შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო და…  

ეთერ თათარაიძემ რომ ვაჟა-ფშაველას შვილის, გულქანის ნაამბობი ჩაიწერა და ფასდაუდებელ საგანძურად დაუტოვა მკითხველს, „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ ჰქვია იმ კრებულს და არის იქ ერთი ადგილი, სადაც გულქანი ქართლის სოფელ თამარაშენიდან მოსული ექსკურსიის შესახებ გულდაწყვეტით და გაჯავრებით ჰყვება: ჩაიარეს მერვე-მეცხრეკლასელმა გოგოებმა და ჩემზე ჩაიცინეს – ეს ქალი რა სომხურად ლაპარაკობსო…

ვის, ვის და ქართლში, თამარაშენში მცხოვრებ ბავშვებს ფშაურ კილოზე მოლაპარაკე ქალისა არ უნდა გაჰკვირვებოდათ, თვითონ თამარაშენში ხომ უზადო და იშვიათი ქართულით ლაპარაკობენ და ეს ნიშნავს, რომ ენა, მთელი მისი მრავალფეროვნებით, უნდა იცოდნენო, – დაიჩივლებს ეთეროც…

თავად ეთერ თათარაიძეც ხომ თუშურ დიალექტზე წერს და როცა მის წაკითხულ ლექსებს ვუსმენ, სულ მგონია, რომ რაღაც ჯადოსნური ენა მოიხელთა ამ პოეტმა, უფრო სწორად, ჩვენს მშობლიურ ქართულს იდუმალი და აქამდე უხილავი კარი შეუხსნა და იქიდან გველაპარაკება. თავის დროზე (და შესაძლოა ახლაც) ბევრი მოქილიკე და გამკიცხავიც ჰყოლია სწორედ ამ დიალექტის გამო, მაგრამ ყველა ღონივრად მოიგერია, რადგან ყველაზე დიდი მაგალითი, როგორ უნდა აიყვანო დიალექტი მხატვრული სალიტერატურო ენის სიმაღლეზე და აქციო ის სრულუფლებიან პოეზიად, მისმა და ჩვენმა დიდმა წინაპარმა ვაჟა-ფშაველამ მოგვცა.

ვაჟასაც ხომ ბევრი გამკიცხავი ჰყავდა. მათ შორის პირველი აკაკი წერეთელი იყო, ენას გიწუნებ, ფშაველოო, რომ ასძახა ბარიდან. ყველაზე მეტად ალბათ მისგან ეწყინა ვაჟას, რადგან ამას ვინმე რიგითი კი არა, აკაკი ეუბნებოდა – საქართველოს ბულბული, მთელი ქვეყნის სათაყვანო პოეტი!..

მე ბევრი მიფიქრია ამ პაექრობაზე, რა კუთხით აღარ განმისჯია და წარმომიდგენია ერთის გაბრაზებაც და მეორისაც და ბოლოს ერთ რამეს მივხვდი – ვის, ვის და აკაკის ყველაზე უკეთ მოეხსენებოდა ვაჟას გენიალურობა, მისი ნიჭის თვალშეუდგამობა – აბა, რისი აკაკი იქნებოდა, ეს არ ეგრძნო და დაეფასებინა; მას სულ სხვა საწუხარი ჰქონდა, უფრო დიდი და ხანგრძლივი, რომელიც ვაჟას ენით არც იწყებოდა და, სამწუხაროდ, არც მთავრდებოდა. ეს, ერთგვარი პათოსით რომ ვთქვათ, იყო ეროვნული ცნობიერება, ეროვნული მთლიანობის განცდა და მისი დარღვევის შიში, შემაძრწუნებელი შიში. აკაკი და ილია იყვნენ პირველები მათ შორის, ვინც სამშობლოს თავისუფლებას მის მთლიანობაში, ამ მთლიანობის გააზრებაში ხედავდა, ამისთვის იბრძოდნენ და ამას ეჭიდებოდნენ, როგორც მაშველ რგოლს, იმპერიისგან დაღდასმული ცნობიერების გადასარჩენად: ქართლი, კახეთი, იმერეთი და სამეგრელო, აჭარა და გურია, ხევსურეთი და თუშეთი და ფშავი და აფხაზეთი – ეს ერთიანი საქართველო იყო, ერთი სულისა და იდეის მატარებელი, თავისი მრავალფეროვნებით, კი ბატონო, დიალექტითაც, მაგრამ მაინც ერთ, დიდებულ ენაში გამთლიანებული, რომელიც ისევე უნდა ესმოდეს ფშაველს, როგორც მეგრელს, აფხაზსაც ისევე, როგორც თუშს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…

აკაკი ალბათ იმას შიშობდა, რომ ვაჟას ბევრი მიმბაძველი გაუჩნდებოდა (გენიალურობას ხომ ახლავს მოჩვენებითი სიმარტივეც, „ასე წერას რა უნდას“ რომ ათქმევინებს მავანს), ყველას თავის კილოზე მოუნდებოდა წერა და ეს დაარღვევდა რაღაცას, ძლივს შეკოწიწებულს, ძლივს გამთლიანებულს, რადგან ვაჟა ერთი იყო და კარგა ხანს მისი სიმაღლისა აღარავინ დაიბადებოდა; შესაბამისად, ენის იდუმალებასაც, რომელიც არ ცნობს საზღვარს და უფრო ზევიდანაა ნაკარნახევი, ვიდრე ადამიანის პირიდან, ვეღარავინ შესწვდებოდა.

ამ ფილოლოგიური წიაღსვლებისკენ ცოტა ხნის წინ ბათუმში მომხდარმა ამბებმა მიბიძგა. იმ საშინელმა ღამემ, როცა წვავდნენ და ანგრევდნენ ულამაზესი ქალაქის რამდენიმე ქუჩას. იმ აღტყინებულ ბრბოში კი ქვებსა და მაშხალებთან ერთად ძალიან სახიფათო ფრაზებსაც ისროდნენ, კუთხურობაზე სვამდნენ აქცენტს და ამაში ისახებოდა სეპარატიზმის ნიშნებიც. ყველაფერს ის ამძაფრებდა, რომ მაინც ვერ გაარკვიეს, იყო თუ არა ეს შეშლილობა „ზევიდან“ პროვოცირებული, ანუ მართლა ააგორა თუ არა ეს ტალღა აჭარლების მისამართით ნათქვამმა მიუტევებელმა სიტყვამ „თათრები“ და როგორ არ დაისაჯა არავინ, თუ ეს სიმართლე იყო; თუ ცილისწამება – მით უმეტეს…

ოცდამეერთე საუკუნეში, საყოველთაო გახსნილობის, ინფორმაციული ბუმისა და ხელისგულზე დადებული და საზღვრებგახსნილი ურთიერთობების ხანაში, ასეთი ფრაზებით პროვოცირება, უპირველეს ყოვლისა, გაუნათლებლობის ბრალია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მეხუთედი ისევ ოკუპირებულია მეზობელი იმპერიისგან, მაინც მუდმივად ვცდილობთ, სულიერი კავშირი არ გავწყვიტოთ დაკარგულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს ძმებთან, ახლობლებთან, ნაცნობსა თუ უცნობთან; დღეს აღარც ტრანსპორტირების პრობლემა დგას და იმედია, ექსკურსიებიც ერთი რეგიონიდან მეორეში ადვილად დადიან – კახელი ბავშვები სამეგრელოს სტუმრობენ, აჭარლები – ხევსურეთს და პირიქით. არის ვეებერთელა სოციალური ქსელი და მისი უდიდებულესობა ინტერნეტი, სადაც, ბოლოს და ბოლოს, ფოტოსურათებად მაინც შეგიძლია მოიარო და მოინახულო შენი ქვეყანა, გაიცნო ადგილები, სადაც ჯერ ფეხი არ დაგიდგამს, შეიყვარო ისინი, მოგინდეს მათი ნახვა და ვინ იცის, მერე რამდენი თავგადასავალი და მოულოდნელი სიხარული გადაგხდეს იქ!..

დღეს, როგორც არასდროს, ყველას მიუწვდება ხელი უამრავ საშუალებაზე, იცნობდეს თავის ქვეყანას, იცნობდეს მას მთლიანობაში (რა დიდიც ეს ქვეყანაა – ძალიან თუ მოინდომე, დღენახევარში შემოივლი ჩქარი მატარებლით) და, რაც მთავარია, ეახლობლებოდეს ის, ენათესავებოდეს, ფიქრსა და აზრში მაინც არ დაანაწევროს, ისედაც დაყოფილ-დაქუცმაცებული, თვითონაც არ დაყოს და გამიჯნოს, თვითონაც არ ჩაუკეტოს საზღვრები…

ჩვენ ემოციით სავსე, არტისტული, მრავალფეროვანი, ხან იდეალებს გამოდევნებული, ხანაც გამაღიზიანებლად პრაგმატული, საბოლოოდ კი მშფოთვარე და მოთუხთუხე ხალხი ვართ, სხვასთან ჩვენი მიწა-წყლით თავს ვიწონებთ, ხოლო როცა სტუმარი ეზოს გასცდება, შესაძლოა, სარეველაც არ ამოვძირკვოთ ბაღის კვლიდან. მაინც რაღაც ჯადოსნობის ძალით აწმყოშიც ვინარჩუნებთ თავს და მომსვლელს თუ მნახველს ძალიან უკვირს: როგორ, ამ პაწაწინა მიწის ნაგლეჯზე ყოველ ნაბიჯზე ამდენი ფერი და ამდენი ხასიათი, ამდენი კილოკავი და ამდენი ტრადიცია, ამდენი სილამაზე და ამდენი საიდუმლო, როგორ!..

როგორ და ისევ იმის ცოდნით, რაც გვაქვს და რისგანაც შევდგებით. ეს არც საყელყელაო ცოდნაა, არც გასაფხორი; ეს საჭირო და ბუნებრივი ცოდნაა. და, რაც უმთავრესია, ის ისწავლება! ისწავლება ყოველი დღის გამოცდილებით, ყველა მოვლენის მაგალითით, ისტორიის კანონებით და მისი ცოდნისა თუ არცოდნის შედეგს თანაბრად იმკის მოსწავლეც და მასწავლებელიც.

ისწავლება ერთიანი და მთლიანი საქართველო. ისწავლება და – ვისწავლოთ!..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი