ბზებიდან დანახული ეკლესია

ლაშა გახარია პირველად მაშინ ვნახე, როცა მურმან ლებანიძემ ის ცნობილი ლექსი დაწერა მეგრელებზე. ზაფხული იყო და ლაშა თავის სოფელში, მუხურში ისვენებდა. ახლაც მახსოვს შავ–თეთრი ტელევიზორის ეკრანიდან მომზირალი გამხდარი, მკაცრი შესახედაობის კაცი, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა, დელიკატურად მკაცრი იყო და გაკვირვებას ვერ მალავდა, რამ დააწერინა ასეთი ლექსი ლებანიძეს, რომელთანაც თურმე დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებდა.

იმ ლექსის შემდეგ მთელ სამეგრელოში გარეთ გამოჰქონდათ მურმან ლებანიძის წიგნები და ცეცხლს უკიდებდნენ. ეს ძალიან ჰგავდა ფაშისტების დამოკიდებულებას არასასურველი მწერლებისა და მეცნიერების წიგნებისადმი. ზემოხსენებული ლექსის, რბილად რომ ვთქვათ, რადიკალურობის მიუხედავად, წიგნების დაწვა მაინც სამარცხვინო საქციელად მიმაჩნდა. ცხადია, ლებანიძე ერთ–ერთი გამორჩეული პოეტია, რომელმაც გალაკტიონის შემდეგ ალბათ ყველაზე მეტად გაამდიდრა ვერსიფიკაციული ფორმებით ქართული ლექსი, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.

ლაშას მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოცემული კრებული. მის შემოქმედებას სულ რამდენიმე ხელნაწერით ვიცნობდით, რომლებიც ჩემმა მეგობარმა და თანაკლასელმა მოიტანა სკოლაში. მამამისი ლაშას ახლო მეგობარი იყო და როცა ლაშა ახალ ლექსს წაიკითხავდა სუფრაზე, ჩემი თანაკლასელი მაშინვე იწერდა. თვითონ ლაშა ძალიან უდიერად ეპყრობოდა საკუთარ ლექსებს, მისი ჟურნალისტი მეგობრისგან ვიცი, რომ საზოგადოდ არც ისე მორიდებული იყო, მაგრამ როცა საქმე მის პოეზიას შეეხებოდა, საოცრად თავმდაბალი ხდებოდა.

მერე, როცა მისი კრებული ჩამივარდა ხელში, ის ჩემს საყვარელ პოეტთაგანი გახდა. ვერ ვიხსენებ სხვა ქართველ პოეტს, რომლის პოეზიაც ასეთი მეტაფორული იყოს. ზუსტი, უჩვეულო (ალაგ–ალაგ, ერთი შეხედვით, ხელოვნური) მეტაფორებით, განსხვავებული პოეტური მეტყველებით და აზროვნებით, ალიტერაციით, ტრადიციული სალექსო ფორმების (ძირითადად –5/5 ათმარცვლიანის) ორიგინალური ევფონიით ის უდავოდ ერთ–ერთი საუკეთესოა ქართველ პოეტებს შორის. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი მეგრული ლექსები, სადაც, ჩემი აზრით, მისი ლირიზმი და სიტყვის ფლობა მწვერვალს აღწევს და ვწუხვარ, რომ მას იმდენი მკითხველი არ ჰყავს, რამდენიც მის ქართულ ენაზე დაწერილ ლექსებს. მახსოვს, სოსო მეშველიანმა მითხრა ერთხელ, რომელიღაც ლიტერატურულ შეხვედრაზე ზვიად კვარაცხელიამ ლაშას მეგრული ლექსები წაიკითხაო, არ მესმოდა, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდიო.

ლაშას საოცარი იუმორი ჰქონია. ერთხელ ჩხოროწყუს საკრებულოში იყარა კენჭი და დამარცხდა. ძმაკაცი შეხვედრია ქუჩაში, მიუსამძიმრებიასავით და უთქვამს, მე ხმა შენ მოგეციო. ბიჭოო, – უთქვამს ლაშას, – სულ სამი ხმა მივიღე, ერთი დედაჩემმა მომცა, ერთი – ცოლმა და ერთიც მე მივეცი საკუთარ თავს, ვის ატყუებ შენო.

ქართულ ლიტერატურაში ცოტა არ ყოფილა უკურნებელი სენით – ჭლექით თუ კიბოთი – წასული პოეტი. მათი ავადმყოფობა, როგორც წესი, მათ შემოქმედებაზეც აისახებოდა. ზოგი უკიდურეს პესიმიზმში ვარდებოდა, ზოგი არ ნებდებოდა, მაგრამ მოახლოებულ სიკვდილზე ქილიკი მხოლოდ ლაშასთან შემხვედრია:

 

„გაბორჯღილი ვარ ჯვარზე იმ ბორჯით…

ვერ გარდმომხსნიან თვით სატანებიც.

არა უშავს რა, თუკი კიბო მჭირს –

ლუდსაც ხომ უნდა მისატანები“.

 

შეუძლებელია, ამ სტრიქონების ავტორისადმი უდიდესი პატივისცემით არ განეწყო.

ლაშას სახლ–მუზეუმის ეზოში ორი ბზა დგას. ტრადიციის თანახმად, შუაში უნდა გაიარო, თან უნდა გახედო შორს, მთის კალთაზე, მეთერთმეტე საუკუნეში აშენებულ წმინდა გიორგის ეკლესიას და სურვილი ჩაიფიქრო. მე რა ჩავიფიქრე, ცხადია, არ ვიტყვი, უბრალოდ, ყველას გირჩევთ, ლაშას ულამაზეს სოფელს და სახლ–მუზეუმს ესტუმროთ.

კომენტარები

comments