ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ნაკრები ჩემი მღელვარებისა

მეკარე:

პიტერ შმაიხელი – შეშლილი დანიელი. საჯარიმოში მისი ჩარბენა „მანჩესტერი“-„ბარსელონას“ 98/99 ფინალში ჩემი საფეხბურთო მეხსიერების ერთ–ერთი გადამწყვეტი კადრია. ყველგან დიადი კაცი გამოდგა, სადაც რომ ხელთათმანი ჩაიცვა.

 

მცველები:

ფილიპ ლამი – იშვიათი ინტელექტუალი მოედანზე – მშვიდი, მოდერნული კაპიტანი. გამარჯვება წესად აქვს, ორთაბრძოლა იქნება ეს თუ რამე ტიტული, ამიტომაც თავდამსახმელები თითქოს წინასწარ ნებდებიან.

პაოლო მალდინი – უბერებელი, სტაბილური, გაუვალი… ვინ მოთვლის ეპითეტებს. ფეხბურთი არაერთხელ გადააწყო. ზოგს ალღო უმტყუნებდა, ზოგს – ფიზიკური კონდიცია, ამან კი ეპოქები ისე გადაიარა, თითქმის არ შემცდარა. ვამბობთ დაცვას, ვგულისხმობთ მალდინის. ეგ არის.

ფრანც ბეკენბაუერი – თუ რომელიმე გვარი მაგონდება ბავშობიდან, დიდების საუბარში ყურმოკრული – პელე–გარინჩა–მარადონასთან ერთად ბეკენბაუერია. ამ კაცმა მცველის პოზიცია გახადა პოპულარული და მოდური – იოლი საქმე როდია „თავდამსხმელების სპორტში“.

დენის ირვინი – მისი სახელი დღეს ბევრს არაფერს ეუბნება, თუმცა თავის დროზე დიდი იმედი იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოქროს თაობის. კარგი მცველი, ბრწყინვალე შემტევიც, დიდებული მეპასე და ცივსისხლიანი პენალტისტი. საამაყოა, რომ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ირვინმა თქვა: ყველაზე რთული ჰაჯისთან, სტოიჩკოვთან და ქინქლაძესთან თამაში იყოო.

 

ნახევარმცველები:

რაიან გიგზი – არსებობს გიგზის გოლი „არსენალის“ კარში, ასოციაციის თასის ნახევარფინალში, და მერე სხვა გოლები არსებობენ. ბექემი, კინი, სქოულზი, ბატი… მაგრამ ფერგის შვილთაგან უმთავრესი მაინც რაიანია. მისი ისტორია, რაც ნაკრების არჩევასთან დაკავშირებით გადახდა თავს, ჩემთვის ბევრს მოწმობს – დიდად ადამიანური ამბავია, მაგრამ არანაკლებ საფეხბურთოც. იქ თუ ბიოლოგიური დედის, აქ მწვრთნელი-მამის ერთგული გამოდგა. ეფექტური და სასარგებლო კაცი – რიგითი არარიგითი რაიანი.

დიეგო მარადონა – ის იმ ნაკრების მტერია, რომელსაც ვგულშემატკივრობ, თუმცა დიდი მტერი. ჰოდა, რთული საქმე – „გიყვარდეს მტერი შენი“ – აქ მეიოლება. მის საქმეში ყველგან ღმერთის ხელი ერია, გარდა ფიდელ კასტროსთან მკურნალობისა. რაც მინახავს, წამიკითხავს თუ მსმენია, ცენტრალურ კაცად მოჩანს ფეხბურთის ისტორიაში.

ჯორჯ ბესტი – სიტყვა „ქარიზმაზე“ თუ ვინმეს პოლიტიკოსი ახსენდება, მე უფრო „მეხუთე ბითლი“ – სრული გიჟმაჟი და ვნებებს შეწირული, ეგებ უდიდესი ტალანტიც კი მოედნის სამყაროში. ბურთი რომ მიჰქონდა, ტალღასავით იყო – დანარჩენები მიჰყვებოდნენ. კადრები უნდა ნახოთ, მოყოლით ძნელად გამოდის. ფეხბურთზე ნაკლებად ლაპარაკობდა, უფრო ქალებზე, ალკოჰოლზე. მისი ფრთიანი ფრაზები სხვა ამბიციებს გულისხმობდა. ბოლოს თითქოს ბურთი დაივიწყა და როკვარსკვლავურ სკანდალებს მისდევდა. მაგრამ მხოლოდ თითქოს. ერთხელ, როცა ვისკის მორიგ დოზას უწურავდნენ სისხლიდან, თქვა: „მთელ დალეულ შამპანურს დავაბრუნებდი, ოღონდ კი ერთი მატჩი მათამაშა „ოლდ ტრაფორდზე“ ერიკ კანტონასთან ერთად“.

დავით ყიფიანი – აქ შეიძლება ყოფილიყო ზინედინ ზიდანი, მაგრამ ეგებ ზიდანზე მეტიც არის. ჩვენთვის, ქართველებისთვის. ელეგანტური ფინტები, გამოთლილი პასი, ეშმაკური დარტყმა – უბრალოდ, ცუდ საზღვრებში მოხვდა, ცუდ კონტექსტში, და იქაც მწვერვალები ნახა. თავისფლება რომ ყოფილიყო – ღრუბლებს ნახავდა.

 

თავდამსხმელები:

ლუსი ნაზარიო რონალდო – ეს რონალდოც დიდია, კრიშტიანუ, და ახლა google-ს ან მეათეკლასელ მოსწავლეს რომ ჰკითხო, ალბათ პორტუგალიელი უფრო გაახსენდება, მაგრამ ის რონალდო, ძველი, ბრაზილიელი, ძალიან დიდი იყო. ერთხელ ტურამი და დესაი ისხდნენ რაღაც ეთერში, იგონებდნენ – ეგ რომ კარისკენ მოდიოდა, გვეგონა, ბურთი ბუცზე მიწებებული ჰქონდა და ვფიქრობდით, აძრობის რამე არასაფეხბურთო საშუალება მაინც მოვიგონოთო. ვერავინ ააძრო. შეუჩერებლად დარჩა.

დენის ბერგკამპი – ზოგჯერ გოლები ძველები არიან, წლების წინ გატანილები, და რომ უყურებ, ისე წამოიყვირებ, გეგონება ამწამს გავიდა – ეს არის ჰოლანდიელის გოლი არგენტინის და ნიუკასლის კარში. დენის ჩვეულებრივად დარტყმა არ შეეძლო – თითქოს ხატავდა.

 

მწვრთნელი:

სერ ალექს ფერგიუსონი – ეპოქალური მწვრთნელი. ტაქტიკებს ისე ღეჭავდა, როგორც კევს. ფეხბურთი მისმა „მანჩესტერმა“ შემაყვარა. ყოველთვის თანამედროვე იყო, ხან თვითონ ნოვატორი, ხანაც – სიახლეების ამყოლი. ბოლო წუთის კაცი, ფეხბურთი სისხლიან ჯოჯოხეთად რომ მიაჩნდა და მაინც ტკბებოდა.

 

საყვარელი ფეხბურთელი:

პოლ გასკოინი – ფერგიუსონი თავისთვის და მე ჩემთვის სულ ვდარდობდით, რომ თავის დროზე გასკოინის, იმავე გაზას, ტრანსფერი ვერ მოხერხდა „მანჩესტერში“. არადა პოლი იმ დრამების კაცი იყო, „ტრაფორდზე“ რომ იწერებოდა. მინდვრის ჰამლეტი, ,,ყოფნა – არყოფნის’’ საზღვარზე მობოდიალე ლოთი გენიოსი.

 

დასამახსოვრებელი მატჩი:

პირველსავე წელს, როცა მე „მანჩესტერ იუნატედის“ გულშემატკივრობა დავიწყე, გუნდმა ყველა დროის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ფინალში „ბარსელონას“ „,კამპ ნოუზე“ მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხა. 90 წუთი 1:0-ს აგებდა და დამატებულ წუთებზე ჯერ შერინგემმა, მერე სოლსკიაერმა (ინგლისელებისთვის – სულშერმა) გაიტანეს გოლი. ორივემ – კუთხურის გათამაშების შემდეგ. მაშინ კლუბის კარს პიტერ შმეიხელი იცავდა, სწორედ ის იყო შეშლილი დანიელი, რომელმაც აქ ჩამონათვალის დასაწყისში და იმ მატჩის ბოლოს, პირველი კუთხურისას, მეტოქის საჯარიმოში ჩაირბინა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იყო. უკვე მოგახსენეთ – ქალაქ ოზურგეთში ჯერ კიდევ არსებობდა „გადმოყვანილი დენის“ არამიწიერი მადლი და მისი მომმატებელი ალქიკიმოსი ტრანსფორმატორი. ეს უკანასკნელი ან გულებს წვავდა სერიალების მაყურებელთა, ან – მათ სახლებს, ვისაც ღამით ჩართული რჩებოდა. ჩემი გული კი, და სახლიც, და რაც გნებავთ, მაშინ ბარსელონაში იყო. წითელმაისურიანმა თერთმეტმა ნომერმა რაღაცნაირად განწირულად მოიქნია ფეხი, თითქოს უმიზნოდ, ტედი შერინგემმა დაახვედრა და ანგარიში გათანაბრდა. „ბაიერნი“ – „მანჩესტერი“  – 1:1. თერთმეტი ნომერი კი რაიან გიგზისა გახლდათ, „მანჩესტერის“ ყველა დროის უმთავრესი კაცთაგანის – ჩარლტონის, ბესტის, კანტონას ტოლის. ის ფეხბურთიდან ახლახან წავიდა. მერე ამას სოლკაიერი მოჰყვა. ხანდახან ეს თამაში მესიზმრება ხოლმე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი