.

ლექსის მეორე სტროფიდან იხატება პირველის კონტრასტული სურათი. თუ პირველმა სტრიქონებმა მზიანი, ნათელი, თბილი დღის შთაბეჭდილება შეგვიქმნეს, აქ თითქოს ირგვლივ ყოველივე ჩამოიბურა, საშინელი სიბნელე ჩამოწვა, შავმა ღრუბლებმა მზე დაფარეს და ჩანთქეს. სამწუხაროდ, ბავშვების ბედი ხშირად სასტიკად წარიმართება ხოლმე. ამიტომაც წარმოაჩენს პოეტი ბედს ასეთი ეპითეტებით: გულცივი, მკაცრი და გამყიდველი. გულცივია ბედი, რადგან არ აღელვებს ბავშვების მომავალი, არ ადარდებს მათი უმანკოების დაღუპვა, მკაცრია, რადგან ათასგვარ ხიფათსა და დაბრკოლებას შეამთხვევს. გამყიდველია, რადგან სამოთხის მშვენიერებას ჯოჯოხეთის საშინელებად გადაუქცევს. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი  „ჩჩვილი“  გავიხსენოთ, პოეტი ასე მიმართავს პატარას:

იტიკტიკე ენითა უსუსურის,

იტიკტიკე, ვიდრე ჟამი დაგხარის,

ვიდრემდის ხარ, ყრმაო, თავისუფალი,

არ გიცვნია სოფელი მომღერალი!

„ბავშვს ჟამი დაჰხარის“ – ყველა მასზე ზრუნავს, სანამ უსუსურია, სანამ არაფერი გაეგება. მაგრამ როგორც კი აეხილება გონების თვალი, მაშინ დაიწყება მისი ტანჯვა; ბარათაშვილი რომ წერს „ხმა იდუმალში“:

„რა ვსცან პირველად წუთისოფელი,

დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი

რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის

სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, —

მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა

ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!“

მას შემდეგ, რაც ადამიანი შეიცნობს წუთისოფელს, ესე იგი, გაიგებს მის ავსა და კარგს, მთავრდება უზრუნველობის ნათელი ხანა და იწყება გულის ჭიდილი, გარკვევა საკუთარი სიცოცხლის აზრისა, ფუნქციისა, ილუზიების, ოცნებათა მსხვრევა, რეალობასთან შეჯახება. წუთისოფლის შეცნობით მთავრდება ბავშვობა, მაგრამ არ იკარგება უკვალოდ. ყველანი ხომ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, როგორც ეგზიუპერი წერს.

„მშიერი სახით კაფეში შედის,

ბავშვების გუნდი შიშველ-ტიტველი“.

პოეტი ხატავს, როგორ შედიან მშიერი ბავშვები კაფეში, სადაც სიმაძღრისა და ცხოვრებით კმაყოფილების სუნი ტრიალებს. ეს, უპირველესად, მიანიშნებს ქვეყანაში შექმნილ ზნედაცემულობაზე. პოეტი ზედმიწევნით აღგვიწერს ამ ბავშვთა სახეებს, რათა უფრო შთამბეჭდავად წარმოაჩინოს მათი ბედი, საზოგადოების გულგრილობა და სიცივე.

„მათი თვალები აღარ იცინის,

ხედვაში ხანჯლის არის ციება,

არ ეპატიოს, – კვნესენ ისინი –

ქვეყანას ჩვენზე შურისძიება“.

წკრიალა სიცილი ჩააქრო ცხოვრებამ. არავინ იცის მათი წარსული, იქნებ მშობლები დაეხოცათ, იქნებ სხვა რამ ტრაგედია მოხდა, რომ ახლა შიშველ-ტიტველნი ქუჩაში დაეხეტებიან. მთავარია, რომ მათი ბედი არავის აღელვებს. პატარების გულშიც დარდი და ნაღველი გროვდება, რომელიც მათი თვალებიდან სიცივედ გადმოიფრქვევა. ამას მეტაფორით გამოხატავს პოეტი: „ხედვაში ხანჯლის არის ციება“. ქვეყანამ თითქოს შური იძია მათზე, ეს კი ქვეყნისთვის  გაუაზრებელი თვითმკვლელობაა. ბავშვები შველას თითქოს უხილავს შესთხოვენ, პოეტი წერს, კვნესიანო, რომ არ ეპატიოს საზოგადოებას ეს გულგრილობა. ეს უხილავი კი უფალია, რომელიც დაიფარავს ბავშვებს განსაცდელისაგან, ხოლო საზოგადოებას კი სამართლიანად განსჯის და დასჯის. მერე რომელიმე წევრი ამ საზოგადოებისა  გულუბრყვილოდ იკითხავს, მე რა დამნაშავე ვარო, მაგრამ ყველას აქვს ამ საერთო დანაშაულში წილი.

გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“. ამ მოთხრობაშიც ორი დედით ობოლი ბიჭი სწორედ საზოგადოების უსულგულობამ აქცია ყაჩაღებად. ერთი ჩამოახრჩეს კიდევაც, ილიაც სწორედ ამ შურისძიებას ახსენებს. გაბოროტებულმა ძმებმა გადაწყვიტეს ქურდობითა და ყაჩაღობით საზოგადოებაზე შურისძიება. ერთადერთი, ვინც ძმებს სიყვარული აჩვენა და მადლი გაიღო, მოხუცი პეტრე იყო, რომელიც სხვებთან ერთად დაადანაშაულა უფროსმა ძმამ. პეტრე ამბობს: მე რა შუაში ვარო, ხოლო მწერალი დასძენს: „მართლადა ჩვენი ბებერი პეტრე  რა შუაში უნდა იყოსო…“ და მკითხველი დაასკვნის, რომ ყველა დამნაშავეა. და როცა უფალი მოავლენს რისხვას, მხოლოდ მაშინ გაუჩნდებათ ხანმოკლე სინანულის განცდა ამ ადამიანებს.

არ შეიძლება ამ თემაზე საუბრისას არ გავიხსენოთ ლექსი „ი.ა“ აქაც ბავშვის დაღუპვა საოცარი ტკივილით არის წარმოჩენილი.

ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი

ნუკრის თვალებით, თმით-მიმოზებით.

და მწუხარების მალე ნიავში

მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,

შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!

მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,

და გაისმოდა დების სიმღერა.

ეს ლექსი სულით ხორცამდე შესძრავს მკითხველს. პოეტმა და მკვლევარმა ვახტანგ ჯავახაძემ წიგნში „უცნობი“ გაშიფრა ამ ლექსის სათაურის („ი.ა.“) საიდუმლო; მან გალაკტიონის პოემა „ჯონ რიდში“ ყურადღება მიაქცია სტრიქონებს: „წარწერა ერთი სახლის კედელზე: „აქ იპოვეს ტყვიით მოკლული 5 წლის ოქროსთმიანი გოგონა“. ი.ა. კი, მისი აზრით, ნიშნავს ირაკლი ამირეჯიბს, ცნობილი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის მამას, რომელსაც მიუძღვნა ეს ლექსი.  გალაკტიონი ირაკლი ამირეჯიბთან ერთად 1917 წლის რევოლუციის ქარცეცხლიან დღეებში მოსკოვში იყო.

„ი.ა.“  წარმოსახვაში  ნაზი იის განცდასაც ბადებს, რომელსაც ედარება პატარა გოგონა. გვახსენდება ვაჟა ფშაველას ლექსი „იას უთხარით ტურფასა“:

„იას უთხარით ტურფასა:

მოვა და შეგჭამს ჭიაო,

მაგრე მოხდენით, ლამაზო,

თავი რომ აგიღიაო!

შენ თუ გგონია სიცოცხლე

სამოთხის კარი ღიაო;

ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,

მოსვლაში არა ყრიაო“.

პოეტმა ემზარ კვიტაიშვილმა საგანგებო გამოკვლევა დაწერა- „მარადიული ბავშვი“, რომელშიც გამოწვლილვით წარმოაჩინა, როგორ აისახა ბავშვთა სახეები გალაკტიონის პოეზიაში.  წერილი კრებულ „გალაკტიონოლოგიაში“ დაიბეჭდა. საქართველოში სულ ორ პოეტს აქვს პატივი, მათი შემოქმედების კვლევის ცალკე დარგი არსებობდეს – რუსთველოლოგია და გალაკტიონოლოგია.

მტვერში წაქცეული მიმოზისთმიანი ბავშვი გვახსენებს კიდევ სხვა ბავშვს ლექსიდან „ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი“:

„ბრძოლისგან დაღლილი სახე

და ტყვია, ჩამჯდარი თავში,

მე თვითონ დაჭრილი ვნახე,

ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი“ („ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი“).

ამ ლექსში – „ბავშვები კაფეში“ – პოეტი თვალნათლივ ხატავს, როგორ ეტყობათ ბავშვებს სახეებზე ნატყვიარები, ეს ფიზიკური ტკივილებია, მაგრამ უფრო საშიში ის არის, რომ ეს ანგელოზები შეიძლება ეშმაკებად იქცნენ. მათ გული სავსე აქვთ შხამის წვეთებით – ამ მეტაფორით კარგად წარმოაჩენს პოეტი, შინაგანად რას განიცდიან ეს დაჩაგრული და გარიყული ბავშვები. მათ გულში ბუნებრივი, თანდაყოლილი სიყვარული, სითბო და სინათლე განდევნა ცხოვრების სიბნელემ, სისასტიკემ. მართლაც, შემაძრწუნებელია, რომ მათ ვერ ამჩნევენ, სწორედ ამაზე მიანიშნებს სტრიქონები:

„ამ დროს მოლხენით არის დარბაზი,

ორკესტრი გრგვინავს თავგამეტებით“.

ეს მოლხენა, გაჩახჩახებული, თვალისმომჭრელი დარბაზი, თავგამეტებული მუსიკოსები – მეტყველებენ საზოგადოების სისასტიკეზე, გულგრილობასა და უგუნურებაზე. ისინი თავიანთი ქცევით ჯოჯოხეთს იმზადებენ. ისტორიამ არაერთი წამებული ბავშვის სახე იცის. ჰაგიოგრაფიიდან გვახსენდება „კოლაელ ყრმათა წამება“, რომელშიც აღწერილია ქრისტიანული რწმენის აღიარებისა და ერთგულებისთვის როგორ ჩაქოლეს 7-9 წლის  9 ბავშვი. ყველას ახსოვს ანა ფრანკი, 13 წლის ებრაელი გოგონა. მსოფლიო შეძრა მისმა დღიურმა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს წერდა. ანას ოჯახი გერმანიიდან გაიქცა და ჰოლანდიას შეაფარა თავი. ამსტერდამში, სახლის სხვენზე ცხოვრობდნენ საშინელ სიდუხჭირეში, გამუდმებულ შიშში, მაგრამ ანას საოცარი სასიცოცხლო ძალები აღმოაჩნდა, მან დაიწყო დღიურის წერა და თავისი ფიქრების მისთვის განდობა, დღიურს გოგონას სახელი დაარქვა – ქითი. 2 წლის განმავლობაში წერდა: 1942-1944 წლებში. ანა 15 წლისა გარდაიცვალა და სამუდამოდ დარჩა ადამიანთა ხსოვნაში, როგორც ომის საშინელებათა მოწმე.

ბავშვის სიკვდილი გალაკტიონის პოეზიაში ქვეყნიერებაზე წყვდიადის ჩამოწოლას ედარება: „კუბო, უმიზნოდ მცურავი ქარში და უმიზეზოდ მოკლული შველი/ დაედევნება ბავშვებს სიზმარში/ ეს მოგონების ლანდი, სანთელი, რას იზამს მაშინ, რას იზამს მაშინ მზე, ნაკადული, მთები და ველი?“ („სროლის ხმა მთაში“).

გალაკტიონს ძალიან უყვარდა ბავშვები, არაერთ ფოტოზეა მათთან ერთად აღბეჭდილი, თვითონაც ბავშვივით იყო, უბოროტო, გულუბრყვილო და ბავშვივით მეოცნებე, წარმოსახულ სამყაროში რომ ცხოვრობდა. მისი პოეზია სწორედ ამიტომაც არის ასეთი შთამბეჭდავი, რომ სწორედ ბავშვური, წრფელი და უმანკო მზერით არის აღქმული სამყარო:

„საღამო იწვა ხავერდის ყდაში,

ვით წიგნი ლურჯი და ძველისძველი,

ეს იყო მაშინ, ეს იყო მაშინ, როცა მე ბავშვი ვიყავ“.

გალაკტიონის პოეზიაში  არა მხოლოდ მწუხარე სახის, არამედ მხიარული, ბედნიერი ბავშვებიც იხატებიან. „რამდენი ბავშვი შეჰხარის ამ დღეს/ რა ახალია ეს დედამიწა“ („ზღვაზე ბავშვების ბედნიერ სირბილს“). პოეტს სჯეროდა, რომ დედამიწის განახლება, სიცოცხლე ბავშვების ბედნიერებაზე იყო დამოკიდებული. ამ ლექსის მთავარი სათქმელიც ეს არის – ბავშვების გადარჩენა სიცოცხლისა და სიყვარულის გადარჩენაა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი