ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მოსწავლის მოტივაცია დაწყებით კლასებში

მოტივირებული მოსწავლე წარმატებული გაკვეთილის ჩატარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორია. რატომ უნდა ვისწავლო? – კითხულობს ბავშვი. ყველამ ვიცით ამ კითხვაზე პასუხი, თუმცა ძალიან ძნელია, აუხსნა ბავშვს, თუ რა მნიშვნელობა აქვს სწავლას, რაში უნდა გამოვიყანოთ ის სამომავლოდ, როგორ დაგვეხმარება ის შემდგომ წარმატების მიღწევაში და ა.შ. განსაკუთრებით რთულია ეს დაწყებით კლასებში, სადაც არ ხდება მოსწავლის შეფასება ნიშნებით. გაცილებით მარტივი და იოლი გასაგებია, თუ მას შევთავაზებთ ,,ჯილდოს“ ყოველი კონკრეტული მოქმედებისათვის.

კარგად მახსოვს, თუ რა სიხარული მომგვარა ჩემი პირველი მასწავლებლის მიერ წითელი ბარხატის მუყაოზე  ამოჭრილმა ვარსკვლავმა, რომელსაც  ეწერა 5-იანი! ეს იყო   კარგი შეგრძნება, რომელიც მაძლევდა სტიმულს, რომ მეორე დღისთვისაც მომემზადებინა გაკვეთილი და მიმეღწია წარმატებისათვის. მაგრამ ხშირად ხდებოდა ისე, რომ ეს ფრიადის აღმნიშვნელი ვარსკვლავი მრჩებოდა სახლში, შესაბამისად შეუძლებელი იყო ის გადაგვეცა სხვა მოსწავლისათვის ან აცდენდა ბავშვი და იმიტომ ვერ აბრუნებდა სანატრელ ვარსკვლავს და ა.შ. გარდა ამ პრობლემისა, მაშინვე მიჩნდებოდა რაღაც ფარული პროტესტის გრძნობა – რატომ უნდა ყოფილიყო შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ 5-იანი, ნუთუ არ ქონდა მნიშვნელობა ძალიან კარგად მოყვებოდი გაკვეთილს თუ ,,ისე რა“? ამ ვარსკვლავის ფონზე აღარც 4-იანი ფასობდა და აღარც 3-იანი, არადა მოსწავლეთა უმეტესობა ყოველგვარი შეფასების გარეშე რჩებოდა და ვიყავით მხოლოდ რამოდენიმე ბავშვი, ვის თვალშიც ბოლოს აზრს კარგავდა ის ვარსკვლავები, რომლებიც უკვე საკუთრად მიგვაჩნდა.

ამიტომ, როდესაც მასწავლებლობა დავიწყე,  მიზნად დავისახე, მომეფიქრებინა რამე ისეთი ეფექტური მეთოდი, რომელიც საშუალებას მომცემდა მომეხდინა მოსწავლეებში სწავლის მოტივირება ისე, რომ არ დარჩენილიყო არც ერთი ბავშვი სამართლიანი და დამსახურებული შეფასების გარეშე. ყოველ კონკრეტულ ქმედებას ვაფასებ „პლუსით“. „პლუსის“ მიღების რამდენიმე გზა არსებობს:

  1. გაცდენის არქონა 10 გაკვეთილის განმავლობაში ზედიზედ;
  2. 5-ჯერ ზედიზედ მოტანილი საშინაო დავალება;
  3. გაკვეთილებზე ჩართულობა;
  4. ყოფაქცევის „პლუსი“;
  5. შესრულებული პროექტი;

 

მოსწავლეები აგროვებენ „პლუსებს“, რითაც შეუძლიათ აირჩიონ ჩემს მიერ შეთავაზებული ე.წ. „სტიკერი“. გვაქვს სხვადასხვა ღირებულების მქონე „სტიკერები“, ზოგიერთი მათგანი 3 პლუსიანია, ზოგი – 5-იანი, გვაქვს 10 პლუსიანი სტიკერი და ბოლოს ე.წ. 15 პლუსიანი „გრანდიოზული“ სტიკერი. მოპოვებული სტიკერი აუცილებლად იკვრება საგნის რვეულში და უკეთდება წარწერა ჩემ მიერ, რათა არ მოხდეს მისი „ფალსიფიცირება“.

ეს, ერთი შეხედვით, ბავშვური თამაში ძალიან ეფექტურად მოქმედებს მოსწავლეებზე. დასვენებაზე ისინი აქტიურად განიხილავენ, თუ ვის რამდენი „სტიკერი“ აქვს, ვინ ჩაიკრა გრანდიოზული „სტიკერი“ და ვის რამდენი პლუსი აკლია სანატრელი შედეგის მოსაპოვებლად.  აჩვენებენ ერთმანეთს უკვე ჩაკრულ ჯილდოებს და ამაყობენ თავიანთი მიღწევებით. ამგვარად, ხდება არა მხოლოდ ფრიადოსანი მოსწავლეების შეფასება, არამედ აბსოლუტურად ყველა მოსწავლის წახალისება.

აუცილებელია, გავამახვილოთ ყურადღება მშობლისა და მასწავლებლის კოორდინირებულ მუშაობაზე. თუ მშობელი თავის შვილს შეაქებს მიღწეული წარმატებისთვის, შეაგულიანებს და დაუსახავს მიზნად უფრო დიდი სტიკერის მოპოვებას, ბავშვი გაორმაგებული ძალითა და ენერგიით შეეცდება სწავლასა და დამსახურებული პლუსის მოპოვებას.

მოტივაციის ამაღლების განსხვავებულ მეთოდს მივმართავ ზედა კლასებში. მოსწავლეების წახალისება ხდება ე.წ. ,,ბონუს ქულით“. კარგად მოყოლილი გაკვეთილისთვის, სწორად გაცემული პასუხისთვის, გამორჩეული ყოფაქცევისთვის მოსწავლე იღებს ,,ბონუს ქულას“, რომლის გამოყენებაც შეუძლია ნებისმიერ დროს. ასე, მაგალითად, თუ მოსწავლე გაკვეთილზე დაიმსახურებს  8 ქულას და მანამდე მოპოვებული აქვს ,,ბონუს ქულა“, სურვილის შემთხვევაში ამატებს „ბონუს ქულას“ მიღებულ ნიშანს და ჟურნალში ეწერება 9-იანი. ეს მეთოდი კარგად მუშაობს ზედა კლასებში და დადებით ზეგავლენას ახდენს მოსწავლეების მოტივაციაზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ანბანის წიგნი

ლიტერატურული თამაშები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი