ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

9 მნიშვნელოვანი სასამართლო საქმე განათლების სფეროში

(აშშ-ის სასამართლო პრაქტიკა)

1. Tinker v. Des Moines Independent School District(1969)

 

საქმის გარემოებები:

 

1965 წელს მოსწავლეებმა ვიეტნამის ომის გაპროტესტების ნიშნად ხელზე შავი სამაჯური გაიკეთეს. სკოლის მმართველმა პირებმა მოსწავლეებს სამაჯურების მოხსნა მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. სკოლამ მოსწავლეებს შეუჩერა სტატუსი. მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით სკოლის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. მათი აზრით, დაირღვა გამოხატვის თავისუფლება.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სასამართლომ გაიზიარა მოსწავლეების მოსაზრება. მისი გადაწყვეტილების თანახმად, მოსწავლეები და მასწავლებლები სკოლაში არ კარგავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა, არ აღიარა მოსწავლეთა გამოხატვის თავისუფლება, როგორც შეუზღუდავი უფლება. სასამართლოს განმარტებით, თუ მოსწავლეთა გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა არ აფერხებს საკლასო მუშაობას, სასწავლო პროცესს ან არ ზღუდავს სხვის უფლებებს, მაშინ მოსწავლეებმა უნდა ისარგებლონ გამოხატვის თავისუფლებით. სამაჯურის ტარებამ გამოიწვია კამათი სასკოლო საზოგადოებაში, თუმცა სასწავლო პროცესი ამით არ შეფერხებულა. ამიტომ სასამართლომ მოსწავლეები გაამართლა.

 

  1. New Jersey v. T.L.O.(1985)

 

საქმის გარემოებები:

 

14 წლის მოსწავლე ნიუ-ჯერსის სკოლის საპირფარეშოში მარიხუანას ეწეოდა, რა დროსაც მასწავლებელმა შენიშნა. მოსწავლე გაჩხრიკეს და აღმოუჩინეს მცირე ოდენობით მარიხუანა. მას ბრალი დაედო მარიხუანის მოხმარებაში. მოსწავლემ მიმართა სასამართლოს, რადგან მისი აზრით, სკოლას არ ჰქონდა ჩხრეკის უფლება.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სასამართლომ სკოლის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, მოსწავლეს აქვს კანონიერი მოლოდინი, დაცული იყოს მისი პირადი საიდუმლოება, თუმცა ეს უფლება უნდა განვიხილოთ არა განცალკევებით, არამედ სკოლის ვალდებულებასთან მიმართებაში. სკოლა კი ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც უსაფრთხოდ წარიმართება სასწავლო პროცესი. სასამართლოს განმარტებით, მოსწავლის ჩხრეკა გამართლებული და საჭირო იყო, რადგან ჩხრეკა მასწავლებლის შეტყობინებას ეფუძნებოდა.

 

 

  1. Ingraham v. Wright(1977)

 

საქმის გარემოებები:

 

14 წლის მოსწავლე სკოლის დირექტორთან წარადგინეს. მასწავლებლის მტკიცებით, მოსწავლე საკლასო ოთახში თანატოლებს უხეშად ექცეოდა. სკოლის გადაწყვეტილებით, მოსწავლე დაისაჯა 20 „დარტყმით.” მოსწავლეს ასეთი სასჯელის გამო სისხლჩაქცევები გაუჩნდა და 10 დღის განმავლობაში სკოლაში ვერ დადიოდა. მან სასამართლოს მიმართა, რადგან, მისი აზრით, სკოლამ მის მიმართ გამოიყენა სასტიკი და განსაკუთრებული სასჯელი.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სასამართლომ მოსწავლის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა. მისი აზრით, გონივრული სასკოლო დისციპლინა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. თუმცა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიმართა მასწავლებლებს და სკოლის დირექტორებს, ასეთ სასჯელს ფრთხილად და თავშეკავებით მოჰკიდებოდნენ. სასამართლოს განმარტებით, სკოლის მმართველმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ მოსწავლის გადაცდომის სიმძიმე, ქცევა, ასაკი და ფიზიკური მდგომარეობა.

 

ზოგიერთ შტატში ეს პრაქტიკა აკრძალულია.

 

 

  1. Santa Fe Independent School District v. Jane Doe(2000)

 

საქმის გარემოებები:

 

სკოლამ მოსწავლეს უფლება მისცა, წარემართა ლოცვა ფეხბურთის თამაშის წინ. მშობლებმა სკოლის წინააღმდეგ შეიტანეს საჩივარი. მათი განცხადებით, სკოლამ დაარღვია რელიგიის თავისუფლება.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სასამართლომ სკოლის გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. მიუხედავად იმისა, რომ ლოცვა წარიმართა მოსწავლის მიერ, ეს ღონისძიება მაინც სკოლის მხარდაჭერით მოხდა. მხარდაჭერის შედეგად კი სკოლამ სხვა მოსწავლეები ლოცვის მონაწილედ აქცია. კონსტიტუცია სკოლას აკისრებს ვალდებულებას, მოსწავლეები არ დააყენონ არჩევნის წინაშე – თანხმობა განაცხადონ თუ უარი თქვან ღონისძიებაში მონაწილეობაზე ლოცვისგან თავის არიდების გამო. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება მოსწავლის უფლება, ნებაყოფლობით ილოცოს ნებისმიერ დროს – სწავლის დაწყებამდე, სასწავლო პროცესის განმავლობაში თუ სწავლის შემდეგ.

 

  1. Kent v. United States(1966)

 

საქმის გარემოებები:

 

16 წლის ახალგაზრდა ქურდობის, ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით დაიჭირეს. მისი მნიშვნელოვანი კრიმინალური წარსულის გამო საქმე სასამართლოს გადაეცა, რომელიც განიხილავდა ზრდასრულ დამნაშავეთა საქმეებს. თუმცა, კენტის ადვოკატი ითხოვდა, რომ საქმე განეხილა სასამართლოს, რომლის კომპეტენცია იყო არასრულწლოვანთა საქმეების განხილვა. ასეთ შემთხვევაში, სასჯელი უფრო მსუბუქი იქნებოდა. მოსამართლემ ზეპირი მოსმენის გარეშე საქმე სასამართლოს გადასცა, რომელიც განიხილავდა ზრდასრულთა საქმეებს. ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა ადვოკატის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს განმარტებით, საქმის გადაცემის დროს სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა დანაშაულის სიმძიმე. მიუხედავად დანაშაულის ჩამდენი პირის არასრულწლოვანებისა, საქმე მაინც ჩვეულებრივ სასამართლოს უნდა განეხილა.

 

ამ გადაწყვეტილებამ შემდგომ სასამართლო პრაქტიკაზეც მოახდინა გავლენა. თუმცა 2005 წელს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სიკვდილით დასჯის გამოყენება არასრულწლოვანებთან მიმართებაში.

 

  1. Hazelwood School District v. Kuhlmeier(1988)

 

საქმის გარემოებები:

 

მოსწავლეებმა სასკოლო გამოცემაში გამოსაქვეყნებლად მოამზადეს სტატია, რომელიც ეხებოდა განქორწინების გავლენას მოსწავლეების ცხოვრებაზე. სკოლამ უარი თქვა სტატიის გამოქვეყნებაზე. სკოლის მოსაზრებით, სტატია ძალიან სენსიტიურ თემას ეხებოდა და შეიცავდა მრავალ პერსონალურ ინფორმაციას. მოსწავლეებმა მიმართეს სასამართლოს. მათი აზრით, სკოლამ შელახა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

უზენაესმა სასამართლომ მოსწავლეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, სკოლის გაზეთი არ არის საჯარო ფორუმი, რომელშიც ყველამ შეიძლება გამოაქვეყნოს თავისი მოსაზრება. სასკოლო გამოცემის ძირითადი მიზანი მოსწავლეებისთვის სასწავლო გამოცდილების გამდიდრებაა. სკოლას უფლება აქვს, დააწესოს ცენზურა სასკოლო გამოცემებზე. თუმცა ის ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად შეისწავლოს საქმე და უსაფუძვლოდ არ შეზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

 

  1. Vernonia School District v. Acton(1995)

 

საქმის გარემოებები:

 

12 წლის მოსწავლეს სურდა საფეხბურთო გუნდში გაწევრიანება. სკოლა ყველა მოსწავლისაგან ითხოვდა ნარკოტიკზე ტესტირებას. მოსწავლის მშობლებმა უარი განაცხადეს ტესტირებაზე, რადგან, მათი თქმით, არ არსებობდა მტკიცებულება, რომ მოსწავლე მოიხმარდა ნარკოტიკს ან ალკოჰოლს. სკოლამ მოსწავლეს არ მისცა უფლება ეთამაშა საფეხბურთო გუნდში. მოსწავლის მშობლებმა გაასაჩივრეს სკოლის გადაწყვეტილება. მათი აზრით, მტკიცებულების გარეშე ნარკოტიკზე სავალდებულო ტესტირება ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სასამართლომ მხარი დაუჭირა სკოლის პოზიციას. გადაწყვეტილების მიხედვით, სკოლა ვალდებულია დაიცვას ბალანსი მოსწავლის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის. სკოლის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც სავალდებულო იყო ნარკოტიკზე ტესტირება, მხოლოდ მცირედი ჩარევა იყო მოსწავლის პირად უფლებებში. სასამართლოს განმარტებით, მოსწავლე, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს სასკოლო სასპორტო ღონისძიებებში, უნდა ჰქონდეს ასეთი ჩარევის მოლოდინი. მოსწავლე უნდა დაემორჩილოს სასკოლო დისციპლინას და წესებს.

  1. West Side Community Schools v. Mergens(1990)

საქმის გარემოებები:

მოსწავლემ სკოლის დირექტორს „ქრისტიანული კლუბის” შექმნა სთხოვა, რომელიც სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყებდა საქმიანობას. სკოლაში უკვე არსებობდა დაახლოებით 30 კლუბი, მათ შორის, ჭადრაკის და ცურვის კლუბები. დირექტორმა უარი განუცხადა მოსწავლეს, რადგან, მისი აზრით, რელიგიური კლუბის გახსნა არალეგალური იქნებოდა. მოსწავლემ მიმართა სასამართლოს.

სასამართლოს გადაწყვეტილება:

სასამართლომ მოსწავლის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსწავლისთვის კლუბის შექმნის უფლების მინიჭება არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან კლუბში დისკუსიები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ წარიმართება.

 

  1. Grutter v. Bollinger(2003)

საქმის გარემოებები:

1997 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ მოსწავლეს ჩარიცხვაზე უარი განუცხადა. მოსწავლემ უჩივლა უნივერსიტეტს, რადგან უნივერსიტეტი სტუდენტების მიღების დროს იყენებდა შერჩევის ისეთ კრიტერიუმებს, რომელიც ხელს უწყობდა უნივერსიტეტში უმცირესობის წარმომადგენელთა ჩარიცხვას. მიჩიგანისა და სხვა უნივერსიტეტები ასეთ კრიტერიუმს იმ მიზნით იყენებენ, რომ უნივერსიტეტში უმცირესობათა წარმომადგენლების რაოდენობა გაზარდონ. მოსარჩელის მოსაზრებით, უნივერსიტეტმა უფრო დაბალქულიანი, ნაკლებად კვალიფიციური პირები მიიღო. ეს კი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც თანასწორი მოპყრობაა გარანტირებული.

სასამართლოს გადაწყვეტილება:

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. გადაწყვეტილების მიხედვით, სტუდენტთა განსხვავებულობა საჯარო ინტერესია, რამაც შეიძლება გაამართლოს ასეთი კრიტერიუმის დაწესება. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩარიცხვის პირობები არ გულისხმობდა მხოლოდ რასის მიხედვით კვოტების დადგენას, არ იყო განსაზღვრული ცალკე კვოტები უმცირესობის წარმომადგენლებისთვის. სკოლა მიღების დროს სიღრმისეულად ამოწმებდა კანდიდატების კვალიფიკაციას.

 

რევაზ ხოფერია

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი