პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მშობლებისა და შვილების ურთიერთობის განმსაზღვრელი  ფაქტორები

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომელიც ბავშვისთვის თავისი მნიშვნელობითა და ზემოქმედების ძალით მშობელს გაუტოლდება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ყოველთვის უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს. ხშირად ამ ურთიერთობის გართულების მიზეზები ძალიან თვალსაჩინოა და დიდ კვლევა-ძიებას არ საჭიროებს. როგორც წესი, მსგავსი პრობლემების აღმოცენებას მშობელთა უმრავლესობა შვილის ობიექტურ მახასიათებლებს მიაწერს, მაგრამ დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ყოველთვის ბავშვის თავისებურებები არ განსაზღვრავს  მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ხასიათს. მშობლის მიერ ბავშვის აღქმასა და მასთან დამოკიდებულებაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს, რომელთაგანაც მხოლოდ ზოგიერთია უშუალოდ დაკავშირებული ბავშვის ხასიათის თვისებებთან. რასაკვირველია, ერთ სტატიაში ძნელია საუბარი ყველა იმ ფაქტორზე, რომელიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობას აყალიბებს. ალბათ, უკეთესი იქნება ყურადღების გამახვილება იმ ფაქტორებზე, რომელთა გაცნობიერება სერიოზულ სირთულეებს უკავშირდება და სწორედ ამ სირთულეების გამო, მშობლები შვილთან ურთიერთობის გამწვავების მიზეზებს არასწორად აანალიზებენ.

მშობლის ბავშვთან დამოკიდებულებაზე ზეგავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

  • მშობლის საკუთარი, ბავშვობისდროინდელი გამოცდილება – მოზრდილი ადამიანები, ხშირად, საკუთარ ოჯახში გაუცნობიერებლად ისეთ დამოკიდებულებებს აყალიბებენ, როგორიც მათი მშობლების ოჯახში მოქმედებდა. ასევე, იმ პრობლემებს წამოწევენ, რომელთა გადაწყვეტაც თავად მათ ბავშვობაში ვერ შეძლეს. ასე მაგალითად, თუ ადამიანს ჰყავს უმცროსი და ან ძმა, რომელიც მის ბავშვობაში მშობლების უცილობელი სიყვარულის ობიექტი იყო და მათ მთელ ყურადღებას და მზრუნველობას შთანთქავდა, ასეთი ადამიანის მიერ საკუთარი ბავშვობის პერიოდი შეიძლება შეფასდეს მისი ცხოვრების ძალიან არასასიამოვნო ხანად, რადგანაც  ამ ეტაპთან მას მხოლოდ უარყოფითი განცდები აკავშირებს. ამასთან, შეიძლება სხვაგვარადაც მოხდეს – ადრეული ბავშვობის პერიოდი, სანამ უმცროსი ძმა შემოემატებოდა ოჯახს, მან შეიძლება გაიხსენოს, როგორც სასიხარულო და ბედნიერი ხანა და მისი იდეალიზებაც კი მოახდინოს. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ასეთი ადამიანი გაუცნობიერებლად შეაფერხებს საკუთარი შვილის სოციალური განვითარების პროცესს იმით, რომ მას მუდმივად პატარა ბავშვად ჩათვლის და იგნორირებას გაუკეთებს მასში დამოუკიდებლობის მზარდ მოთხოვნილებას. ასეთი დამოკიდებულება, დიდი ალბათობით, მისთვის შვილთან ურთიერთობის დაძაბვის სერიოზული მიზეზი გახდება.
  • მშობლების არარეალიზებული მოთხოვნილებები – ზოგიერთი მშობლისთვის, განსაკუთრებით დედებისთვის ბავშვის აღზრდა უმთავრესი საქმიანობა და ცხოვრების ძირითადი აზრია, თავად ბავშვი კი თვითრეალიზების მოთხოვნილების დაკმაყოფილების ერთადერთი ობიექტია. ასეთი პოზიცია ხშირად უარყოფითად აისახება მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე. ბუნებრივია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი თანდათან სცილდება მშობლებს, რადგანაც მის ცხოვრებაში სხვა ადამიანებიც ჩნდებიან. ყოველივე აღნიშნული მშობელს უჩენს იმის შიშს, რომ მის კეთილდღეობას საფრთხე დაემუქრება. შედეგად მან შეიძლება გაუცნობიერებლად ხელიც კი შეუშალოს ბავშვის მიერ ოჯახის გარეთ ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. როგორც წესი, ასეთ მშობელს შვილის ცხოვრების ყველა სფეროში აქტიური მონაწილეობის სურვილი უჩნდება და ძალიან ნაწყენდება, თუ შვილი, თავის მხრივ, ამ მიმართულებით შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს – არ უზიარებს საკუთარ აზრებს და გრძნობებს მშობელს. ფაქტობრივად, ასეთი მშობელი არ აღიარებს ბავშვის უფლებას, ჰქონდეს თავისი შინაგანი სამყარო, რაც მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს.
  • მშობლის აუხდენელი ოცნებების შვილთან დაკავშირება – მშობლის შვილთან დამოკიდებულებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს ასევე მისი სურვილი, რომ რაც შეიძლება წარმატებული შვილი ჰყავდეს და მიაღწიოს ბევრს, განსაკუთრებით იმას, რასაც ამა თუ იმ მიზეზის გამო, თავად მან ვერ მიაღწია. სიტუაცია ძალიან რთულდება, თუ მშობელი ირჩევს მიღწევების იმ სფეროს, რომელიც არ შეესაბამება ბავშვის რეალურ შესაძლებლობებსა და მიდრეკილებებს. ასე მაგალითად, მშობლებმა, ბავშვის სურვილის გათვალისწინების გარეშე, შეიძლება შეარჩიონ სკოლა ან წრეები და სექციები და ამ არჩევანის დროს გაითვალისწინონ არა ბავშვის შესაძლებლობები, უნარები, მოთხოვნილებები, არამედ იხელმძღვანელონ საკუთარი სურვილით, რომ ბავშვმა მიაღწიოს იმას, რასაც ისინი მნიშვნელოვნად თვლიან, მაგრამ თავად მათ არაფერი გამოუვიდათ და ვერც წარმატებას მიაღწიეს. ცხადია, რომ შვილის ცხოვრების და საქმიანობის ამგვარი დაგეგმვა მშობელს ბავშვთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს.
  • ბავშვის მშობელზე მიჯაჭვულობა – მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვის მშობელზე მიჯაჭვულობამ. ზოგიერთი მშობელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის. რომ შვილი რაც შეიძლება ძლიერად იყოს მასზე ემოციურად მიჯაჭვული. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მარტოობის შიშით, სხვა მჭიდრო კავშირების არარსებობით, მეუღლესთან თბილი დამოკიდებულების არქონით. ან შესაძლოა ასეთ მშობელს ბავშვობაში თავად არ ჰქონდა ძლიერი ემოციური კავშირი მშობელთან და ამგვარი ურთიერთობის დეფიციტს განიცდიდა. ყოველივე აღნიშნულის შედეგად შეიძლება მივიღოთ გადაჭარბებული მეურვეობა. ჩვეულებრივ, ასეთ დროს მშობელს უჩნდება სურვილი, რომ ყველა თავისი განცდა გაუზიაროს შვილს და მისგანაც ამასვე მოითხოვს. შესაბამისად შვილის ქცევა ასეთი მშობლის მიერ დადებითად ან უარყოფითად აღიქმება იმის მიხედვით, თუ რამდენად უზრუნველყოფს ის მასთან მტკიცე ემოციურ კავშირს.
  • მშობლების პიროვნული თავისებურებები – ბევრი მშობლისთვის ამ ფაქტორის მოქმედების გაკონტროლება განსაკუთრებით რთულია. თუმცა, სურვილის შემთხვევაში და სპეციალისტის დახმარებით შესაძლებელია საკუთარ თავში ამა თუ იმ თვისების არსებობის და ბავშვის აღქმაზე მისი ზეგავლენის გაცნობიერება. ასე მაგალითად, მშობლის შფოთიანობის მაღალი დონე შეიძლება გახდეს ბავშვში აქტიურობისა და დამოუკიდებლობის ჩახშობის მიზეზი. გვხვდება შემთხვევები, როცა მშობელს საკუთარ თავში არ მოსწონს გარკვეული თვისებები, ჩვევები და უარყოფითად არის განწყობილი მათ მიმართ. ამიტომ, თუ ამ თვისებებისა და ჩვევების გამოვლენას საკუთარ შვილში ამჩნევს, საკმაოდ ემოციურად რეაგირებს მათზე და ამ „ნაკლოვანებებთან“ გაორმაგებული ძალით იწყებს ბრძოლას. იმ შემთხვევაში კი, თუ მშობელი ვერ აცნობიერებს ან არ აღიარებს საკუთარ თავში ამა თუ იმ უარყოფითი თვისების არსებობას და ამ თვისებას ბავშვს მიაწერს, ხანდახან სრულიად გაუმართლებლადაც კი, შედეგად შეიძლება ბავშვის ემოციური უარყოფა მივიღოთ. ასეთ მშობელს არ შეუძლია შეეგუოს ნაკლოვანებების არსებობას საკუთარ შვილში, არ იღებს ბავშვს ისეთს, როგორიც არის და მუდმივად ცდილობს მის „გარდაქმნა-გაუმჯობესებას“. დროთა განმავლობაში, ბავშვის ასკის მატებასთან ერთად, აღნიშნული გარემოება შეიძლება კონფლიქტის სერიოზული მიზეზი გახდეს. თუმცა ასეთ დროსაც მშობელი თვლის, რომ ბავშვი გახდა ჯიუტი, თავნება, ეგოისტური, ჩაკეტილი იმის გამო, რომ აღზრდის მეთოდებმა ვერ გაამართლა და არა იმიტომ, რომ აღნიშნული თვისებების მატარებელი მშობელი თავად გახდა მისაბაძი მაგალითი შვილისთვის…
  • მეუღლეებს შორის დამოკიდებულება – ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვის გარეგნული სახე, მისი ქცევის მანერები და მიდრეკილებები მშობელს მისთვის საყვარელი ადამიანის, მეუღლის თვისებებს ახსენებს. ასეთ შემთხვევაში ის მზად არის არ შეიმჩნიოს ბავშვის „წვრილ-წვრილი“, ნაკლოვანებები, აპატიოს მას შეცდომები და ქცევის უცნაური გამოვლინებებიც კი. მაგრამ, თუ ერთ-ერთ მშობელს ბავშვი იმას ახსენებს, ვისი წაშლაც სურს მეხსიერებიდან, ვინც სულიერი ტკივილი მიაყენა, ვის მიმართაც დაგროვილი აქვს წყენა და გაღიზიანება, ის სულ სხვაგვარად აღიქვამს ბავშვის ხასიათის იმ თვისებებს, რომლებიც მან მეორე მშობლისგან მიიღო. ძალიან ხშირად ეს დაცილებულ მშობლებს ემართებათ. სამწუხაროდ, უფროსებს უჭირთ ამ მიუღებლობის ჭეშმარიტი მიზეზების გაცნობიერება. მსგავს სიტუაციებში მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, რომ „ბავშვის გარდაქმნით“, მის ნაკლოვანებებთან „ბრძოლით“ ასეთი მშობელი უხილავ ომს უცხადებს ყოფილ მეუღლეს და ამ ბრძოლაში იარაღად იყენებს ბავშვს, რომელიც არ არის დამნაშავე იმაში, რომ მისი მშობლები ვერ ეწყობიან ერთმანეთს.
  • ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული გარემოებები – რთული ფეხმძიმობა და მძიმე მშობიარობა, ბავშვის დაბადების სურვილის არქონა, მისი არასასურველი სქესი, ბავშვის დაბადების შემდეგ პირადი ცხოვრების გართულება შეიძლება მშობლისთვის ბავშვის ემოციური უარყოფისა და მასთან ურთიერთობის სერიოზული გართულების მიზეზად იქცეს.

რა თქმა უნდა,  ჩამოთვლილი ფაქტორები არ არის ამომწურავი და მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც გავლენას ახდენს მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე. თუმცა, მაინც საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა რთულია ეს დამოკიდებულებები. დაინტერესებული და ყურადღებიანი მშობელი, გაეცნობა რა ყოველივე ზემოაღნიშნულს, ალბათ დაფიქრდება იმაზე, თუ რა ახდენს გავლენას ბავშვთან მის დამოკიდებულებაზე და შესაძლოა იპოვოს კიდეც შვილთან ურთიერთობის გართულების მიზეზები. პრობლემის გამომწვევი მიზეზების გაცნობიერება კი მისი გადაწყვეტისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი