შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ინტერნეტრესურსების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე

დღეს ადამიანების უმრავლესობას ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. ინტერნეტი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტად იქცა. გლობალური საინფორმაციო ქსელი – ეს სივრცეა, რომელსაც საგაკვეთილო პროცესში თანაბრად იყენებს როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი. ამიტომაც თანამედროვე მასწავლებელი სათანადო დონეზე უნდა ფლობდეს კომპიუტერულ წიგნიერებას. სწავლების მეთოდოლოგიისა და ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნა, სკოლაში მუშაობის გამოცდილება მასწავლებლისთვის გარკვეულწილად კარგი ფილტრია ინფორმაციის ზომიერად და დანიშნულებისამებრ შესარჩევად. ამასთან ინტერნეტი და იქიდან აღებული ინფორმაცია, მომზადებულ და ადაპტირებულ სასწავლო მასალასთან ერთად, ინოვაციური გაკვეთილების ჩატარების კარგ შესაძლებლობას იძლევა. ინტერნეტრესურსების გამოყენება სასწავლო პროცესს უფრო შემოქმედებითს ხდის. იგი კი არ გვკარნახობს სწავლების მეთოდებსა და მათ შინაარსს, არამედ ადეკვატურად ერთვება სრულფასოვანი სასწავლო საქმიანობის ორგანიზაციაში.

 

გეოგრაფიულ ინფორმაციაზე მუშაობისას მუდმივად საჭიროა მისი შევსება და განახლება, რათა შესასწავლი ობიექტების შესახებ თანამედროვე, ახალი და აქტუალური მონაცემები გვქონდეს. კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში შედარებით ხელმისაწვდომი და გავრცელებული გახდა ინტერნეტის გამოყენება სხვადასხვა მონაცემების, წყაროების მოსაპოვებლად, მათ შორის, რა თქმა უნდა, გეოგრაფიული პროფილისაც. ინტენეტსაიტების მსოფლიო ქსელი საშუალებას გვაძლევს ვიმყოფებოდეთ ერთი ადგილას და, ამავე დროს, ვირტუალურად ვიმოგზაუროთ სივრცეში, მივიღოთ საჭირო ცნობები, დისტანციურად დავაკვირდეთ იმ გეოგრაფიულ ობიექტებს, რომლებიც ჩვენგან საკმაოდ შორს არიან, მივიღოთ ინფორმაცია ქვეყნების, ხალხების, დასახლებული პუნქტების შესახებ. ინტერნეტში არსებული ინფორმაციის გამოყენებით შესაძლებელია ოპერატიულად განვაახლოთ სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტების – მთლიანად მსოფლიოს თუ ცალკეული ქვეყნის, კონკრეტული საწარმოს თუ ქალაქის, რეგიონისა თუ საკუთარი სკოლის მახასიათებელი ფაქტობრივი მონაცემების ბაზები. ამ მონაცემების გამოყენებით გეოგრაფიის მასწავლებელს საშუალება აქვს გაკვეთილი უფრო საინტერესო და აქტუალური გახადოს შინაარსობრივად, უფრო თანამედროვე მეთოდურად და უფრო ქმედითი – შედეგის თვალსაზრისით. ამასთან, გაკვეთილზე როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები იყენებენ გლობალური ინფორმაციული ქსელის მონაცემებს.

ინტერნეტში ყველაფერია ყველაფრის შესახებ. იგი შეიძლება იმ მდინარეს შევადაროთ, რომელსაც ინფორმაციის უზარმაზარი რაოდენობა მოაქვს, მოიცავს მთელ მსოფლიოს, აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან, რომლებიც ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, ოპერატიულად გვაწვდის ნახატებს, სქემებს, ცხრილებს, ფოტო- და ვიდეოგამოსახულებას, აუდიოინფორმაციას. ამ დროს, მთავარია, სწორედ იქნეს შერჩეული ინფორმაციის წყარო. რომელიც საშუალებას მოგვცემს, ინფორმაციის ამ გიგანტური ნაკადიდან ჩვენთვის საჭირო მონაცემები მივიღოთ.

ინფორმაციის ამ ნაკადში თავისი ადგილი უკავია გეოგრაფიულ ცოდნას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო, საგანმანათლებლო, პრაქტიკულ და თითოეული ჩვენგანის ყოფით ცხოვრებაშიც კი. ასე მაგალითად, ამინდის პროგნოზის გარეშე დღეს უკვე წარმოუდგენელია ცხოვრება. ამიტომაც მილიონობით ადამიანი ინტერნეტში სხვადასხვა სპეციალიზებულ მეტეოროლოგიურ საიტს სტუმრობს. გეოგრაფიული კვლევებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საიტებს, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციასა და სამეცნიერო მონაცემებს გვაწვდიან განსახილველი ობიექტებისა თუ მოვლენების შესახებ. შესაბამისად, ინტერნეტის მრავალრიცხოვანი ელექტრონული სტატისტიკური ინფორმაციის წყაროებს შორის გულდასმით უნდა შეირჩეს ყველაზე სანდო და ობიექტური. სწორედ ასეთი საიტების გამოყენებით იქნება შესაძლებელი შესასწავლი ობიექტების შესახებ ახალი და უტყუარი ცნობების მიღება.

ინტერნეტის აურაცხელი სტატისტიკური ინფორმაცია შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავყოთ:
1.მონაცემთა ოფიციალური ბაზები, სადაც სტატისტიკური მონაცემები გარკვეულწილად სისტემატიზებულია მათ შორის ტერიტორიულ ასპექტშიც, რაც გეოგრაფიულ მიმართულებს აძლევს მათ. ასეთებია მაგ; აშშ-ს მთავარი სტატისტიკური ორგანოს – ცენზების ბიუროს საიტი – www.census.gov ან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსხურის დეპარტამენტის – https://www.geostat.ge.
2.მასობრივი ინფორმაციის გეოგრაფიული შინაარსის ელექტრონული პუბლიკაციები, მათ შორის კი შედარებით ავტორიტეტული სამეცნიერო ან მეთოდური-სამეცნიერო გეოგრაფიული გამოცემები, რომელთაც თავიანთი ინტერნეტვერსია აქვთ. სწორედ ასეთია მაგ; ჟურნალი ”მასწავლებელი” თავისივე საიტით https://mastsavlebeli.ge რომელსაც მრავალრიცხოვანი ინტერნეტმომხმარებელი ჰყავს. ასევე ჟურნალი და შესაბამისი საიტი – https://www.nationalgeographic.com/, რომელიც ქართულ ენაზეც გამოდის.
3.სხვადასხვა სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების საიტები, რომლებიც გეოგრაფიული კვლევებით არიან დაკავებული. მათ შორის გამოიყოფა უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების საიტები, რომლებიც თავიან გვერდებზე სამეცნიერო ნაშრომებსა და პუბლიკაციებს ათავსებენ. მაგ. მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტი-https://www.wri.org/our-work/project/earthtrends-environmental-informationmaps_spatial/watersheds/index.php, ან https://www.gebco.net. ასევე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი – https://www.geography.tsu.ge/, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. https://www.tsu.ge/ და სხვ.
4.საზოგადოებრივი ორგანიზაციების საიტები, რომლებიც სტატისტიკურ და სხვა ინფორმაციას გარკვეული თემატური მიმართულებით გვაწვდიან. მაგ; მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი – https://www.weforum.org/; მსოფლიოს ბიზნესსიახლეები-https://www.businessinsider.com/mega-regions-2014., საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო – https://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=31, დაცული ტერიტორიების სააგენტო – https://apa.gov.ge/ge/ და სხვ.
5.ელექტრონული ბიბლიოთეკების, ლექსიკონების, ცნობარების და ენციკლოპედიების საიტები, რომლებიც მრავალფეროვან გეოგრაფიულ ინფორმაციასთან ერთად სტატისტიკურ მონაცემებსაც გვაძლევენ. მაგ; უცხო სიტყვათა ლექსიკონი – https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=3; გეოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი – https://gtd.reestri.gov.ge/, და, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად პოპულარული www.wikipedia.org.

6.ოფიციალური და არაოფიციალური საიტები, რომლებიც დარგობრივ და რეგიონალურ დონეზე გვაწვდიან რაოდენობრივ ინფორმაციას, სტატისტიკურ გათვლებს და ანალიტიკურ პუბლიკაციებს. მაგ; პოლიტიკური საიტი -www.atlapedia.com, საიტი მსოფლიოს მოსახლეობის შესახებ – https://www.populationmondiale.com/#sthash.1uXZWbAv.dpbs, ცნობები მსოფლიოს კლიმატის შესახებ – https://www.klimadiagramme.de/, ან საქართველოს მეტეოსაიტი – https://www.meteo.gov.ge/

7.კარტოგრაფიული საიტები, სადაც განსახილველი რეგიონის შესახებ, გარდა კარტოგრაფიული მასალებისა, მოცემულია სტატისტიკური მასალებიც ან თავად რუკები წარმოადგენენ რაოდენობრივი ინფორმაციის წყაროებს. ასეთებია, მაგ; კარტოგრაფიული საიტი https://d-maps.com/, სადაც თავადაც შეგიძლიათ რუკების შექმნა, https://www.worldlifeexpectancy.com/world-life-expectancy-map. https://www.adme.ru/tvorchestvo-dizajn/40-kart-kotorye-pomogut-vam-luchshe-ponyat-etot-mir-597505/, www.plasma.nationalgeographic.com/mapmachine. ასევე კარტოგრაფიული თამაში – https://world-geography-games.com/ და სხვ.

8.რეგიონალური საიტები, რომლებიც მოიცავენ ინფორმაციას კონკრეტული ქალაქების, ქვეყნების, რაიონების ან სხვა დასახლებული პუნქტების შესახებ. მაგ; https://london.gov.uk/, https://www.tbilisi.gov.ge/, https://telavi-gov.ge/

9.გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაძიებლად მოსწავლეებს შორის ყველაზე პოპულარულია საძიებო სისტემა Google-ი. იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს იმუშაოს კარტოგრაფიულ რესურსებთან გის-სისტემაში. მათ შორის გამოიყოფა www.maps.google.Com, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ქალაქში ნებისმიერი შენობის მოძებნაა შესაძლებელი, ასევე გვიჩვენებს მასთან მისასვლელ მარშრუტს და ობიექტის ზუსტ მისამართს. მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მოაწყონ ვირტუალური მოგზაურობა, გაიფართოონ ცოდნის თვალსაწიერი, მიღებული გამოსახულება სასწავლო საქმიანობაში ილუსტრაციის სახით გამოიყენონ.

Googlе პლანეტა დედამიწა საშუალებას გვაძლევს ჩვენს პლანეტას კოსმოსიდან შევხედოთ პროგრამა www.earth.google.com-ის გამოყენებით. ეს რესურსი აერთიანებს Googl-ის საძიებო სისტემის შესაძლებლობებსა და თანამგზავრულ ფოტოსურათებს, რუკებს, ლანდშაფტებისა და შენობების სამგანზომილებიან გამოსახულებებს, რათა მომხმარებელმა უმოკლეს დროში და მცირე დანახარჯებით მიიღოს გეოგრაფიული ინფორმაცია.

ინტერნეტი გეოგრაფიის გაკვეთილზე ისევე აუცილებელია, როგორც გლობუსი, რუკები და სამყაროს შეცნობის სხვა საშუალებები. ამასთან, ინტერნეტი ვერც მთლიანად და ვერც ნაწილობრივ ვერ ცვლის სახელმძღვანელოსა და მასწავლებელს, თუმცა ამაღლებს გეოგრაფიის გაკვეთილების ატრაქციულობას, საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ ჩვენს პლანეტას რეალურ რეჟიმში, აძლიერებს მოსწავლეთა დაკვირვების უნარს და მოტივაციას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი