წინასასკოლო მომზადება და აუტისტური სპექტრის აშლილობა, მშობლის როლი და რეკომენდაციები

სექტემბერში ახალი სასწავლო წელი იწყება.  ჯერ ეს წელი არ დასრულებულაო, მეტყვით თქვენ, ჯერ რა დროს ახალ სასწავლო წელზე საუბარიაო, თუმცა, როდესაც იმ ბავშვებზე ვსაუბრობთ, ვინც სულ სულ პირველად უნდა შეაღოს კლასის კარი და მერხსაც მიუსკუპდეს, ახალ სასწავლო წელზე საუბარი იქნებ უკვე დაგვიანებულიც იყოს.

სექტემბერში ახალი სასწავლო წელი იწყება და ნებისმიერი მშობელი, რომელსაც სასკოლო ასაკის შვილი ჰყავს დიდ მზადებასა და ფაციფუცშია, ნერვიულობს, განიცდის, ჯერ სკოლას ეძებს, არჩევს, მასწავლებლებს ხვდება, პროგრამებს ათვალიერებს, მერე სასკოლო ნივთებს მოიმარაგებს, ახალ სრულიად სხვანაირი სისტემურობით დაალაგებს დღესა თუ სამუშაოს.

განსაკუთრებული მღელვარებით და შიშით აავსებს ეს მოლოდინი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს, რადგანაც, სკოლის შერჩევისა თუ მასწავლებლებთან საუბრის დროს, ყველას ერთხელ მაინც შეუმჩნევია ყოყმანი თუ კითხვის ნიშანი.

არის კი მზად ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იმისთვის, რომ უზრუნველყოს ასას დიაგნოზის ბავშვებისთვის შედეგიანი სასწავლო პროცესი? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების გამოცდილება დღითი დღე იმატებს, სულ უფრო მეტი პედაგოგი ცდილობს სასარგებლო მეთოდიკას გაეცნოს, მოსწავლის საჭიროებები გაითვალისწინოს, მაინც, ხშირად, წარმატება სისტემურ მიდგომაზე კი არა, კონკრეტულ, ენთუზიასტ და სენსიტიურ პედაგოგზეა დამოკიდებული.

იმისათვის, რომ წინასწარ მოვემზადოთ სასწავლო წლისთვის, უნდა დავგეგმოთ ჩვენი წინასასკოლო მოქმედებები და ყველაზე დიდი როლი ამ პროცესში, რასაკვირველია, მშობელს აქვს.

მაშ ასე, ვცადოთ ჩამოვთვალოთ ყველა აქტივობა თუ ინიციატივა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სექტემბერში, სკოლაში მისულმა მოსწავლემ თავი გაცილებით კომფორტულად და მშვიდად იგრძნოს, ეს ხომ ასას შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია. გაგიზიარებთ პირად გამოცდილებას:

  1. სკოლის შერჩევა:

პირველ რიგში, რასაც ვარკვევ, სკოლის გამოცდილებაა ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ვესაუბრები სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს და ფსიქოლოგს. უპირატესობას ვანიჭებ სკოლას, სადაც კლასში მოსწავლეების ნაკლები რაოდენობაა, კიდევ ერთი, უფრო პატარა და მშვიდ სკოლას ვარჩევ, რადგან, მაგალითისთვის ჩემს პატარა ბიჭს დიდი სივრცეების ეშინია, ( სინამდვიელში, ასეთ გარემოში ორიენტაცია მეც კი მიჭირს-ხოლმე). მნიშვნელოვანია სკოლის ინფრასტრუქტურა, მეტისმეტად ჭყეტელა ფერები კედლებსა თუ სკოლის ავეჯზე, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს გააღიზიანებს ან ყურადღებას გაუფანტავს.

  1. თუ სკოლა უკვე შეარჩიეთ, არ დაიზაროთ სკოლის ეზოში, თუნდაც ვესტიბიულში ბავშვთან ერთად გასეირნება, შეახედეთ კლასებში, სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ანახეთ სასწავლო პროცესი, გააცანით მისი მომავალი მასწავლებელი და სკოლის ფსიქოლოგი.
  2. მნიშვნელოვანია, რომ სექტემბრამდე მოაგვაროთ ის რამდენიმე პრობლემა, რომელიც შემდგომში ხელს შეგიშლით სასწავლო პროცესში, მაგალითად, თუ თქვენი შვილი გვიან იძინებს და შესაბამისად, დილით ადრე ვერ იღვიძებს, უკვე დროა, თანდათან, ეტაპობრივად შეცვალოთ მისი ძილის რეჟიმი. ასევე, ეცადეთ თანდათან შეაჩვიოთ ადრიან საუზმეს, ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს შეზღუდული კვებითი ინტერესები აქვს, სანამ სკოლაში ჭამას შეეჩვევა, მაწიერი და ნოყიერი საუზმე კარგ სამსახურს გაგიწევთ.
  3. თუ ბავშვი რომელიმე ცენტრში გადის თერაპიას, კარგი იქნება, თუ ხელახალი დიაგნოსტირების საშუალებით, ის პრობლემატიკა გამოიყოფა, რომელიც ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალურია, შემდეგ, თერაპევტებთან ერთად მიზანმიმართულ მუშაობას დაიწყებთ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.
  4. დაგეგმეთ საშინაო მეცადინეობები.  რასაკვირველია, არ ვგულისხმობ, რომ ბავშვს წერა-კითხვა ან შეკრება-გამოკლება უნდა ასწავლოთ, მაგრამ კონცენტრაციის უნარის, ყურადღების, კომუნიკაციისა და ჩართულობის,  მოსმენის, სხვისი მითითებით თუ თხოვნით მუშაობის უნარის განვითარება მნიშვნელოვანი იქნება, არაფერს ვამბობ ნატიფი თუ მსხვილი მოტორიკის განვითარებაზე, რის გარეშეც მოსწავლეს სასწავლო პროცესში ჩართვა გაუჭირდება. შეგიძლიათ ხატოთ, ძერწოთ, სურათები აღწეროთ და პატარა ამბებიც მოყვეთ. „სამეცადინო“ საათი დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში დაგეგმეთ და ერთგვარ რუტინად აქციეთ.
  5. ხშირად ესაუბრეთ სკოლაზე, რომ ეს ის ადგილია, სადაც ბევრ ახალ რამეს გაიგებს და დროს მხიარულად გაატარებს, მეგობრებს შეიძენს, საინტერესო წიგნებს წაიკითხავს. რომ სკოლაში წასვლა ცხოვრების დიდი ეტაპის დასაწყისია, რომ თქვენ ისევ უწინდებურად მასთან იქნებით და ერთად ყოფნისთვის დროც საკმარისად დაგრჩებათ. აქციეთ სკოლაში წასვლა შვილისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლედ.

 

 

 

 

 

კომენტარები

comments