ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მეთოდოსი და ოდოსი – რეპროდუქტიული და პროდუქტიული აზროვნება

წარმოვიდგინოთ, მეთოდოსი და ოდოსი დღესაც ძმები არიან. მეთოდოსს მამამ ასწავლა, რომ ალგებრასა თუ ქიმიაში ერთი ამოცანის რამდენიმე გზით ამოხსნა სავსებით შესაძლებელია. ასეც იქცევა, ყოველთვის ცდილობს, მსგავს პირობას განსხვავებული ამოხსნის წესი მიუსადაგოს. ლიტერატურაც ძალიან უყვარს. კითხვისას გონებაში  დროით პარადიგმებს, სივრცით რუკებს აგებს, მსგავს ცნებებს სქემებად ალაგებს და ასე იმახსოვრებს; თავადაც წერს, თუმცა მხოლოდ – ესეებს; უკრავს განსხვავებული ჟანრის მუსიკას, მაგრამ კომპოზიცია არასოდეს შეუთხზავს. სკოლამდე მეთოდოსი ყოველდღე ერთსა და იმავე გზას გადის – ფეხით ან ავტობუსით.

ოდოსი მეთოდოსზე მოგვიანეა. მას უცნობ ალგორითმიანების ამოხსნა ურჩევნია სტანდარტული ამოცანების ამოხსნას. ლიტერატურა უყვარს, თუმცა ბევრს არ კითხულობს. ლექსებს და მოთხრობებს რომ წერს, არ ამხელს. აი, მის მუსიკალურ კომპოზიციებს კი სიამოვნებით ისმენენ ყველგან. მეთოდოსისგან განსხვავებით, ოდოსი დილით დაჭმუჭნული მაისურით ველოსიპედს შეაფრინდება და გარბის. ერთი გზით არასდროს დადის. მუდმივად ფიქრობს და ყველაფერს აკვირდება. საინტერესო აზრებს აუცილებლად სრულყოფს. იცის, რომ მის ამ მიგნებას ყველა სიამოვნებით გამოიყენებს.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მათი მამა – ლოგოსი აზროვნებაა. მერე რა, რომ კლასიკური გაგებით, ჯერ კიდევ პარმენიდედან მოყოლებული, ოდოსი თავად არის ლოგოსი, სიბრძნე და გზა, ხოლო მეთოდოსი – ის საშუალება, ხერხი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ[1]. ოდოსი მუდამ სიახლეზეა ორიენტირებული, მეთოდოსი კი რაიმე პრობლემის გადასაჭრელად უკვე მზა ჩვევას, გამოცდილ სქემას იყენებს სწორედ ისე, როგორც ამას ჩვენი გონება აზროვნებისას აკეთებს ხოლმე.

თუმცა ამგვარი გარჩევა ფსიქოლოგიაში არა მეთოდოსის ან ოდოსის, არამედ რეპროდუქტიული და პროდუქტიული აზროვნების სახელწოდებითაა ცნობილი. ამ ცნებების შემოტანას უკავშირებენ გეშტალდფსიქოლოგებს, რომლებიც მათი არაერთგვაროვნების საფუძვლად შედეგის სიახლეს მოიაზრებენ და თვლიან, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ წინაშე წამოჭრილი პრობლემის ჩვეული, გამოცდილებაში არსებული წესით გადაწყვეტა რეპროდუქტიული აზროვნების შედეგია. რეპროდუქციას ახასიათებს გამოყენების კონცეფციების (წეს-კანონების) მოდელების შესაბამისი პრინციპების შეთავაზება; სააზროვნო ამოცანების გადაწყვეტა ფორმულების, თეორემების, მზა სქემების, რაოდენობის ალგორითმების გამოყენებით; პრობლემის მოგვარება შესაძლო გადაწყვეტილებების ზოგადი ანალიზის გზით, როდესაც ეს ანალიზი ეყრდნობა მკაფიო მოცემულობებს, რომლებითაც პოულობს ობიექტებსა თუ ობიექტების მახასიათებლებს. ისინი კი, თავის მხრივ, ურთიერთობენ სხვა ობიექტებთან. შესაბამისად, გვიყალიბდება თანამიმდევრობათა კავშირები და სისტემურობა, რომელიც ახალ მიმართებებს ბადებს.  ყოველი ახალი მიმართება, ახალი ნაბიჯი, ახალი „აჰა-განცდა“ ახალი პროდუქციაა, რომელსაც თუკი კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ, რეპროდუქციად გადაიქცევა და იქნება არა გამოგონება, არამედ – მოგონება.

მაშასადამე, რეპროდუქტიული აზროვნება წინარე გამოცდილებებით და უკვე მიღებული ცოდნით ჭრის პრობლემას. იგი განზოგადებაა იმ ინფორმაციის, რომლის სეგმენტებად დაშლას და კვლავ დაკავშირებას გარკვეული ვარჯიში სჭირდება. ამ ვარჯიშის ცოდნა კი რეპროდუქტიული აზროვნების უფლება და უპირატესობაა.

ამიტომაც მიიჩნევდა ჯონ დიუი განათლების ინტელექტუალურ მიზნად და მის არსად ყურადღებიანი, საფუძვლიანი და სხარტი აზროვნების ჩვევათა ჩამოყალიბებას და   წვრთნას სწორედ ისე, როგორც ბიცებსებს ავითარებენ ხოლმე მხოლოდ მათთვის განკუთვნილი ვარჯიშით: „აზროვნების ფუნქციის განცალკევებით გავარჯიშება ისე, როგორც ზოგიერთი დანადგარი კუნთებს ამუშავებს, ცალკეულ საგნებთან ერთად შესაძლებელია ოპერაციათა ერთობლიობით, რაც გონებრივ მანქანას ქოქავს და ნებისმიერ თემაზე მუშაობას აიძულებს. ეს ერთობლიობა არის მეთოდი, რომელიც უნდა უზრუნველყოდეს პირობებს, რომლებიც ინდივიდუალურ საჭიროებებსა და უნარ-ჩვევებს მოერგება და მუდმივად განავითარებს კონკრეტული პიროვნების დაკვირვების, იდეათა შემუშავებისა და კვლევის უნარს“.

მეთოდის ეფექტურობისა და საზღვრების  დამდგენად ჯონ დიუის მიაჩნია მხოლოდ ის მასწავლებელი, რომელიც ბეჯითად შეისწავლის როგორც მოსწავლეთა გონებრივ ინდივიდუალურ ოპერაციებს, ისე სასკოლო პირობების ზეგავლენას ამ ოპერაციებზე. მხოლოდ მათ შეიძლება მივანდოთ შემუშავება სწავლების საკუთარი, ვიწროდარგობრივი მეთოდებისა, რომლებიც კონკრეტულ საგნებში მისაღწევ შედეგებზეა ორიენტირებული. მათგან კი, ვინც არც მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს იცნობს და არც იმ გარემოებებს, რომლებსაც მათზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, საუკეთესო ტექნიკური მეთოდებითაც ვერ მივიღებთ შედეგებს მანამ, სანამ მოსწავლეები დამოუკიდებლად არ გამოიმუშავებენ მუშაობის ჩვევებს და ეს ჩვევები ღრმად არ გაუჯდებათ.

ასე რომ, რეპროდუქტიულ აზროვნებას ვერ განავითარებს მუდმივად ერთი რომელიმე მეთოდით მუშაობა, აუცილებელია მეთოდთა მრავალფეროვნება, რაც აგვაშორებს მიზანთან უმოკლესი გზით მისვლის არასწორ ტენდენციას, რომელსაც საგანი მექანიკურობამდე დაჰყავს და სავსებით ბლოკავს ინტელექტუალური მხარის გაღვიძებას. ამ მხრივ აქტუალობას დღესაც არ ჰკარგავს დიუის წუხილი, რომ „ზოგჯერ მექანიკური გავარჯიშება მხოლოდ სამარცხვინო აღმასრულებელი აქტივობაა და არა აზროვნებითი მოქმედება“. „წვრთნის“ ეს მეთოდი, მისი აზრით, ცხოველთა წვრთნის დონეზე დაიყვანება. ტექნიკური უნარ-ჩვევების შეძენა ინტელექტუალურად შეიძლება და არა მექანიკურად. იმისთვის, რომ აზროვნების აქტი შედგეს, აუცილებელია ერუდიცია, რომელიც მუდმივად ქმედითია და მუდმივად ცხოვრებას გვიუმჯობესებს მხოლოდ მაშინ, თუკი იგი აზროვნებისა და არა მხოლოდ მეხსიერების ხარჯზეა დაგროვილი.

დავიდ პერკინსს თავის წიგნში „საუკეთესო აზროვნება“ The Mind’s Best Work (Harvard University Press, 1981) ჩაღრმავებული აზროვნების შედეგად სწავლა მიაჩნია ეფექტურად სწავლისა და ბევრად მაღალი შედეგების საწინდრად. მისი თეორიის მიხედვით, „მასწავლებლის ამოცანაა მოსწავლეთა აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება, რაც გულისხმობს მიღებული ცოდნის მოქნილ და აქტიურ გამოყენებას“. ეს კი აზროვნების რეპროდუქცირების, კვლავწარმოქმნის უნარია, რომლის გააქტიურება სასწავლო პროცესში მასწავლებელს შეუძლია. პერკინსი სწორედ ამიტომ სთხოვს მასწავლებლებს, რომ ბავშვებს ახალი მასალის ახსნისთანავე ასწავლონ, თუ როგორ გაიაზრონ და ისწავლონ ის. გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის დროდადრო წყვილებში ან  ჯგუფებში მეცადინეობის, ასევე სხვადასხვა სტრატეგიების შეთავაზება მათში ამ პოზიტიური სააზროვნო მეთოდის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. მთავარია, მათთვის გასაგებ ენაზე ავხსნათ, როდის და რატომ არის ესა თუ ის სტრატეგია (ჩანაწერის გაკეთება, მასალის დამუშავება, საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა...) განსაკუთრებით სასარგებლო. თუკი მოსწავლეებს თითოეული სტრატეგიის სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების საშუალებას მივცემთ, ეს მათ რეპროდუტიულობას გაზრდის და ეფექტურ სწავლა-სწავლებას შეუწყობს ხელს.

სწავლების პერკინსისეული მეთოდები: დაკავშირება, მიმართებების დამყარება, პრობლემური სიტუაციის შექმნა – უზრუნველყოფს მოქნილ აზროვნებას და  გადატანითი (ტრანსფერული) უნარების წარმოქმნას, რათა მოწაფემ მომავალში უფრო ადვილად შეძლოს მისი  უცნობ სიტუაციებში გამოყენება. იმისათვის, რომ სწავლება აზროვნებაზე ფოკუსირებულ ხანგრძლივ პროცესად ვაქციოთ, მოგვეთხოვება, უზრუნველვყოთ ისეთი სასწავლო სიტუაციები, რომელშიც მოსწავლეები იფიქრებენ ამა თუ იმ საკითხზე და არაერთხელ დაუბრუნდებიან მას სხვადასხვა შემთხვევაში; ასევე აუცილებელია უკუკავშირი და კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შევაფასებთ, თუ როგორ არიან დაუფლებულნი მოწაფეები აზროვნების მოქმედებებს, რა აქვთ კიდევ გასაკეთებელი იმისათვის, რომ კარგად გაიგონ ესა თუ ის საკითხი, რათა მომავალში მზა ცოდნის გარეშე ჩასწვდნენ ახალ პრობლემურ სიტუაციას და უკვე ახალი სააზროვნო გამოცდილებით გაიკვალონ გზა ადამიანური აზრის სიმაღლეებისაკენ, იქითკენ, სადაც ნაცნობი სქემებით ოპერირება მთავრდება და „პროდუქტიული“, „გენერაციული“, „კრეატიული“ პროცესები იწყება.

აზროვნების ამ შემოქმედებით  არეს, პირობითად ოდოსის არეს ვუწოდებთ, რადგან აზრი მუდმივ გზას გადის და ამ გზაზე ცდისეული ვარიაციებით აბსოლუტურად ახალი ცოდნით თუ გამოცდილებით იმოსება მანამდე, სანამ ახალ პროდუქტს არ დაბადებს და კვლავ სვლისთვის ათვლის ახალ წერტილს არ აიღებს.

ამდენად, პროდუქტიული აზროვნება ისეთი ფსიქიკური შემეცნებითი პროცესია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ უკვე ნაცნობი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა და მიმართებების დამყარება გარე სამყაროს მოვლენებსა და ობიექტებს შორის, არამედ არსებული აზრობრივი სტრუქტურების მიღმა ახალი მიმართებების ძიება და მათი დაკავშირება ამა თუ იმ მოვლენასთან. ხოლო თუკი ფსიქოლოგიური დაყოფის კრიტერიუმი აზროვნების პროცესის შედეგს ითვალისწინებს, ალბათ, შესაძლებელია ითქვას, რომ პროდუქტიული აზროვნება შემოქმედებითი ტიპის აზროვნებაა, რადგან მის შედეგსაც რაიმე ახალი კანონზომიერების აღმოჩენა ან ახალი პრობლემის გადაწყვეტა წარმოადგენს.

შემოქმედებითი პროცესის ხუთი საფეხურის, ფაზის შესახებ მოგვითხრობს თავის წერილებში მიჰაი ჩიქსენტმიჰაი:

  • პირველი „მომზადება“, განწყობა და ქვეცნობიერსა თუ ცნობიერში ინტერესის აღმძვრელ საკითხებში ჩაფლობაა;
  • მეორე ფაზა ინკუბაციის, ქვეცნობიერში იდეათა უჩვეულოდ დაკავშირებისა და მოულოდნელი კომბინაციების პერიოდია;
  • მესამე ინტუიციის გამოვლენაა, „აჰა“-ს და შემდეგ „ევრიკა“-ს მომენტი;
  • მეოთხე შეფასების ფაზაა და ხშირად სააზროვნო პროცესის ყველაზე ემოციური ნაწილიც, თვითკრიტიკისა და „სულში ჩახედვის“ პერიოდი. ამ ეტაპზე ხდება იდეის ღირებულების შეფასება და კარგად გამოჩნდება ხოლმე დარგისა და სფეროს შინაგანი კრიტერიუმები;
  • მეხუთე კომპონენტი დამუშავებაა და იგი ყველაზე მეტ დროსა და მძიმე შრომას, 99%-იან ოფლისღვრას ითხოვს.

თუმცა აქვე შენიშნულია, რომ შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანი მხოლოდ დამუშავების ბოლო, გრძელ ეტაპზე არ იწყებს შეუპოვარ შრომას. პროცესის ამ ნაწილს მუდმივად წყვეტს ინკუბაციის პერიოდები და პატარ-პატარა გამოცხადებები. ამ დროს ბევრი ახალი იდეა ჩნდება, რომლებიც საწყის აზრს საბოლოო შტრიხებს სძენს.

რაკი პროდუქტიული აზროვნების პროცესი რეპროდუქტიული აზროვნების შემდგომად ვითარდება, მიიჩნევენ, რომ იგი რეკურსიული უფრო მეტადაა, ვიდრე ხაზოვანი და გამეორებების, წრიული ტრიალის, იდეების რაოდენობა საკითხის სიღრმესა და ხედვის სიფართოვეზეა დამოკიდებული. ხანდახან ინკუბაციის პერიოდი რამდენიმე წელიწადს, ხანდახან კი რამდენიმე საათს გრძელდება. ხდება ისეც, რომ პროდუქტიული აზრი, კრეატიული იდეა ერთ ღრმა და უამრავ პატარა აზრს მოიცავს. ზოგ შემთხვევაში ძირითადი აზრი შეიძლება ნელა, ცალკეული დამოუკიდებელი აფეთქებების სახით გამოჩნდეს და მათ ერთიანად ჩამოყალიბებას წლები დასჭირდეს. თუმცა სკოლამ, განათლების დაწესებულებებმა ყოველთვის უნდა მისცეს ბიძგი  პატარ-პატარა „აჰა“ მომენტებს. უფრო მეტიც, სკოლა ის ადგილი უნდა იყოს, სადაც ბავშვობიდანვე შთააგონებენ ადამიანური აზრის უპირატესობას სხვა ნებისმიერ რეპროდუქტიულ აზროვნებაზე, მის შემოქმედებით ძალას და სამომავლო შესაძლებლობებს რაც შეიძლება ხშირად უნდა გაესვას ხაზი, რათა მოწაფე მხოლოდ მეთოდოლოგიური, რეფლექსიური ზონებიდან ახალ საწყისზე, ახალ გზებზე გადავიყვანოთ.

ყველა ჩვენგანში დაბადებიდან მეთოდოსთან ერთად ცხოვრობს ერთი შემოქმედი – ერთი ოდოსი, რომელიც მიზეზთა გამო ჯინივით გამოვამწყვდიეთ, შევკვეცეთ ან დავამუნჯეთ. მთავარია, როგორღაც კვლავ ვიპოვოთ ოქროს გასაღები მის გამოსახსნელად და ის, რაც ჩვენ დაგვემართა, სხვებს მაინც არ დავმართოთ. გზა შორს წაგვიყვანს, ჯინი სურვილებს აგვისრულებს თუ სკოლას ვატერ(პო)ლოოდ არ გადავაქცევთ, ვინძლო ბავშვის დახატული დემიურგის ძალაც, როგორც ლოგოსი, გულით ვიწამოთ. ვინ იცის, იქნებ ერთხელ მართლაც (გა)დაგვარჩინოს.

 

 

 

 

[1]οδόςბერძნ. – ‘გზა’; μέθοδος –  ‘გზისმეშვეობით’, ‘გზისშემდეგ’;

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი