პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დასაშვებია თუ არა მასწავლებლის ლოცვა სკოლაში?   (აშშ-ს პრაქტიკა)

 

მასწავლებელი უფლებამოსილია, იკითხოს ბიბლია ან სხვა სახის რელიგიური ტექსტი, ასევე სხვაგვარად ისარგებლოს რელიგიის თავისუფლებით, თუმცა არა მოსწავლეთა თანდასწრებით. აშშ-ის სასამართლო პრაქტიკით, იკრძალება მოსწავლეთა თანდასწრებით მასწავლებლის ლოცვა.

საქმეში Roberts v. Madigan ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ გამოთქვა მოსაზრება, რომ სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო, აეკრძალა მასწავლებლისთვის ბიბლიის ჩუმად კითხვა. ასევე კანონიერი იყო მასწავლებლისთვის სასკოლო დროს საკლასო ოთახში ბიბლიის დატოვების აკრძალვა. გარდა ამისა, სასამართლომ კანონიერად მიიჩნია სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მასწავლებელს საკლასო ოთახის ბიბლიოთეკაში არ შეეძლო განეთავსებინა რელიგიური შინაარსის წიგნები და საკლასო ოთახში გამოეკრა პოსტერი, რომელზეც იკითხებოდა: „მხოლოდ თვალი უნდა გაახილო იმისთვის, რომ ღვთის ხელი დაინახო”.

თუმცა აღსანიშნავია, რომ რობერტს არასდროს წაუკითხავს ბიბლია ხმამაღლა მისი მოსწავლეების თანდასწრებით და არასდროს უმსჯელია მოსწავლეებთან რელიგიურ საკითხებზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ჩათვალა, რომ სკოლის ადმინისტრაციას მისთვის უნდა აეკრძალა ბიბლიის ჩუმად კითხვა და საკლასო ოთახის მაგიდაზე ბიბლიის დატოვება, რადგან, სასამართლოს მოსაზრებით, ბატონი რობერტსის კლასს (საკლასო ოთახის ბიბლიოთეკაში განთავსებული რელიგიური შინაარსის წიგნები, ბიბლიის ჩუმად წაკითხვა, რელიგიური შინაარსის პოსტერი) თუ ბავშვების თვალით შეხედავ, დაინახავ კავშირს სახელმწიფოსა (სკოლას) და რელიგიას შორის. თუმცა აღიარებული პრინციპის მიხედვით, სახელმწიფო (სკოლა) და რელიგია გამიჯნული უნდა იყოს. სასამართლომ ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ რობერტსის მოსწავლეები 10 და 12 წლის ასაკის ბავშვები იყვნენ, რაც ზრდიდა შესაძლებლობას, მოსწავლეებს სახელმწიფო და რელიგია ერთმანეთთან დაეკავშირებინათ და არ გაემიჯნათ.

დასაშვებია თუ არა აშშ-ის სკოლებში მასწავლებელმა ატაროს რელიგიური სიმბოლოები? სასამართლო პრაქტიკის თანახმად, კონკრეტული რეგულირების არარსებობის შემთხვევაში, მასწავლებელი უფლებამოსილია ატაროს რელიგიური სიმბოლოები ან ტანსაცმელი. თუმცა მნიშვნელოვანია, ეს არ ხდებოდეს პროზელიტიზმის მიზნით. გარდა ამისა, ისეთი სიმბოლოები ან გამოხატვის ისეთი ფორმები, რომელთა მიზანი ერთი კონკრეტული რელიგიის ან მრწამსის რეკლამირება უფროა, ვიდრე მასწავლებლის რომელიმე რელიგიისადმი ან მრწამსისადმი მიკუთვნებულობის ხაზგასმა, შესაძლოა აიკრძალოს. მაგალითად, სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მასწავლებლისთვის ისეთი მაისურით სკოლაში მისვლის აკრძალვა, რომელზეც ეწერა – JESUS 2000.

ამასთან, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილია დააწესოს სკოლაში მასწავლებლების მიერ რელიგიური სიმბოლოების ან ტანსაცმლის ტარების აკრძალვა არა მხოლოდ იმ მიზნით, რომ სკოლამ დაიცვას სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის ვალდებულება, არამედ იმ მიზნითაც, რომ საჯარო სკოლა წარმოჩინდეს, როგორც რელიგიურად ნეიტრალური საგანმანათლებლო დაწესებულება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ეს მოსაზრება მუსულმანი მასწავლებლებისთვის ჰიჯაბის ტარების აკრძალვას ამართლებდა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი