პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ქართული ეროვნული სამოსის ისტორია და გავრცელება

გთავაზობთ ქართულ ეროვნულ სამოსზე არსებულ მცირე მასალას, რომელიც მე-9 კლასში საქართველოს გეოგრაფიის სწავლებისას გამოგადგებათ.

ქართული ეროვნული სამოსის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ წყაროები მეტად მწირია. საქართველოში გავრცელებული სამოსელის ნიმუშების აღდგენა ირითადად სტელებისა და ტაძრების ფასადების მიხედვით ხდება ძ. ამ მასალას ემატება ფრესკების, ჭედური ხელოვნების ნიმუშების, საფლავის ქვების, ნუმიზმატიკის, მინიატურების, ისტორიული წყაროების, არქეოლოგიური მასალების, ლიტერატურული ძეგლების მონაცემები და უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები.

ქართველ ერისმთავართა ბარელიეფები

ტანსაცმლის წარმოებას საქართველოში უძველესი ისტორია აქვს. პირველ ცნობებს მონათმფლობელური საქართველოს სამოსის შესახებ ძველი ბერძენი მოგზაურები ქსენოფონტე და სტრაბონი გვაწვდიან. აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ,,მეხუთე საუკუნის სამოციანი წლების დამდეგს ლაზიკის მეფე გუბაზი კონსტანტინოპოლში ჩასულა ირანულ ტანისამოსში გამოწყობილი და მიდიურად მცველებით გარშემორტყმული”. აღნიშნულიდან კარგად ჩანს, რომ ფეოდალური საზოგადოების ზედა ფენები იზიარებდნენ და ეჩვეოდნენ ძლიერი მეზობლების მმართველი წრეების ჩაცმულობას და განსაკუთრებულ შემთხვევებში არაქართულად იყვნენ გამოწყობილი.

პირველი მკვლევარი, რომელმაც ტრადიციული ქართული სამოსი შეისწავლა და საყურადღებო ცნობები მოგვაწოდა ქართული ეროვნული ტანსაცმლის შესახებ, გახლდათ ვახუშტი ბატონიშვილი. მან თავისი ნაშრომის ,,აღწერა სამეფო სასაქართველოსა” შესავალს ,,ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი” უწოდა. ბატონიშვილი XVIII საუკუნეში მოღვაწეობდა და მოგვაწოდა ცნობები არა მხოლოდ იმდროინდელი ტანსაცმლის შესახებ, არამედ ნათლად დაახასიათა ასევე XI-XIII საუკუნეების ტანსაცმელიც. XVII-XVIII საუკუნის ქართული კოსტიუმის შესახებ გარკვეულ ცნობებს გვაწვდის დ. ფანასკერტელ-ციციშვილი და განსაკუთრებული ყურადღებით განიხილავს ქალთა სადღესასწაულო ტანსაცმელს.

არანაკლებ საინტერესო ცნობებს ვხვდებით უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებში, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავენ ქართული ტანისამოსის გამო და ცდილობენ ქართული ტრადიციული სამოსი ევროპულ კოსტიუმს დაუკავშირონ (იოსიფა ბარბარო, არქანჯელო ლამბერტი, ჟან შარდენი და სხვ.).
ჩვენამდე მოღწეულ ლიტერატურულ მასალებში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მკვლევრები და მოგზაურები აღნიშნავენ ქართული ტანსაცმლის მრავალფეროვნებას და მის ცვალებადობას ისტორიულ პირობებს უკავშირებენ. ,,დამპყრობელთ თან შემოჰქონდათ თავიანთი ჩვეულებანი, მათებური ჩაცმულობა, მათ ქვეყანაში მიღებული ტანსაცმლის ფერები, იქაური ქსოვილები და ვარცხნილობა”.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ეროვნული ტანსაცმლის შესწავლის საქმეში ცნობილი ქართველი მეცნიერის ივ. ჯავახიშვილის წვლილი. გამოუქვეყნებელ შრომაში „მასალები მატერიალური კულტურის ისტორიისათვის” ის განიხილავს ქართულ ტანსაცმელს მე-6 საუკუნიდან მე-18 საუკუნის დასასრულამდე. XVI საუკუნის შუა წლებიდან ამიერკავკასია გავლენის სფეროებად თურქეთმა და ირანმა გაინაწილა. მნიშვნელოვნად შეიცვალა ქართული ცხოვრების წესი ,,და განმრავლდა ტანთ-ცმა ყიზილბაშურად”. მაგრამ ასეთ პირობებშიც კი, როგორც ი, ჯავახიშვილი აღნიშნავდა, არსებობდა ,,განსაკუთრებული ქართული ტანისამოსი”, ანუ ტრადიციული ეროვნული სამოსი.
ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ურთიერთობამ უახლოეს მეზობლებთან, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატის თავისებურებებმა საქართველოს მთასა და ბარში, დასავლეთსა და აღმოსავლეთში ჩაცმულობის განსხვავებული ფორმების ჩამოყალიბება გამოიწვია. საერთო ეროვნული ჩაცმულობის გვერდით საქართველოს თითოეულ კუთხეს მისთვის დამახასიათებელი, განუმეორებლად თვითმყოფადი და კოლორიტული სამოსი ჰქონდა. ამ მხრივ განსაკუთრებით მთის რეგიონის ტანსაცმელი გამოირჩეოდა. საქართველოს მთიანი რეგიონის სხვადასხვა კუთხის ტანსაცმელი ძირეულად განსხვავდებოდა ბარის ტანსაცმლისაგან, რაც განსაკუთრებით აისახებოდა ქალის ტანსაცმელში, რადგან მამაკაცის ძირითად სამოსს როგორც მთაში, ისე ბარში ტრადიციული ჩოხა-ახალუხი წარმოადგენდა.

ქართული ეროვნული ტანსაცმელი ეთნიკური კუთხეების მიხედვით დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საერთო ქართულ ჩაცმულობასთან ერთად, რომელიც ქალებისათვის ტრადიციულ გრძელკაბასა და მამაკაცებისათვის ჩოხა-ახალუხს წარმოადგენდა, საქართველოს თითოეულ ეთნიკურ კუთხეს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კოლორიტული სამოსი ჰქონდა.
ცხოვრების განსხვავებული წესებისა და მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა საქართველოს მთიანი რეგიონის ტანსაცმელი მაშინ, როცა ბარის მოსახლეობა ძირითადად ერთნაირ ტანსაცმელს ატარებდა და განსხვავება მხოლოდ მცირე დეტალებში შეიმჩნეოდა.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონის ტანსაცმელი მრავალმხრივ არის შესწავლილი, მათ შორის ვლინდება მსგავსება ფორმების, კონსტრუქციების და გამოყენებული მასალების მიხედვით. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონის ტანსაცმელს, მიუხედავად ზოგადქართული ხასიათისა მასში შეიმჩნევა რიგი განსაკუთრებულობანი და ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს ულამაზესი კუთხის – რაჭის ტრადიციულ სამოსს, რომელიც საქართველოს მთიანი რეგიონის სხვა ეთნიკური კუთხეების ტრადიციული სამოსისაგან ძირეულად განსხვავდება, რაც გამოიხატება ქალის ტანსაცმლის კომპლექტაციაში, დეკორსა და გამოყენებულ მასალათა პაკეტში.
საქართველოს მთიან რეგიონებში გამოიყენებოდა ტანსაცმლის ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული სახეები, ორიგინალური კონსტრუქციებით, საკმაოდ რთული დამუშავების ტექნოლოგიით, ფერთა სიმბოლიკითა და ორნამენტებით. განსაკუთრებული თვითმყოფადობითა და ორიგინალობით გამოირჩევა ხევსურული კოსტიუმი. აღსანიშნავია, რომ ,,ჩაცმულობის ამ კომპლექსს კავკასიის მასშტაბით ანალოგი არ მოეძებნება”.

ხევსური მამაკაცის ტრადიციული კოსტიუმი „ტალავარი” შინ ნაქსოვი ტოლისაგან მზადდებოდა. იგი კვართისებური პერანგის, ჩოხისა და მოკლე შარვლისაგან შედგებოდა.
ქალის ტალავარის მთავარი ელემენტი იყო „სადიაცო” კაბადა ,,ფაფანაგი” ან „ქოქლო” . მას მოკლესახელოები ჰქონდა და ყოველდღიურ სამოსად გამოიყენებოდა, ფაფანაგი კი ხევსური ქალების გამოსავლელი სამოსი იყო. ხევსური ქალის თავსაბურავი ბამბის ან შალის ქსოვილისაგან დამზადებული სათაურასა და მანდილისაგან შედგებოდა. ზამთარში ხევსურები წელში გადაჭრილ, მოკლე ტყავს იცვამდნენ.
ქოქლო

სადიაცო

მოხევეები – ქართველ მთიელთა ეთნიკური ჯგუფია. მიუხედავად მჭიდრო ურთიერთობისა და უახლოესი მეზობლობისა, მოხევეთა ტრადიციული ტანსაცმელი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ხევსურთა ტრადიციული სამოსისაგან.
მოხევე ქალთა ტანსაცმელი „ტარავალი” პერანგის, ახალუხისა და საგულესაგან შედგებოდა. პერანგი – ფარჩის ან ჩითის ფერადი ქსოვილისაგან მზადდებოდა.
ახალუხი პერანგის ზემოდან ჩასაცმელი იყო: სწორი, უფრო ხშირად გრძელი, დაბამბული, ფერადი სარჩულით დამუშავებული და ძვირფასი ქსოვილისაგან დამზადებული, ზოგჯერ კი დაუბამბავი და მოკლე. მოხევე მამაკაცებს ქართული, კუჭებიანი ჩოხა-ახალუხი ეცვათ.
ფშაური ტანსაცმლის დასამზადებლად ძირითადად შალის ქსოვილებს იყენებდნენ. მამაკაცისა და დედაკაცის ჯუბები შინ ნაქსოვი მასალით იყო დამზადებული”. ფშავ ქალებს ეცვათ გრძელი, ფერადი პერანგი, შავი სატინის გრძელსახელოიანი „საგულე” და მოკლე ზედატანი – „პალტო”. პალტოს ქვეშ ნაოჭიანი კაბა და შავი სატინის წინსაფარი – „ფასტამალი”. ისინი თავზე იხურავდნენ მძივებითა და თეთრი ფულებით შემკულ თავჩითას, ქიშმირის მოსახვევსა და ჩიქილას. ფშავი მამაკაცების ტანსაცმელი ფერადი პერანგი, მოკლე, უსახელო საგულე, მოკლე ახალუხი და გრძელი, ნაოჭიანი ჩოხა იყო.
თუშეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა. ,,თუშები ტანსაცმელს ამზადებდნენ თავიანთი ნაწარმი შალისაგან. მათი ორივე სქესის საყვარელი ფერია შავი და ლურჯი”. თუში ქალის კოსტიუმი მოკლე და გრძელსახელოებიანი პერანგისაგან შედგებოდა, მოკლე და უსახელო ფარაგასა და უბიანი ჩოხისაგან. ისინი წინ,,მუხლსაფარას” იფარებდნენ, რომელზეც შალის მოქარგულ სარტყელს იკრავდნენ. ზემოდან მოკლესახელოიანი და უკანნაოჭიანი შავი ქათიბი ეცვათ. მკლავზე ,,სახეულს” წამოიცვამდნენ, რომელიც შიდა მხრიდან ქათიბის მოკლე სახელოზე მაგრდებოდა. მთაში ფაბრიკული ქსოვილების გავრცელების შემდეგ გაჩნდა ელემენტები ახალი – ,,ჟღარლარე რუბაშქ” და ,,ბოლო კაბ”. თუში ქალების თავსაბურავი შედგებოდა ,,კუჭურასა” და შავი ფერის ძალზე განიერი სამკუთხა მანდილისაგან.
თუში მამაკაცების ტანსაცმელი ადგილობრივი ტოლისაგან დამზადებული ჩოხა და სატინის ახალუხი იყო.
დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ყოფითი კულტურა და ტრადიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს ტრადიციებისგან.ეს განსხვავება განპირობებულია გეოგრაფიულ-ეთნიკური მდებარეობით და ის მნიშვნელოვნად აისახა დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონის ტანსაცმელში, სადაც თითოეული ეთნიკური კუთხისათვის ჩამოყალიბდა ტრადიციული ქართული კოსტიუმის ორიგინალური ფორმები, შესრულებული აღნიშნული კუთხეებისათვის დამახასიათებელი ფორმებით.

ა- სვანები, ბ- აჭარლები ტრადიციულ ტანსაცმელში

სვანები „ქართველების ტომის უფრო შორეულს შტოს შეადგენენ… ზამთარში იგი იხურავს მაღალსა და წვეტიან ნაბდის ქუდსა, თეთრსა ან შავსა; ზაფხულში სვანი ხმარობს იმერულს ფაფანაკს, რომელიც ისე პატარაა, რომ საქოჩრეს ძლივსა ჰფარავს”. სვანი ქალის კაბა (,,კაბ”) ორი ნაწილისაგან შედგებოდა- ,,ჟიბე ტან” (ზედა) და ,,ჩუბე ტან” (ქვედა). .,,ჟიბე ტან”-ს ,,კუნტრუშკაჲს” ეძახდნენ. მათ ეცვათ კოჭებამდე გრძელი პერანგი -,,ფატან”.
ლეჩხუმლებიც თავისებურად, ორიგინალურად იმოსებოდნენ. ლეჩხუმელი ქალის ,,ამაზოვკა”- დიდი და განიერი, შავი ფერის, ბოლო მომრგვალებული ქვედა კაბა – ,,იუბკა” იყო. ,,ქათიბა” გრძელი, გაჭიმულსახელოებიანი ჩასაცმელი – მუშავდებოდა სარჩულით და გულზე – ბოლომდე ბეწვით. სამჯორჯალიანი კაბა სიარულის დროს ძირს ,,მიჩოჩიალებდა”. კაფთარა – გრძელი და ნაოჭასხმული კაბა იყო, სარჩულით დამუშავებული, ,,კურტკა” – ზედატანი, ,,იუფკა” – დაბამბული და დალიანდაგებული, შიგნით ჩასაცმელი ქვედა კაბა, კოფთა – საღამური ჩასაცმელი. ლეჩხუმელი ქალები თავსაბურავად იყენებდნენ თავხურას, გეგელასა და გაურჯელას, მათ ზემოთ ბაღდადსა და ,,ლაჩაქს”.
რაჭული კოსტიუმების უმეტესი ნაწილი შავი სატინისაა, მაგრამ აქ მოიპოვება აგრეთვე ფერადი ფართო ატლასისაგან შეკერილი მდიდრული, მორთული კოსტიუმები. რაჭულ ტანისამოსს, თავისი წარმოშობით, უეჭველია, კავშირი აქვს ძველებურ ქართულ კოსტიუმთან და ეს რაჭული „კაფთარაც”, ფორმით და ჭრილობით, ქართული ყუთმაჯიანიკაბის პროტოტიპია…”
რაჭველთა სამოსელს არაერთი უცხოელი მოგზაურისა და მკვლევრის ყურადღება მიუპყრია, განსაკუთრებით მთის რაჭველ ქალთა ჩაცმულობას. 1874 წელს, გერმანელი მეცნიერი, დოქტორი ვ. ბ. პფაფი განცვიფრებას ვერ მალავს რაჭველ ქალთა სამოსელის გამო: „ზეგანზე მთების ქვემოთ ნაწილში მდებარეობს დიდი სოფელი წედისი, იქ გარდა შენობებისა მე გამაოცა ქალების თვალწარმტაცნაირფეროვანმა ტანსაცმელმა, რომელიც ბევრ რამეში მაგონებს ანატოლიას”.
1874 წელს ინგლისელი მკვლევარი მოგზაური ფილიპ გროვე რაჭაში მოგზაურობისას მოგვითხრობს: „გავიარეთ რა ტყე, ჩვენ შევხვდით სამ ქალს, რომლებიც დამფრთხალნი გაიქცნენ. მათ ეცვათ მოკლე კაბა და შარვალი, ხოლო ქვედა ნაწილი დაფარული ჰქონდათ საბურველით, რომლის ტარებაშიც ისინი დიდ ხელოვნებას ამჟღავნებდნენ”.
1888 წელს რაჭველი ქალის სამოსელზე ყურადღებას ამახვილებს მოგზაური კ. ჰანი: „…ჩვენ მოგვეცა შემთხვევა გვეხილა იქაური ლამაზი ქალის მოხდენილი სადღესასწაულო ტანსაცმელი. ოქროს სირმით გრძელი შავი ხიფთნის ქვემოდან ეფექტურად მოსჩანს წითელი შარვალი, წელზე შემოჭერილი ლამაზი ქამრით. ხიფთნის მკერდი მორთულია წითლად, ქამარზე მომაგრებულია თეთრი წითელი კვადრატებიანი გრძელი და ფართო წინსაფარი. თავსამკაული რაღაც დოლბანდის მსგავსია, საიდანაც უკან ეშვება წითელი ფოჩებიანი თეთრი თავსაბურავი”.
გამორჩეული იყო აგრეთვე აჭარასა და გურიაში გავრცელებული სამამაკაცო ტანისამოსიც, რომლის ფორმაც ზღვაოსნობით იყო განპირობებული. ამ კომპლექსს „ჩაქურა” ერქვა (ჩაქურას ზოგჯერ მხოლოდ შარვალსაც უწოდებდნენ), იგი შედგებოდა სირმით გაწყობილი ზედა და მოკლე ჩასაცმელისგან და ნაოჭიანი, ოთხი წიწილით შეკერილი უბიანი შარვლისგან, რომელზეც აბრეშუმის მრავალფერად შეღებილი „სამყადის სარტყელი” იყო შემორტყმული. სარტყელში გარჭობილი ჰქონდათ ფიშტო, მოკლე სატევარი და ჩამოკიდებული იყო თოფის წამლის საზომი (ყანთაქილა), საქონე და მათარა. ამ ჩაცმულობას სრულ სახეს აძლევდა თავსაბურავი ყაბალახი და ტყავის ფეხსაცმელი. აჭარაში ქალის სამოსელი ძირითადად სამი სახის იყო: ზუბუნ-ფარაგა, დატეხილი კაბა და ფორკა-კაბა. ზუბუნ-ფარაგა და დატეხილი კაბა ერთმანეთის პარალელურად არსებობდნენ, იკერებოდა როგორც ადგილზე წარმოებული, ისე შემოსული ქსოვილისგან. ზუბუნ-ფარაგას ადგილობრივი, ქართული წარმოშობისად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ფართოდ იყო გავრცელებული აჭარის მუსულმან მოსახლეობაში. გურული ქალის სამოსელში არსებულ მოკლე ზედატანს სწორედ აჭარულ-გურული “ზუბუნადან” მომდინარედ თვლიან.
ასე გამოიყურებოდა ტრადიციული ქართული სამოსელი. ის საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და იცვლებოდა, როგორც სხვა ხალხებთან ურთიერთობის შედეგად, ისე ბუნებრივი განვითარების საფუძველზე, რის შედეგადაც ქართული ტრადიციული კოსტიუმი ჩამოყალიბდა, როგორც ორიგინალური და სრულყოფილი სახის მქონე კომპლექსი.
გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

https://www.dzeglebi.ge/statiebi/etnografia/ ;
https://ka.wikipedia.org/wiki ;
გამოყენებული ლიტერატურა:
ირინე ჩარკვიანი – ქართული ეროვნული ტანსაცმლის ერგონომიკული
მაჩვენებლების კვლევა და ტექნოლოგიის დამუშავება.
ბატონიშვილი ვახუშტი . ,,აღწერა სამეფოსა და საქართველოსა” (საქ. გეოგრაფია).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი