ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„პოზიტიური სწავლების“ სინგაპურული ფენომენი

Organization for Security and Co-operation in Europe-ის მონაცემებით 2016 წელს სინგაპური მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი სასკოლო განათლების მქონე ქვეყნად დასახელდა. ამჯერად სინგაპურის სკოლების მთავარი ამოცანა მოსწავლეთა გახალისება და სწავლების მიმართ  პოზიტიური განწყობაა. სინგაპურის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში, Raffles Institution-ში აცხადებენ, რომ მათთვის მოსწავლეთა განწყობაზე ზრუნვა პრიორიტეტია. ყველა სასკოლო თუ კლასგარეშე აქტივობაც აქეთკენაა მიმართული. განათლების ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ სინგაპურის სკოლების ადმინისტრაციებს, უარი თქვან სტრესულ გამოცდებზე, განსაკუთრებით დაბალ კლასებში და მეტი ყურადღება დაუთმონ მოსწავლეთა პიროვნულ-ინდივიდუალური განვითარების საკითხებს.

სინგაპურში სულ უფრო და უფრო მეტი სკოლა გადადის „პოზიტიური სწავლების“ სისტემაზე. სისტემამ ისეთი სასკოლო კულტურის უნდა შექმნას, რომელიც მოსწავლეებზე მზრუნველობასა და მათთან სანდო ურთიერთობების დამყარებას უზრუნველყოფს. ასეთი მიდგომა ფოკუსირდება კონკრეტული უნარების გამომუშავებაზე, რომლებიც დაეხმარება  მოსწავლეებს დადებითი ემოციების მიღებაში, გააკეთილშობილებს მათ პიროვნულ თვისებებს, აამაღლებს ცნობიერებას და გაუჩენს ჯანსაღი ცხოვრების სურვილს.

სინგაპურელი მოსწავლეები უკვე ჩაერთნენ ახალ პროგრამაში „ღირებულებები მოქმედებაში“. პროგრამის ფარგლებში ისინი ისწავლიან, როგორ უნდა გახდნენ მგრძნობიარე, სოციალურად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და აქტიური მოქალაქეები. ამისათვის მოსწავლეები საქველმოქმედო პროექტებს განახორციელებენ: მოეხმარებიან ხანდაზმულ ადამიანებს, სოციალურად დაუცველებსა და საზოგადოების სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს.

კევინ სიმი მსოფლიოს ერთ-ერთ რეიტინგულ სინგაპურულ სკოლაში, Raffles Institution მუშაობს. სიმის თანამდებობაა Resident Counselor, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კონსულტანტია განათლებისა და დასაქმების კუთხით. „მე ბავშვებს ვეხმარები იმის გარკვევაში, თუ რა სახის  განათლების მიღება სურთ და სად უნდათ გააგრძელონ სწავლა. ვცდილობ მათი მომავალი კარიერა მათ სურვილს მოვარგო. ასე მეტია შანსია, რომ ადამიანი შემდგომში თავის პროფესიაში დარჩეს,“ – განმარტავს კენი. ის ამაყობს, რომ მისი დახმარებით ათასობით მოსწავლემ უნივერსიტეტებში სწავლა აირჩია.

სინგაპურის უახლესი ისტორია მხოლოდ ნახევარ საუკუნეს ითვლის, უფრო ზუსტად 1965 წლიდან, როდესაც ამ ქალაქ-სახელმწიფოს მალაიზიისგან დამოუკიდებლობა ერგო. სინგაპურს ორმოცდაათი წელი სრულად ეყო განვითარებისთვის, განათლების სისტემის გამართვისთვის. კევინის თქმით, დღეს ხელისუფლება დიდ მხარდაჭერას უცხადებს სკოლებსა და განათლების სისტემის სწრაფი განვითარებაც ამის დამსახურებაა.

„სინგაპურში სწავლებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი აქვს. ჯერ ერთი, სკოლებისა და უმაღლესების სასწავლო გეგმას სახელმწიფო, მთავრობა ამტკიცებს. მეორე – ჩვენი დაწყებითი სკოლა ძალიან მაღალი ხარისხის განათლებას იძლევა. ყველა დაწყებითი სკოლა სინგაპურში სახელმწიფოა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ზუსტი მეცნიერებებისა და ენების სწავლებას. ამიტომაც შეგვიძლია, დავიტრაბახოთ საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების რეკორდული მაჩვენებლით“, – ჰყვება კევინი.

სმი ჰყვება, რომ ნიჭიერ მოსწავლეთა უმეტესობა საკმაოდ ღარიბული ოჯახებიდანაა. მათ მშობლებს უმაღლესი განათლება არც მიუღიათ. როგორც წესი, წარმატებული მოსწავლეები ტოვებენ სინგაპურს და სწავლას ევროპისა და აშშ-ის პრესტიჟულ სასწავლებლებში აგრძელებენ. „ეს ბავშვები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ კარგი განათლება მიიღონ და ჩვენ ამაში მხარს ვუჭერთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე მისთვის დასახულ მიზანს გაჰყვეს, ჩვენ კი ამაში ხელი შევუწყოთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს სინგაპურის უმაღლესი სასწავლებელი იქნება თუ დიდი ბრიტანეთის. თუმცა ისინი ერთი პირობით მიდიან უცხოეთში სასწავლებლად – სინგაპურის მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევს მათ სპონსორობას, თუ ისინი განათლების მიღების შემდეგ კვლავ სამშობლოში დაბრუნდებიან და სულ ცოტა აქ ექვს წელიწადს იმუშავებენ“.

კევინ სიმს მიჰყავს ბლოგი განათლების თემაზე, სადაც ის სწავლების ნიუანსებს აღწერს როგორც სინგაპურში, ისე უცხოეთში. ის ხშირად წერს ზუსტი მეცნიერებების ცოდნის საჭიროების შესახებ. სინგაპურის სკოლებში არც ჰუმანიტარებს ივიწყებენ. იქ სპეციალური კლასებია მათთვის, ვისაც უფრო მეტად აინტერესებს ლიტერატურა, გეოგრაფია, მუსიკა, ისტორია და სხვ. თუმცა სწავლების მთელი სიმძიმე მაინც ტექნიკურ საგნებსა და STEM სწავლებაზე მოდის. სიმს არ მიაჩნია, რომ ეს პრობლემაა: „ვცდილობთ, უარი ვთქვათ ტრადიციულ მიდგომაზე, რომლის თანახმად ბავშვი შეიძლება ძლიერი იყოს ან ტექნიკურ მეცნიერებებში, ან ჰუმანიტარულში. ჩვენ გვაქვს ბევრი მაგალითი იმისა, რომ მოსწავლეს, რომელსაც ფიზიკა აინტერსებდა და მას მშვენივრად სწავლობდა, არანაკლებ იყო გატაცებული ლიტერატურით. გვინდა სწორედ ასეთ ბავშვებს დავუჭიროთ მხარი, ერს განვითარებისთვის ასეთი ახალი თაობა სჭირდება. მაგალითად, ოთხი წლის წინ ჩვენ მოველაპარაკეთ, რომ სინგაპურში იელის უნივერსიტეტის ფილიალი გვექნებოდა, სადაც „შვიდ თავისუფალ ხელოვნებას“ ვასწავლიდით, მხოლოდ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს“.

სიმი ამბობს, რომ მისი კოლეგები არავის არაფერს აიძულებენ, უბრალოდ, ბავშვებს ეხმარებიან იმაში, რომ საკუთარ მიზნებში გაერკვნენ: „ჩვენ მხოლოდ მათ სურვილებს განვიხილავთ და არ გვაქვს მათზე ზეგავლენა, არაფერს ვაიძულებთ. მახსოვს, სტუდენტი რომ ვიყავი, ინტერნეტი არ მქონდა და ახალი ინფორმაციის აღმოჩენა პროგრამების შესახებ ბროშურებიდან მიწევდა, რაც საკმაოდ რთული იყო და ბევრი რამ მეპარებოდა. დღეს ბავშვებს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვთ, ისინი ნებისმიერი კოლეჯის თუ უნივერსიტეტის საიტზე შედიან და საჭირო ინფორმაციას იღებენ. თუმცა, პრაქტიკაში, დიდი არჩევანი ბევრს აბნევს, ოფციები უმრავია და შემოთავაზებების ოკეანეში რომ არ ჩაიკარგონ, ამისათვის ჩვენ ვარსებობთ. მით უფრო, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვი მშობლების მოთხოვნებს ან მეგობრების რჩევას ითვალისწინებს და საკუთარ არჩევანზე უარს ამბობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის არაფერს ვაძალებთ, ერთადერთი შეკითხვას ვუსვამთ – ნამდვილად უნდა ამ პროფესიაში შესვლა და რატომ? ბევრ ბავშვს ცუდად წარმოუდგენია რა ელის მას ამა თუ იმ პროფესიაში. ჩვენი ამოცანაა დროულად და დეტალურად ვუამბოთ ამის შესახებ. თუ ბავშვმა აზრი არ შეიცვალა, მაშინ დავრწმუნდებით, რომ ის თავის არჩევანს პროფესიის სასარგებლოდ შეგნებულად აკეთებს“.

ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ სინგაპურის განათლების იდეალური, ეფექტიანი სისტემის გადაღება და თავის სახელმწიფოზე „მორგება“ პრობლემას არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის. სიმი ამბობს: „სინამდვილეში, არცერთი სისტემა არ შეიძლება იყოს იდეალური. ხარვეზები ყველას აქვს. ჩვენს სისტემას ბევრი აკრიტიკებს. მაგალითად, ამბობენ, რომ მას კრეატიულობა და მოქნილობა აკლია. ამბობენ, რომ ჩვენს შვილებს სკოლაში ზედმეტად ბევრს ვთხოვთ და სწავლას ვაიძულებთ. დარწმუნებული ვარ, რომ განათლების სისტემის მოქნილობა თანამედროვე სწავლების მნიშვნელოვანი დეტალია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სისტემა მოქნილი ვერ გახდება დღეს ან ხვალ, ამას დრო უნდა. ეს ხანგრძლივი პროცესია“.

განათლება არ შეიძლება იყოს მოდური, ანდა ბონუსს, დანამატს წარმოადგენდეს, რომელიც თავის პოპულარობას ერთ კვირაში ამოწურავს. განათლება არის ინვესტიცია მომავლის სასარგებლოდ, ექსპერტთა ათწლეულობით შრომის შედეგი. ის ცოცხალი ორგანიზმია. განიცდის ევოლუციას ადამიანთა ჯგუფების და არამხოლოდ სახელმწიფოს საჭიროებებიდან გამომდინარე.

სინგაპური მულტიკულტურული ქვეყნაა სწავლა-სწავლების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით. ცხოვრება აქ დუღს და ეს ნებისმიერ სფეროში იგრძნობა. სინგაპური არის  ადგილი, სადაც თავს ჭეშმარიტ კოსმოპოლიტენად გრძნობ. XX საუკუნის მეორე ნახევარში სინგაპურში ეკონომიკური ბუმი იყო, რომელმაც ის მსოფლიო ფინანსურ ლიდერად აქცია. ახლა აქ საუკეთესოდ და წარმატებით ვითარდება ბიზნესი. შესაბამისად, სინგაპურის მთავრობა არ ინანებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს განათლებაში.

სინგაპურელები ორგანიზებული და მოწესრიგებული მოქალაქეები არიან. ქალაქში ძალიან კარგად გამართული სატრანსპორტო სისტემაა, მაგალითად, მატარებლის მოძრაობა იმდენად ზუსტია, რომ მის განრიგზე საათს ამოწმებენ. სხვადასხვა კულტურის უნიკალური კვეთის დამსახურებით, კოსმოპოლიტური სინგაპური ერთ-ერთი ტრადიციული და ამავდროულად, ძალიან თანამედროვე ქვეყანაა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი