პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ღვინის დაავადებები და პრობლემები

ღვინის ექსპერტების აზრით, აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი არის ცუდად მოვლილი ვენახები. ვენახების ცუდად მოვლა კი საქართველოში იწყება იმით, რომ ადამიანი როდესაც აშენებს ვენახს, თითქმის არასოდეს აკეთებს ნიადაგის ანალიზს იმიტომ, რომ ვენახის გამშენებელთა დიდ ნაწილს არა აქვს სათანადო ცოდნა, თუ რა საფეხურები უსწრებს წინ ვენახის გაშენებას. უბრალოდ ყიდულობენ ნერგს, რგავენ, აკეთებენ პლანტაჟს და ჰგონიათ, რომ ვენახი უკვე გაშენებულია. არადა, სათანადო შესწავლისა და ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების გარეშე (ვენახის მოთხოვებთან შესაბამისობაში რომ მოვიდეს) ვენახის გაშენება უბრალოდ არასწორია. მით უმეტეს, რომ ამის გაკეთების შანსი მევენახეს აქვს ერთადერთხელ – ვენახის გაშენების წინ. წლების მერე როდესაც ადამიანი აღმოაჩენს  პრობლემებს, ხვდება, რომ თურმე ნიადაგში რაღაცა არ არის წესრიგში, მაგრამ ყველაფერი უკვე გვიანი იქნებაა.

ერთი ჰექტარი ვენახის გაშენება ჯდება დაახლოებით 15 ათასი ამერიკული დოლარი და როდესაც ქართველი მევენახე ამხელა ინვესტიციას დებს, აუცილებელია, რომ ყველაფერი სწორად დაგეგმოს და განახორციელოს. ვენახის გაშენების მეორე ეტაპზე არსებობს უკვე სხვა დიდი რისკი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხშირად არაა ხოლმე გათვალისწინებული და ესეც იმის ბრალია, რომ არცთუ ბევრი კარგი და მცოდნე მევენახე გვყავს. საუბარია ვენახების გაშენებაზე საკუთარ საძირეზე. ბევრი მევენახე უბრალოდ არ ირთულებს საქმეს და ე.წ. ამერიკული საძირის ნაცვლად, ვენახს თავის ბუნებრივ საძირეზე აშენებს, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თავიდანვე დიდი შეცდომაა და დიდი საფრთხის შემცველიცაა. (სხვათა შორის ეს ევროპაში აკრძალიულია) რა თქმა უნდა ფაქტია, რომ საკუთარ ფესვზე ვაზი თავისი ჯიშურობის გამოვლინებას 100%–ით ახდენს, რაც ძალიან კარგია, თუმცა დაავადებების მიმართ ასეთი ვაზი გამძლე საერთოდ არაა და ერთ დღეს მევენახემ ასე გაშენებული მთელი ვენახი შეიძლება უბრალოდ დაკარგოს. თავის დროზე საქართველოში არსებობდა 10–ზე მეტი ქართული საძირე ჯიში, რომლებიც შეტანილი იყო სორტიმენტში. ნიადაგის თავისებურებიდან გამომდინარე, საძირე ხშირად გადამწყვეტია ხოლმე. არასწორ საძირეზე დამყნობილი ვაზი შეიძლება აღმოჩნდეს სავალალო მდგომარეობაში.

ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მევენახეების დიდი ნაწილი უბრალოდ ემიპირიული ცოდნით საზრდოობენ და საერთოდ არ ითვალისწნებენ რამდენად რეალურია ვაზის მოყინვის საფრთხეები, ტენიანობა, ვაზის რიგების ექსპოზიცია (რომელ მხარეს უნდა იყოს ვაზი მიმართული მაგალითად: სამხრეთისაკენ თუ აღმოსავლეთისაკენ)  და სხვა… როგორც წესი ამ ყველაფერის ანალიზიც არ კეთდება.

პრობლემებია მეღვინეობის ინდუსტრიის მეორე მიმართულებაში – ღვინის წარმოებაშიც. ღვინის წარმოებაშის კუთხით საქართველოში საკმაოდ დიდი ტრადიციები არსებობდა. მეღვინეობა ისწავლებოდა რამდენიმე უმაღლეს სასწალებელში და ამან განაპირობა ის, რომ კარგი მევენახეების დეფიციტის ფონზე, დღეს საკმაოდ ბევრი კარგი მეღვინე გვყავს. თუმცა დასადგენია. ღვინის წარმოებაში რა საჭიროებები და მოვალეობები არსებობს.

პრობლემების თავი და თავი ისაა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ დაინერგა მევენახე–მეღვინის სახელობო განათლება. ამ მიმართულებით დიდი ხანია მუდმივად მსჯელობენ. ერთი შეხედვით შეიცვალა მიდგომებიც, მაგრამ სახელობო განათლების მოდელზეც კი ვერ შეჯერდნენ. ამ 6–7 წლის წინ საქართველოში მეღვინეობის გერმანული მოდელის დანერგვა დაიწყო, თუმცა სამი წლის წინ გადაწყდა, რომ ზოგადად ქართული განათლების სისტემისათვის გერმანული მოდელი შეუფერებელია (რადგან მთელი ღვინის განათლების სიტემა მხოლოდ მევენახე–მეღვინის ინტერესებზე იყო მორგებული) და ქვეყანა გადავიდა შოტლანდიურ სისტემაზე, სადაც მეორე უკიდურესობაში ჩავვარდით და მევენახე–მეღვინე საერთოდ მეორე ხარსხოვანი გახდა.

ახლა სრულიად ახალ სისტემაზე მიდის მუშაობა და დარგის სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ  ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. თუმცა სანამ საქართველოში სასწავლო პროგრამას დავნერგავთ და კურსდამთავრებულები არსებულ მძიმე მდგომარეობას ცოტათი მაინც გამოასწორებენ, მანამდე ქარხნებში ყოველდღიურად ფუჭდება ძვირადღირებული ტექნიკა და უამრავი ინვესტიცია იფლანგება მავანთა არაპროფსიონალიზმისა და უცოდინრობის გამო.

ქართველ მეღვინეებში არსებობს შეხედულება, რომ  რომ საქართველოში ყველაზე კარგი მარკეტინგული მიდგომა ამერიკელ–ქართველ მეღვინეს – ჯონი ვურდემანს გააჩნია და ყველაზე სწორად და კარგად იგი ყიდის თავის ღვინოს. აშკარაა, რომ ამ ადამიანს  უფრო ფართო ხედვა აქვს ღვინის მარკეტინგის კუთხით, ვიდრე დიდი ღვინის კომპანების უმეტესობის მარკეტინგის განყოფილების წარმომადგენლებს. ზოგადად მარკეტოლოგია რთული დარგია და ყველაზე ლოგიკურად მიღებული გადაწყვეტილებებიდანაც უმეტესობა არ ამართლებს და წარმოსადგენადაც კი რთულია რა შედეგები შეიძლება მოიტანოს იმ გადაწყვეტილებებმა, რომლებიც სფეროს ნაკლებად მცოდნეების მიერ იქნება მიღებული…

როდესაც მეღვინე ყიდულობს ე.წ. დამხმარე მასალებს, მას ასევე ხშირად არ აქვს ცოდნა ამ მასალების კონკრეტული საჭიროებების შესახებ და როგორც ჩანს ეს  ყველაფერი ხშირად ღვინის ხარისხზეც უარყოფითად აისახება. დავით ჩიჩუას აზრით, საქართველოში ღვინოსთან და მეღვინეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობას ისიც განაპირობებს, რომ ძალიან იშვიათად იმართება კონკრეტული ღვინის, საღვინე დანადგარების, ხელოვნური საფუარის თუ სხვა მნიშვნელოვანი მეღვინეობასთან დაკავშირებული ატრიბუტების პრეზენტაცია–წარდგენა. ეს მაშინ, როდესაც ევროპაში მეღვინეოაბში მცირე სიახლეზეც კი პრეზენტაციები და გაცნობითი ხასიათის შეხვედრები იმართება. ასევე პრობლემატურია მეღვინეობისათვის საჭირო დანადგარების შეკეთება–რემონტიც. როგორც დავით ჩიჩუა ამბობს, საქართველოში ღვინის დიდ ქარხნებში როცა რაიმე დანადგარი ფუჭდება, მისი შეკეთების მცოდნე ადამიანებს ვერ პოულობენ და იძულებული ხდებიან სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაფუჭებულის მაგივრად ახალი დანადგარი იყიდონ. ამის გამო ხშირია შემთხვევები, როდესაც ღვინის კომპანიის მფლობელები ერთბაშად რამდენიმე ერთნაირ დანადგარს ყიდულობენ, რათა გაფუჭებულის ჩანაცვლება ადვილად და სწრაფად მოახდინონ. ეს ზრდის საწარმოს ხარჯებს, რაც, რა თქმა უნდა, უკვე დიდი პრობლემაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი